ლევან ვარშალომიძე: ,,ამ არჩევნების ლეგიტიმაცია საეჭვოა, ბრძოლა გრძელდება!“

j

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში უზენაესი საბჭოს არჩევნები გაიმართა.

აჭარის რეგიონი ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ არჩევნების მეორე დღესვე დაიწყო საუბარი გაყალბების სქემებზე და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ დოკუმენტურად დასაბუთებული მასალები წარმოადგინა.

მონაწილეობდნენ თუ არა არჩევნებში „კანონიერი ქურდები“? გაყალბების რა სქემებს მიმართა ხელისუფლებამ? რატომ არ ენდობოდნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივ შტაბებს კარუსელის ჩატარებისას?

 

ქრონიკა+“- აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე, ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს:

_ ბატონო ლევან, დამეთანხმებით,  „ქართული ოცნებაარ იყო დაკავებული ტრადიციული წინასაარჩევნო კამპანიით, პარტიული აქტივის მობილიზებით და . . რას აკეთებდნენ ისინი არჩევნებამდე ამ ორისამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თქვენ ბათუმში დაბრუნდით?..

_ ბათუმში 3 ივლისს დავბრუნდი და, ფაქტობრივად, იმ დღესვე განვაცხადე, რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისი, რადგან ჩემს გუნდთან ჩამოვედი. ბათუმი იმდენად პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და  შეუძლებელია, ინფორმაცია ვერ გაიგო, თუ რა ხდება სხვადასხვა დონეზე. „ოცნების“ ე. წ. კოორდინატორებს მხოლოდ დავალებული ჰქონდათ, ინფორმაცია მოეპოვებინათ მკვდარ სულებზე, გარდაცვლილ ადამიანებზე სია შეედგინათ, ასევე ვინც უცხოეთშია წასული, არ ცხოვრობს ადგილზე, ბინა გაქირავებული აქვს და ა. შ. რა თქმა უნდა, როდესაც უკვე მოხდა მაჟორიტარებისა და სიის წარდგენა, სექტემბერში „ოცნების“ კამპანია  გამოცოცხლდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. ქალაქს ვაკვირდებოდით, მაჟორიტარობის კანდიდატები შეხვედრებზე დადიოდნენ, თან ორი-სამი მიკროავტობუსი დაჰყვებოდათ, ნებისმიერ სოფელში, ქალაქში, ქუჩაში მიდიოდნენ, ეს ხალხიც თან ახლდათ. კონკრეტული კორპუსიდან ან სოფლიდან ხალხი გამოვიდოდა თუ არა, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. მხოლოდ დასანახად, ვიზუალურად აკეთებდნენ, რომ შეხვედრა შედგა. ბევრი ასეთი ფაქტი ვნახეთ ბათუმში. სოფლებში სხვაგან რომ არ წასულიყვნენ, ე. წ. ხოფის ბაზრობის თანამშრომლები მოიყვანეს, სხვადასხვა საჯარო უწყების მოხელეები ორგანიზებულად დაჰყავდათ შეხვედრებზე… ქალაქი იმდენად პატარაა, რომ ინფორმაციას წამსვე ვიგებდით _ თვითონ კოორდინატორებიც მოსახლეობაში ვერ შედიოდნენ… როდესაც თავისი მომხრეების დათვლა დაიწყეს, დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ აჭარაში განსაკუთრებით გამოხატული აგრესია იყო. კოორდინატორები სიებს ადგენდნენ, ჩამსხდარი იყვნენ სახლებში, ოთახებში და თვითონ უწერდნენ პლუსებს, ვინ იყო „ოცნების“ მომხრე. ჩვენს სტრატეგიაში მათი შემოწმება არც შედიოდა, მაგრამ ყოველთვის ჩნდებოდა კითხვის ნიშანი, თუ რა ხდება…

_ იყო თუ არა ეს წინასწარი მოთელვა იმისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამგააკეთა?

