ნატა ხაფთანი: „ოლიმპიურ ქალაქში ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებს კი არა, აფერისტებს ასახლებს“

o0

4 შვილის დედამ, დევნილმა გაგრიდან, ნატო ხაფთანმა, დევნილთა სამინისტროს დევნილობის ბარათი ჩააბარა. ამის შემდეგ შეადგინა სქემა, რომლის მიხედვითაც აპირებს დეტალური მონიტორინგის ჩატარებას იმ „ვითომ დევნილებზე“, რომლებზეც მთავრობა 599 ბინის გადაცემას გეგმავს.

 

ნატა ხაფთანი:

_ არავის ვუსურვებ იმას, რაც ჯერ აფხაზეთში და სამაჩაბლოში ომის დროს, შემდეგ კი 23 წლის განმავლობაში დევნილობაში გამოვიარეთ. თქვენ ვერასდროს მიხვდებით იმას, თუ რა არის ომი, ომში ნათესავების სიკვდილი, დევნილობა, თუ რატომ ვერ აკითხავენ დედები დაღუპული შვილების საფლავებს! თქვენ რა გგონიათ, დევნილებს არ მობეზრდათ 23-წლიანი დევნილობა და თქვენნაირი ვითომ პატრიოტი „კრიტიკოსები“?! გაწამებულ დევნილებს ღმერთმა მეტი მისცეს და მალე მშვიდობიანად დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სახლებში. მე, ნატო ხაფთანი, დავიბადე და გავიზარდე აფხაზეთში. 1992 წლის პირველ ოქტომბერს ჩემს ოჯახთან ერთად დავტოვე გაგრა 4 მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად. მას მერე 23 წელიწადი გავიდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სათუთად მიტარებია ის ტკივილი და მონატრება, რაც თან ახლავს სამშობლოს დაკარგვას. ყოველთვის ვგრძნობდი იმ მოქალაქეობრივ ვალდებულებას, რაც ჩემი აფხაზეთის წინაშე მქონდა. შესაძლებლობების ფარგლებში ამას გამოვხატავდი ჩემი სატელევიზიო გადაცემებით, მოკრძალებული პოეზიით და პუბლიცისტური წერილებით. თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჩემნაირი ადამიანები არავის სჭირდებოდა. დევნილთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულმა სიებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არაფერს აზრი არ აქვს. იმის ღირსადაც კი არავინ ჩამთვალა, რომ ჩემი განცხადება განეხილათ. უკვე მივმართე დევნილთა მინისტრს, ბატონ სუბარს თხოვნით, რომ მომიხსნან დევნილის სტატუსი. უსამართლობასაც თავისი საზღვარი აქვს. სირცხვილი იმ დევნილებს, რომელთაც ერთხელ მიიღეს დახმარება სახელმწიფოსგან, მერე სხვადასხვა ხერხით ეცადნენ ოჯახების გაყოფას! სირცხვილი იმათ, რომლებმაც 2008 წელს მიიღეს კომპენსაცია და ახლა პირველები წერიან ოლიმპიურ სოფელში ბინების მისაღებად! სირცხვილი ყველა იმ ადამაინს, რომლებიც ამ ფარსში მონაწილეობდნენ.

_ ფარსში რას გულისხმობთ?

_ როცა თბილისში ჩამოვედით, დევნილები სასტუმრო „აჭარასა“ და „ივერიაში“ გაანაწილეს. ჩვენ ჩუბინაშვილის 57-ში მდებარე ყოფილი ლუდის ქარხნის სასტუმროში მოვხვდით, სადაც 5 ოჯახი შეგვასახლეს გაგრიდან, მაგრამ 1994 წელს ეს შენობა გაიყიდა და ოთხ შვილთან ერთად ქუჩაში დავრჩი. მაშინ, ფაქტობრივად, არ არსებობდა სახელმწიფო და ჩემნაირებისთვის ერთადერთი შანსი ფართის დაკავებისა სადმე შეჭრა იყო. მთელ თბილისს კარგად ახსოვს დევნილთა შეჭრის ფაქტები. მე ეს არ გამიკეთებია. ნათესავის ბინაში გადავედი, მაგრამ მერე ის ბინა გასხვისდა და დღემდე ქირით ვარ. არავინ შემიწუხებია. ჩემი მეუღლე რუსეთში წავიდა და იქიდან გვაწვდიდა საარსებო ლუკმა-პურს. ჩემი იდეა ფიქსი არასოდეს ყოფილა, რომ მაინცდამაინც თბილისში მოეცათ ბინა. ამოიღონ ჩემი განცხადებები და ნახონ. 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დევნილთა სამინისტრომ შეიმუშავა ბრძანება 320, იგივე „მარეგულირებელი აქტი დევნილთა საცხოვრებლებით უზრუნველყოფის შესახებ“, რომლის მიხედვითაც თითოეულ დევნილს  აპლიკაცია უნდა შეევსო იმის მიხედვით, თუ სად ვიყავით ჩაწერილი. ეს აპლიკაცია გავიარე თბილისის ზღვაზე.

