გია ტაბლიაშვილი: ,,საქმეში დევს ექსპერტის დასკვნა, სადაც წერია, რომ ყველა ვიდეოჩანაწერი არაავთენტურია!”

n8

ადვოკატი გია ტაბლიაშვილი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ პოლიციური რეჟიმი _ მოქალაქეების ცემა, შეურაცხყოფა და ა. შ. ისტორიის კუთვნილება, ჯერჯერობით, არ გამხდარა და არც სასამართლო სისტემას გამოუსხამს ფრთები. ის სასამართლოს ხარვეზებსა და მოსამართლეთა ზეწოლებისგან „განთავისუფლებაზე“ გვესაუბრა. იმის დასამტკიცებლად, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი კვლავ ზემოდან იმართება, რამდენიმე კონკრეტული ფაქტიც დაგვისახელა.

 

გია ტაბლიაშვილი:

_ ვთანხმდებით, რომ „ნაციონალების“ დროს პოლიციური რეჟიმი იყო, რასაც ციხეებში უდანაშაულოდ გამოკეტილი უამრავი ადამიანი ადასტურებს. 9-წლიანი რეჟიმის დროს პირადად ვმონაწილეობდი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის რამდენიმე საქმეში, სადაც ბრალდებულები გაამართლეს. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ძალიან ბევრ საქმეში გამამართლებელი შედეგი დადგა და პოლიციელები გამტყუნდნენ. მათ შორის, ისეთ ბრალდებულებსაც ვიცავდი, რომლებსაც რამდენიმე პირობითი სასჯელი ჰქონდათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. სასამართლოს განაჩენში მითითებულია, რომ ეს ადამიანები არათუ პოლიციას უწევდნენ წინააღმდეგობას, პირიქით, პოლიცია ახორციელებდა მათზე ძალადობას. დაცვის მხარის, ანუ ჩვენ მიერ წარდგენილი მყარი მტკიცებულებების საფუძველზე ეს ადამიანები გამართლდნენ. მათ შორის შემიძლია დაგისახელოთ ძალიან ცნობილი გენრიხ აროშიძის საქმე, რომელსაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე იხილავდა. ეს საქმე იმით იყო საინტერესო, რომ გენრიხ აროშიძის ცემის ფაქტი პოლიციის შენობაში ჩუმად გადავიღეთ და შემდეგ დავურთეთ საქმეს. სწორედ ეს მასალა გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

_ ადვოკატების თვალწინ სცემდნენ ბრალდებულებს?

_ კადრები მალულად გადავიღეთ, ისე რომ პოლიციის თანამშრომლებმა არაფერი იცოდნენ. ეს ვიდეომასალა აროშიძის გამართლების ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი გახდა. შემდგომში პროცესზე აღმოჩნდა, რომ ის პოლიციის თანამშრომლის ქურთუკი, ვითომდა დახეული ბრალდებულის მიერ, აღმოჩნდა, რომ თვითონ პოლიციელმა დახია, რათა საქმე დემძიმებინა. მსგავსი კატეგორიის დანაშაულის შემთხვევაში, სააკაშვილის დროს, ბრალდებულს, მინიმუმ, ნახევარი სიცოცხლე წართმეული ექნებოდა მარტო ცემისა და წამების შედეგად. გარდა სამართალწარმოების პროცესისა, იყო თუ არ იყო დამნაშავე, მაინც ცემასა და წამებაში ხდიდნენ სულს.

_ ეგ გასაგებია, მაგრამ კანონი როგორი იყო?

_ სასჯელი იყო დაწესებული ჩვეულებრივად და ის მუხლი დღესაც იგივეა. მუხლი არ შეცვლილა, უბრალოდ, მიდგომები შეიცვალა.

_ რატომ არ შეიცვალა მუხლი?

_ რატომ მოხდა ასე, ვერ გეტყვით. პოლიციელის წინააღმდეგობაზე ორი მუხლი არსებობს: ერთ-ერთი არის 373-ე პრიმა _ თავდასხმა, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, რაც, სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების დროს შემოვიდა. ეს თავდასხმის მუხლი დამძიმებულია, თორემ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა იმ რეჟიმის დროსაც არსებობდა და _ ახლაც. არ ვამბობ, რომ ყელაფერი წესრიგშია, მაგრამ მოტივაცია სხვა არის. უკვე არიან მოსამართლეები, რომლებიც წმინდა პრაგმატული, ადამიანური თვალსაზრისით, ობიექტურად იხილავენ საქმეებს. რა თქმა უნდა, ხარვეზებზე მეტი რა არის, მაგრამ… ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი პოლიციური ძალადობის ფაქტი მოხდა ძველი თბილისის რაიონის პოლიციის განყოფილებაში და იმ რაიონის პროკურატურამ ეს საქმე სასამართლოში წარადგინა. მასზეც გამამართლებელი განაჩენი დადგა. დაზარალებულს თავი შუაზე ჰქონდა გაპობილი და ისეთი ნაცემი იყო, გაგიჟდებოდით. სასამართლომ გაამართლა.

