ყოფილი პარტიზანის სკანდალური აღიარება – ირაკლი ღარიბაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის საგანგებო დავალება

n

,,ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წელი საზოგადოებას ფარული ჩანაწერების, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გავრცელებით, შანტაჟით და დევნით დაამახსოვრა. შაქმეები გამოუძიებელია, დამნაშავეები დასჯილი არ არიან.

„ქრონიკა+“-ს ამჯერად ყოფილი პარტიზანი, რ. გ. დაუკავშირდა, რომელიც რამდენიმე სკანდალური საქმის არანაკლებ სკანდალურ დეტალებს ამხელს. მისი მონათხრობიდან ირკვევა, რომ გელა ხვედელიძის წინააღმდეგ მთელი ძალოვანი ვერტიკალი მუშაობდა, მათ შორის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსანი კახა ჩიხლაძე.

რ. გ. აფხაზეთიდან დევნილია, 2013 წლის იანვრის დასაწყისში ეს პიროვნება ზუგდიდში „სუსის“ მაშინდელმა უფროსმა გოგი ნაჭყებიამ დაიბარა. მათ შორის საუბარი სამ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. შაუბარიი იყო კონკრეტულ საქმეზე სასურველი ჩვენების მიღებაზე. საუბრის ბოლოს გოგი ნაჭყებიას ტელეფონზე დაურეკეს. ამის შემდეგ იგი რ. გ.-ს მოუბრუნდა: გინდა თუ არ გინდა, ეს უკვე შენი გადასაწყვეტი არაა, „მოდულის“ შენობაში ლაშა ნაცვლიშვილი გელოდება, როგორც იქ მოიქცევი, საქმეც ისე წაგივაო. ცხადი იყო, ნაცვლიშვილი და ნაჭყებია შეთანხმებულად მოქმედებდნენ. რ. გ.-მ სახლში დარეკვის უფლება ითხოვა, მაგრამ მას ამის საშუალება არ მისცეს. რამდენიმე წუთში ნაჭყებიას ოთახში ორი პირი შემოვიდა. ერთი მათგანი გოგი ნაჭყებიამ მოსასვენებელ ოთახში გაიყვანა, მეორე კი რ. გ.-ს წინ ჩამოუჯდა და მაგიდაზე ნოუთბუქი, და ფოტოაპარატი დააწყო. მოულოდნელმა სტუმარმა ყოფილ პარტიზანს აფხაზეთზე ჩამოუგდო საუბარი, _ რა ხდება, რა ვითარებაა ამ წუთას საზღვრის იქითო? რ. გ.-მ პასუხად, _ დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, მაგრამ ვითარება ძალიან ცუდიაო. სწორედ იმ წუთს გოგი ნაჭყებიას სამუშაო ოთახში სამეგრელოს ამჟამინდელი გუბერნატორი, ლევან შონია დაცვის წევრთან ერთად შევიდა. ლევან შონიამ რ. გ.