რა დაპირებები გაიცა ხმების სანაცვლოდ ბორჯომში?!

k9

 

ბორჯომში მაჟორიტარული არჩევნები გედევან ფოფხაძემ პირველსავე ტურში მოიგო. ეს არავის გაჰკვირვებია, რადგან, წინასაარჩევნოდ, ბორჯომში ძალიან ხშირად ხედავდნენ სამთავრობო ელიტის წარმომადგენლებს, რომლებიც მას გვერდით ედგნენ და როგორც იტყვიან ხოლმე, ზურგს უმაგრებდნენ. ისინი, ყოველთვის, რა თქმა უნდა, VIP სასტუმროს ბინადრები იყვნენ. როგორ? ხელფასი რამდენი აქვთ? გედევანმა დაპატიჟა, თუ თავად იმ სასტუმროს ხელმძღვანელმა, რომელშიც დღე-ღამე ერთი ადამიანის გაჩერება 200-ევროდან იწყება? ამ სასაცილო კითხვებს სერიოზულ და კომპეტენტურ პასუხებს, ალბათ, ცოტა ხანში „ქრონიკა+“ გასცემს და იმასაც იტყვის, რა მიიღო ბიზნესმენმა ელიტისა და კანდიდატის მასპინძლობის საფასურად. ახლა კი არჩევნების თემაზე…

 

გიორგი გიუაშვილი _ „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი ბორჯომში:

_ წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსი სრული დატვირთვით გამოიყენებოდა. საარჩევნო აგიტაციის დროს გედევან ფოფხაძე თავისი კომიტეტის ავტომანქანით გადაადგილდებოდა უბნებსა და სოფლებში. მას ბესელია და კობახიძეც კვალდაკვალ დაჰყვებოდნენ და გედევანს შავბნელ საქმეებში ისე ეხმარებოდნენ, როგორც, თავის დროზე, მათ ფოფხაძე ეხმარებოდა. დადიოდნენ სოფლებში და ხვდებოდნენ მოსახლეობასა და საჯარო მოხელეებს. უფრო სწორად, მათ უკვე ახვედრებდნენ შეკრებილ ხალხს, ისინი კი მხოლოდ შეხვედრებს ატარებდნენ. მოკლედ, მათ ყველანაირი პირობა ჰქონდათ შექმნილი, რომ შეუფერხებლად, დამატებითი წვრილმანი პრობლემებისა და წვალების გარეშე ემოქმედათ, ჩვენ კი ყანებსა და მინდვრებში ვეძებდით ხალხს.

_ ვინ ახვედრებდა მათ შეკრებილ ხალხს?

_ რა თქმა უნდა, საჯარო პირები:  რწმუნებულები, გამგებლები… მსგავსი საკითხების ორგანიზება სახელმწიფო დონეზე ხდებოდა. ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე მინდა, გავამახვილო ჩემი ყურადღება: ასპინძის ერთ-ერთ სოფელში, სადაც ბესელია და ფოფხაძე იმყოფებოდნენ, ისინი მოსახლეობას ხმების მიღების სანაცვლოდ კონკრეტული დაკავებული პირის ციხიდან გამოშვებას დაჰპირდნენ. მართლაც იმ სოფლიდან ფოფხაძემ 90%-იანი მხარდაჭერა მიიღო, არჩევნების ჩატარებიდან ორი-სამი დღის თავზე კი აღნიშნული პატიმარი ციხიდან გაათავისუფლეს. ახლაც ვცდილობ მტკიცებულებების მოპოვებას, რომელიც ადვილი არ არის. ეს საქმე, თავის დროზე, გახმაურებული იყო. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა, ის პიროვნება ჩინოვნიკი გახლდათ, ყოველ შემთხვევაში, _ ყოფილი „ნაცი“ და საჭირო ფიგურა. ფაქტი ის არის, რომ იგი აქამდე  დაკავებული იყო და ახლა მართლაც თავისუფალია. დანარჩენს ამჯერად არაფერს გეტყვით და როცა თავიდან ბოლომდე გამოვიკვლევ, რაც მოხდა, დეტალურად, პირველად თქვენ მოგიყვებით.

_ თუ სწორად გავიგე, „ნაციონალი“ „ოცნების“ წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს, არჩევნები რომ მოეგოთ?

