მალხაზ პატარაია: „ქვეყანას ემუქრება ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმში გადასვლის საფრთხე!“

pl

„აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი მალხაზ პატარაია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესს აფასებს. მისი თქმით, საქართველო ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმში გადასვლის საფრთხის წინაშე დგას.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება მალხაზ პატარაია:

_ ეს არჩევნები არ იყო დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი. პრორუსულმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“, ანტიდემოკრატიული საარჩევნო კანონის საფუძველზე (რომლითაც 25%-იან ძალას შეუძლია ¾-ზე მეტი რაოდენობის დეპუტატის გაყვანა), აგრეთვე, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური და ბოროტი გამოყენების, ამომრჩეველთა უპრეცედენტო მოსყიდვის, დაშინების, ძალადობის, კრიმინალური სამყაროს, უზარმაზარი შავი ფულისა და რუსული პროპაგანდის გამოყენების შედეგად შეინარჩუნა თავისი მმართველობა და დღეს ქვეყანას ემუქრება ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმსა და დიქტატურაში გადასვლის საფრთხე. მმართველი ძალა თუ არაფორმალური მმართველი, იურიდიულად რომ ვთქვათ, დე ფაქტო მმართველი, რომელსაც მთელი ძალაუფლება უპყრია და მართავს მის ხელთ არსებული უზარმაზარი რუსული რესურსებით, ეს არის რუსული ტერორისტული ხელისუფლების მხარდაჭერა და დიდძალი ფულით, პრაქტიკულად, ტოტალიტარიზმსა და დიქტატურაში დაბრუნება გვემუქრება. ეს სავსებით რეალური პერსპექტივაა, ნურავინ მოიტყუებს თავს და ნუ აჰყვება ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომ ძალიან კარგი ხალხი ვართ და ძალაუფლებას ბოროტად არ გამოვიყენებთო. საუბარია სისტემაზე, არსებობს პოსტსაბჭოთა გამოცდილება, საქართველოს გამოცდილება, მსოფლიო გამოცდილება, როდესაც ასეთი ტიპის ხელისუფლებები ტრანსფორმირდებიან სწორედ დიქტატურასა და ტოტალიტარიზმში, მით უფრო, ამით ძალიან არის დაინტერესებული აგრესორი, _ მისი ზრახვების გატარება საქართველოს მიმართ უფრო ადვილი გახდება, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები არ იარსებებს, როდესაც სიტყვის თავისუფლება ძალიან შეიზღუდება და როდესაც ერთ მმართველს შეეძლება გამოიღვიძოს დილით და თავისი ახირებები იმავ წუთს მოახვიოს თავს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან სერიოზულ საფრთხეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აგრესორისა და ოკუპანტის უმთავრესი მიზანია, შეგვაგუოს ახალ რეალობას, რაც მან გამოაცხადა, ანუ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას და მიაღწიოს თავის სანუკვარ მიზანს _ იურიდიულად მოსწყვიტოს ეს ტერიტორიები სახელმწიფოს. ამის მრავალი ფაქტი არსებობს მთელი ოთხწლიანი მმართველობის განმავლობაში: დაწყებული სანამ მოვიდოდა ხელისუფლებაში გაცხადებული დეკლარირებით იმისა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ანუ კოსოვოს მოდელის უმნიშვნელოვანესი შემადგენლის კულტივირებით, რომ გასასამართლებელია ეს ხელისუფლება ჰააგის ტრიბუნალში და დამთავრებული იმ განცხადებით, რომელიც ერთ-ერთმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, რომ, თურმე, აფხაზები 25 წელი იბრძვიან თვითგამორკვევისთვის. უკვე აღარ ვლაპარაკობ რკინიგზის გახსნის, ოკუპაციის კანონის შერბილებისა და სხვა მსგავს განცხადებებზე და რაც მთავარია, საერთაშორისო ასპარეზზე არაღიარების პოლიტიკის მარგინალიზაციაზე. ასეთ ვითარებაში და ასეთი მორალური და პოლიტიკური განწყობის ხელისუფლება კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ტენდენციებს და ძალიან დიდი საშიშროება არსებობს, რომ ეს რუსული გეგმები საქართველოში განხორციელდება, ის იურიდიულად მოიპოვებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს და, ზოგადად, ჩვენს სახელმწიფოს არარად აქცევს. ამის ტენდენციები და რამდენიმე ფაქტი უკვე არსებობს.