-სთან საუბარი გააგრძელა, _ ნურავის იმედი ნუ გექნება, დამთავრდა, რაც გინახავს, ვეღარ ნახავო. თუ კარგად მოიქცევი, შენს თავს უპატრონე და ყველაფერი კარგად იქნება, გაწეული სამსახური დაგიფასდებაო. აქვე ლევან შონიამ მას დაუკონკრეტა, _ ჩვენებები გვინდა, ჩვენ კი ბევრი ვიცით შენზე, მაგრამ შენი ნათქვამი ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნებაო. ამათ „მოდულში“ უნდა წაჰყვე, დანარჩენზე იქ დაგელაპარაკებიანო. მე როგორც გალელს, შენზე გული მწყდება, მინდა, ყველაფერი გქონდეს და კარგად იყოო. ამის შემდეგ ლევან შონიამ რ. გ.-ს ორი სტუმარი გააცნო. ერთ მათგანს ალექსი ერქვა, მეორეს კახა _ (ჩიხლაძე). რ. გ. მისაღებში გაიყვანეს და რამდენიმე წუთში თბილისისკენ დაიძრნენ. „მოდულის“ შენობაში რ. გ.-ს ელოდებოდნენ. ის, მისივე განმარტებით, მეორე სართულზე, დერეფნის მარჯვენა მხარეს, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს. ისიც და მისი მეთვალყურეებიც საღამოს შვიდი საათიდან პირველ საათამდე ლაშა ნაცვლიშვილს ელოდებოდნენ. საუბარში ალექსიც და კახაც პერიოდულად ინტერესდებოდნენ, შეძლებდა თუ არა ის, ქართულ სპეცსამსახურებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დახმარებოდა. რ. გ.-მ აუცილებელ პირობად კონფიდენციალობის დაცვა მოითხოვა. ღამის პირველ საათზე მას უთხრეს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასთან ლაშა ნაცვლიშვილს აგზავნიდა და ყველაფერი მაღალ დონეზე გადაწყდებოდა. ზუსტად ნახევარ საათში რ. გ.-სთან ლაშა ნაცვლიშვილი და კახა შევიდნენ. ალექსისა და კახას იგი ჯერ ისევ სახელებით იცნობდა და „სუსის“ მაღალჩინოსნები ეგონა. ლაშა ნაცვლიშვილი სახეზე იცნო. შს მინისტრის მოადგილემ მასთან საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთში რუს სამხედროებზე თავდასხმის ფაქტებით დაიწყო. რ. გ.-ს განმარტებით, მათ შორის საუბარი თითქმის ოთხი საათი გრძელდებოდა. ლაშა ნაცვლიშვილს მისთვის ცრუ მოწმეობა აღარ მოუთხოვია, მას მხოლოდ ის აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა აფხაზეთში გადასვლას და ჰქონდა თუ არა შენარჩუნებული კავშირი  აფხაზურ პარტიზანულ დაჯგუფებასთან. ასევე აინტერესებდა, რა ურთიერთობა ჰქონდა რუს სამხედროებთან. ლაშა ნაცვლიშვილთან საუბარი დილის ოთხ საათზე, კონკრეული შეთავაზების გარეშე, დასრულდა. ნაცვლიშვილმა ალექსისა და კახას დაუბარა, რ. გ. იქვე, „მოდულის“ შენობაში მოესვენებინათ. დილით საუზმისას კახას ისევ დაურეკეს და რ. გ.-ს სასწრაფოდ მეორე სართულზე აყვანა მოსთხოვეს, მან დერეფანშივე შეამჩნია ლაშა ნაცვლიშვილი მისთვის უცნობ პიროვნებასთან ერთად. მან ოჯახში დარეკვის უფლება ისევ ითხოვა, ტელეფონი მისცეს და უთხრეს, ოჯახისთვის არ გაემხილა, რომ თბილისში იმყოფებოდა, თქვი, რომ მეგობრებთან ერთად თურქეთში წავედიო. ლაშა ნაცვლიშვილმა რ. გ.