_ დამნაშავე პოლიციელები დასაჯეს?

_ არა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ, ჯერჯერობით, არავინ დასჯილა, თუმცა მთავარი ადამიანის თავისუფლებაა.

_ ეს არასწორია. დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული პოლიციელები რასაც აკეთებენ, ყველამ კარგად ვიცით…

_ რა თქმა უნდა, სწორი ბრძანდებით, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. დათო ბორჩაშვილს მოსამართლე ჩხიკვაძემ უთხრა, _ შენ ვერ წარმოგიდგენია, რა ხალხი გიცავდა. რომ არა ესენი, სად წავიდოდა შენი სასჯელი, ვერც წარმოიდგენო. ეს, ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ თავს იქით ძალა აღარ მაქვსო, _ თქვა მოსამართლემ.

_ თქვენ ამბობთ, რომ მოსამართლემ თქვა, ის ამ ბრალდებულების მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი არ იყო?

_ დაახლოებით და ეს შეეხება ხოლმე პოლიტიკურ საქმეებს.

_ ანუ პოლიტიკური საქმეები დღესაც არის?

_ როგორც ჩანს. რამდენიმე საქმეზე შემიძლია გულწრფელად ვთქვა, რომ მოსამართლის ქცევა აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სამოსამართლეო ეთიკიდან. მე კი არა, ნებისმიერი შეატყობდა, რომ ეთიკიდან იყო გასული, იმდენად არაადეკვატური იყო აიუპ ბორჩაშვილის საქმე. იქ, მაგალითად, მოსამართლე ისეთი დამფრთხალი იყო… მე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ვიცავდით აიუპ ბორჩაშვილს, გიორგი ხუტუნიშვილსა და დავთ ფირისებიას. მეოთხე იყო კუპრავა და სამს მე ვიცავდი. ეს იყო ერთი საქმე. მათ ბრალდებოდათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა _ მასში გაწევრიანება და ხელის შეწყობა, რომელიც არის 327-ე მუხლი. თუმცა გასულ წელს, 22 ნოემბერს, დავით ბორჩაშვილი დააკავეს, რომელიც დაჭრილი იყო, ის საქართველოში შემოვიდა და თბილისის აეროპორტში დაიჭირეს. მასაც მე ვიცავდი. აქ ყველა მტკიცებულებაზე, რომელიც ბრალდების მხარემ _ პროკურატურამ წარმოადგინა, ექსპერტიზების დასკვნა გაიცა, რომ არ იყო ავთენტური _ ნამდვილი.

_ რა წარმოადგინა ექსპერტიზამ?

_ ვიდეოკადრები წარმოადინა, რომელიც მას პროკურატურამ მიუტანა და ექსპერტის დასკვნით ეს ხელოვნურად იყო შექმნილი. როცა საქმეში ორიგინალი არ არსებობს და ექსპერტიზა ამბობს, რომ არ არის ავთენტური, ჩვენთან, სისხლის სამართლის საროცესო კოდექსის 78-ე მუხლით მტკიცებულებას ძალა ეკარგება, მაგრამ დავით ბორჩაშვილს მაინც მიუსაჯეს 10 წელი. სასამართლომ ექსპერტის დასკვნა არ მიიღო მტკიცებულებად. ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ სისხლის სამართლის საქმეში დევს ექსპერტის დასკვნა, სადაც წერია, რომ ყველა ვიდეოჩანაწერი, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, არაავთენტურია. ეს ექსპერტიზა კი დანიშნა თავად პროკურატურამ და არა ჩვენ. მიუხედავად ამ დასკვნისა, სასამართლომ განაცხადა: მერე რა, რომ არ არის ავთენტურიო? რაც ნიშნავს 78-ე მუხლის უარყოფას. მოსამართლე იყო ლაშა ჩხიკვაძე და ის ამ შემთხვევაში ზეწოლის ქვეშ გახლდათ, თავად გადაწყვიტა ეს თუ რა მოხდა, ჩემგან ამის შესახებ რაიმეს მტკიცება ძალიან ძნელი იქნება, გარკვეული მოსაზრება კი, ცხადია, მაქვს.   აიუპ ბორჩაშვილის საქმეზე კი მოსამართლე იყო სხილაძე, რომელიც, სხვათა შორის, იუსტიციის საბჭომ დასაჯა. მაგ პროცესზე თვალნათლივ ჩანდა, რომ ეს მოსამართლე ძალიან შეშინებული იყო, პირდაპირ პროცესზე აცხადებდა, მე ამათ ვერ გავუშვებო. წარმოგიდგენიათ, ამას ამბობდა მოსამართლე და ყველა უყურებდა.