_ ჩვენ არც დაგვიმალავს და ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ჩვენს ამომრჩეველთან რაც შეიძლება მეტი კონტაქტი. მაჟორიტარებმა, სიის 15 კაცმა, აჭარის არჩევნებზე, ყველამ გავაკეთეთ კარდაკარი, თავად შევაღეთ თითოეული მოსახლის კარი, არ დაგვრჩენია არც ერთი ოჯახი, სადაც პირადად არ შევედით, პირადად არ გავესაუბრეთ. განწყობა იმდენად კარგი იყო, როგორც კი კარს აღებდნენ, 50% პირდაპირ ამბობდა, რომ არჩევნებზე მიდიოდა და ჩვენ გვაძლევდა ხმას. არ დაგიმალავთ, რომ აგრესიაც იყო, მაგრამ მასშტაბით ძალიან მცირე, _ 100 ოჯახში,  მაქსიმუმ, 5 მოწინააღმდეგე აღმოჩენიყო. ეს ნორმალურიც არის, ასეც უნდა იყოს. მეც პირადად ბევრი შემხვედრია ბათუმის ქუჩებში, ბათუმის უბნებზე რომ დავდიოდი, სოფლებშიც იყვნენ  მოწინააღმდეგეები, მაგრამ ძირითადი მასა, რა თქმა უნდა, ცვლილებებს ელოდებოდა…

რაც შეეხება „ოცნებას“, ჩვენს სტრატეგიაში არც შედიოდა მათი შემოწმება, თუ რას აკეთებდნენ… ალბათ, ეს ჩანაფიქრი ჰქონდათ, ყოველთვის ვეჭვობდი და მაინტერესებდა, თუ რას აპირებდნენ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ ისეთი. გაყალბებისა და ფალისიფიკაციის უამრავი ხერხი არსებობს, მაგრამ დამიჯერეთ, ის, რაც მოხდა, ამას ნამდვილად არ ველოდი. შეიძლება ითქვას, არ დარჩენილა არც ერთი ხერხი, რომელიც არ გამოიყენეს!

_ ბატონო ლევან, არჩევნებზე დეტალურად ვილაპარაკებთ. ყველა გამოკითხვა, ოფიციალურიც და არაოფიციალურიც, იმაზე მიუთითებდა, რომ თქვენს გუნდთან ერთად უპირობო ლიდერები იყავით ამ არჩევნებში. არ იყავით მზად იმ სტრატეგიისთვის, რომელიცქართულმა ოცნებამარჩევნების დღეს შემოგთავაზათ, თუ იმდენად მრავალფეროვანი მეთოდი გამოიყენეს, საბოლოო ჯამში, წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი გახდა, რომ ეს გაყალბება არ მომხდარიყო?

_ არჩევნების დღეს ისეთი შემოტევა განხორციელდა. ამ მასშტაბის შემოტევას  ნამდვილად არ ველოდით. ორი-სამი დღით ადრე ხდებოდა სამართალდამცველი სტრუქტურების მხრიდან დაშინებები, შემოვლები  სოფლებში, შავი ჯიპებით შესვლა. ამას აღარ ვაქცევთ ყურადღებას, რადგან ვისაც უნდა და სადაც უნდა, იქ მივიდეს. წინასაარჩევნო პერიოდში დაშინებები და მუქარები, ლამის, ჩვეულებად იქცა. მაგრამ 8 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ტოტალური შემოსევა დაიწყო. ეს ტოტალური შემოსევა, შეიძლება, ორ ნაწილად გავყოთ: ეს ძირითადად მოხდა ქობულეთის ოლქში, ბათუმის სამ ოლქში, ხელვაჩაურში…