_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?

_ თუნდაც ქართული დელეგაციის სრულიად სამარცხვინო და აღმაშფოთებელი დემარში, როდესაც ბოიკოტი გამოუცხადეს ევროპის საბჭოში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და უპრეცედენტო რეზოლუცია, სადაც პირველად გამოჩნდა დასავლეთის პირდაპირი მითითება. ყირიმის ანექსიაზე ადრეც იყო საუბარი, მაგრამ სწორედ რუსეთმა რომ მოახდინა აღმოსავლეთ უკრაინის მიმართ აგრესია და ოკუპაცია, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოუწოდა, რომ დაიწყოს მისი იურისდიქციის ფარგლებში შესაბამისი მოქმედებები ამ ფაქტების შესწავლისა და საერთაშორისო დანაშაულში რუსეთის მხილებისთვის. ის, რასაც ლაპარაკობს ქალბატონი ბესელია, ტყუილია. ჯერ იყო და თქვა, რომ შვეიცარიის დელეგაციას ვხვდებოდითო, მერე აღმოჩნდა, რომ ერთ კაცს ხვდებოდნენ ამ დელეგაციიდან და შვეიცარიის დელეგაციის ძირითადი ნაწილი თვითონ უყრიდა კენჭს ამ რეზოლუციას. მერე უკვე მეორე განმარტება იყო, რატომ უნდა ვყოფილიყავით ქართველები, საქართველოს რეზოლუცია არ იყოო, თითქოს რეზოლუციის ავტორი ქვეყანა უნდა დარბაზში და მეტი არავინ, თითქოს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მონაწილეობას პლენარულ სხდომაზე. ბრიყვები ვგონივართ ქართული საზოგადოება? ეს ყველაფერი ითქვა იმისთვის, რომ ეამებინათ რუსეთისთვის და კიდევ ერთხელ შეექმნათ პრეცედენტი მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ ჯერ ერთი: ანტირუსული ფრონტი ერთიანი არ არის პოსტსაბჭოურ სივრცეში და მეორე: ქართველები ცივილიზებულ სამყაროში გამოიყურებიან შუა აზიის სახელმწიფოების დონეზე. ეს ერთი მაგალითი, მეორე მაგალითია ივანიშვილის განცხადება, რომ მშენებლობებს აპირებს აფხაზეთსა და ცხინვალში, რომელიც იგივე ტიპის დივერსიაა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორც რკინიგზის გახსნა.

_ რატომ ფიქრობთ ასე?