_ როგორც ვიცი, თქვენ დღეს სწორედ ამ ბრძანებულებას აპროტესტებთ?

_ ამ ბრძანებულების მიხედვით მაღალ ქულებს ანიჭებდნენ და ფართით აკმაყოფილებდნენ, თუკი იყავი ომის ვეტერანი, ინვალიდი, სოციალურად დაუცველი, ან სნეული. დევნილის სტატუსი ამ ბრძანებულებაში სხვა არაფერს ნიშნავს. არადა, ჩვენ, ნამდვილმა დევნილებმა, ძალიან კარგად ვიცით, ვინ და როგორ ჩაიდო დევნილის ყალბი ბილეთი ჯიბეში, როგორ ცდილობდა ჩვენს გაჭირვებაზე ხელის მოთბობას. ეს „ვითომ დევნილები“ აღმოჩნდნენ ჩემნაირი ადამიანების წინ. საკითხავია, ასევე, ვინ მუშაობდა კრიტერიუმებზე? _ შემთხვევითი ადამიანები და შედეგიც სახეზეა, _ როგორც საარსებო მინიმუმია დაწერილი ციფრი და რომ მას სჭირდება შესაბამისი ფორმულები ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, ესეც არ იციან, ან ძალიან კარგად იციან და ჩვენ გვაშაყირებენ. რა, არ გაუდით? კრიტერიუმებიდან მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: დევნილი ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ნათესავის ბინაში ქირის გარეშე _ 1 ქულა. გავშიფროთ ზოგადად: „ცხოვრობს ნათესავის ბინაში ქირის გარეშე“.  ვთქვათ, ბოლო 2-3 წელი (ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები) და წინა წლები დავმარხეთ? გამოსავალია მოსაძებნი, თუმცა ძალიან დავიგვიანეთ და ისეა ჩანერგილი უმსგავსობები, ძირეული ცვლილებები თუ არ გატარდა, ძალიან გაგვიჭირდება. რეალობას რომ გავუსწოროთ თვალი, თუ ხელისუფლების ნება არ იქნა, ჩვენ კიდევ ერთხელ დავმარცხდებით.

_ შესაბამისს უწყებას მიმართეთ?

_ შესაბამისი უწყება ერთია _ დევნილთა სამინისტრო და იქ სულ  ერთი და იგივე ხალხი ირევა. მივმართე და ჩავაბარე ჩემი დევნილის ბილეთი. მოვითხოვე, რომ მომიხსნან დევნილის სტატუსი, იმიტომ რომ არაფერში მარგია. მე მივმართავ საერთაშორისო ორგანოებს, აშშ-ს საელჩოს, ევროსაბჭოს წარმომადგენლობას, მაგრამ ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებ. ამ საქმეს შევეწირები, მაგრამ თითოეულ ადამიანზე დოსიეს გავაკეთებ, ყველა იმ აფერისტზე, ვინც კი ოლიმპიურ ქალაქში შესახლდება, მოვაგროვებ ყველა ინფორმაციას. მე ხომ ვიცნობ ამ ხალხს? ჩემს მთავრობას კი არ ვადანაშაულებ. ჩემი ხალხის სიღორესაც არ დაადგა საშველი, რომ ეს მთავრობა შეცდომაში შეჰყავთ. ვერ გაძღა მათი მუცელი ამ 23 წლის განმავლობაში.

 

„ქრონიკა+“ თემასთან დაკავშირებით დევნილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, დალი გოგოლაძეს დაუკავშირდა:

 

_ ნებისმიერ დევნილს იურიდიულად უფლება აქვს, რომ უარი თქვას დევნილობაზე. განმცხადებელს შეუძლია მიუთითოს, ან არ მიუთითოს მიზეზი, ანუ საფუძველი.

_ თუ ყოფილა ამის პრეცედენტი?

