თამაზ ჭელიძე: „თბილისის გენგეგმის შედგენას რა აზრი აქვს, თუ გრუნტებს საფუძვლიანად არ გამოვიკვლევთ?!“

lo

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მსოფლიოში რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რამაც მილიონზე მეტი მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი გამოიწვია. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს მიწისძვრა კი არა, დანგრეული შენობები კლავს. მით უმეტეს, ეს პრობლემა საქართველოში მეტად აქტუალურია, სადაც ბოლო დროს სხვადასხვა სახის მშენებლობა ყოველგვარი კონტროლის გარეშე ხორციელდება. სპეციალისტების განცხადებით, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დაზუსტებული სეისმური საშიშროების რუკების შედგენას, განახლებას და ამ რუკების საფუძველზე თანამედროვე სამშენებლო ნორმების დადგენას.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს დიდი კატასტროფების შეთანხმების სპეციალიზებული ცენტრის დირექტორი, საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების პრეზიდენტი _ თამაზ ჭელიძე:

_ ბატონო თამაზ, ბოლო წლებია, ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მიწისძვრების შესახებ. რამ გამოიწვია ეს და როგორია მსოფლიოში მიწისძვრების სტატისტიკა? რამდენი მიწისძვრა ხდება წელიწადში?

_ პასუხი ამ კითხვაზე შეუძლებელია, თუ არ დავაზუსტეთ, რა მაგნიტუდის მიწისძვრაზეა საუბარი. ბოლო 110 წლის სტატისტიკის მიხედვით, უძლიერესი მიწისძვრები მაგნიტუდით 8 და მეტი, წელიწადში, საშუალოდ, ერთხელ ხდება. რა თქმა უნდა, მიწისძვრების ეს საშუალო სიდიდეა: მაგალითად, 2007 წელს ასეთი მოვლენა აღირიცხა 4-ჯერ, ხოლო 2002 და 2008 წლებში _ საერთოდ არ დაფიქსირებულა. მეორე მხრივ, მცირე მიწისძვრების (მაგნიტუდით 2-2.9) რაოდენობა წელიწადში მილიონებს აღწევს, ხოლო მიკრომიწისძვრების რაოდენობის დადგენა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ დედამიწის ზედაპირს მიწისძვრები განუწყვეტლივ არხევს, მაგრამ ეს რხევები იმდენად სუსტია, რომ მხოლოდ ძალზე მგრძნობიარე ხელსაწყოებს, ანუ სეისმოგრაფებს შეუძლია მათი დაფიქსირება. ისმის კითხვა, _ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი სუსტი მიწისძვრების შესწავლა? საქმე ის არის, რომ სუსტი მიწისძვრები ყოველდღიურად ასობით და ათასობით ფიქსირდება სეისმოაქტიურ რეგიონებში და ვინაიდან ისინი გარკვეულად ასახავს დედამიწის ქერქში დაძაბული მდგომარეობის ცვლილებებს, პრინციპში, მცირე მოვლენების ნაკადის დროითი ცვლილებები, შესაძლოა, გამოვიყენოთ ძლიერი მიწისძვრის პროგნოზირებისთვის.

_ როგორია საქართველოში მიწისძვრების სტატისტიკა და როგორ ხორციელდება სეისმოლოგიური კვლევები?

