დაკანონებული თაღლითობა და „შერჩენილი“ თანხები

cc

იფრთხილეთ და ფულის გადათვლა არ დაგეზაროთ, რადგან, შეიძლება, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მსხვერპლი აღმოჩნდეთ. ამ ვითარების აღმოსაფხვრელად ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი რეგულაციები უკვე აამოქმედა! მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ იმატა ვალუტის გადამცვლელი ზოგიერთი პუნქტის მხრიდან გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირებით მოქალაქეთა მოტყუების ფაქტებმა.

დღეს სურათი შემდეგია: თითქმის ყველა სადარბაზოში სავალუტო ჯიხურებს დაინახავთ, რომლის გახსნის ლიცენზია არც ეროვნული ბანკისგან მიუღიათ და არც განსაკუთრებული წესები დაუცავთ რეგისტრაციის დროს. სწორედ ეს გახლავთ მოხშირებული აფერის მთავარი მიზეზი. თუმცა რამდენიმე დღის წინათ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შემდეგი დადგენილება მიიღო:

„ბოლო პერიოდში ვალუტის გადამცვლელი ზოგიერთი პუნქტის მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები. ასეთი ფაქტების აღკვეთისა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, “ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში” მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით.

ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდოს ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი _ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება.

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა, აგრეთვე, უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისთვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით.

წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება, მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს, კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს.

აღსანიშნავია, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, პუნქტის მფლობელს რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში არ ექნება უფლება, ეროვნულ ბანკს ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართოს. ამასთანავე, ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირი არ იქნება უფლებამოსილი, იყოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის პარტნიორი/აქციონერი, მართველობითი ორგანოს წევრი ან/და დირექტორი.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინოს განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმოს ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ“.

თავად ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების წარმომადგენლების შეფასება არაერთგვაროვანია. განსაკუთრებით მწვავეა იმ ჯიხურის წარმომადგენლების აზრი, რომლებიც მსგავს მანიპულაციებში შეამჩნიეს. რუსთაველის გამზირზე კი, სადაც ერთ-ერთ რესპონდენტს ჰქონდა შემთხვევა, სავალუტო ჯიხური, უბრალოდ, დაკეტილი დაგვხვდა.

 

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ამ რეგულაციას, მას დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი, საფონდო ბირჟის ყოფილი მმართველი, ვახტანგ ხომიზურაშვილი:

_ ის რეგულაცია, რაც ეროვნულმა ბანკმა შემოიღო, სავალუტო ჯიხურების რეგისტრაცია და მოთხოვნები მასზე, ანგარიშგებაზე, უშუალოდ დოკუმენტბრუნვაზე, ადრე იყო და ახლა აღარ არის. ის, რომ ანგარიშგება და უსაფრთხოების ნორმები უნდა ჰქონდეს სავალუტო ჯიხურებს, ამას ეროვნული ბანკი უნდა ადგენდეს და არის კიდევაც, მაგრამ ბევრი, უბრალოდ, უგულებელყოფს მას.

თვითონ დოკუმენტბრუნვაა მოსაწესრიგებელი, რადგან მარტო ქვითარი არ არის საკმარისი, ბევრი ტურისტი ითხოვს ოპერაციის ამონაწერს და ეს უნდა იყოს აუცილებლობა. ის დოკუმენტბრუნვის ნორმები, რაც მიღებულია ყველა ნორმალურ ქვეყანაში, უნდა იყოს ჩვენთანაც და შესაბამისად, კონტროლი უნდა დაწესდეს.

გარდა ამისა, ადრე მოლარე, რომელიც ვალუტასთან მუშაობის უფლებას იღებდა, სპეციალურ კურსებს გადიოდა ეროვნულ ბანკში, დღეს ასე აღარ არის.

თავდაპირველად, საერთოდ, რეგულაციები 2000 წლიდან შემოიღეს და ცოტა ხანს ჰქონდა პრაქტიკული ძალა, შემდეგ „მიეშვა“ და დღეს არსებული სურათი მივიღეთ. ახლა ეროვნული ბანკი ცდილობს, ფრაგმენტულად შემოიღოს ცვლილებები, არადა, ამას  კომპლექსური მიდგომა სჭირდება. არა მხოლოდ ის, რომ კურსი იყოს დასანახ ადგილას, არამედ მოსაწესრიგებელია უშუალოდ ჯიხურების მუშაობის პრინციპები და წესები. შეიძლება, ბევრმა ვერ უპასუხოს იმ ნორმებს და ნაკლები ვალუტის გადამცვლელი ჯიხური იყოს, სამაგიეროდ, სერვისი გაიზრდება და უფრო მისაღები გახდება. ყველა სადარბაზოში აღარ იქნება გახსნილი ეს ობიექტები, თან ვინ ხსნის და როგორ არ კონტროლდება. სავალუტო გადამცვლელი ოპერაციების ლიცენზიის პრინციპი ეროვნულ ბანკს შემუშავებული უნდა ჰქონდეს, არ შეიძლება, თვითდინებაზე მიშვება, ამიტომ ორგანომ კომპლექსურად უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და ძველი ნორმების მიხედვით იმოქმედოს.

 

P. S. აღნიშნული რეგულაცია ამოქმედდა და თუ ფიქრობთ, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები ვალუტის გადაცვლის პროცესში დაირღვა, შეგიძლიათ, ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდეთ, ან ოფიციალურ გვერდზე მისწეროთ.

 

                                                                                                                                    ნინო ტაბაღუა