ზაზა ავალიანი: ,,ახალი კანონით ტუბერკულოზით დაავადებულები იზოლირებული იქნებიან სოციუმიდან!”

mk

 

2017 წელს ამოქმედდება კანონი, რომლის თანახმადაც, ტუბერკულოზის გადამდები ფორმის მქონე პაციენტებს შეეზღუდებათ გადაადგილება, კონტაქტი სხვა ადამიანებთან და ცხადია, მათ შესთავაზებენ მკურნალობის დაწყებას. კანონში არ დევს იძულებითი მკურნალობა, რაც ამ დარგის სპეციალისტებს არასწორად მიაჩნიათ, რადგან სტატისტიკა და არსებული რეალობა ამას მოითხოვს.

„ქრონიკა+“ ამ კანონთან დაკავშირებით ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორს, პროფესორ ზაზა ავალიანს ესაუბრა. სამწუხაროდ, პრობლემები ბევრია და მრავალმხრივი, ამიტომ ერთ სტატიაში მისი სრულად განთავსება ვერ შევძელით.

 

ზაზა ავალიანი:

_ 2016 წლამდე საქართველოში კანონი ტუბერკულოზთან დაკავშირებით არ არსებობდა. ადამიანებს, რომლებიც დაავადებულები იყვნენ ტუბერკულოზის გადამდები ფორმით, შეეძლოთ, რომ შეუზღუდავად ევლოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შესულიყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში: სკოლებში, ბაღებში, ემუშავათ მასწავლებლებად. კანონი არ ავალდებულებდა, ყურადღება მიექციათ ჯანმრთელობისთვის, პირადი ჰიგიენისთვის, მათ შორის, ხველის ჰიგიენისთვის. თითქმის ყოველდღე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში განხილვები გვაქვს არსებული შემთხვევების ირგვლივ და ზოგი ფაქტი შემზარავია.

_ რა ფაქტებზეა საუბარი?

_ ოჯახში, სადაც იზრდებოდა 5 ბავშვი, მამა დაავადებული იყო ტუბერკულოზით. მიუხედავად იმისა, რომ ამ მამაკაცისთვის დიაგნოზი ცნობილი გახლდათ, ის არ მივიდა სამკურნალოდ, კანონიც ვერ აიძულებდა მისვლას და იზოლაციაში ყოფნას, რის გამოც მისი მეუღლეც დაავადდა. არც მან დაიწყო მკურნალობა და 5 შვილიდან 3 ტუბერკულოზით დაუავადდათ. მათ შორის 2 უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ისინი ჩვენს კლინიკაში, ბავშვთა განყოფილებაში იწვნენ. დიდი ძალისხმევის შედეგად პატარების სიცოცხლე გადავარჩინეთ. თავად ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანებს, საზოგადოებას ძალიან მწირი ცოდნა აქვს ამ დავადებასთან დაკავშირებით და ვერ აცნობიერებენ მისგან გამოწვეულ საფრთხეებს. გარდა ამისა, ტუბერკულოზის დაავადებას, ხშირად, თან ახლავს სტიგმა. ამ დაავადების მქონე ბევრი ადამიანი იმიზეზებს, თითქოს ის იმიტომ არ მიდის სამკურნალოდ, რომ ეშინია, სამსახური არ დაკარგოს. მას ვერ გაუცნობიერებია, რომ ამასობაში კარგავს უფრო მეტს, საკუთარ ჯანმრთელობას და ოჯახის წევრებსაც აყენებს საფრთხის წინაშე.

_ აქ სახელმწიფოს ბრალიც ჩანს, ბატონო ზაზა. ასეთ დროს მამა, დედა, თუ ვინც იქნება დაავადებული, შესაბამისმა სამსახურებმა იძულებული უნდა გახადონ, რომ მკურნალობა ჩაიტაროს. ის ხომ სხვის უფლებებსაც ლახავს და ასე რომ არ მოხდეს, რაიმე მექანიზმი არ უნდა არსებობდეს?