-ს მაგიდაზე ოთხი ფოტოსურათი დაუდო. მას განსაკუთრებით ვალმირ ბუთბას ამოცნობა აინტერესებდა. ოთხი ფოტოდან რ. გ.-მ, მისივე გადმოცემით, სამი ამოიცნო. ერთ-ერთი მათგანი ენგურს გამოღმა საერთოდ არ იყო ნამყოფი, ამიტომაც მოეჩვენა უცნაურად მისი ვინაობით ლაშა ნაცვლიშვილის დაინტერესება. როგოც ჩანს, მათ კარგად იცოდნენ რ. გ.-სა და ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნების ახლო მეგობრობის ამბავი. სწორედ ამიტომაც ლაშა ნაცვლიშვილმა მას შესთავაზა, _ გადმოვიდეს საქართველოში, გარანტიებსაც მივცემთ, გვინდა, საქმეზე დაველაპარაკოთ, გვემეგობროსო. რ. გ.-მ ზუსტად იცოდა, რომ აღნიშნული პიროვნება საქართველოში გადმოსვლაზე არ დასთანხმდებოდა, რადგან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მაიკოპის ბატალიონში იბრძოდა და სენაკის სამხედრო ბაზაში შეჭრილი ოკუპანტების ასეულში ირიცხებოდა. ლაშა ნაცვლიშვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა და გაუკვირდა. იქნებ, მე დამაბაროთ, რა საქმე გაქვთო? _ შესთავაზა ნაცვლიშვილს რ. გ.-მ. _ ნუ იჩქარებო, _ ამ სიტყვებით მინისტრის მოადგილემ კაბინეტი დატოვა. დაახლოებით ნახევარ საათში ისევ დაბრუნდა, კახა ჩიხლაძეს ოთახიდან გასვლა ანიშნა და საათზე მეტ ხანს უხსნიდა, რომ საქმე, რომელსაც მას დაავალებდნენ, საიდუმლოს შენახვის აუცილებლობას მოითხოვდა. პარალელურად, ნაცვლიშვილი ტელეფონით მესიჯობდა. ათ წუთში ოთახში გაუფრთხილებლად ირაკლი ღარიბაშვილი შევიდა. ლაშა ნაცვლიშვილმა ღარიბაშვილს უთხრა, _ ჩვენიანია, ყოფილი პარტიზანი და მებრძოლი, სოხუმში ბევრი დასაყრდენი ჰყავს, თვითონაც შეუძლია გადავიდეს, რუსებთან პრობლემა არ გააჩნია და ერთად გაზრდილ აფხაზ მეგობრებთან კარგი დამოკიდებულება აქვსო. _ კარგი, კარგი ჩვენც პატივისცემა არ მოვაკლოთ და ყურადღება მივაქციოთო. შს მინისტრი ჩქარობდა. ფეხზე დამდგარმა ლაშა ნაცვლიშვილს დააბარა: დეტალები კარგად გაიარე, მთავარია ჩაწერაო. კართან მისული ღარიბაშვილი უკან დაბრუნდა და რ. გ.-ს ჰკითხა, _ რა მანქანა გყავსო? რ. გ.-ს ბანკის ვალების გამო მანქანა ახალი გაყიდული ჰქონდა. ნაცვლიშვილმა ღარიბაშვილი გააცილა და უკან დაბრუნებულმა რ. გ.-ს უთხრა, _ ხვალ საჩუქარს გიმზადებენ, ჯიპი ხომ გიყვარსო?