_ იმიტომ არის დივერსია სახელმწიფოებრიობისა და პოლიტიკის წინააღმდეგ, რომ ამას სამართლის ენაზე ჰქვია ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობა სამართლებრივი სივრცის გარეშე არ არსებობს; ეკონომიკური საქმიანობა აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართველი სუბიექტის მიერ დაკავშირებულია სამართლებრივი სივრცის არსებობასთან. კერძოდ, ლაპარაკია ადმინისტრაციულ სამართალზე, სამოქალაქო სამართალზე, საგადასახადო და ა. შ. ისმის ძალიან მარტივი კითხვა, _ მშენებლობა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები რომელი კანონით იქნება უზრუნველყოფილი? სანამ ააშენებ, პროექტი უნდა დაამტკიცო და ეს პროექტი სად უნდა დამტკიცდეს? ეს გამოიწვევს ისეთ ამბავს, როგორიც იყო რკინიგზა. სხვა ამდაგვარი ინიციატივები თავის დროზეც გახლდათ, ჭყონიას ჰქონდა „კოკა-კოლას“ ფილიალის გახსნის იდეა, თოფაძესაც ჰქონდა მსგავსი სახის ინიციატივები. ეს ყველაფერი მიმართულია სეპარატისტული რეჟიმის და, შესაბამისად, რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკონომიკური ექსპანსიის ლეგალიზაციისკენ. ახლა საცოდავ გალელებს საკუთარი სახლიდან დილა-საღამოს გამოსვლის ეშინიათ, ერთმანეთში ქართულადაც კი ვერ ლაპარაკობენ, მათთვის აშენდება ეს სასტუმრო? ამას რომ თავი დავანებოთ, რომელი უცხოელი ჩავა იქ? ეს შენდება იმისთვის, რომ რუსმა გენერლებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინებივრონ შავ ზღვაზე ივანიშვილის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში. მესამე ფაქტი აღმაშფოთებელია და ძალიან რეზონანსული გახდა ჩვენს დევნილ საზოგადოებაში. ეს არის ის, რომ არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ, 10 რიცხვში, როდესაც სოხუმის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, იქ მიბრძანდა განათლების მინისტრი და თქვა, _ დაივიწყეთ ის, რომ დევნილი უნივერსიტეტი ხართო. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ ასეთი რეჟიმის პირობებში საქართველოს სახელმწიფოებრიობას ხიფათი ემუქრება.

_ „აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა. თქვენი შეფასებით, რატომ მივიღეთ ეს მოცემულობა?

_ სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ, პრაქტიკულად, დასავლური პოლიტიკური ოპოზიცია არ აღმოჩნდა სათანადოდ კოორდინებული და მოწოდების სიმაღლეზე, რომ ხმები დაეცვა. საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმა მიიღო, არჩევნები მას მოგებული აქვს, ამაში ვერავინ გადაგვარწმუნებს იმიტომ, რომ ფაქტობრივი მასალები გვაქვს და ამ რესურსების უკანონო გამოყენებით ადვილად დათვლადია ხმების ის რაოდენობა, რომელიც ზედმეტი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას“. ოპოზიციას რეალურად აქვს სასაუბრო, ოპოზიციამ ეს არჩევნები მოიგო, მაგრამ ხმების დაცვა ვერ შეძლო. მოგეხსენებათ, ორი წამყვანი პარტია, იმის ნაცვლად, რომ ხმები დაეცვა, მეორე დღესვე ჩამოიშალა. ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ვერ შესთავაზეს მასობრივი სიყალბეები და დარღვევები დასავლურ საზოგადოებას და მანაც ეს არჩევნები ჩატარებულად ცნო. რა თქმა უნდა, ეს იწვევს სინანულს, თუმცა, ჯერ კიდევ, არსებობს შანსი, რომ არ მივცეთ შესაძლებლობა ოლიგარქსა და ტოტალიტარულ რეჟიმს, კიდევ ერთი ბარიერი მოსპოს ასეთი შეუზღუდავი ხელისუფლებისაკენ და ეს ბარიერი გახლავთ სწორედ კონსტიტუციური უმრავლესობის არმიცემა. როგორც კი მოიპოვებს კონსტიტუციურ უმრავლესობას, პრეზიდენტის დამაბალანსებელ ინსტიტუტს მიადება, მოგვისპობს უფლებას, რომ ხალხმა პირდაპირ აღარ აირჩიოს პრეზიდენტი და პრეზიდენტს აქცევს საერთოდ მარიონეტად მის ხელში, აუცილებლად მიადგება თავისუფალ პრესას, აღარ ვლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე და ტოტალიტარული რეჟიმის სხვა მსგავს გამოვლინებეზე. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ ძალა უნდა მოიკრიბოს და ეს ბარიერები დაიცვას.

_ თუმცა, რეალურად, დიდი შანსი არსებობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლეობა.