_ სამწუხაროდ, წლების მანძილზე სწორედ სახელმწიფო იყო მონაწილე იმ უბედურების, რასაც ტუბერკულოზის გავრცელება ჰქვია. სხვა შემთხვევებზეც მოგიყვებით: ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებს ტუბერკულოზის დიაგნოზი ჰქონდა და მკურნალობდა, მაგრამ მერე შეწყვიტა. ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა, იყვნენ მისი შვილიშვილებიც და 3-დან 2 ტუბერკულოზით დაავადდა. ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნდა, რომ ამ პიროვნებისთვის გვეთქვა, უნდა იმკურნალო და ოჯახში, მით უფრო, ბავშვებთან, ამ ავადმყოფობით არ უნდა იცხოვროო. გუშინწინ ჩვენთან გარდაიცვალა პაციენტი, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ტუბერკულოზის უმძიმესი ფორმა ჰქონდა. მას ვუმკურნალეთ, ოპერაცია გავუკეთეთ. თითქმის უნუგეშო პაციენტს ახალი მედიკამენტებით მკურნალობის სქემაში ჩართვის შემდგომ გადარჩენის შანსი მიეცა. ის ბაცილაგამომყოფი აღარ იყო. მისი კლინიკური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. განაწესის მიხედვით პაციენტი, რომელსაც სიარული შეუძლია, ამბულატორიულ მკურნალობაზე უნდა გადავიდეს. ისიც წავიდა რაიონში და საერთოდ შეწყვიტა მკურნალობა.

არსებობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც კონტაქტების კვლევაზე მუშაობს. ეპიდემიოლოგები და ჩვენი რეგიონული ქსელის ექიმები მიდიან ხოლმე პაციენტებთან და მის მდგომარეობას კითხულობენ, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მოკითხვის დონეზეა და არა იძულებითი მკურნალობის. ამ ახალგაზრდა კაცის დედასაც შეხვდნენ, რომელმაც უთხრა, _ ჩემი შვილი კარგად არის, არანაირ წამალს აღარ მიიღებსო. გარკვეული დროის შემდეგ ამ ახალგაზრდას კვლავ გაურთულდა მდგომარეობა. ერთ წელიწადში ისევ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და 2 დღეში გარდაიცვალა. ჩვენ მოწმენი ვართ უამრავი ასეთი არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლის მიმართ. რაიმე სახის ვალდებულებაც, რომ ემკურნალათ, ეხსნათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე, არ არსებობდა. არადა, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში ასეთ საქმეებს სასამართლო იხილავს და მათ გადაწყვეტილებას ვინც არ ემორჩილება, საქმეში პოლიცია ერთვება. ანუ ადამიანს ტუბერკულოზი თუ აღმოაჩნდა და არ მკურნალობს, სანამ არ დაიწყებს მკურნალობას, ის იზოლირებული ჰყავთ. ადამიანი იზოლირებულია მარტო იმის გამო, რომ საზოგადოებას არ გადადოს თავისი სენი. ახლა ჩვენთანაც შემოვა ეს კანონი, თუმცა ის არ ითვალისწინებს იძულებით მკურნალობას. კანონმდებლობის მიხედვით, იძულებითი მკურნალობა შეიძლება ჩაუტარდეთ მხოლოდ ფსიქიკურ ავადმყოფებს, ამ შემთხვევაში კი ჩვენ ვსაუბრობთ არანებაყოფლობით იზოლაციაზე. წინათ როგორც არსებობდა კეთროვნების ნეპროზორიუმები, ასე იქნება ესეც. ეს არ არის არალოიალური მიდგომა, რადგან იმიტომ ვუზღუდავთ დაავადებულ ადამიანს გადაადგილებას, რომ სხვა ადამიანები დავიცვათ. ცხადია, ამ კონკრეტული პიროვნებისთვისაც ვზრუნავთ და მას მკურნალობის დაწყების შანსს ვაძლევთ. ეს ხდება ადამიანების გადასარჩენად. არიან ტუბერკულოზით დაავადებულები, რომლებიც სუიციდს მიმართავენ. ზოგადად, ასეთი პაციენტები მიდრეკილები არიან სტრესული მდგომარეობისკენ.

_ თქვენს საავადმყოფოშიც მოუკლავს ვინმეს თავი?