_ ყოფილა, მაგრამ ერთეულები. ისიც მაშინ, როდესაც სხვა შეღავათებზე, ან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდნენ.

_ ნატო ხაფთანი აცხადებს, რომ 4 შვილის დედას ბინით არ აკმაყოფილებენ და იმათ აკმაყოფილებენ, რომელთაც არ ეკუთვნით…

_ ამ ქალბატონის პრეტენზიები თავიდან ბოლომდე უსაფუძვლოა. ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ ასეთი შეპირება არ არსებობს. ერთ რამეზე შევთანხმდეთ: ეს არის კლასიკური ცილისწამება. ბინები კომისიურად ნაწილდება. ამ კომისიაში 35 კაცი შედის: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, გაერო, სახალხო დამცველი, ევროკავშირი და ა. შ. თუკი ვინმეს დევნილებთან შეხება აქვს, აბსოლუტურად ყველა უწყების წარმომადგენელი შედის და ნებისმიერ დევნილს შეუძლია დაესწროს კომისიის მუშაობას. კომისიის მუშაობა გრძელდება, მაქსიმუმ, 15-20 დღე და კარი ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის. ზღაპარია, რომ ვიღაც ერთი წყვეტს. თუ მას დოკუმენტაცია აქვს, პირდაპირ პროკურატურაში უნდა წავიდეს. ეგ ერთი და მეორე, ასეთი დაპირება აბსურდია. მინისტრზე აღარ მაქვს საუბარი. კვირიკაშვილი და მარგველაშვილი ვერ გასცემენ ასეთ ბრძანებას. ბინას მიიღებს ნებისმიერი დევნილი, თუ ეს დაპირებად ითვლება, მაგრამ იმ რიგითობისა და კრიტერიუმების შესაბამისად, რაც ოფიციალურად გაწერილია.

_ ნატა ხაფთანის განცხადებით, ერთი ოჯახი იღებს ხუთ ბინას…

_ ადამიანი, როდესაც ამბობს ამდენ აბსურდს, რომ მე ვაბარებდი დევნილის მოწმობას და არ ჩაიბარესო, მსგავსი არ მომხდარა, იმიტომ რომ ამ დროს ვერავინ გაუწევს წინააღმდეგობას. ეს მისი ნებაა და კონსტიტუციური უფლება.

 

„ქრონიკა+“ არასამთავრობოების აზრითაც დაინტერესდა.

ნანა სანაია, პაციენტთა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე:

_ ხსენებული საკითხი დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ძირითადი პრეტენზიები არის მიმართული იმ კრიტერიუმებისადმი, რომლითაც დევნილთა სამინისტრო ხელმძღვანელობს ფართების განაწილებისას. ჩვენ ამ დღეებში ვაპირებთ, წერილობით მივმართოთ ხსენებულ უწყებას და გამოვითხოვოთ ის კრიტერიუმები და პარამეტრები, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ. გასაგებია, რომ იქ სახელდება ეუთო, სახალხო დამცველი, საია და ა. შ., მაგრამ როდესაც საქმე ეხება კორუფციულ სქემებს, რიგით თაღლითობას, ამის გაკონტროლება ხომ შეუძლებელია.

_ რას გულისხმობთ რიგით თაღლითობაში?

_ მე მხოლოდ ფაქტებით და დოკუმენტებით შემიძლია ლაპარაკი. როდესაც კონკრეტულად ხელთ მექნება ეს ფაქტები, პირველი თქვენ მოგაწვდით.

 

ბესო წერედიანი _ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა თემის განვითარების ცენტრის დირექტორი:

_ აუცილებელია ამ სეგმენტში მონიტორინგის ჩატარება. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია დევნილთა სამინისტროდან, როგორც კრიტერიუმების შესახებ, ასევე იმაზე, თუ ვის გადაეცა ეს ბინები, გამოითხოვოთ სტატისტიკა და ამის შემდეგ გააკეთოთ შედარება. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი დასკვნების გაკეთება.

_ თქვენს ცენტრს არ გაუკეთებია?

_ არა. მთლიანად პოლიტიკურ პროცესებში ვართ ჩართული, მაგრამ როგორც კი მორჩება, ამ თემას ძირფესვიანად წაოვწევთ. აუცილებელია, ყველა დევნილი დაკმაყოფლდეს. ეს არის ის კატეგორია, რომლებზეც ზრუნვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.

 

„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

 

 

                                                                                                     თამარ როსტიაშვილი