_ ანუ იქ, სადაც თქვენ უპირობოდ იგებდით არჩევნებს

_ დიახ… და მეექვსე იყო მთის რეგიონი _ ქედა, შუახევი, ხულო… ხუთ ოლქში დილის 8 საათიდან 11-ის ნახევრამდე ტოტალური შემოსევა მოხდა… დამიჯერეთ, რომ ზუსტად 9-ის 15 წუთი იყო, როცა ტელეფონი უკვე აღარ რეაგირებდა, ყველა უბანზე ფიქსირდებოდა მარკირების გარეშე შესვლა, ფიგურირებდნენ საეჭვო პირები, რომელთაც ამოწმებდნენ, მაგრამ ერთ შემოწმებას მოჰყვებოდა მეორე, მესამე… რასაც ვუყურებდით, დადგინდა ის, რომ პირადობის მოწმობებით და ბარათებით შემოსულია ძალიან ბევრი უცხო ადამიანი, რომელიც ვიდეოფირებზეა აღბეჭდილი. ვინც მარკირების გარეშე შემოდიოდა, ჩვენი ვარაუდით, დილის 8 საათიდან 11-ის ნახევრამდე, ამ ხუთ ოლქში, ყველა უბანზე, 50-დან 100 ადამიანი იყო ე. წ. გატარებით…

_ ისინი ადგილობრივი მკვიდრები იყვნენ, თუ სხვა რეგიონიდან ჩამოყვანილები? რას ფიქრობთ, რა ინფორმაცია გაქვთ?

_ რასაც ვუყურებდი, ადგილობრივი „ქართული ოცნების“ შტაბიც არ იყო საქმის კურსში, ეს ოპერაცია თბილისიდან იგეგმებოდა.  ორგანიზებულად იყო გაკეთებული… პირდაპირ ვიტყვი, რა!.. ადგილობრივ კაცს, ვინც არ უნდა ჩასვა, ამ საქმის ორგანიზებისთვის სჭირდება, სადღაც, მინიმუმ, 500 კაცი… 500 კაციდან ერთი ვიღაც სადღაც დაილაპარაკებს და იმდენად პატარაა ბათუმი, ყველამ ვიცით, რომ რაღაც დონის ინფორმაცია ჟონავს… მაგრამ იმდენად ჩუმად მიმდინარეობდა ეს პროცესი, რომ ყველაზე დიდი შიში მქონდა 7 ოქტომბერს, როცა ვუყურებდი, რომ არავინ არაფერი იცოდა, თუ რა მოხდებოდა. ეს ყველაფერი თბილისიდან  ორგანიზებული იყო, ნაკლებად ენდობოდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას. შეგიძლიათ, ბათუმშიც იკითხოთ…

_ ალბათ, თქვენთან კავშირებისა და პირადი ურთიერთობის გათვალისწინებითაც

_ შესაძლოა, გინდა-არგინდა, ნათესაობა, ახლობლობა ბევრია, ყველა ერთმანეთს იცნობს, მეტიც, თვით „ქართული ოცნების“ შტაბშიც არ იყო ერთსულოვნება მაგ კუთხით. ყველას კარგად გვახსოვს ბჭობა, ვინ უნდა ყოფილიყო პირველი ნომერი, მეორე ნომერი… ამის გათვალისწინებით  ძალიან მარტივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივ დონეზე არ შეთანხმებულიყო და კონკრეტული პიროვნებების სპეციალური რაზმი ჩამოიყვანეს. ეს დავალება მათ შეასრულეს… სოფელში ამის გაკეთება რთულია, იქ ვერ შეძლეს, სოფლებში, ძირითადად, მარკირების გარეშე იმოქმედეს ადამიანების გაშვებით, მაგრამ ქალაქში, დამერწმუნეთ, ძალიან ადვილია დადგენა, ვინ რომელ კორპუსში ცხოვრობს.