_ 2 წელია, აქ ვმუშაობ და ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა ზოგიერთ პაციენტს გარკვეული საშუალებებით უცდია, თვითდაზიანება მიეღო. ასეთები ფიქრობენ, რომ ტუბერკულოზი უკურნებელი სენია, რაც ასე არ გახლავთ. ახლახან პატრიარქმაც გაავრცელა განცხადება, რომ ტუბერკულოზი იკურნება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ ეს განკურნება უკავშირდება სწორად, დროულად დასმულ დიაგნოზს, მკურნალობას, რაც ასევე პრობლემაა. ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ერთი წლის წინათ ბათუმის რეგიონულ ცენტრში: სრულიად შემთხვევით ერთმანეთს შეხვდნენ მეუღლეები, ანუ ოფიციალური ცოლ-ქმარი, რომელთაც ოჯახი ჰქონდათ. მათ ერთმანეთს დაუმალეს, რომ ტუბერკულოზის გამოსაკვლევად მიდიოდნენ და ეჭვი გაუჩნდათ, რომ შეიძლება, ეს დაავადება ჰქონოდათ. ზოგჯერ ადამიანი საკუთარ თავსაც ვერ უტყდება, ასეთი დაავადება რომ აქვს და ფიქრობს, არაფერია, გაივლისო. მით უმეტეს, მათ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია იმის თობაზე, რომ მსოფლიოში ამ დაავადებით ყოველ 10 წამში 1 ადამიანი იღუპება. 2015 წლის განმავლობაში ტუბერკულოზი გახდა მე-5 ყველაზე ხშირი მიზეზი დაავადებასთან ასოცირებული სიკვდილობისა და გაუსწრო ისეთ ქრონიკულ დაავადებებს, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებით გამოწვეული სიკვდილი. ეს არის კატასტროფული ციფრი.

_ საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა სიკვდილიანობის სტატისტიკა როგორია?

_ საქართველოში ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილიანობა შეადგენს 5%-ს ტუბერკულოზის ყველა შემთხვევას შორის, თუმცა თუ ჩვენ შევხედავთ მხოლოდ მულტირეზისტენტული პაციენტების მხრივ, ამ ფორმით დაავადებული პაციენტების თითქმის 20% გარდაიცვლება ყოველწლიურად. ტუბერკულოზით დაავადებულთა საშუალო ასაკი ჩვენთან 25-დან 45 წლამდეა, რადგან ისინი ამ პერიოდში არიან აქტიურები, ნაკლებად კრიტიკულები საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ და იმ პირობებთან მიმართებით, რომელიც ხელს უწყობს ტუბერკულოზის განვითარებას. 80%-ზე მეტი ტუბერკულოზით დაავადებული მამაკაცებისა სიგარეტის მწეველია, ეს არის ზუსტი სტატისტიკა. თითზე ჩამოსათვლელნი არიან ის პაციენტები, რომლებიც არ ეწევიან.

_ ტუბერკულოზით ადამიანი კიდევ როგორ შეიძლება, რომ დაავადდეს?

_ მინდა, მკითხველმა სწორად გაიგოს: სიგარეტის მოწევა კი არ აჩენს ტუბერკულოზს, ის მნიშვნელოვნად ასუსტებს ორგანიზმის ძალებს, იმუნიტეტს. გასულ წლებში სასჯელაღსრულების სისტემებში ახალგაზრდების ტუბერკულოზით დაავადებულთა სიმრავლის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სხვადასხვა ფაქტორის გამო ორგანიზმის დასუსტება იყო. უამრავი საინტერესო და დამაფიქრებელი შემთხვევის შესახებ შემიძლია მოგიყვეთ. გოგონას სრული რეზისტენტობა ჰქონდა იმ პრეპარატების მიმართ, რომელსაც მას ვაძლევდით. განვსაზღვრეთ დაავადების წყარო და აღმოჩნდა, რომ მას ტუბერკულოზი გადაედო ოჯახის ერთ-ერთი ახლობლისგან, 6 წლის ბავშვისგან, რომელიც ხშირად სტუმრობდა მათ. კიდევ ერთი შემთხვევა გვქონდა: გამოვიკვლიეთ სტუდენტი გოგონა, რომელიც დაავადებული იყო ტუბერკულოზით. შემდეგ გამოვიკვლიეთ მისი უახლოესი გარემოცვა და დადგინდა, საიდან დაავადდა იგი. გამოვიკვლიეთ მისი უნივერსიტეტის მეგობრებიც, რომლებთანაც მას ხშირი შეხება ჰქონდა, რასაც გოგონას მშობლის საშინელი რეაქცია მოჰყვა. მან შეურაცხყოფა მიაყენა მედპერსონალს, _ როგორ გაბედეთ და გაახმაურეთ, რომ ჩვენს გოგონას ტუბერკულოზი აქვსო? საქმე ის არის, რომ ეს გახლავთ კონტაქტების კვლევის სამსახურის ვალდებულება. თანაც, ჩვენ რა უფლება გვქონდა, ის ათეულობით ახალგაზრდა დაგვეყენებინა ტუბერკულოზით დაავადების რისკის ქვეშ, რომელიც ამ სასწავლებელში სწავლობდა? სამწუხაროდ, შემდგომში გამოკვლეული სტუდენტებიდან ერთ-ერთს კიდევ დაუდგინდა ტუბერკულოზი.

