ნიკა ჩიტიძე: „პრობლემა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაა“

y

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები ინიციატივით გამოდიან, რომ ქვეყნის პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, არამედ პარლამენტმა აირჩიოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს „ოცნების“ ერთადერთი საკონსტიტუციო ცვლილება არ იქნება. მათივე პოზიციით, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადმოვიდეს; ოჯახის განსაზღვრების საკონსტიტუციო ცვლილება კი ახალი პარლამენტის შეკრებიდან მალევე განხორციელდება.

საპარლამენტო მოდელის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მომავალი არჩევნები 2018 წელს შესაძლოა, აღარ ჩატარდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი „ქართული ოცნების“ უარყოფითი განწყობის საბოლოო დადასტურება იქნება.

დავით უსუფაშვილი კი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობით იქმნება.

პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესსპიკერმაც ისაუბრა. ეკა მიშველაძე გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოების მოწოდებას, პოლიტიკური სპექტრისადმი საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ საკუთარი რესურსი გამოიყენონ: „საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა არის შესაძლებლობაც და საფრთხეც, ისევე როგორც ყოველგვარი ძალაუფლებაც არის, ერთი მხრივ, შესაძლებლობა და, მეორე მხრივ, საფრთხე მთელი არჩევნების განმავლობაში, პირველი ტურის, წინასარჩევნო პროცესის განმავლობაში და ახლაც პრეზიდენტი მოუწოდებდა და მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურობისკენ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ ხედავს საკუთარ და საკუთარი ქვეყნის მომავალს“.

თავის მხრივ, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს: „პრეზიდენტის არჩევის საკითხზე მსჯელობისას უშვებენ არსებით შეცდომებს. არჩევის წესი მეორადია, პირველადი არის პრეზიდენტის მოვალეობა და ფუნქციები. სწორედ ფუნქციები განაპირობებს არჩევის წესს და არა პირიქით. პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ცალკე, კონსტიტუცია განსაზღვრავს. თქმა იმისა, რომ არჩევის წესის შეცვლით პრეზიდენტს ართმევენ მის უფლებებს, ან ხდიან უფრო ძალაუფლების მქონეს, არასწორია.

თქვენ თუ შეხედავთ საპარლამენტო რესპუბლიკებს, უდიდეს ნაწილში პრეზიდენტი არ აირჩევა პირდაპირი წესით, თუმცა არც პარლამენტი ირჩევს. სახელმწიფოთა ნაწილი პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტის, ხოლო ნაწილი ამრჩევთა კოლეგიის მიერ. ამრჩევთა კოლეგიაში შედიან პარლამენტის წევრები და ქვეყნის ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არჩეული, ერთი იმდენი დელეგატი. პირდაპირი წესით არჩეულ პირს ხშირად უჩნდება გარკვეული ტიპის ამბიციები. ამან შესაძლოა, არცთუ სასურველი პოლიტიკური კრიზისი შექმნას. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით, თუმცა არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ამრჩევთა კოლეგიის მიერ. თუ პარლამენტი ირჩევს, მაღალი კვორუმით უნდა აირჩიოს და არა ერთპარტიულად. ახლა ისეთი მდგომარეობაა, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს“.

 

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ექსპერტ ნიკა ჩიტიძეს ესაუბრება:

_ აქ მთავარი გამოწვევა შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილება არ არის, არამედ, თუ როგორი პოლიტიკური რეჟიმი მოქმედებს ქვეყანაში. თუ დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი ფუნქციონირებს, იქ საფრთხეს არ წარმოადგენს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს.

მაგალითად, შვედეთში სოციალ-დემოკრატიული პარტია, დაახლოებით, 65 წლის განმავლობაში მმართველი პარტია გახლდათ. იქ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები იყო, კონსტიტიუციაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და ა. შ.,

ამიტომ აქ პრობლემა ის არის, რომ „ქართული ოცნება“, ჯერ კიდევ, გარდამავალ პერიოდში იმყოფება. შესაბამისად, იმის პრობლემა არსებობს, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ ძალაუფლების უზურპაცია მოახდინოს.

თავის დროზე, არც ის იყო კარგი, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფლობდა კონსტიტუციურ უმრავლესობას. არც დღეს იქნება კარგი, როდესაც „ქართული ოცნება“ ამ უმრავლესობას ხელში ჩაიგდებს.

რაც შეეხება ცვლილებებს პრეზიდენტის ინსტიტუტთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. წმინდა საპარლამენტო ტიპის ქვეყნებს ვგულისხმობ: გერმანიაში, ისრაელში, იტალიაში, ესტონეთში ასე ხდება.

მაგრამ საქართველოში ცვლილებების შეტანისას პრობლემა იმ მხრივაა, რომ ბატონ ივანიშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობს. ცვლილებები სწორედ ამიტომ ხორციელდება, რომ აქ რაღაც პიროვნულ დავასთან გვაქვს საქმე.