_ დიახ, ყოფილი „ნაცი“ იყო და ახლა რას წარმოადგენს, ან რა მიზეზით დააკავეს, ამ დეტალებს ვსწავლობ. ყოველ შემთხვევაში, სოფელს უყვარს და მისი განთავისუფლება მოითხოვა, ცხადია, ხმების სანაცვლოდ. ხომ ხედავთ, ამჯერად, ამ სოფლის სახელსაც არ გეუბნებით, მოგვიანებით კი ამ საქმის ყველა დეტალს აღგიწერთ. ჩემთვის ცნობილია ისიც, რომ „ნაციონალების“ კანდიდატსაც შეუტყვია ეს ამბავი, მაგრამ ხმაც არ ამოუღია, რადგან ის პირი მისი ახლობელი ყოფილა და ადამიანური თვალსაზრისით მასაც აწყობდა მომხდარი, შესაბამისად, ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია. ორივე მხარისთვის კარგი საქმე გაკეთდა ყოფილი პატიმრის გამოშვებით _ „ნაცებიც“ დასაჩუქრდნენ და _ „ქოცებიც“. ეს ფაქტი რომ ცოტა ადრე გამეგო, აუცილებლად სხვანაირად გავახმაურებდი.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, ამას ფულზე გაყიდული ხმები ჰქვია და არა არჩევნები, სხვანაირად, უბრალოდ, ვერ შევაფასებ. 150-300-ლარიანი „ოცნების“ კოორდინატორები მუშაობდნენ სრული დატვირთვით, თითოეულ ხმაზე 3-5 ლარი რიგდებოდა.

_ ხმა როგორ მოჰქონდათ საარჩევნო უბნამდე?

_ სიებს აკეთებდნენ, კოორდინატორი ჩამოწერდა თავის მომხრეებს, „ავერბოვკებდა“ ვითომ ხალხს, შემდეგ სიას აჩვენებდა იმას, ვინც ფულს არიგებდა, რომ აი, ესა და ეს ადამიანები მე მაძლევენ ხმასო. ამგვარად, კოორდინატორს ცალკე აძლევდნენ ფულს თითოეულ მოტანილ ხმაზე.

_ კი მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, ეს ტყუილი ყოფილიყო?

_ არა, რადგან მათ სიაში ჩამოწერილი ადამიანების პირადი მონაცემებიც ჰქონდათ და, საერთოდ, არ გამოვრიცხავ, რომ ხალხშიც დიდი რაოდენობით ფული დარიგდა ხმების სანაცვლოდ, რადგან მათი ამხელა მხარდაჭერის ახსნა სხვაგვარად შეუძლებელია. სულ ცოტა ხნით ადრე მოსახლეობის თითქმის 90% ლანძღვა-გინებით იხსენიებდა „ოცნებას“, მაშ, როგორ მიიღეს ამხელა მხარდაჭერა?! _ რა თქმა უნდა, გაყალბებით. თვითონ ბორჯომის ოლქში, მეტ-ნაკლებად, სიმშვიდე იყო, მაგრამ იქ, სადაც  დარღვევები დაფიქსირდა, მწვანეფორმიანი კომისიის წევრები საარჩევნო უბნის გარეთაც გამოდიოდნენ და აგიტაციასაც ატარებდნენ. ბიულეტენების რაოდენობას რაც შეეხება, საკმაოდ ბევრია დაკარგული, ბალანსი არ ჯდება ბევრ უბანზე, როგორც მაჟორიტარში, ისე პროპორციულში.

_ ეს რას ნიშნავს?

_ წარმოიდგინეთ, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ უბანზე საარჩევნო ბიულეტენების ჯამი შეადგენდა 300 ერთეულს და არჩევანის გასაკეთებლადაც სამასივე ამომრჩეველი გამოცხადდა. დათვლისას ბიულეტენებიდან ბათილად რომ ეცნოთ თუნდაც ნახევარი,  ბიულეტენების საერთო რაოდენობა ისევ 300 უნდა ყოფილიყო. საქმე კი ის არის, რომ, ფაქტობრივად, ყველა უბანს აკლდა ბიულეტენების გარკვეული რაოდენობა, ანუ ისინი გარეთ გაიტანეს, რისი საშუალებითაც ბევრგან კარუსელი დატრიალდა. როგორც ვიცი, მსგავსი შემთხვევები სხვაგანაც ხდებოდა.

_ დარჩენილი ბიულეტენები სად წავიდა?

_ ის ბიულეტენები, რომლებიც არ გაიხარჯა, უკან ბრუნდება და მათ უკვე აღარავინ აქცევს ყურადღებას.

_ დააბრუნეს თუ არა, არავინ იცის?