კონკრეტულ რაიონში ქალბატონმა, რომელსაც ტუბერკულოზის აქტიური, გადამდები ფორმა დაუდგინდა, ბოლო პერიოდში გადაწყვიტა ემკურნალა. იგი, არც მეტი, არც ნაკლები, ბაღის პედაგოგი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, უფლება გვაქვს და ეს ჩვენი ვალდებულებაც არის, გამოგვეკვლია ამ ბაღის აღსაზრდელების, სხვა პედაგოგების ჯანმრთელობის მდგომარეობა. საეჭვოდ მხოლოდ ერთ შემთხვევას განვიხილავდით, მაგრამ გრძელვადიანი დაკვირვების შემდგომ გავარკვიეთ, რომ არ იყო დასნებოვნებული. ტუბერკულოზის შემთხვევები ხშირია ბანკის, სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებში, რადგან ისინი პირდაპირ კონტაქტში იმყოფებიან მათთან მოსულ ადამიანებთან. ხშირად ბანკების შენობებში არ არის ჰაერაცია და მხოლოდ კონდიცირებით ხდება აირთა ცვლა. არსებობს სხვა ფორმის საშიშროებები, რის გამოც საფრთხის წინაშე ვდგებით.

_ ალბათ, კვების ობიექტებშიც მუშაობენ ადამიანები, რომელთაც ეს დაავადება აქვთ, რადგან მათ არ ამოწმებენ. 

_ როცა ასეთი დაწესებულებების შემოწმების საკითხი დგება, ამბობენ, რომ ამით ადამიანის შრომის უფლება დაირღვევა და სახელმწიფომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს მათ, რადგან ვეღარ იმუშავებენ. თუ ასეა, რა ქნან პაციენტებმა, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აღენიშნებათ და ბუნებრივად, მაგრამ ასევე შეზღუდული აქვთ მუშაობა? ანდაც სხვა ტიპის დაავადების მქონე ადამიანებმა რა გააკეთონ? კარგად მახსოვს, როგორ შეხვდა ხელკეტებით საზოგადოება თავისუფალ გაყიდვაში მედიკამენტების აკრძალვას, ანუ რეცეპტის ინსტიტუტის შემოღებას. სწორედ რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რის გამოც ბოლო პერიოდში გახშირდა ტუბერკულოზის სახეცვლილი ფორმები, რადგან მოსახლეობა შეუზღუდავად ყიდულობდა ანტიბიოტიკს. ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება ექიმის დანიშნულებისა და დაავადების ზუსტი იდენტიფიკაციის გარეშე მიზანშეწონილი არ არის. შეიძლება ყოველ მეორე, მესამე ადამიანს ჰქონდეს ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ამით დაავადებულია. ტუბერკულოზის ჩხირს როცა გარკვეული პირობები შეექმნება, კერძოდ, მოხვდება დასუსტებულ იმუნურ გარემოში, ის საკუთარი ქმედების რეალიზაციას ახერხებს და მას ორგანიზმის დამცველი ძალები ვეღარ ერევა, ანუ ის მაკროფაგები ვეღარაფერს აწყობენ, რომლებიც ტუბერკულოზისა თუ ნებისმიერი სხვა ინფექციური აგენტის შთანთქვას ახორციელებენ. ასეთ დროს არაექიმის რეკომენდაციით ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება არასწორია, რადგან მსგავსი მკურნალობები უნდა იყოს ინდივიდუალური და დამიზნებითი. თვითმკურნალობა ორგანიზმს დიდ საფრთხეს უქმნის. გამომწვევი აგენტები ეჩვევიან ანტიბიოტიკის გარკვეულ  დოზას, სახეობას, ხდება მათი შეგუება და შემდგომ მის მოქმედებას უმკლავდებიან. ეს ბრძოლა მათი თანაცხოვრების პროცესში გადადის.