გუშინწინ გავავრცელეთ ერთ-ერთი ვიდეო, სადაც ერთი პიროვნების სახე ჩანს, ნებისმიერ სპეცსამსახურს თავისუფლად შეუძლია იმ პიროვნების იდენტიფიცირება. ადამიანი შედის არა ერთ და ორ უბანზე… კარგით, ჩვენი ვიდეოკამერებით ეს დავადასტურეთ, მეორე ფაქტი დავადასტურეთ და ყველას გადავეცით, კონკრეტული საეჭვო პიროვნება აღმოვაჩინეთ, ცესკოს მონაცემებით თბილისში იყო ჩაწერილი. კითხვა გვქონდა, რატომ აძლევს ხმას ბათუმში. ასეთი ფაქტები უამრავია უკვე ვიდეოკადრებით დადასტურებული, მაგრამ, სამწუხაროდ, რეაქცია არ არის… ეს იყო პირველი ეტაპი.

8 სთ-დან, სადღაც, 11-ის ნახევრამდე სიტუაცია მიწყნარდა, მეორე შეტევა დაიწყო შუადღისას. უამრავ უბანზე ჩვენი წარმომადგენლები პირდაპირი მნიშვნელობით გამოგვიყარეს… კუთხეში მიიმწყვდიეს ადამიანთა ჯგუფებმა და საშუალებას არ აძლევდნენ, საერთოდ გამოსულიყვნენ. არჩევნებზე როგორ ვიომოთ, იარაღი ვესროლოთ? ყველა მეთოდი გამოიყენეს, რომ არ განძრეულიყვნენ და ჩვენს წარმომადგენლებს უბანი არ გაეკონტროლებინათ. მეორე ეტაპი დაიწყო უკვე 3 საათიდან 5 საათამდე, ფაქტობრივად, მასობრივი შემოტევა იყო. ამ დროს, მთელ საქართველოში ფიქსირდებოდა, მაგრამ ჩვენთან მთლიანად, ყველა საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე კუნთმაგარი და ე. წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების უპრეცედენტო მობილიზაცია გამოცხადდა. თუ ვინმე „მეტადონის“ პროგრამაში ყოფილა ჩართული, ან თუ ოდესმე გამოუყენებია, ყველა ეს ადამიანი კონკრეტულ უბნებზე მიამაგრეს…

_ ხელისუფლება ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად იყენებს კრიმინალურ ავტორიტეტებს. ამ მხრივ ერთერთიგამორჩეულიქალაქი ბათუმი იყო, როცაკანონიერ ქურდებსგარკვეული მობილიზაცია უკეთდებოდა. პირდაპირ მინდა გკითხოთ: იყვნენ თუ არა არჩევნებში ჩართულიკანონიერი ქურდებიმეზობელი რეგიონიდან?

_ პირდაპირ იყვნენ ჩართულები, ჩართულობის უამრავი ფაქტია ქობულეთში, ჩაქვში, ბათუმში, სადაც მათი წარმომადგენლები, ე. წ. მაყურებლები დადიოდნენ.

შემოსევის მესამე ეტაპი უკვე ღამის 6-დან 8 საათამდე დაგვეწყო, მაგრამ უმთავრესი, რამაც საარჩევნო პროცესსა და შედეგზე გავლენა მოახდინა, რა თქმა უნდა, 8 საათის შემდეგ იყო…

_ ამის მიუხედავად, დღის განმავლობაში მუდმივად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თქვენ და თქვენი გუნდი ბათუმში, აჭარაში არჩევნებს იგებდით