_ სავარაუდოდ, დააბრუნებდნენ, მაგრამ მაგ საკითხზე ვეღარ გავამახვილეთ ყურადღება, რადგან სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დავები გვქონდა. საქმე ის გახლავთ, რომ ბორჯომს შემოუერთეს ავადსახსენებელი ახალქალაქის უბანი. ჩვენ, რა თქმა უნდა, წინააღმდეგები ვიყავით, მაგრამ ვინ შეგვეკითხა? სწორედ ამ ახალქალაქის უბნიდან მოპოვებული ხმებით გადაურჩა გედევან ფოფხაძე მეორე ტურს.

კატასტროფული მდგომარეობაა ახალქალაქის სოფლების უმეტეს ნაწილში. მაგალითად, პირადად 6 უბანზე შევიტანე საჩივარი: მე-17, მე-18, 21-ე, 43-ე, 44-ე და 48-ე უბნებზე. ეს ის 6 უბანია, რომლებზეც არანაირი ბალანსი არ ჯდება. ოქმების თარიღებიც კი არეულია, მოქმედ თარიღს დილის დრო აქვს მითითებული, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ ეს ოქმები ყველა გაყალბებულია და, რეალურად, ისინი გზაშია შედგენილი წინასწარ, ვიღაც გაუნათლებელი ხალხის მიერ და რა დროსაც შეადგინეს, ის დრო მიუთითეს. ბალანსები არაზუსტია, დაკლებულია ძალიან ბევრი ბიულეტენი. ჩვენი საჩივარი მე-17 უბნის შესახებ, რომელიც ყველაზე მეტად იყო სადავო, ცესკომ არ დაგვიკმაყოფილა. აღნიშნულ უბნებზე დავაფიქსირეთ კიდევ ერთი საეჭვო გარემოება: 21:30წთ-ზე შედგენილია ორივე ოქმი, პროპორციულიც და მაჟორიტარულიც. თუ ეს ოქმები გადაწერილი არის, უბრალოდ, გამორიცხულია, კომისიის თავმჯდომარემ ერთ წუთში მოახერხოს ერთდროულად ორი ამხელა ოქმის შედგენა. მე-17 ოლქში ოქმი გადაკეთებულიც იყო: ფოფხაძეს 240 ეწერა, ანუ 24 წინ ჩამატებული ჰქონდა. ამ შესწორებასთან დაკავშირებით არანაირი ახსნაგანმარტებითი ბარათი არ გაკეთებულა. არადა, და კანონში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერი  შესწორებული მუხლი ბათილია, ან შესწორებას უნდა მოჰყვეს ახსნაგანმარტებითი ბარათი იმის შესახებ, თუ რა შეცდომაა დაშვებული. ჩვენ ეს ფაქტიც გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ გახსნა-გადათვლა, მაგრამ ეს მოთხოვნა არაფრით დაგვიკმაყოფილა ბორჯომის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, რომელიც პირდაპირი წესით „აპრავებდა“ მომხდარს. ის ადამიანი, რომელმაც პირადად შეადგინა ოქმები, კომისიაზე ჩამოიყვანეს და მან წამოაყრანტალა, რომ პოლიცია გვაჩქარებდა და გვეუბნებოდა, დროზე შეადგინეთო. არ გვეცალა ახნაგანმარტებითი ბარათების საწერად, შეცდომები კი იმიტომ დავუშვით, რომ ხალხი მოგვყავდა არჩევნებზეო. იქნებ, ვინმემ იცოდეს, კომისიის თავმჯდომარეს რატომ უნდა მიეყვანა ხალხი არჩევნებზე?! თუ არ ვცდები, ის უბანში უნდა ყოფილიყო და მხოლოდ თავისი საქმე ეკეთებინა, ასე არაა?! ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ უდიდესი დარღვევებით ჩატარდა არჩევნები, განსაკუთრებით ახალქალაქის „ბნელ“ სოფლებში, სადაც ჩვენ დამკვირვებელი არ გვყავდა და აქედან გამომდინარე, იქ რა ჩაყარეს ყუთებში, ან რა შეავსეს, თვითონაც არ იციან.

_ ამბობდნენ, რომ ყალბი პირადობის მოწმობები დაიბეჭდა და, ძირითადად, ამ გზით აყალბებდნენ ხმებს, თქვენ ხომ არ შეგინიშნავთ მსგავსი რამ?

_ ამაზე ვერაფერს გეტყვით, იმიტომ რომ თვითონ ახალქალაქში არ ვიყავი. მე, უბრალოდ, ოქმები ჩამივარდა ხელში და თარიღები.

