თელავის უნივერსიტეტის კარის თამაშები?!

m0

„ის სამარცხვინო ამბები, რაც თელავის უნივერსიტეტში ხდება, ჯიბის ჟურნალისტების ბრალიც არის, რომლებიც პროფესიონალიზმს ზემდგომის დირექტივებს ანაცვალებენ“, _ ასე შეაფასა პროფესორმა ქეთევან გიგაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელსაც სამასწავლებლო ტექნიკუმის (1924-1939 წლები), სამასწავლებლო ინსტიტუტის (1939-1951 წლები) და პედაგოგიური ინსტიტუტის (1951-1999 წლები) საგანმანათლებლო ტრადიციები აქვს.

1940 წლიდან სასწავლებელი დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის სახელს ატარებს. დაარსებიდან 60 წლისთავზე, 1999 წელს, მას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. უნივერსიტეტი ავტონომიური სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს.

უნივერსიტეტში სწავლა სამსაფეხურიანია: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. ასევე, მუშაობს უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამა.

ცნობისთვის: 2004-2010 წლებში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს

გიორგი გოცირიძე ხელმძღვანელობდა; 2010-დან 2013 წლამდე უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი იყო; 2013 წლის ნოემბერში უნივერსიტეტის რექტორად „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ავთანდილ ღელაღუტაშვილი აირჩიეს, თუმცა, მალევე, განათლების სამინისტრომ მისი პროფესორის ხარისხში ეჭი შეიტანა, რაც საფუძველი გახდა, რექტორის უფლებამოსილება შეჩერებოდა. მალევე უნივერსიტეტმა ახალი რექტორი, ირმა შიოშვილი აირჩია.

დოქტორანტურის მისაღები გამოცდების მეორე დღეს, „ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის“ სადოქტორო პროგრამაზე შემომსვლელ მაღალი ქულების მქონე ერთადერთ აბიტურიენტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ჩარიცხული არ იყო. აბიტურიენტმა დაკონკრეტება მოითხოვა, თუმცა მას უპასუხეს, რომ იგი კი ჩაირიცხა, მაგრამ ერთი ადამიანისთვის დოქტორანტურის ჯგუფს არ გახსნიდნენ, რაც კანონის უხეში დარღვევაა, და დარღვევის გარდა სხვა უფრო პრობლემური საკითხების წარმოჩენაც შეუძლია. აღნიშნულმა სადოქტორო პროგრამამ 2015 წელს დიდი წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და ექსპერტთა საბჭომ იგი ერთ-ერთ უძლიერეს პროგრამად აღიარა საქართველოში. ამის გარდა, უნივერსიტეტში არსებობს ისტორიისა და ფილოლოგიის სადოქტრო პროგრამებიც. ახლა რა სარგებლობას იძლევა ეს პროგრამები?!

განათლების შესახებ კანონის მიხედვით: თუ უნივერსიტეტს აქვს აკრედიტებული სადოქტორო პროგრამები, ამ პროგრამის სპეციალობების მიხედვით ბაკალავრიის შესაბამისი სპეციალობები უფასოა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ უნივერსიტეტს ექნება უფასო სპეციალობები, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, უმაღლეს სასაწავლებელს უფრო მეტი სტუდენტი ეწვევა. ცნობილია, რომ 2010-2011 წლებში უნივერსიტეტში ისე შემცირდა სტუდენტთა ნაკადი, რომ მისი დახურვის საშიშროება დადგა დღის წესრიგში. თუმცა დოქტორანტურის აკრედიტებულმა პროგრამებმა, რომლის ხელმძღვანელები არიან მათ შორის ქეთევან გიგაშვილი და გიორგი გოცირიძე, უნივერსიტეტი დახურვას გადაარჩინა.

თელავში ცნობილია, რომ გოცირიძე-გიგაშვილისა და რექტორის დაპირისპირება დიდი ხანია, მიმდინარეობს. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ რექტორს ამ ორი პროფესორის გაძევება უნდა.

 

ქეთევან გიგაშვილი მიმდინარე მოვლენებს „ქრონიკა+“-თან ასე აფასებს:

_ 20 სექტემბერს, დოქტორანტურის მისაღები გამოცდების მეორე დღეს, „ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის“ სადოქტორო პროგრამაზე შემომსვლელ მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ჩარიცხული არ იყო.

რატომ მოატყუეს აბიტურიენტი? ვისი დავალებით განხორციელდა აღნიშნული ზარი? ვის მიერ დაიწერა მავნებლური სცენარი და ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული სადოქტორო პროგრამის დაბლოკვა? რა თამაშის წესებს სთავაზობს შიოშვილი ადმინისტრაციას და ვინ აპოხიერებს ნიადაგს, რომელიც რექტორის პიროვნული ვნებების დაკმაყოფილებას ფართო ასპარეზს უშლის? რა საფრთხეს უქმნის ეს დაუოკებელი ვნებები უნივერსიტეტის ინტერესებს? რას ემსახურება რექტორის კარის თამაშები?

_ როგორ გადაწყდა იმ ერთადერთი აბიტურიენტის ბედი, რომელმაც დოქტორანტურაში ჩააბარა?!

_ ამ შემთხვევაში აბიტურიენტის ადმინისტრაციის კლანჭებიდან დახსნა მოხერხდა. რომ არა პროგრამის ხელმძღვანელის ცოდნა კანონებისა თუ კანონქვემდებარე აქტებისა და თავად აბიტურიენტის მომზადება, ის აუცილებლად გაიწირებოდა.