_ მეტიც, 8 საათამდე ჩვენ ის ინფორმაცია გვქონდა, რომ ვიგებდით, ანალიზიც გავაკეთეთ: 61-ე ოლქის მიხედვით, სადაც 40 უბანია, 40-ვე უბნიდან ყველაზე მეტი ბათილობა დადგინდა. ჩვენი კანდიდატი არის ბირდას ქამადაძე, „ქართული ოცნებიდან“ ფატი ხალვაში, აჭარის უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონი და „ოცნებიდან“ _ წულაია. ჩვენ განსხვავება გვაქვს 1500-1600 ხმა. ყველაზე მეტი ბათილობა ამ უბანზეა. ანალიზით, ფაქტობრივად, 49 უბანი მთელ აჭარაში მოგებული გვაქვს. კონკრეტულად ამ ოლქში 8 უბანი მოვიგეთ, 10 უბანი წავაგეთ, სადაც განსხვავება არის 10 ხმა. წავაგეთ კიდევ 8 უბანი, სადაც სხვაობა 25 ხმამდეა, მაგრამ ისმის კითხვა? _ ის 15 უბანი, სადაც წაგება მიდის 100 ხმაზე მეტი, ყველა კარგად ვხვდებით, თუ რა მოხდა მანდ…

_ გასაკვირი სულაც არაა, „რუსთავი 2“-ის გამო ფატი ხალვაშთან ხელისუფლება ვალშია

_ მე გეტყვით რაღაცას: 100 ხმაზე მეტი (აღარ გეუბნებით 100 ხმამდე) სადაც გვაქვს წაგებული, მარტო ეს სხვაობა რომ ავიღოთ, საერთო ჯამში, არის 1606 ხმა… ესაა ის განსხვავება, ანალიზიც რომ არ სჭირდება. ჩვენი მაჟორიტარი უკვე გამარჯვებული უნდა ყოფილიყო. ამას პლუს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, რომელიც მთელ აჭარაში 45 ათასამდეა და ამ კონკრეტულ უბანზეც რომ ავიღოთ იმის ნახევარიც, თითოეულ უბანზე, საშუალოდ, 6000 ხმა გამოდის. დამერწმუნეთ, 3000 ხმა არ შეიძლება, ბათილად ფიქსირდებოდეს. ერთი ვიდეო ვაჩვენეთ, ამ ოლქს ეკუთვნის, როდესაც ერთ-ერთი ქალბატონი შუშანა მთავარი მოწმე და მომქმედი პირია. ამ უბანზე არ გვჭირდება არც კომისიის თავმჯდომარე, არც რეგისტრატორი, არც ყუთი, არც კაბინა… არაფერი არ არის საჭირო, რადგან ეს ქალბატონი ყველა მოქმედებას აკეთებს. მეტიც, მისი შვილი დამატებით სურათებს უღებს, გადამოწმებას უკეთებს დედას, რამდენად სწორად მოქმედებს. ამ კონკრეტულ უბანზე დავინტერესდი და ბათილი ბიულეტენი იყო _ ნული. როდესაც ეს ვიდეო ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ ბათილი არ იქნებოდა, რადგან ქალბატონი შუშანა წინასწარ არკვევდა ყველაფერს, ვის რა უნდა შემოეხაზა. კონკრეტული ეს ოლქი რომ ავიღოთ, 40 უბნიდან 8 უბანს აქვს _ ნული, სწორედ ეს შეაჯამეს. 32 უბანზე ან ბიულეტენების მეტობაა, ან ნაკლებობა. ორივე შემთხვევაში კითხვა ისმის. _ რატომ? წესით და რიგით, არ უნდა მოხდეს… 8 უბანში ნორმალურია, 32 უბანი პრობლემურია. როდესაც სამართლებრივად ვიწყებთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უბნებზე დაიწერა საჩივარი, შემდეგ მივდივართ ოლქში. წესით და რიგით, ითხოვ ბათილობას, ან გადათვლას (ორივე მოვითხოვეთ), მხოლოდ ბათილი ბიულეტენები გადათვალეს, რაც შეეხება ძირითად ოქმებს, გვიპასუხეს, _ სასამართლოში წადით და გაარკვიეთო… წავედით, სასამართლოს ორივე ეტაპი გავიარეთ. ზუსტად ხვალ ან ზეგ ვაპირებთ, კონკრეტულად ამ მოქმედებებზე მივმართოთ პროკურატურას. მართლაც, ყველა სამართლებრივი გზა გვინდა გამოვიყენოთ, რადგან ერთხელ და სამუდამოდ მივიდეთ შედეგამდე. თუ ქვეყანა ჩალითაა დახურული და არაფერია საჭირო, ესეც უნდა ვიცოდეთ, მე მგონი და საზოგადოებამაც უნდა იცოდეს!!!