_ საერთო განწყობა როგორი იყო, ხალხს ვისი გამარჯვება უნდოდა?

_ ასე გადაჭრით ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში, „ოცნების“ კანდიდატის გაგონება არ უნდოდათ, საშინელი დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ, არც მათი პარტიის მიმართ იყო დადებითი დამოკიდებულება, ყველა ფოფხაძეს აგინებდა და ლანძღავდა. ის  სასწაულად გაძვრა, ფაქტობრივად, იმუშავა „ნაცები მოდიან“ პროპაგანდამ… „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ დაწყებულმა პროპაგანდამაც გაჭრა თავისებურად, შატბერაშვილის საშინელმა საქციელმაც იმოქმედა ჩვენ წინააღმდეგ. ასევე გამოიყენეს ჟურნალისტი რამიშვილი. სამწუხაროდ, კვლავ წამოეგო ხალხი ამ შარლატანების თამაშს, ასევე დარიგებულ ფულს დახარბდა. ძალიან სანდო წყაროებიდან ვიცი, რომ უშიშროება სერიოზულად მუშაობდა.

_ როგორ მუშაობდა?

_ ძირითადად, საღამოს საათებში, პირდაპირ უკავშირდებოდნენ ამომრჩევლებს, ნახულობდნენ მათ, ელაპარაკებოდნენ, ზოგს მანქანაში ისვამდნენ და ისე „ამუშავებდნენ“. თუმცა არჩევნები გაყალბდა არა მარტო უშიშროებით. სადაც სჭირდებოდათ და რა დოზითაც, ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. გედი ფოფხაძემ ახალდაბაში (რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბაა ბორჯომში) 15 სექტემბრიდან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა, ცხადია, პიარის მიზნით. ამ ხალხს შეჰპირდა, 4 წელი რომ ვერ გხედავდით, ახლა სულ თქვენთან უნდა ვიყო და მასწავლებლად ვიწყებ მუშაობასო.

_ მართლა იწყებს?

_ სკოლაში დაიწყო გაკვეთილების ჩატარება და, ფაქტობრივად, ამ დაბის ხალხი მიიმხრო. ფიზიკურად როგორ უნდა გააგრძელოს იქ მუშაობა, ეგ არ ვიცი, წარმოუდგენელია. მოატყუა ხალხი.

_ რა მოუტანა გედი ფოფხაძის დეპუტატობამ ბორჯომს და ახლა რას მოუტანს?

_ აქამდე არაფერი მოუტანია ტყუილისა და იმედგაცრუების გარდა და, ალბათ, ახლაც ასე იქნება. ეს დაპირებები ნელ-ნელა დაავიწყდებათ და მაგის მაგინებლებს მერე კიდევ უფო ბევრს ნახავთ, რომლებმაც ახლა მხარი დაუჭირეს.

_ როგორ, საერთოდ არაფერი გაუკეთებია ბორჯომის რაიონისთვის  დეპუტატს?

_ მოსახლეობას ვეკითხებოდი: ერთხელ მაინც, ბორჯომთან მიმართებით, რაიმე განცხადება და კომენტარი თუ გაუკეთებია ტელევიზიით, ან პარლამენტში თუ უთქვამს ბორჯომზე-მეთქი რამე და ვერ გაიხსენეს. მხოლოდ ერთი მახსენდება, რომელიც ასევე წინასაარჩევნო პიარი იყო: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, ერთ-ერთ სოფელზე, საკრებულოს მიმართა და მან დაუჭირა მხარი, რაღაც თანხა იყო მორჩენილი ბიუჯეტში, მეწყრულ ზონაში დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარებები გაიცა. ეს იყო მისი პიარი და არა ხალხზე ზრუნვა. მან ახლა იცის, რომ ამ სოფლებიდან ხმები მოუვიდა. მაშინ ახალი დეპუტატი იყო და საკრებულოს მხარდაჭერით გაიცა თანხები. ეს მოხდა 2012 წლის ბოლოს. ეს იყო და ეს, თორემ მაღალმთიანი სოფლებიდან 10 სოფელი კიდევ  ელოდება მაღალმთიანის სტატუსს ბორჯომში, თუმცა ამაოდ. 15 სოფლიდან 5-ს მერე მიანიჭეს წივილ-კივილის შემდეგ სტატუსი. როცა პარლამენტის წევრი ხარ, კანონებს იღებ და იცი, რომ შენი რეგიონი მაღალმთიან ზონაშია და ჩაგრავენ, როგორ არ უნდა აატალახო იმ კაბინეტის კარი, ვინც ამზადებს და ღებულობს ამ კანონს?! უკანონობას უწყობ ხელს კანონშემოქმედი? 800 მეტრზე ზემოთ მყოფი სოფლები ხვდება ამ სიაში და რატომ უნდა გამორჩენილიყო ისეთი სოფლები, რომლებიც 1200-ზე და 2000 მეტრამდე სიმაღლეზეა ზღვის დონიდან?