_ ამქვეყნად ფატალური არაფერი არის, საზოგადოების ნებაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ასე რომ არ იყოს, ძალიან მძიმე ვითარება იქნებოდა ქვეყანაში, ქართული სახელმწიფო და დემოკრატია სწორედ ქართველი ხალხის ნებამ შექმნა, ამიტომ, ჯერ კიდევ, არსებობს შესაძლებლობა და შანსი იმისა, რომ საზოგადოებამ გაისიგრძეგანოს ის საფრთხე, რომელიც არსებობს და წინ აღუდგეს ამ ტენდენციას. დევნილები არის სწორედ მაგალითი რეალური, ჯანსაღი დამოკიდებულებისა ქვეყანაში მიმდინარე პროცესისადმი. არ ვაზვიადებ, არც დევნილთა საზოგადოების ადვოკატი ვარ, არის უტყუარი ფაქტები, ჩვენ დავაკვირდით უბნებს, დევნილთა მონაწილეობას არჩევნებში. ჯერ ერთი, გვესმის მათი, ამ საზოგადოების ნაწილი ვართ და ვიცით ეს განწყობები და ტენდენციები. სურათი ასეთია: დევნილებში პრორუსული ძალები დამარცხდნენ. დევნილებში გაიმარჯვა პროდასავლურმა ძალებმა, ყველას დაკვირვება შეუძლებელია, რადგან არსებობს შერეული უბნები, მაგრამ არსებობს მთელი საქართველოს მასშტაბით უბნები, სადაც მხოლოდ დევნილები აძლევდნენ ხმას და ხელთ მაქვს ასეთი უბნების მონაცემები, მთლად ზუსტად არა, მაგრამ გარკვეული ტენდენციების დანახვა შეიძლება ამ თვალსაზრისით. დევნილები დიდი რაოდენობით ცხოვრობენ სამეგრელოში, იმერეთსა და თბილისში, შესაბამისად, ეს სუფთა უბნები არის ამ სამ რეგიონში და ამის მონაცემებზე ვსაუბრობ. დასავლეთ საქართველოში „ქართული ოცნება“ დამარცხდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, აღარ ვლაპარაკობ სხვა დასავლურ ძალებზე: „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისათვის“, რომელიც 5%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ არა იმ პროცენტით, რომელიც ზოგადად მიიღო საქართველოში. თბილისში ისეთი ვითარებაა, რომ „ქართული ოცნება“ უგებს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა, საბოლოო ჯამში, დასავლური ძალები იგებენ. რაც შეეხება სარეზერვო რუსულ პარტიას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიყვანა, ეს იქნება აგრესიული ძალა, დაახლოებით ისეთი, როგორიც რუსეთის პარლამენტში ჟირინოვსკია. რუსეთისგან ყველა ბნელი ინიციატივების გაჟღერებას სწორედ მათგან მოველით, რომ ამის ფონზე „ოცნება“ შედარებით მისაღებ ძალად გამოჩნდეს დასავლეთისთვის. ეს ძალა დევნილთა საზოგადოებაში კატასტროფულად დამარცხდა და 1-2%-ის ფარგლებში მერყეობს. ეს რომ დევნილთა საზოგადოების ხმებია, იმას მიანიშნებს, რომ ხმების მინიმალური რაოდენობა აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“, მაგალითად, ფოთში ოლქის 1000 ამომრჩევლიდან 1 ხმა აქვთ მიღებული, ზუგდიდში 400 ამომრჩევლიდან 1 ხმა და ა. შ.

_ ამას რა მიზეზით ხსნით?