_ მაინც, როგორ აცხადებდა?

_ როგორ და ესენი ტერორისტები, ძალიან საშიშები არიანო და ამას ის ამბობდა განაჩენამდე. ეს ხომ ნონსენსია? პროკურორს რამდენჯერმე შენიშვნა მივეცი და ბოლოს ორივეს ვუთხარი, _ მოგიწევთ უმუშევრად დარჩენა-მეთქი. ეს პროცესზე ვთქვი და რა თქმა უნდა, მოსამართლემ არაფერი მიპასუხა. არის ხოლმე ისეთი საქმეები, როდესაც მოსამართლე პირდაპირ სასამართლო სხდომაზე გაგრძნობინებს, ან გეუბნება, რომ ეს ჩემთვის განაჩენამდე უკვე დამნაშავეაო.

_ ეს დაკვეთაა, ხომ?

_ ეს არის ნონსენსი, როდესაც მოსამართლე ბრალდებულს, ჯერ არგასამართლებულ ადამიანს, უკვე უებნება, რომ შენ ტერორისტი ხარ, მე შენი მეშინია და შენ სახიფათო ხარო. ყველა მისი განცხადება ეხებოდა იმას, რომ მას უკვე დასჯილი ჰყავდა ეს ხალხი თავის ცნობიერში განაჩენამდე. ეს სხდომის ოქმებში დაფიქსირებულია. მე ვერ გეტყვით, ვინ რა დაავალა მას. აპრიორი უკვე ამბობდა, რომ მე უნდა დაგსაჯოთო. ძალიან მარტივი მისახვედრია.

_ ამიტომ არის ამ მოსამართლის საქმე იუსტიციის საბჭოში?

_ იუსტიციის საბჭოში ამ მოსამართლის მიმართ საჩივარი შევიდა სამოსამართლეო ეთიკის გადაცდომაზე _ მოსამართლემ დარბაზიდან გაუშვა ადამიანები, სხდომა დახურა და ზოგიერთი იქ დატოვა. ეს კანონმდებლობისთვის ძალიან უცხო მოვლენაა და ამიტომ… სასამართლო პრაქტიკაში უკვე დიფერენციაცია ხდება და გამოიკვეთნენ მოსამართლეები, რომლებიც აბსოლუტურად შეუდრეკელად და ამაყად, ობიექტურად და სამართლიანად მუშაობენ, მაგრამ არიან მოსამართლეები, რომლებსაც რაღაც მოტივაციებით და გარემოებების გათვალისწინებით გამამართლებელი განაჩენები ვერ გამოაქვთ, თუმცა შეუძლიათ, რომ გამოიტანონ. ჩვენი მიზანი არის ის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მოსამართლემ მიუკერძოებელი განაჩენი გამოიტანოს, აქედან გამომდინარე, უნდა გამოვამჟღავნოთ მოსამართლეები, რომლებსაც თუნდაც ზეწოლა აქვთ, ან არასამართლებრივად მოქმედებენ…  რაც მოგიყევით, ურთულესი საქმეები იყო. ცოტა ხნის წინ გვქონდა მკვლელობა-ყაჩაღობის საქმე და სამი პირი პირდაპირ დარბაზიდან გაუშვეს, გაამართლეს: მახარობლიძე, ჩიკვილაძე და არაბული.

_ ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ სასამართლო სისტემა ისევ ძველი მოსამართლეებით კომპლექტდება. როგორ გჯერათ მათი მენტალობის შეცვლის?

_ ამიტომაც უამრავი სარჩელი გვაქვს ნაწერი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში…

_ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვინმე დასჯილი გინახავთ?

_ ჯემალ კოპალიანი შარშან ჩვენ გავათავისუფლებინეთ 21 სექტემბერს. 8 თვის მერე კი კვლავ დანიშნეს. სააკაშვილის დროს მოსამართლეების ერთი ნაწილი იყო, რომლებსაც სამსახურის დაკარგვის ეშინოდათ და ბუნებრივია, ხელისუფლების ნებას დაჰყვებოდნენ. თუმცა იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც ყველანაირ ზომას გადადიოდნენ, ამცირებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ამას მათ არავინ ავალებდა. ისინი საკუთარი ნებით მოქმედებდნენ ასე.

 

                                                                                                         ნელი ვარდიაშვილი