_ საქართველო განლაგებულია ახალგაზრდა ალპურ ტექტონიკურ ზონაში, რაც განაპირობებს ძლიერი მიწისძვრების წარმოქმნას მისი ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე. ტერიტორიის სეისმურობა უკავშირდება არაბეთის ფილის ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ დრეიფით (2 სმ/წ) და მის კოლიზიას რუსეთის პლატფორმასთან, რომელიც უძრავია. არაბეთის მოძრაობა იწვევს კავკასიის ტერიტორიის კუმშვას, რის გამოც წარმოიქმნა კავკასიონის მთები, მრავალი ტექტონიკური რღვევა და, შესაბამისად, სეიმური აქტივობა. საქართველოს თანამედროვე სეისმურობის მაგალითია, თუნდაც, 1991 წლის რაჭისა და 2002 წლის თბილისის მიწისძვრები. საქართველოში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის 75-80% მიწისძვრებს უკავშირდება. საქართველოში ძლიერ სეისმურ მოვლენებს უძველესი დროიდან დიდი ყურადღება ეთმობა. „ქართლის ცხოვრებამ“ შემოგვინახა ძვირფასი ცნობები ძლიერი მიწისძვრების შესახებ დაწყებული XI საუკუნიდან. ამგვარი ცნობები ამჟამად ინტენსიურად გამოიყენება სეისმური საშიშროების შეფასების დროს. ვინაიდან ძლიერი მიწისძვრები საქართველოსა და კავკასიაში იშვიათად ხდება, სანდო ინსტრუმენტული მასალა, ანუ სეისმური ჩანაწერები მხოლოდ ბოლო საუკუნეშია მიღებული, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია მოვიპოვოთ ცნობები ძლიერი მიწისძვრების შესახებ რაც შეიძლება დიდი პერიოდისთვის. ეს ინფორმაცია განსაკუთრებით საჭიროა ისეთი ობიექტების დაგეგმვისთვის, როგორიცაა დიდი კაშხლები, ატომური სადგურები და სხვა საპასუხისმგებლო ნაგებობები. ამგვარი ინფორმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ისტორიული ქრონიკები და მიწისძვრების მიერ რელიეფში დატოვებული კვალი – ე. წ. პალეოდისლოკაციები. ბოლო წლებში მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტში მომზადდა ისტორიული მიწისძვრების დაზუსტებული კატალოგი ახალი წელთაღრიცხვის 85 წლიდან 1900 წლამდე. გარდა ისტორიული ქრონიკებისა, აქ გამოყენებულია გეოლოგიური მონაცემებიც. ისტორიული მიწისძვრების ახალ კატალოგში არის 8 მიწისძვრა, რომელთა მაგნიტუდა 7-ს უტოლდება. ბოლო ათწლეულებში განვითარდა ახალი დარგი _ პალეოსეისმოლოგია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დადგინდეს ასეული ათასი წლის წინათ მომხდარი ძლიერი მიწისძვრების პარამეტრები. პალეოსეისმოლოგიურ კვლევას ზოგჯერ ძალზე მოულოდნელი დასკვნები მოსდევს. მაგალითად, ჰოლანდიაში, რომელიც ადრე, პრაქტიკულად, სეისმურად წყნარ რეგიონად მიიჩნეოდა, რღვევის ზედაპირის გათხრის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბოლო 30 000 წლის განმავლობაში აქ მოხდა სამი ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 6.2-6.8. საქართველოში ზედაპირული გეოლოგიური კვლევის საფუძველზე აღმოჩენილია რამდენიმე პალეოდისლოკაცია. მათი გამომწვევი მიწისძვრების მაგნიტუდა, შესაძლოა, 7-ის ტოლი იყო. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა რღვევის გათხრები, რაც დააზუსტებდა პალეომიწისძვრების მაგნიტუდას და ასაკს. რაც შეეხება ინსტრუმენტულ დაკვირვებებს, მათ 1899 წელს ჩაეყარა საფუძველი. თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის სეისმური სადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში და ყოველთვის მაღალი დონის კვლევას აწარმოებდა. 2002 წლის თბილისის მიწისძვრის შემდეგ დაიწყო საქართველოს სეისმური ქსელის მოდერნიზაცია და ამჟამად ათეული სადგური ახალი მაღალი მგრძნობელობის ციფრული ხელსაწყოებით არის აღჭურვილი. საქართველოს ტერიტორიაზე ინსტრუმენტულ პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მაგნიტუდით 6, ან მეტი, მათ შორის, 1991 წლის რაჭის მიწისძვრა, რომელთა ჩანაწერები არქივში ინახება.