_ სავსებით გასაგები მიზეზები აქვს: დევნილმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რას წარმოადგენს „ერთმორწმუნის“ მეგობრობა, საკუთარ თავზე გამოსცადეს ოკუპაცია, აგრესია, გენოციდი და ა. შ. ამავე დროს, ძალიან კარგად იცის, რა დამანგრეველ შედეგებს იწვევს მისდამი ლოიალური დამოკიდებულება და ლაქუცი. ეს ჩვენ გამოვცადეთ აფხაზეთში, ოღონდ შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში. რა თქმა უნდა, ძირითადი პროცენტი „ქართულ ოცნებას“ აქვს, როგორც ხელისუფლებას, მაგრამ ძირითადი ნაწილი ეკუთვნის დასავლურ ძალებს, ისიც იმის გამო, რომ, ჩემი აზრით, მას არ აღიქვამენ რუსულ ძალად. დღეს უფრო სერიოზული პრობლემაა ის ამომრჩეველი, რომელმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა ხმა, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი თავსატეხია, რადგან ყოველთვის შეიძლება გამოვიდეს ქუჩაში. წინა არჩევნებთან შედარებით მათი რიცხვი 200 000-ით გაიზარდა და მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ერთ წელიწადში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, სადაც ტენდენცია ნაკლები არ იქნება და, აქედან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, არჩევნებამდე და მის შემდგომ მცდელობები გარედან, რომ ამ ძალის მონოლითურობა შეარყიონ. შეიძლება, ბევრმა არ იცის, რადგან ამის აფიშირება არ მომხდარა: არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ძალიან პომპეზურად ჩაეტარებინა ახალ სპორტის სასახლეში „ქართული ოცნების“ ბენეფისი. ამაში ჩართული იყო აფხაზეთის ხელისუფლება, თუმცა ვერ მოიყვანეს დევნილები. უპრეცედენტო მობილიზაცია იყო, თუმცა ასეთი შედეგის გამო პრემიერი და ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვედრაზე აღარ მივიდნენ, ცარიელი ტრიბუნები იყო და ამას ხომ არ უჩვენებდნენ?! გამოყენებული იყო ვეტერანთა დეპარტამენტის რესურსი, ინდივიდუალურად საიდან მოიპოვეს ჩვენი ტელეფონის ნომრები, არ ვიცი და პირდაპირ ახორციელებდნენ ზარებს. ავტობუსებიც უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ ვერ შეძლეს ვეტერანთა და დევნილთა მობილიზება და შესაბამისად, ხელისუფლებაც არ მივიდა ამ შეხვედრაზე. ოპოზოციური ძალების კიდევ ერთი შეცდომა ის გახლდათ, რომ ოპოზიციურ პარტიებს არც ერთს თვალსაჩინო ადგილზე არ ჰყავდა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირი. ასეთი შედეგი დადგა, მიუხედევად იმისა, რომ დევნილმა საზოგადოებამ მათ სიაში ვერ დაინახა თავიანთი წარმომადგენელი. წინასაარჩევნო პერიოდიდან დღემდე, დევნილთა სააგენტოს მეშვეობით, მესიჯები მოგვდის, რომლითაც სოფელში მცხოვრებ დევნილებს 200 ლარის სასოფლო სამუშაოებს სთავაზობენ საჩუქრად, ასევე უფასო პროფესიულ სწავლებას და ბოლო მესიჯია სამსახურში მოგაწყობთ და არიქა, სწრაფად შემოიტანეთ განცხადებაო. ამით ხელისუფლება მანიპულირებს ნების თავისუფალ გამოხატვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას მოვუწოდოთ და განსაკუთრებით დევნილებს, რომ სინდისის ქენჯნის გარეშე თუ რამეს შესთავაზებენ, აიღონ, ეს ისედაც ეკუთვნით, მაგრამ ხმა არ მისცენ „ქართულ ოცნებას“ და არაფრის შეეშინდეთ.

_ თუ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რა საფრთხეებს ხედავთ კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით?

_ თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, გავიღვიძოთ და საგარეო ვექტორი რუსეთისკენ შეცვლილი დაგვხვდეს. უცებ ამის გაკეთება, ალბათ, არ გამოვა, მაგრამ ნელ-ნელა, მას შემდეგ, რაც დაიქვემდებარებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, მიადგება „რუსთავი 2“-ს და საკონსტიტუციო სასამართლოში ეს ფაციფუცი ზუსტად ამისკენ არის მიმართული. სხვა მხრივ დაიწყება დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვა და ნურავის ჰგონია, მათი მეხოტბე ტელევიზიები რომ არიან, იმათ არ დახურავენ. ბევრი ტელევიზია არ სჭირდებათ, „რუსთავი 2“-ის პრობლემაა და ისეთი პრესის, როგორიც თქვენი გაზეთია. ზედმეტ გაზეთებსა და ტელევიზიებსაც დახურავს, სულაც არ სჭირდება ამაში ფულის გადაყრა ივანიშვილს. საბჭოთა პერიოდში ასეთი ინსტიტუტი იყო _ სახალხო რაზმელები, ქუჩაში რომ დადიოდნენ. ასეთი სახალხო რაზმელები მას უკვე ჰყავს „პაგრომებისთვის“. ეს არის ის ხალხი, რომის პაპის ჩამოსვლას რომ ეწინააღმდეგებოდა და რომ წყევლიდა. ის ხალხი, რომელიც სადღობელაშვილს და წითელაშვილს ჰყავს შემოკრებილი. ამას უფრო მეტად ორგანიზებული ხასიათი ექნება რუსული საბურველით, ეს უკვე გამოცდილი ფორმებია. შეიძლება, უბლოკო სტატუსიც გაჩნდეს უცებ საქართველოს კონსტიტუციაში. ოკუპაციის კანონთან მიმართებით, როგორც იქნა, შეძლო ქართულმა საზოგადოებამ მისი შერბილების შეჩერება და შეიძლება, საერთოდაც გააუქმონ. ალბათ, პირდაპირ ცნობას ვერ გაბედავენ, მაგრამ ასეთი ტიპის ღონისძიებები გატარდება. ალბათ განახლდება საუბარი რკინიგზაზე, ან ისეთი ობიექტების მშენებლობებზე, რომელზედაც ამბობენ, ისინი არ დასთანხმდებიანო. რკინიგზაზე ჯერ ხომ იყვნენ უარზე და ბოლოს დასთანხმდნენ, როგორც რუსეთმა უკარნახა, ისე გააკეთეს და დასთანხმდნენ. აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო, კარგია რკინიგზაო, ანუ ლეგალიზაცია სხვა, ირიბი საშუალებებით მოხდება და რკინიგზაზე თუ მშენებლობებზე ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე ნიშნავს დე ფაქტო ხელისუფლების აღიარებას. მხოლოდ რაოდენობრივ უპირატესობას და კონსტიტუციურ ბერკეტებს არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, პოლიტიკურ უპირატესობას და მორალურ კლიმატს აქვს ქვეყანაში მნიშვნელობა, რომელიც ასეთი უპირატესობის არსებობის პირობებში დადგება, ანუ შემზღუდავ სამართლებრივ ბარიერებთან ერთად საზოგადოების ცნობიერებაშიც იხსენება და ეს არის მეტად საშიში. გვაფრთხილებდნენ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან, საკმაოდ მაღალი ტრიბუნებიდან და ახლაც გვაფრთხილებენ, რომ ევროატლანტიკური კურსი საქართველოში შეუქცევადი არ არის და რომ ის საქართველოში ძალიან მყიფეა. ყველაზე დიდი არგუმენტი კი ის არის, რომ რუსეთმა არჩევნების შედეგებით კმაყოფილება გამოთქვა. ასე რომ, ეს ორიენტაცია არ არის შეუქცევადი და ასეთი ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში დროის პატარა მონაკვეთში შესაძლებელია, უზბეკეთისა და ყირგიზეთის დონეზე აღმოვჩნდეთ რუსეთთან მიმართებით.

 

                                                                                                                თამარ ბატიაშვილი