„ქრონიკა+“ ცხადია, შეეცადა გაერკვია, რა დავალება იყო ასეთი ძვირადღირებული და რატომ არსებობდა ამ დავალების მისამართით ძალოვანი უწყების პირველი პირების ინტერესი, მაშინ როცა საქმე რომელიმე კონკრეტულ საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემას არ ითვალისწინებდა. _ ეს არის სპეცდავალება, რომელსაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოო, _ აუხსნა ლაშა ნაცვლიშვილმა რ. გ.-ს.

_ ჩვენ დავიწყებთ შენს გამოკითხვას რუსეთის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკის, ედიკ ემიმზადეს მკვლელობასთან დაკავშირებით, ეს ფაქტი უნდა მოყვე, თითქოს ყველაფერი იცი, რომ შენი მეგობრის გაკეთებულია ქართული სპეცსამსახურების დავალებით. რაკი ფაქტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა, საქმეც კი არ აღიძვრება, უბრალოდ, ეს იქნება შენი ვიზიტის მიზეზი „მოდულის“ შენობაში ერთ-ერთ მაღალჩნოსანთან, რომელიც ჩვენი თანამშრომელია, მინისტრის მოადგილეა. ახლა ბიძინა ივანიშვილის დავალებაა, ამ პიროვნების ჩამოცილება კომპრომატებითო, _ აუხსნა ლაშა ნაცვლიშვილმა და პირველად უხსენა მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის სახელი და გვარი. გეგმის თანახმად, რ. გ.-ს ხვედელიძესთან შეხვედრა მარტო უნდა მოეთხოვა, საუბარი უნდა გაეჭიანურებინა, დეტალების დაკონკრეტებაში დრო უნდა მოეგო. ნაცვლიშვილმა გელა ხვედელიძის ფოტო აჩვენა და მაგიდის უჯრიდან აპარატურა ამოიღო, რომელიც ქურთუკზე უნდა დაემაგრებინა. აუხსნა, რომ საჭირო იყო მასთან პირისპირ დაჯდომა და ხვედელიძის სახით გადაღება. ქურთუკი ოთახში კახა ჩიხლაძემ შეიტანა და მანვე განუმარტა რ. გ.-ს, რომ ფარული კამერა ქურთუკის ბოლო ღილზე დამონტაჟდებოდა. გააფრთხილეს, რომ ქურთუკს ხელით არ შეხებოდა და ხვედელიძესთან საუბრის ტექსტის შინაარსიც გადასცეს.

ლაშა ნაცვლიშვილის იდეა იყო, რომ გელა ხვედელიძესთან საუბარი რ. გ.-ს ედიკ ემიმზადეს მკვლელობის გარშემო უნდა დაეწყო, შემდეგ კი საუბარში ეთქვა, რომ გალის რაიონის სოფელ ფიჩორში აქუბარდიების სახლში ძვირადღირებული მოსასმენი აპარატურაა დამონტაჟებული და ის ქართული სპეცსამსახურის მაღალჩინოსნებს ეხმარებოდა ამ აპარატურის გადატანაში. ნაცვლიშვილის განმარტებით, ხვედელიძე ამ ფაქტით დაინტერესდებოდა. მთავარი იყო, ფირზე აღბეჭდილიყო გელა ხვედელიძის ამ აპარატურით დაინტერესება.

„ქრონიკა+“ საკუთარი არხებით შეეცადა გადაემოწმებინა, ნამდვილად იყო თუ არა გალის რაიონში ძვირადღირებული მოსასმენი აპარატურა? ჩვენმა წყარომ თავდაცვის სამინისტროდან დაგვიდასტურა, რომ სამხედრო პოლიციას მართლაც ჰქონდა შესაძლებლობა, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსების გადაადგილება ეკონტროლებინა, რომ სოფელ ფიჩორში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში არა მოსასმენი აპარატურა, არამედ რადიო ლოკაციის სიხშირის დანადგარი იყო დამონტაჟებული, რომლითაც ოკუპანტების გადაადგილება კონტროლდებოდა. ამავე წყაროს ცნობით, ეს ინფორმაცია თამაზ თამაზაშვილმა სიძისგან ოპერატიულად გაიგო და იმავე საღამოს აცნობა „ფსბ“-ს წარმომადგენელს, აფხაზეთის უშიშროების უფროს ბესლან არშბას. თუმცა აპარატურა მიტოვებული სახლიდან ორი თვის შემდეგ გაიტანეს. სახლი აქუბარდიებს არ ეკუთვნოდა, მაგრამ მათ სოფელი მაინც დაატოვებინეს და ისინი ამჟამად ევროპაში დევნილის სტატუსით ცხოვრობენ.

ლაშა ნაცვლიშვილის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩაიშალა, ხვედელიძემ რ. გ.-სთან საუბარი არც კი გააგრძელა. მან კოორდინატები დაიტოვა და უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდებოდნენ. სუსის თანამშრომელი, რომელიც რ. გ.-ს ხვედელიძესთან შეხვედრაზე მიჰყვა, ასევე ფარული კამერით იყო აღჭურვილი. მისი ამოცანა გახლდათ რ. გ.-სა და ხვედელიძის შეხვედრის ფირზე აღბეჭდვა, რადგან დავალება, რომელსაც რ. გ.-ს მოგვიანებით შეასრულებინებდნენ, გელა ხვედელიძის სახელს პირდაპირ დაკავშირებოდა.