ვსვამ კითხვას: ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც უნივერსიტეტში მოხდა? _ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ აცნობეს სტუდენტს, თუ რექტორი, რომელმაც ეს ბრძანება გასცა?

საქართველოს კანონით უმაღლესი განათლების შესახებ ხომ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნივერსიტეტის მართვის ორგანოს წარმოადგენს. თუ მართვის ორგანოს საქმიანობას ასეთი ცოდნის ადამიანები წარმართავენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იქნება უნივერსიტეტში დოკუმენტაცია? ვინ იცის, რამდენი სტუდენტის უფლებებია დარღვეული მათი არაპროფესიონალიზმის გამო?

_ ანუ რა მოხდა, დავალებები იყო, თუ არაპროფესიონალიზმის ბრალია?

_ თუ აღნიშნულმა თანამდებობის პირებმა იცოდნენ, რომ უკანონობას სჩადიოდნენ და მაინც ასრულებდნენ უფროსის დავალებას, ცალსახად უნდა დაისვას როგორც მათი, ისე რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს დავალება მისცა მათ, ხოლო, თუ ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სტუდენტს ჩარიცხვა არ ეკუთვნოდა, ამ შემთხვევაშიც უნდა დაისვას მათი პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს შეუწყნარებელი უცოდინარობაა, რომელიც მართვის ორგანოს ხელმძღვანელ პირებს არავითარ შემთხვევაში არ ეპატიებათ.

ამ საქციელზე აუცილებლად უნდა აგონ პასუხი შესაბამისმა პირებმა, რათა მსგავსი ფაქტები აღარასდროს განმეორდეს და არც მსგავსი სცენარების დაწერა გაბედოს ვინმემ იმ დაწესებულებაში, რომელიც თავისი დანიშნულებით ცოდნის ტაძარი უნდა იყოს და არა რექტორის პიროვნული ვნებების დაკმაყოფილების ასპარეზი.

 

გიორგი გოცირიძე _ უნივერსიტეტის ექსრექტორი, პროფესორი:

_ აი, რა ხდება თელავის უნივერსიტეტში, _ როგორც გიორგი ივანიაშვილი-ორბელიანი ამბობს: „ვიწრო კომპეტენტურობის დიაპაზონში მოქცეული ადამიანები თავს ვერ ართმევენ ფართო კომპეტენციის ფარგლებში მინიჭებულ უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რაც გამორიცხავს მათ თანამდებობებზე ყოფნას. მართვის სადავეები მოქცეულია პროვინციელი ავანტიურისტებისა და მათ მიერ აღზევებული ლაქია-კარიერისტების ხელში“.

გასაოცარი ამბები ხდება ჩვენს ცოდნის ტაძარში! დაწესებულება საკუთარი თავის წინააღმდეგაა ამხედრებული! უკვე ორი წელი ხდება, რაც მისი სახელისა და პრესტიჟის გადარჩენას ვცდილობთ შიშველი ხელებით! ორი ინსტანციის სასამართლოში მივაღწიეთ, რომ მათ ბათილად ეცნოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დადგენილება. ამ საქმის სამართლებრივ მხარეზე კიდევ უფრო შემაშფოთებელია ადამიანის გაწირვის ასეთი შემზარავი ფაქტი! და ვითომც არაფერი… თითქმის აღარავის ახსოვს, ყოფილ რექტორს გუშინ დითირამბებს რომ უმღეროდნენ და მისთვის ერთგულების დამტკიცებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ამ ორი წლის განმავლობაში ასევე თავგამოდებით ეჯიბრებიან ერთმანეთს მისთვის ზურგში ლახვრის ჩაცემაში, რადგანაც დღეს ასეთი სიო ქრის! ახლა სხვას უმღერიან დითირამბებს. უკვე მჯერა, რომ, როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემათ, სიმღერას ისრებით შეცვლიან. ეს არის ისეთი ამაზრზენი ფაქტები, რომელზედაც საზოგადოების დაფიქრება ღირს.

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ თელავის უნივერსიტეტს სჭირდება გონიერი, პროფესიონალი და უნივერსიტეტის გულშემატკივარი ხელმძღვანელობა ადმინისტრაციის თითქმის ყველა რგოლში (იშვიათი გამონაკლისების გარდა)! ამ პოსტებზე არსებული კადრი კრიტიკას ვერ უძლებს!!! ეს კი ვნებს არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ თელავს, ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს!

უნივერსიტეტის დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: თუ დოქტორანტურის მისაღები გამოცდა არ ჩატარდა და არ გვეყოლება დოქტორანტურის სტუდენტები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დახურვის რეჟიმში გადავა. იყო დრო, უნივერსიტეტს 3000 სტუდენტი ჰყავდა, ახლა კი მათი რიცხვი უმნიშვნელოა და რამდენიმე ასეულს ითვლის. უნივერსიტეტში დღეს თანამშორმელი 3-ჯერ მეტად აღემატება სტუდენტთა რაოდენობას. თუ უნივერსიტეტში დოქტორანტურაში აბიტურიენტები კვლავ დაიბლოკებიან, სპეციალობები ფასიანი გახდება და მათ სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ.

 

                                                                                                                    მაკა მოსიაშვილი