_ არის თუ არე შესაძლებელი მიწისძვრების პროგნოზირება, რათა შევამციროთ მათ მიერ მოსალოდნელი მსხვერპლი და ზარალი?

_ ზოგადად, მიწისძვრის პროგნოზი გულისხმობს სამი პარამეტრის: ადგილის, სიძლიერისა და დროის დადგენას. დროის სანდო პროგნოზი თუნდაც თვეების სიზუსტით, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც კი. საბედნიეროდ, საკმაოდ კარგად პროგნოზირდება მიწისძვრების დანარჩენი ორი ელემენტი _ შესაძლო ადგილი და სიძლიერე, რაც აისახება ე. წ. სეისმოდარაიონების რუკებში. თუ მშენებლობა განხორციელდება სეისმოდარაიონების რუკის გათვალისწინებით, მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი მინიმუმამდე დაიყვანება. მიწისძვრების რიცხვისა და სიძლიერის შემცირება ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ მეცნიერებამ გამოიმუშავა ისეთი მეთოდები, რომლებიც საშუალებას იძლევა, შემცირდეს კატასტროფებით გამოწვეული რისკები, ანუ მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი. მაგალითად, მიწისძვრების რისკისა და არა რაოდენობის შემცირება შესაძლოა ანტისეისმური სამშენებლო ნორმების დაცვით. სუმატრის, ჰაიტისა და ჩილის მიწისძვრების კატასტროფული შედეგების ანალიზი ბუნებრივად აღძრავს კითხვებს: მოხდება თუ არა ძლიერი მიწისძვრები საქართველოში? შეიძლება თუ არა ამგვარი მოვლენების პროგნოზირება? როგორ უნდა დავიცვათ თავი ასეთი უბედურებებისგან? როგორც აღვნიშნეთ, საქართველო მდებარეობს ალპურ-ჰიმალაიურ სეისმოაქტიურ ზოლში და ჩვენთან ძლიერი მიწისძვრები ხდებოდა, ხდება და მომავალშიც მოხდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დაზუსტებული სეისმური საშიშროების რუკების შედგენა-განახლებას და ამ რუკების საფუძველზე თანამედროვე სამშენებლო ნორმების დადგენას. გეოფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების დონის საქართველოს სეისმური საშიშროების ალბათური რუკა, ხოლო 2009 წელს დამტკიცდა ამ რუკის საფუძველზე სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული საქართველოს ახალი სამშენებლო ნორმები, რაც გარკვეულ გარანტიას გვაძლევს იმისა, რომ ახალი შენობები მოსალოდნელ სეისმურ რყევებს გაუძლებს. სწორედ სეისმომედეგი მშენებლობა არის ამჟამად ერთადერთი რეალური ხერხი კატასტროფის რისკის შემცირებისა. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს მიწისძვრა კი არა, დანგრეული შენობები კლავს.

_ არის თუ არა შესაძლებელი მიწისძვრების პროგნოზი?