ახლა სწორედ ამასთან დაკავშირებით ვატარებთ კვლევებს და აღმოჩნდა, რომ ბევრი პაციენტი ხველის დროს პერიოდულად იღებდა თვითდანიშნულ თუ სხვისი რეკომენდაციით ანტიბიოტიკს, რამაც ფაქტობრივად ორგანიზმში ფონი შექმნა და მიკრობაქტერია არსებულ სიტუაციას მიეჩვია. მისთვის წამლის ის დოზა, რაც უნდა მიეცეს, აღარ არის საკმარისი. ტუბერკულოზის რეზისტენტული, მდგრადი ფორმები ამ ტიპის ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ აღნიშნულმა გარემოებამ წარმოშვა. ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ექიმებს უკვე გადასცეს სენფორდის ანტიმიკრობული თერაპიის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე, სადაც ზუსტად არის მითითებული, რა დოზით და რა ვადით უნდა დაენიშნოს ავადმყოფს ანტიბიოტიკი. იქ ყველა დაავადებაა შეტანილი.

_ ექიმები პაციენტებს ხშირად უამრავ მედიკამენტს უნიშნავენ. სიმართლე ვთქვათ, ზოგს შესაძლებლობა არ გააჩნია, ამდენი წამალი შეიძინოს, რადგან წამლების ფასი არ არის მცირე. ექიმთან ხშირი ვიზიტი, გამოკვლევების ჩატარებაც თანხებს უკავშირდება, ამიტომ იწყებენ თვითმკურნალობას. არ მეთანხმებით, ბატონო ზაზა?

_ სწორი ბრძანდებით, ზოგჯერ ექიმები დიდი რაოდენობით წამალს ნიშნავენ, მათ შორის, ანტიბიოტიკებს იმ ლოგიკით, რომ ერთი თუ არა, მეორე უშველის, ან მესამე. ანუ პაციენტს უტარდება არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია და შედეგად ვიღებთ უარესს. 1943 წელს, როდესაც ტეტრაციკლინი გამოიგონეს და ის ტუბერკულოზით დაავადებულმა პაციენტმა დალია, მეორე დღესვე მოხდა საოცრება და თითქოს მკვდრეთით აღდგა. დღეს სტრეპტომიცინი ცხენის დოზითაც რომ მივცეთ, არ იმოქმედებს. მალე იგივე ბედი ეწევა იმ ანტიბიოტიკებსაც, რომელთაც ამჟამად ვიყენებთ ტუბერკულოზის მკურნალობის დროს. მაგალითად, დელამანიდს, თუმცა ის ახლა ძალიან ძლიერია. მე იმას გიხსნით, რომ გრიპისა და გაციების დროს როცა ანტიბიოტიკს სვამენ, ეს არ შეიძლება, რადგან ანტიბიოტიკი აღარ იმოქმედებს და მას შემოდებენ თაროზე, როგორც ისტორიულ რარიტეტს. ასე თუ გაგრძელდა, წამალი აღარ დარჩება მსოფლიოსა და კაცობრიობას. რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს მედიცინა, ფართო საზოგადოებისთვის, ზოგჯერ, მედიცინის მუშაკებისთვისაც არ არის ცნობილი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს ყველა საჭირო მედიკამენტი გადაეცემა უფასოდ და ეს ფაქტორი არ აფერხებს მათ მკურნალობას.

_ ისევ ახალ კანონზე მითხარით, როდის შემოვა მოქმედებაში?