რეალურად, ეს საკითხი იმ ჭრილში არ განიხილება, რომ უმჯობესია თუა არა ქვეყნისთვის შემოვიღოთ წმინდა საპარლამენტო მმართველობა. ამ შემთხვევაში სათანადო ცვლილებები უნდა შევიდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში…

ამიტომ ვიმეორებ: პრობლემა ივანიშვილსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაა. სწორედ ეს შეიძლება საფუძველი გახდეს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომ პარლამენტი ირჩევდეს ქვეყნის მეთაურს.

ხაზს ვუსვამ, რომ ნორმალურ შემთხვევაში პარლამენტი შეიძლება, ირჩევდეს სახელმწიფოს მეთაურს, მაგრამ, ისევ და ისევ, არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთ ქვეყნებში ჩამოყალიბებული დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი მუშაობს განსხვავებით საქართველოსგან, რადგან ჩვენი ქვეყანა, ჯერ კიდევ, გარდამავალ პერიოდში იმყოფება.

_ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღეს ამ რეფორმის განხორციელება რამდენად აუცილებელია?

_ დღეს ამ ცვლილების განხორციელება მისაღები არ არის. თუ რაღაც ახალი რეფორმები შეიძლება განხორციელდეს, მაშინ ეს ცოტა სხვა მიმართულებით უნდა მოხდეს: სასამართლო სისტემის დემოკრატიზაცია, უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება; შეიძლება საუბარი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებისთვის დამატებითი უფლებამოსილების მინიჭებაზე და სხვა ისეთ საკითხებზე, რომელიც ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.

ამიტომ დღეს მისაღები არ არის საკითხზე მსჯელობა, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს, თუ მოსახლეობამ? ეს ყველაფერი სწორედ რომ დაპირისპირებას უკავშირდება და არა საკითხის განხილვას ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური განვითარების ჭრილში.

_ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ახსენეთ…

_ ევროპა რომ ავიღოთ, რიგ ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრიაში, ფინეთსა ან ირლანდიაში პრეზიდენტს მოსახლეობა ირჩევს. გერმანიაში პარლამენტის ორივე პალატა ირჩევს. მაგრამ აქაც მთავარი საკითხი იასაა, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ დემოკრატიულ ქვეყნებთან, _ სადაც დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი არსებობს და, შესაბამისად, იქ საკონსტიტუციო ცვლილება თუ განხორციელდა, აღნიშნულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე საერთოდ არ ემუქრება.

ჩვენთან, საქართველოში, პრობლემაა, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება შეიძლება, უბრალოდ, ერთი ადამიანის რაღაც პიროვნულ ამბიციებს ემსახურებოდეს. ამიტომ აქ მთავარი აქცენტი იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში დამყარდეს დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი, რადგან დღეს საქმე გვაქვს ნახევრადავტორიტარულ პოლიტიკურ რეჟიმთან, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუციების განმტკიცებას, კანონის უზენაესობასა და საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესს ხელს არ უწყობს.

_ მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელი უფლებამოსილებები რამდენად პასუხობს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მოთხოვნებს?

_ ეს უფლებამოსილებები ნამდვილად შეესაბამება საქართველოს კონსტუტუციას და ქართველი ხალხის ნებას. იმას ვგულისხმობ, რომ კომპეტენციები გამიჯნულია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. პრეზიდენტი ქვეყნის სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს და ასევე საგარეო პოლიტიკისა თუ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მთავარი პასუხისმგებელი პირია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად (სულ 44 შესწორება განხორციელდა), პრეზიდენტის უფლებამოსილება შედარებით შეიკვეცა. ამის მიუხედავად, როცა პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს და ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელია, ასევე საგარეო ურთიერთობებზე კონსტიტუციის 73-ე მუხლის მიხედვით, მგონია, ეს უფლებამოსილებანი, მეტ-ნაკლებად, ადეკვატურად არის განსაზღვრული,

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მოსახლეობის მიერ არის არჩეული. ვიმეორებ: პრეზიდენტის ფუნქციები პრემიერისა და მთავრობის ფუნქციებისგან მკვეთრად გამიჯნულია, ამიტომ მისი დღევანდელი ფუნქციებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ისევ საქართველოს მოსახლეობა უნდა ირჩევდეს.

_ არასამთავრობოებმა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდეს, რომ მეორე ტურში ოპოზიციას მხარი დაუჭირონ, რათა ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა მაინც არ გაფორმდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?

_ გასაგებია, რომ სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ნაწილი მხარს უჭერს აღნიშნულ იდეას, რათა „ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. თუმცა, მეორე მხრივ, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ არ მგონია, ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭიროს.

ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ისინი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა აღიქვას, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები. ბევრ პარტიას, იგივე „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“ ეს არ აწყობთ და ამიტომ არ მგონია, რომ აღნიშნულმა იდეამ პრაქტიკაში რეალური განხორციელება ჰპოვოს.

 

                                                                                                          გელა მამულაშვილი