შეხვედრიდან დაბრუნებულმა რ. გ.-მ ლაშა ნაცვლიშვილს მოახსენა, რომ მას ხვედელიძესთან საუბარი არ გამოუვიდა. ამის შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილს ის ირაკლი ღარიბაშვილთან მიჰყავს და აქ ის კონკრეტულ დავალებას იღებს. მისი მტკიცებით, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტში გადასცეს ორი დისკი და 15 000 ლარი. ერთი იყო აუდიოფაილი, მეორე _ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი. აუდიოფაილი მაშინვე უნდა ატვირთულიყო, ხოლო ვიდეოფაილის ატვირთვაზე შესაბამის მითითებებს უნდა დალოდებოდა. 15 დღის შემდეგ რ. გ. ისევ დაიბარეს ლაშა ნაცვლიშვილთან. „მოდულის“ შენობასთან მას ისევ კახა ჩიხლაძე შეხვდა და ლაშა ნაცვლიშვილის ოთახში აიყვანა. აქ მას სამი ნოუთბუქი და ახალი დავალება დახვდა: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო და რამდენიმე საიტი უნდა გაეხსნა. მასვე გადასცეს თანხა _ 8000 დოლარი. იმდენად, რამდენადაც რ. გ. კომპიუტერულ პროგრამებს არ ფლობდა, სხვა პირის ტექნიკური დახმარება დასჭირდა. ამ მიზნით რ. გ.-მ 5000 დოლარი სოხუმში უშიშროების უფროსს, მიშა თარბას ჩაუტანა. ერთ კვირაში რ. გ. ისევ თბილისში გამოიძახეს, ახალი ვიდეომასალა გადასცეს და ისევ გელა ხვედელიძესთან შესახვედრად მოამზადეს ფარული კამერით. ამჯერად თემა სოხუმში ჩასახლებული ჩეჩენი მებრძოლები უნდა ყოფილიყო. კონკრეტულად, საუბარია კადიროვის მეგობარ ტურან დუდაევზე, რომელიც მზად იყო, თანხის სანაცვლოდ ნებისმიერი დავალება შეესრულებინა. ტურან დუდაევი იმითაც არის საინტერესო პერსონა, რომ მოსკოვში მოკლული ოთარ კვანტრიშვილის ახლო მეგობარია. ტურანის ჯგუფი მოსკოვსა და აფხაზეთში კანონიერი ქურდების დაჯგუფებებთან მეგობრობენ. ამ ჯგუფს სოხუმის ცენტრში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ქართველების სახლები საჩუქრად გადასცეს. ლაშა ნაცვლიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გეგმის თანახმად, ტურანისა და ხვედელიძის დადასტურებული კავშირი ეკა ბესელიას უნდა გადაეცა „ნაციონალი“ მეგობრებისთვის და სკანდალი მხოლოდ მინისტრის მოადგილესთან არ დასრულდებოდა, ის აუცილებლად დაუკავშირდებოდა ბიძინა ივანიშვილსაც.

იმის გამო, რომ გელა ხვედელიძემ ამჯერად რ. გ.-სთან შეხვედრაზე საერთოდ უარი თქვა და მისი გამოკითხვა „სუსის“ სხვა თანამშრომელს დაავალა, რ. გ.-ს მეგზურმა „სუსის“ თანამშრომელმა მისი დაფიქსირება მხოლოდ ხვედელიძის მისაღებში შეძლო. კადრები საკმარისი არ იყო და გეგმის განხორციელება სხვა, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეს. თუმცა რ. გ.-სთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, მას ხელფასის სახით, ყოველ თვე, 2000 ლარს უხდიდა განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს უფროსი ბაადურ შენგელია, რომელიც სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორის, ლევან შონიას დეიდაშვილია.