_ სავარაუდოდ, 2017 წლიდან შემოვა. მთავარია, რომ პარლამენტმა ის მიიღო, რაც ჯანდაცვის კომიტეტის დიდი დამსახურება გახლდათ. საერთაშორისო ექსპერტებიც ჩამოვიყვანეთ, რადგან ბევრს ჰქონდა მოსაზრება, რომ ამ კანონით ადამიანის უფლებები დაირღვეოდა. კანონი დიდია და მრავალმხრივად უკავშირდება პრობლემას. მასში გაწერილია პაციენტისა და მედპერსონალის უფლებების შესახებ თითქმის ყველაფერი. შეიძლება არ იცით და ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებებში, 5 წლის მანძილზე, თეთრ ხალათში გამოწყობილი 56 ჩვენი კოლეგა, ექთანი თუ სანიტარი დაავადდა ტუბერკულოზით და მათგან 6 გარდაიცვალა. ეს არის მაღალი რისკის ჯგუფის დაწესებულება და დიახ, კანონი უნდა იცავდეს ყველას!

_ არასწორად მოიქცნენ და ამიტომ დაავადდნენ?

_ რა თქმა უნდა, დაცვის საშუალებები უნდა ეხმარათ, მაგრამ შეიძლება, დაუდევრობის გამო არ გააკეთეს ასე, ან თვითონ დაწესებულებაში არ იყო ის პირობები, რაც საჭირო და აუცილებელია. ამ კანონში ასევე საუბარია ეპიდემიოლოგიური ზონების გამიჯვნასა და იმ მანიპულაციების განხორციელების ადეკვატურობაზე, რომელიც ტარდება.

_ კანონში ის თუ წერია, რომ იარსებებს ჯგუფი, თქვენთან, ან ჯანდაცვის სამინისტროში, რომელიც პერიოდულად შეამოწმებს დიდი დაწესებულებების თანამშრომლებს, კვების ობიექტებზე მომუშავე პიროვნებებს?.. ჩემს ბავშვობაში სკოლებში მოძრავი რენტგენი მოჰქონდათ და ყველა ბავშვი მოწმდებოდა სწორედ ტუბერკულოზზე. ნუთუ, ასეთი რამის გაკეთება დღეს რთულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც ტუბერკულოზით დაავადებული ამდენი ადამიანი ჰყავს?

_ კანონში მსგავსი შემოწმებების შესახებ არაფერი წერია, თუმცა როდესაც პირი იდენტიფიცირდება, რომ მას აქვს გადამდები ფორმის ტუბერკულოზი და არ იტარებს შესაბამის მკურნალობას, ამ შემთხვევაში მოხდება მისი იძულების წესით იზოლაცია. ამ ეტაპზე ესეც წინგადადგმული ნაბიჯია. იზოლაციის პარალელურად მკურნალობის დაწყებასაც შესთავაზებენ, თუმცა ამის ვალდებულება კვლავ არ არსებობს. ეს კანონი იმ პრინციპებთან თანხვედრაში მივიღეთ, რასაც ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები გვირჩევდნენ. სამწუხაროდ, ტუბერკულოზის გადამდები ფორმებით ბევრია დაავადებული, მაგრამ ზოგი ნაადრევად წყვეტს მკურნალობას, ზოგი საერთოდ არ იტარებს… არადა, ეს ადამიანები წარმოადგენენ დაავადების რეზერვუარს. მეტიც, ისინი არიან ბიოლოგიური იარაღი. კანონი, ფაქტობრივად, ამ იარაღის გაუვნებელყოფისკენ არის მიმართული, თუმცა მაინც ლოიალურია. საქმე ის არის, რომ პარლამენტში მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათ შორის, სამართალდამცველი ორგანოებიდანაც და ისინი ფიქრობდნენ, რომ ამით პაციენტის უფლებები დაირღვეოდა. ასევე ამბობდნენ, რომ ეს ქვეყნისთვის იქნებოდა დიდი ეკონომიკური ზარალი. სვამდნენ კითხვებს, _ არის კი რესურსი იმისა, რომ შევინახოთ მსგავსი პაციენტები, მისი მკურნალობა უზრუნველვყოთო? და ა.შ. ჩვენ დავდეთ დათვლილი, კონკრეტული ციფრები,  თუ რა „დაუჯდება“ სახელმწიფოს ის ფაქტი, როცა არ უმკურნალებს, იზოლაციაში არ ამყოფებს ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულ ავადმყოფს და ის კიდევ 15-20 ადამიანს დააავადებს. ანუ მერე მათი მკურნალობა რა დაჯდება?!

_ ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეების გვარებს ხომ ვერ დაგვისახელებთ?

_ კონკრეტიკისგან ამჟამად თავს შევიკავებ, მაგრამ მრავალი სტადია გაიარა ამ კანონის განხილვამ, რომელსაც ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიციის წარმომადგენლები. ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია, ომბუდსმენი ჩართული იყვნენ ამ კანონის შემუშავებაში. პარლამენტში ტარდებოდა შიდა დისკუსიები. ბუნებრივია, ზოგი მათგანი ისეთ კითხვებს სვამდა, რომ იქიდანაც იკვეთებოდა მათი დამოკიდებულება და სურვილი. ამ ტიპის ავადმყოფებისთვის მკურნალობის აუცილებლობის ჩაწერა კანონში მათ ინტერესში არ იყო.

_ თქვენ, ამ დარგის ხელმძღვანელი, რომელმაც ყველაზე უკეთესად იცით, რა ხდება ქვეყანაში აღნიშნული კუთხით, როგორ ფიქრობთ, მსგავსი ავადმყოფებისთვის იძულებითი მკურნალობა აუცილებელია?

_ ნებაყოფლობითი შეიძლება იყოს რომელიღაც დაავადების მკურნალობა, მაგრამ როცა საქმე ეხება გადამდებ დაავადებას, მისი მკურნალობა არ უნდა იყოს ნებაყოფლობითი. გასაგებია, რომ ეს წინააღმდეგობაში მოდის პაციენტთა უფლებების კანონთან, მაგრამ კანონი ხომ ცოცხალი ორგანიზმია და შეიძლება, გამოსავალი მოვნახოთ. ფაქტი ის არის, რომ სოციუმი, საზოგადოება შეიქმნა სწორედ გარკვეული აკრძალვების შემდგომ, როდესაც აიკრძალა ინცესტი, კანიბალიზმი და ა. შ., ანუ ყველაზე დიდი თავისუფლება მიიღწევა ყველაზე დიდი აკრძალვებით. ბევრ ქვეყანაში მსგავსი დაავადების არმკურნალობა დასჯადი ქმედებაა და მას სისხლის სამართალი არეგულირებს. ჩვენთანაც არსებობს ასეთი კანონი _ სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაკუთრებით სოციალურად საშიში დაავადებების გავრცელება არის დასჯადი, მაგრამ ეს არის მკვდარი მუხლი. ასეთი პაციენტის დასჯის ფაქტი, რეალურად, არ არსებობს. თანაც ტუბერკულოზი არ შედის ამ დაავადებათა სიაში.

_ რას მეუბნებით, აბა, რომელი დაავადებები შედის?

_ შავი ჭირი, ქოლერა, ანუ განსაკუთრებით საშიში ინფექციები.

_ ე. ი. რომლებიც დღეისთვის აღარ არსებობს და ქვეყნის წინაშე ამ დაავადებების პრობლემა არ დგას. ამიტომაც არის კანონი უმოქმედო, არა? 

_ ეს ის ინფექციებია, რომლებიც მყისიერად კლავს ადამიანს, ტუბერკულოზი კი უცებ არ კლავს და არც გადადების მომენტი არის თვალნათელი, დამტკიცებადი. თუ თქვენ მიჩივლებთ და იტყვით, რომ ჩემგან გადაგედოთ ტუბერკულოზი, შემიძლია, თავი ვიმართლო, _ არა, ჩემგან კი არა, სხვისგან გადაგედოთ-მეთქი. ამის იდენტიფიკაცია კი გაგიჭირდებათ, ანუ ჩვენს სისხლის სამართალში არსებული კანონი ვერ ერგება ამ დაავადებას. კანონი, რომელიც ახლა მივიღეთ, გახლავთ პირველი ნაბიჯი, რომელიც სერიოზულად შეზღუდავს დაავადებულებს და გარკვეულად შეამცირებს ტუბერკულოზს, თუ ის სწორად იქნება აღქმული და დანახული. მე არ ვარ არანაირი რეპრესიული მექანიზმების მომხრე, მაგრამ მომხრე ვარ, რომ საზოგადოება, ფართო კონსენსუსის საფუძველზე, მტკიცედ იყოს დაცული ინფექციის გავრცელებისგან. იმედია, იზოლაციაში მყოფი პაციენტი მივა იმ დასკვნამდე, რომ უნდა იმკურნალოს და ამით გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლეც და სხვა ადამიანებიც.