მოსახლეობასაც ემალებოდა და შეხვედრების ჩატარებებზე ხომ აღარც არის საუბარი. წინასაარჩევნოდ გაახსენდა ბორჯომი, მაგრამ ცხელ ზაფხულში მეგობრების გარეშე არ დადიოდა, თან იყენებდა და თან ასვენებდა სიგრილეში. ყველა მათ შეხვედრას ფოიერვერკი ახლდა. ცხადია, უხარიათ ცხოვრება ხალხის ფულით, თავად ხალხი კი სულს ღაფავს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო პარლამენტში და უშუალოდ ამ თანამდებობიდან გამომდინარე უამრავი მოქალაქე უგზავნიდა წერილს. აგვისტოში ერთი პიროვნება მესაუბრა, რომ მიღებაზე ოქტომბერში ჩაეწერა და როდის მომიწევს შესვლა, ჯერაც არ ვიციო. სხვას რას აკეთებს, ან ადამიანის უფლებებს როგორ იცავს, თუ მათ გასაჭირს არ ისმენს?

_ თქვენ ახლა წაგებული და გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან საუბრობთ…

_ მე იმედგაცრუებული ვარ, რომ ხალხი ფულზე გაიყიდა და თავისი კეთილდღეობიდან გამომდინარე არ მიიღო გადაწყვეტილება, თორემ ეგ ადამიანი ჩემთვის არ არსებობს, მე ვიცი, იგი როგორი ფარისეველი და ყალბია. კიდევ იმაზეც მწყდება გული, რომ 10 კანდიდატიდან, რომელიც ბორჯომში იყრიდა კენჭს სხვადასხვა პარტიიდან, ისე გაცვივდა თბილისში, თვალიც არავის მოუკრავს.   გიუაშვილი (ანუ თავად, _ ნ. ვ.) კი დარჩა ბორჯომში და კვლავ უნდა მარტომ ვიბრძლო ამ რეგიონისთვის. საკრებულოს წევრი ვარ, ბიუჯეტი დასამტკიცებელია და ისევ ბორჯომის ინტერესებისთვის მე უნდა ვიჭყლიტო ტვინი, მერე მოვა წინასაარჩევნო ეტაპი და ეს არაკაცები ისევ ჩამოვლენ…

_ ე. ი. ბორჯომში არჩევნები გაყალბდა?

_ გედევან ფოფხაძემ ახალქალაქის მეშვეობით დეპუტატობა გაინაღდა და გაიჩალიჩა პირველსავე ტურში. ასპინძისა და ბორჯომის ოლქებში 50% ვერ გადალახა და ყველა შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნებოდა, რომ არა ახალქალაქი, რაც წინასწარ ოცოდნენ და ამიტომაც მოაწყვეს ასე. ასპინძასა და ბორჯომში გაყალბებას ნაკლებად შეძლებდნენ და ამ საქმის სუსტი წერტილიც ეს შავბნელი სოფლებია.

 

P. შ. გიორგი გიუაშვილმა „ქრონიკა+“-ს რამდენიმე ოქმის ფოტოსურათი გადმოსცა და გვითხრა: „ახალქალაქის 45.40.17 საარჩევნო უბანი, ფოფხაძეზე დამატებული 200 ხმა, გადაკეთებული ოქმი ყოველგვარი განმარტებითი ბარათის გარეშე და წინასწარ შედგენილი ოქმები… თარიღს დააკვირდით ერთ-ერთ სურათზე _ 9 საათი და 30 წუთი წერია ოქმის შედგენის დრო. რეალურად, ამ დროს წინასწარ შეადგინეს ეს ოქმები „სუსის“ მანქანებში. ახალქალაქის 17 სოფლის შედეგები წინასწარ არის შედგენილი, რომელთა საფუძველზეც სახელისუფლებო კანდიდატი ბორჯომში იგებს!“

 

                                                                                                           ნელი ვარდიაშვილი