ხელვაჩაურში „ქართული ოცნებისა“ და ჩვენი ოფისი გვერდიგვერდ არის, ერთ-ერთი ფაქტი ზუსტად ერთი კვირის წინ მოხდა: ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის რაიონიდან მიშა ბოლქვაძე, ჩვენი ოფისიდან გამოვიდა და პირადად ნახა, რომ „ქართული ოცნების“ შენობასთან კომისიის თავმჯდომარეების მობილიზაციაა… თავისი ტელეფონით გადაიღო ვიდეო, სადაც ხელვაჩაურის რაიონის უბნის თავმჯდომარეები და მოადგილეები ყოველ 15-20 წუთში რიგრიგობით შედიოდნენ „ქართული ოცნების“ ოფისში და ანგარიშს აბარებდნენ…

_ ან იღებდნენ ახალ დირექტივას

_ ერთ-ერთმა აღიარა კიდეც, რომ კი, მე ვიყავი და მოვუყევი, როგორ ჩავატარე არჩევნებიო. ალბათ, დირექტივებისთვის კიდევ სხვა დროს დაიბარებენ. შეიძლება, მისცეს კიდეც დირექტივები, მაგრამ სხვანაირად შევხედოთ: ეს ვიდეო გაჟღერდა ორჯერ, ერთხელ გავაჟღერეთ, მეორედ შევახსენეთ… სად არის ამ დროს ცესკო?.. არსებობს სატელევიზიო სიუჟეტი… მართლაც სპეციალურად ვაპირებ, წერილი გავუგზავნო, რომ ქალბატონმა თამარ ჟვანიამ ნახოს… ეს ისეთი ფაქტია, რომ ამას კანონის წაკითხვაც არ უნდა, პირდაპირ წერია, რომ აკრძალული აქვს კომისიის წევრს აგიტაცია-პროპაგანდა, ნებისმიერ პარტიაში შესვლა და ეს ქმედება კანონმდებლობით ისჯება. რეაქცია ნული აქვთ. წერილს გავუგზავნი, ან შეიძლება თქვენი გაზეთი წაიკითხონ და დაინტერესდნენ, თუ რას აკეთებდნენ ხელვაჩაურის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები „ქართული ოცნების“ ოფისში.

_ რამდენად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ მწარე გამოცდილების გათვალისწინებით ყველა მომდევნო არჩევნებზექართული ოცნებამსგავსი ტიპის მეთოდებს გამოიყენებს?

_  რეალურად, მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ, მჯერა კარგის. ბოლო ეტაპი, რაც ჩვენ დაგვრჩა, ამ კონკრეტულ ფაქტზე ცესკოს გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, რას იზამს, რადგან მე-2 ტური წინ არის და თუ ხელვაჩაურის რაიონში ყველა კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე იგივე პიროვნება დარჩა, უკვე კითხვის ნიშნები აღარ დაისმება და გასაგებია, რაც ხდება მანდ… მეორე თემაა: რადგან უკვე ოლქი, ცესკო და სასამართლო პროცესები გავიარეთ და მივხვდით, რომ გადაწყვეტილებას არავინ იღებს, დააკანონებენ გაყალბებულს, მესამე ეტაპი გვრჩება _ პროკურატურა. რა თქმა უნდა, მერე იძულებული ვიქნებით, რაღაც მოქმედებები ჩავატაროთ…

_ ბატონო ლევან, თქვენ მიერ ვიდეომასალების გამოქვეყნების მერე ცესკოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა, რომ ეს ვიდეომასალები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მათ არც უმსჯელიათ ამაზე და სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ შესაბამისი რეაგირებები მოჰყვეს თქვენს ფაქტებს.