_ მომავალი მიწისძვრის მოხდენის დროის დადგენა ამჟამად ვერ ხერხდება მრავალი ცდის მიუხედავად, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს, რომ დროული პროგნოზი საერთოდ შეუძლებელია. პროგნოზის პრინციპული შესაძლებლობა ემყარება იმ გარემოებას, რომ დედამიწის ქერქში უნდა დაგროვდეს საკმაო დაძაბულობა, რათა დაიძლიოს ტექტონიკური რღვევის ბაგეების ხახუნის ძალა. ცხადია, რომ დაძაბულობის დაგროვება უნდა იწვევდეს ქანების კუმშვას, ან განკუმშვას და, შესაბამისად, გარკვეულ ფიზიკურ პროცესებს, რომლებიც წინ უძღვის ძლიერ მიწისძვრას – ე. წ. წინამორბედებს. მიწისძვრის კერაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, წინამორბედების აღწერისათვის გეოფიზიკის ინსტიტუტში პირველად შეიქმნა რღვევის ე. წ. პერკოლაციური მოდელი. საკმაოდ ხშირად დაიკვირვება შემდეგი წინამორბედები: სეისმური რეჟიმის ცვლილებები, დედამიწის ქერქის დეფორმაციები, ჭებში წყლის დონის ცვლილება, რადონის ემისია, ელექტრომაგნიტური მოვლენები და სხვ. გამოირჩევა გრძელი, საშუალო და მოკლევადიანი წინამორბედები. გრძელვადიანი პროგნოზი კეთდება ათეული წლების წინსწრებით სამი ძირითადი ჰიპოთეზის საფუძველზე: არსებობს ძლიერი მიწისძვრების ციკლურობა, ვინაიდან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ დაძაბულობები განიმუხტება და იმავე არეში ახალი მიწისძვრა მოხდება მხოლოდ დაძაბულობების ხელახალი დაგროვების შემდეგ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ეს დრო განსაზღვრავს ციკლის ხანგრძლივობას; რღვევის იმ ნაწილში, სადაც ადრე მოხდა დიდი მიწისძვრა და ძაბვები განიმუხტა, სეისმურობა მცირეა; რაც მეტი დრო გადის ახალი ციკლის დაწყებიდან, მით უფრო დიდი ხდება შემდეგი ძლიერი მიწისძვრის ალბათობა დაძაბულობების დაგროვების გამო. ამ მოდელის საფუძველზე, მაგალითად, დადგინდა, რომ 13-მილიონიან სტამბულთან ახლოს, მარმარილოს ზღვაში არსებულ სეისმურ ღრიჭოზე, მომავალ 30-წლიან პერიოდში 70%-იანი ალბათობით მოხდება 7-7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც დიდ ზარალსა და მსხვერპლს გამოიწვევს. ამ გრძელვადიანი პროგნოზის გამო სტამბულში მილიარდობით დოლარი იხარჯება მიწისძვრის ეფექტის შესამცირებლად: ტარდება გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევა, მაგრდება ნაგებობები, შეიქმნა ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც განგაშს ატეხს, დაახლოებით, 10 წამით ადრე, ვიდრე მიწისძვრის დამანგრეველი ტალღები ქალაქს მიაღწევს. გარდა სტამბულისა, გრძელვადიანი პროგნოზების მიხედვით, მოელიან უახლოეს ათწლეულებში ძლიერ მიწისძვრებს სან-ფრანცისკოსა და ტოკიოს მახლობლად. რამდენიმე ავტორის აზრით, მათი გრძელვადიანი პროგნოზი წარმატებული იყო. საქართველოში 70-ანი წლების შემდეგ საკმაოდ ინტენსიური კვლევა მიმდინარეობდა მიწისძვრების წინამორბედების აღმოსაჩენად. შეიქმნა სპეციალურ დაკვირვებათა ქსელი. ახლაც რეგულარულად მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი ღრმა ჭაბურღილებში, რომელიც გარკვეული სახის დედამიწის ქერქის მცირე დეფორმაციებზე კარგად რეაგირებს და მეთოდიკის დახვეწის შემთხვევაში, შესაძლოა, გამოდგეს მიწისძვრების პროგნოზისთვის. საინტერესოდ მიგვაჩნია მაგნიტური ველისა და წყლის დონის ანომალია 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის წინ და რადონის კონცენტრაციის მომატება 2002 წლის თბილისის მიწისძვრის წინ, თუმცა ეს დამაიმედებელი შედეგებიც მხოლოდ წინასწარ მოკვლევად უნდა მივიჩნიოთ.

_ აღნიშნეთ, რომ სეისმური საშიშროების ალბათური რუკის საფუძველზე სამშენებლო ნორმები დამტკიცდა. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ჩვენთან მშენებლობები ყოველგვარი ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს.

