ქვეყნის კრიზისსაც სოსო ჰქვია!

ko0

ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. ხან მგონია, რომ ამ ქვეყნის უზენაესი კანონი სოსოა…

საქართველოს კონსტიტუციასაც სოსო ჰქვია…

ბოლოს კი ვხვდები, რომ ქვეყანას კრიზისი აქვს…

და ამ კრიზისსაც სოსო ჰქვია…

კახეთში ამბობენ, _ ვირი გინდა, ღობის იქით დააბი და გინდა, ღობის აქეთ, ვირი მაინც ვირიაო… ასეა ჩვენი საქმეც, დიდი განსხვავება 2016 წლის 8 ოქტომბრამდე და 8-ის მერე არც იქნება. უბრალოდ, ვირი თავის ეზოში უფრო თამამია და რადგან ამ ქვეყნის უპირატესობა ერთ გუნდს აქვს, ის ერთი გუნდი იქნება თამამი და ლაღი სახელმწიფოში.

მიშა სააკაშვილმა 2008 წლის შემდეგ  აბსოლუტური ძალაუფლება ჩაიგდო ხელში და კონსტიტუცია ისე ჭრა და კერა, როგორც უნდოდა, მისი ძალაუფლებაც რყვნის. ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიან და კარგად ორგანიზებულ გარემოში გაიმართა, ხოლო რაც შეეხება ძალადობის შემცველ ინციდენტებს, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს მის დროულ და ეფექტიან გამოძიებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება იმ შეფასებებს, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდათ არჩევნების შესახებ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და კარგად ორგანიზებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური ღირებულებები დაცული იყო.

უბნების დიდ უმრავლესობაზე მოსახლეობას საშუალება ჰქონდა, თავისი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა, თუმცა, სამწუხაროდ, რამდენიმე უბანში დაშინების მცდელობა და ძალადობა იყო, მათ შორის, მარნეულში. ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტებს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიძიოს ყველა ინციდენტი და მათი მიზეზი, რაც არჩევნების დღეს დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო არჩევნების პირველი ეტაპი და ყველა პარტიას მოვუწოდებთ, თავისუფლად გამოხატოს დამოკიდებულება და შენიშვნები, დააფიქსიროს თავისი აზრი ინციდენტებზე.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგსაც“.

არჩევნების მეორე ტური კი აბსოლუტური ძალაუფლების აბსოლუტურ რყვნას ემსახურება.

საქართველოში თითოეულმა ამომრჩეველმა იცის, რომ მისთვის რომელიმე პარტიის საარჩევნო პროგრამა არაფერს ნიშნავს. შესაძლოა იმიტომ, რომ გაუწაფავი თვალისთვის ყველა პარტიის პროგრამა ერთმანეთს ჰგავს.

საქართველოში საინფორმაციო ველი პროგრამების გარეშეც პოლიტიკით არის გაჯერებული. იმ პირობებში, როდესაც თითოეული მოქალაქე ყოველდღიურად უამრავ ინფორმაციას იღებს თავად პოლიტიკოსებისგან, როდესაც პრესა ლიდერების პოზიციას უწყვეტად აშუქებს, როდესაც ყველა ერთმანეთის ნათესავი, მეზობელი, მეგობარი, ნაცნობი, ან ნაცნობის ნაცნობია, ამომრჩეველთა უმრავლესობა არჩევანს ადამიანური ფაქტორების საფუძველზე აკეთებს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანური ფაქტორიც, _ ადამიანებს ეშინიათ.

დაშინებების მექანიზმი სოსოსეული თეორიით…

ადამიანთა დიდი ნაწილი, უმეტესად, ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობის დასაკმაყოფილებლად. და რადგან ადამიანებისთვის ზნეობრივ სიმშვიდეზე მეტად შიშია უპირატესი, „სუსიც“ იმ მექანიზმით უდგება ამომრჩეველს, რაც მათზე ჭრის.

არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მისვლა აკრძალული აქვთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულმა სამსახურებმა მითითება იოსებ გოგაშვილისგან უკვე მიიღეს. კარდაკარის პრინციპით ადამიანთა შემოწმება დაიწყო. ამომრჩეველი, რომელიც ხმას არ აძლევს „ქართულ ოცნებას“, ან მისი ხმა საეჭვოა, მასთან მკაცრი გაფრთხილებით მიდიან და ავალდებულებენ, არჩევნებზე არ გამოცხადდეს.