_ მაგალითს გეუბნებით: ცესკომ რაც გააკეთა კონკრეტულ ოლქზე, კონკრეტულ უბნებზე, 40 უბნიდან 32 უბანზე ბიულეტენების სხვაობაა, პლუსიც და მინუსიც, ჩვენ კონკრეტულად მოვითხოვეთ რამდენიმე, ყველა 32 უბნის არა, მაგრამ ძირითადი უბნების გადათვლა. ოლქის პასუხი იყო _ არა!.. და მაშინ ოლქმა მიგვითითა, თუ ჩემი გადაწყვეტილება არ მოგწონს, წადი სასამართლოშიო. ეს პრინციპი მუშაობს ახლა ქვეყანაში. ცესკომ და ოლქმა თქვა, _ მე არა, წადით სასამართლოში!.. სასამართლომ თქვა, _ მეც არა… გვრჩება მესამე ეტაპი, _ მივდივართ პროკურატურაში!

_ თუ პროკურატურაც იტყვის არას, მერე რას აპირებთ?

_ მაშინ, ფაქტობრივად, ამ არჩევნების ლეგიტიმაცია საეჭვოა. ჩვენ ვიბრძვით სიმართლის დასადგენად, ბრძოლა არ დაგვიმთავრებია, გაგრძელდება ბოლომდე.

_ მიუხედავად ამ უსამართლობისა, მიუხედავად საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან უმოქმედობისა, მე-2 ტურზე მიდიხართ. რისი იმედი გაქვთ, რა შეიძლება შეიცვალოს მე-2 ტურში?

_ ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე განვაცხადეთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ სიმართლეს ვერ გავექცევით, რადგან ის ვიდეოფაილები, რომლებიც სერიალებად იქცა აჭარიდან, კიდევ არ დასრულებულა. სამწუხაროა, რომ როდესაც პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილება მივიღეთ, ამ თემაზე სჯა-ბაასი იყო შესვლა-არშესვლაზე. სიმართლე გითხრათ, პრინციპს ვერ მივხვდი.

მე წინააღმდეგი წავედი, _ ან ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა და მაშინ ვიბრძვით ამ გაყალბების წინააღმდეგ, ეს ერთი… რა თქმა უნდა, ალტერნატივა უამრავია _ ან ვაპროტესტებთ _ პროტესტის ფორმა შესაძლებელია შემუშავებულიყო, ან იგივე პროტესტის ფორმაა მე-2 ტურში წასვლა. რაც შეეხება შესვლა-არშესვლას, ყველა ნორმალურ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი მთავრდება, როგორც კი საბოლოო პასუხი იქნება. მერე ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სად შევა და როგორ მოიქცევა. პოლიტსაბჭოს ეს ფორმულირებაც გაუგებარი იყო ჩემთვის. მე ბრძოლას ყოველთვის გავაგრძელებ… რაც მთავარია, ბრძოლას ვაგრძელებ არა იმიტომ, რომ რაღაც პირადი მაქვს, არამედ აჭარაში ის გუნდია და აჭარაში კონკრეტულად მე ვეყრდნობი იმ აქტივს, რომელთან ერთად არაერთი წელი გვიმუშავია და არაერთი კარგი საქმე გაგვიკეთებია, ეს არის იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც გული შესტკივა ქვეყნის მომავალზე, ეს არის ადამიანთა ჯგუფი და გუნდი, რომელსაც უნდა, ნამდვილად კარგ ქვეყანაში იცხოვროს. მათთან ერთად მე მზად ვარ, ყოველთვის წავიდე და ვიბრძოლო.