_ აქ ძალიან რთულად გვაქვს საქმე. შეიძლება, სეისმომედეგი შენობები ავაშენოთ ამერიკული ნორმებით, ევროპული ნორმებიც არსებობს. ჩვენთან ორივე ნორმა მიღებულია, შეიძლება ასე აშენება, მაგრამ არ არსებობს კონტროლი. ადრე კონტროლდებოდა ბეტონის ხარისხი, არმატურა… თბილისში მიღებული იყო 7-ბალიანობა და ასე აშენებდნენ. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ ბალიანობა გადაიხედა და მოიმატა ერთით, ანუ ახლა მიღებულია, რომ შენობამ 8 ბალის ინტენსივობის რყევას უნდა გაუძლოს. რეალურად რომ შევხედოთ, თბილისში არის უამრავი შენობა, რომელიც აშენდა 7 ბალზე და 8 ბალზე არ არის გათვლილი. არსებობს ორი მეთოდი, რომლითაც შეიძლება ამის დადგენა და გაზომვა. განსაკუთრებით რთულია ძველი ისტორიული შენობებისა და ეკლესიების შემოწმება, თუკი გამოცდის მეთოდით განისაზღვრება მათი მდგრადობა, რადგან მაშინ სამშენებლო ნორმები არ არსებობდა. ასე რომ, პრობლემა არის, მედეგობაზე შემოწმება ძალიან ძვირი პროცესია. უნდა შემოწმდეს ყოველი შენობა. დრო რომ გადის, ყველა შენობა ძველდება, უამრავი რამ მოქმედებს შენობის მდგრადობაზე. რაც რუკაზეა ბალიანობა, საშუალო გრუნტზეა გათვლილი და ამიტომ თუ გრუნტი სუსტია, იქ ბალიანობა უფრო მატულობს. ეს მხარეც შესასწავლია. სხვათა შორის, ხელისუფლების წინაშე ეს საკითხი უამრავჯერ დავაყენე. თითქმის დასრულდა მუშაობა თბილისის გენგეგმის შედგენაზე. პრაქტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გენგეგმის შედგენის წინ უნდა ჩატარებულიყო გეოფიზიკური მეთოდებით გრუნტების შეფასება, რომელიც არ არის ძალიან ძვირი და შესაძლებელია, საკმაოდ სწრაფად გაკეთდეს. ამის გათვალისწინებით უნდა მიმდინარეობდეს მშენებლობები, თუ გრუნტი სუსტია, იქ უკვე აღარ არის 8 ბალი და მოთხოვნა იზრდება. სამწუხაროდ, ეს არ გაკეთდა.

_ ზოგადად, პროფესორებს, აკადემიკოსებს თუ გეკითხებიან სახელმწიფოს მესვეურები აზრს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზედაც მუშაობთ?

_ სამწუხაროდ, ნაკლებად. მაგალითად შემიძლია გითხრათ, როდესაც ბატონი ნარმანია მერობის კანდიდატად წარადგინეს, ჩვენთან აკადემიაში მოვიდა. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად დავაყენე იგივე გენგეგმა, რომ შედგენის წინ უნდა გაკეთებულიყო გრუნტების გეოტექნიკური შეფასება. მერი რომ გახდა, წერილიც მივწერე, პასუხი მივიღე, _ როცა დაგვჭირდებით, მაშინ მოგმართავთო. მას შემდეგ 3 წელი გავიდა, მაგრამ არავის მოუმართავს. მხოლოდ გეოლოგების ზემოდან გრუნტებზე დახედვა ამ საქმეს არ უშველის, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება დიდ სიღრმეზე. ამის ზუსტად დადგენა შესაძლებელია მხოლოდ მიკროსეისმური გეოფიზიკური მეთოდებით.

 

                                                                                                                         თამარ ბატიაშვილი