_ ჩვენ გამოგვრჩა და როგორც ვიცი, კიდევ ერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული ტუბერკულოზის გავრცელების აღმავლობა. ეს გახლავთ მიგრაცია და მიგრანტები. ხომ ასეა? 

_ სწორი ბრძანდებით. რამდენიმე დღის წინათ ჩვენთან იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც ბროშურები გადმოგვცეს. მასში საუბარია უკანონო მიგრანტთა პრევენციის კამპანიაზე. მათ ჩვენს დაწესებულებას მომართეს და აქ მყოფ პაციენტებს ინფორმაცია მოაწოდეს, რომ სხვა ქვეყნებში მიგრაცია, ტუბერკულოზის მკურნალობის მიზნით, ამ ქვეყნებს შეწყვეტილი აქვთ.

_ იქნებ, უფრო დაგვიკონკრეტოთ, რა იგულისხმება ამაში?

_ მიგრანტების მიერ ტუბერკულოზის გავრცელების თემა ფართო საკითხია და თუ დაინტერესდებით, შემდგომ ამაზეც გესაუბრებით. ამჯერად კი გეტყვით იმ შემთხვევებზე, როცა ადამიანები ლტოლვილის სტატუსით გადადიან სხვა ქვეყნებში იმ მიზნით, რომ  ტუბერკულოზი აქვთ და უნდათ, იქ იმკურნალონ. ჩვენს ქვეყანაში შექმნილია მკურნალობის სტანდარტი, რომელსაც შეიძლება, თავისი შუქჩრდილები აქვს, მაგრამ მთლიანობაში, ყველგან ამ ტექნოლოგიით ხდება აღნიშნული დაავადების მკურნალობა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპული სტანდარტებით და მათი ჩართულობით. ჩვენთან თანამშრომლობენ ექიმები საზღვრებს გარეშე და დიდი პროექტია დაწყებული. უახლოეს პერიოდში ჩვენი ექიმები და ლაბორანტები გაემგზავრებიან საფრანგეთის წამყვან კლინიკებში და გაივლიან სტაჟირებას, ანუ პრაქტიკაში განხორციელდება მკურნალობის ზუსტად ის სტანდარტები, რომელიც ევროპის წამყვან კლინიკებშია. 2017 წლის ნოემბერში კი გაიმართება გლობალური მინისტერიალი, სადაც დაიგეგმება სტრატეგია, რათა მსოფლიომ „დაამთავროს ტუბერკულოზი“, ანუ ეს დაავადება აღარ არსებობდეს.

_ ეს შესაძლებელია?

_ დიახ, შესაძლებელია, თუ განხორციელდება იმ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც ამისთვის აუცილებელია. პირველ რიგში, ეს არის ეფექტიანი და დროული პრევენცია, მკურნალობა და პაციენტის მოვლა. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოწესრიგება.

_ რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ხომ?

_ ამ ღონისძიებების მაქსიმალური ხელშეწყობა, ცხადია, ხელისუფლების პრეროგატივაა, ამ გლობალურ მოვლენაში ქვეყნის ჩართულობის უზრუნველყოფა კი დიდი და საერთო საქმეა. მსოფლიო თანამეგობრობა მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა შეიქმნება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამაზეც მუშაობენ და არის ვარაუდები, რომ 2030 წლისთვის შეიძლება უკვე არსებობდეს მისი პირველი ანალოგები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იქამდე დიდი მსხვერპლით არ მივიდეთ.

 

                                                                                                                 ნელი ვარდიაშვილი