_ ბატონო ლევან, მე-2 ტურის მერე რას აპირებთ: აჭარის უზენაეს საბჭოში ამ გაყალბებული არჩევნების შედეგად, მაგრამ მაინც მიღებული მანდატებით იბრძოლებთ, თუ პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავთ?

_ ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას მე-2 ტურის შემდეგ გეტყვით. დღეს, პირველ რიგში, მადლობას ვეუბნები ამომრჩეველს, რადგან 2014 წელთან შედარებით აჭარაში ხმების რაოდენობა გაორმაგდა…

ეს არის 50 ათასი ხმა, რომელიც აჭარაში ავიღეთ, მიუხედავად იმ მანიპულაციებისა… „ოცნებამ“ 75 ათასი ხმა მიიღო. ყველამ კარგად ვიცით, ეს 75 ათასი რა ფაქტორებზეა დამოკიდებული: ა) ყველაზე დიდი გაყალბება; ბ) შანტაჟი, დაშინება,   მუქარა. რეალურად, ჩვენია სუფთა 50 ათასი და მათი არის ნახევარი… მე-2 ტურში, რა თქმა უნდა, შანსი გვაქვს. ჯერჯერობით, ამ მონაცემებით 5 ადამიანი გადის უმაღლეს საბჭოში და 6 მაჟორიტარულ უბანში მეორე ტურია. გამარჯვების შემთხვევაში (ყველანი ვფიქრობთ გამარჯვებაზე) უმაღლეს საბჭოში „ნაცმოძრაობა“ უმრავლესობაშია, ამიტომ ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე და გუნდის მოტივაცია ისაა, რომ ყველამ ვიცით ჩვენი შეცდომები, რაღაც უბნებზე ჩავარდნები გვქონდა, მაგრამ სრული ინფორმაცია გვაქვს და  ასეთი ტოტალური შემოსევების შემთხვევაშიც მზად ვიქნებით. ახლა გამოჩნდება, რამდენად წავა ხელისუფლება ისევ ასეთ მეთოდებზე, რასაც პირველ ტურში მიმართა. თუ იქნება შანსი, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, ცივილიზებულად და დემოკრატიულად, სადაც მოქალაქეები და მოსახლეობა გადაწყვეტს, ვინ იქნება მათი მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვნახოთ. ისევ იქნება შემოსევა, როგორც პირველ ტურში, ან შეიძლება სხვა რამე მოიფიქრონ. შეიძლება, ახალი ინსტრუქციები მოუვიდეთ და ახალი რაღაცები გააკეთონ. რა თქმა უნდა, 30 ოქტომბრის შემდეგ გადაწყვეტილებებიც მიიღება. შედეგს დაველოდოთ და იმის შემდეგ ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ!

ერთი რამ მინდა გითხრათ: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე!

_ თქვენ კი მითხარით, მე-2 ტურის შემდეგ გეტყვით ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებასო, მაგრამ მაინც გკითხავთ: თუ მე-2 ტურშიც ანალოგიური სიტუაცია მოხდება, რაც პირველში, რამდენად არის შესაძლებელი, გადაიხედოს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება სტრატეგიასთან დაკავშირებით? თუკი არჩევნების ჩატარება აზრს კარგავს, გაყალბებების ასეთი ფაქტებია და ამ მასშტაბის, პარლამენტის ტრიბუნის გარდა, პოლიტიკური ბრძოლის გზა რჩება?

_ ჩვენთვის გასაგებია ჩვენი მეგობრების არგუმენტები, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და ტრიბუნა გამოვიყენოთ… რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, აუცილებლად მოგვიხდება მე-2 ტურის შემდეგ შეხვედრა და კონკრეტული თემების განხილვა. ჩემი ხედვით, თუ არ გავაანალიზეთ რა მოხდა, მომავალზე ვერ ვიფიქრებთ. თუ ამ სისტემით გაგრძელდა, მაშინ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს. ქვეყანა ჩიხშია!!!

 

                                                                                                ელისო კილაძე