„ქრონიკა+“-ის მკითხველებს, ალბათ, ახსოვთ ბოკერია-უსუფაშვილის, ალასანიასა და სხვა პირების სატელეფონო საუბრები, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. რ. გ.-ს მტკიცებით, ეს აუდიოფაილები მას სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ლაშა ნაცვლიშვილმა გადასცა. „ქრონიკა+“-მა იმ პირის ვინაობაც დაადგინა, რომელიც მიშა თარბას დავალებით რ. გ.-ს აუდიომასალების ატვირთვაში დაეხმარა. ეს პირი ოკუპაციამდე გალში ცხოვრობდა, ამჟამად ფსოუს გამშვები პუნქტის აფხაზი მებაჟე დავით არქანიაა. პირობისამებრ, გამოყენებული ნოუთბუქი უნდა გაენადგურებინათ, მაგრამ მასალების ატვირთვიდან 20 დღეში მათ ნოუთბუქი აფხაზურ სოფელ ფოქვეშში გაყიდეს. უკანონო ჩანაწერების გამოჩენამ საზოგადოებისა და ოპოზიციის მძიმე რეაქცია გამოიწვია. ქართველმა ძალოვნებმა უცხოელი ექსპერტებისგან დახმარების შეთავაზება მიიღეს, ხოლო პარლამენტში ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ახალმა მეპატრონემ სწორედ გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოყენებულ ნოუთბუქზე „ოდნოკლასნიკი“ გახსნა და საკუთარი სახელით და გვარით დაფიქსირდა. სწორედ ამ ფაქტის მეშვეობით უცხოელმა ექსპერტებმა პიროვნების დადგენაც შეძლეს და მისი ადგილსამყოფელიც გაიგეს. აღნიშნული პიროვნება, ცხადია, არ დაკითხულა. მიზეზად მისი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა დასახელდა. „ქრონიკა+“-მა მისი სახელი და გვარი იცის, მაგრამ მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვინაობას არ ვასაჯაროებთ. მოპოვებული მასალები უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ სამართალდამცველებს გადმოსცეს. სწორედ ამ დაშვებული შეცდომის გამო რ. გ.-სა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. უცხოელი ექსპერტების მიერ მოპოვებული მასალები ირაკლი ღარიბაშვილისთვის და ლაშა ნაცვლიშვილისთვის სერიოზული საფრთხე იყო. სწორედ ამიტომ კვალის წაშლა თამაზ თამაზაშვილის დახმარებით სცადეს. თამაზაშვილმა დახმარება ბესიკ არშბას სთხოვა. დეტალების გასარკვევად შეხვედრა გალის რაიონში გაიმართა და მას სამეგრელოს მოქმედი გუბერნატორი ლევან შონიაც ესწრებოდა. ბესიკ არშბამ იმავე დღეს სოფელ ფოქვეშში ნივთმტკიცება, ანუ ნოუთბუქი ამოიღო, ხოლო რ. გ. სოხუმის უშიშროებაში დაიბარეს და ხუთი დღით დააკავეს. სასტიკად ნაცემი რ. გ. ოჯახმა აფხაზი ნათესავების დახმარებით დაიხსნა, თუმცა რ. გ.-ს სიჩუმის სანაცვლოდ დღესაც 1500 ლარს უხდიან ყოველ თვე.

რაც შეეხება ლაშა ნაცვლიშვილისა და ბესიკ არშბას ურთიერთობას, „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, მათ დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ.

მომდევნო ნომერში ლაშა ნაცვლიშვილს ოკუპირებულ აფხაზეთში მატარებლის აფეთქების ისტორიას შევახსენებთ.

რა აკავშირებდა მას ამ აფეთქებასთან? რატომ გასცა მითითება იმ ვაგონის დანაღმვაზე, რომელშიც ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა ისხდა?

 

                                                                                                                               ელისო კილაძე