რაიონის გამგებლებს „სუსმა“ უკვე ჩაუტარა თათბირი, თათბირზე კი შემსრულებლებს ორი ვალდებულება დაეკისრათ: ყველა გამგებელს გადაეცა სია, სადაც მითითებული ადამიანები, 30 ოქტომბრის შემდეგ, სამსახურიდან უნდა გაათავისუფლონ.

გამგებლების თათბირის შემდეგ უკვე გამგებლებმა თათბირები სოფლების რწმუნებულებს ჩაუტარეს, სოფლის წარმომადგენლებს კი „სუსიდან“ მეორე სია გადაეცათ, სადაც გვარ-სახელებით მითითებულია, რომელი ოჯახების მისვლა უნდა შეიზღუდოს არჩევნებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რომელ სოფელშიც ეს დავალება არ შესრულდება, ყველა რწმუნებულს უკვე ჩაბარებული აქვს განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, რომელსაც რეზოლუციაღა აკლია.

იმის შიშით, რომ სამსახურს დაკარგავენ, რწმუნებულები ყირაზე უნდა დადგნენ და ეს არჩევნები განსაკუთრებული სიზუსტით ჩაატარონ, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ფაქტია, ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც ერთ დეპუტატს ვერ გაიყვანს. შიში მაინც მამაძაღლია, რადგან 8 დეპუტატის გაყვანა ძალაუფლების საფუძვლის გამოცლას ნიშნავს.

თუმცა შიშის აქცია ამით არ დასრულებულა.

 

ჩემი მეგობარი X:

_ ყველაზე მეტად, ალბათ, კაბალისა და იორმუღალოს რამდენიმე თემი უნდა შევავიწროვოთ. არ ელოდა „სუსი“ ასეთ შედეგებს. არაქართულ სოფლებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბნებზე უპირატესობებიც კი აიღო.

_ კახეთში სად არის ეს უბნები?!

_ კაბალში და იორმუღალოში. იორმუღალო კიდევ მოსალოდნელი იყო, მაგრამ კაბალი მთლად მოულოდნელი აღმოჩნდა.

_ როგორ შეიძლება, ეს ადამიანები, ვთქვათ და, გაანეიტრალოთ?!

_ განეიტრალება არ სჭირდებათ, უნდა მივიდნენ და ხმა მისცენ „ოცნებას“.

_ იქნებ, მოიტყუონ?

_ მაშინ პასუხს აგებს იმ სოფლის თავი.

 

საუბარი ამით დავასრულეთ, მაგრამ, ცხადია, კაბალში მოსახლეობაში უკვე დადის ჭორი, რომ მალე ყველა ახალგაზრდა ბიჭს ჯარში წაიყვანენ, ოფიციალურად თანხას აღარ გადაახდევინებენ. უბრალოდ, ჯარში წასულს რა მოუვა, ამას მომავალი უჩვენებს.

აკი, ვთქვი, შიში მამაძაღლია-მეთქი?!

ყველაზე მეტად სახელმწიფოში ეთნიკურ უმცირესობებს ეშინიათ…

ისინი ფიქრობენ, რომ მათი სამშობლოც და სახელმწიფოც მათი სოფელია, სოფლის გარეთ კი დიდი საშიშროებაა.

ნურასოდეს დააფასებ ფულს ნურც მეტად, ნურც ნაკლებად, ვიდრე იგი ღირს, რადგან ფული კარგი მსახურია და ცუდი ბატონი…

ოჯახებს წინასაარჩევნოდ 150 ლარი დაურიგეს.

არჩევნები ძალიან დიდი თანხა დაუჯდა „ოცნებას“, ამის ფონზე კი გაბრაზებულმა სოსომ, რომელიც „სუსს“ დაჰპირდა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ სოლიდურ პრემიებს დაარიგებდა, გაბრაზებულმა სათითოდ ყველა რეგიონის უფროსს გადასცა:

_ პრემია, არა იხვი?! რა გააკეთეთ საპრემიო?! მოსმენით ვერ ისმენთ!

საქმით საქმეს ვერ მიკეთებთ!

და ყველაფერი მარტო ჩემი გასაკეთებელია…

 

P. S. ამბობენ, გომელაურზე მეტად გოგაშვილი დედამიწის ზურგზე არავის ეჯავრებაო…

 

                                                                                                              მაკა მოსიაშვილი