ლევან ბერძენიშვილი: ,,არა მგონია, „ქართულ ოცნებას“ უსუფაშვილის დარი კადრი ჰყავდეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე”

v5

 

„რესპუბლიკური პარტია“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებელი აღმოჩნდა, არადა, ფაქტია, რომ ამ პარტიაში არაერთი გამოცდილი პოლიტიკოსია, მაგალითად, ლევან ბერძენიშვილი, რომელიც პოლიტიკურ სარბიელზე, ჯერ კიდევ, 80-იან წლებში გამოჩნდა და ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის სასჯელიც მოახდევინეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაირა და „რესპუბლიკური პარტია“ მოვლენებს მიღმა არ ყოფილა, ოპოზიციონერის როლში თავს ურიგოდ არ გრძნობდა, წინა მოწვევის პარლამენტში კი კოალიცია „ქართულ ოცნებიდან“ მოხვდა, მერე კი „ოცნება“ დატოვა და დამოუკიდებლად სცადა პარლამენტში შესვლა.

 

„ქრონიკა+“-ის კითხვებს ლევან ბერძენიშვილი პასუხობს:

 

_ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა  და პარლამენტს მიღმა დარჩა, რომელიც, მეტწილად, ორი პარტიით იქნება დაკომპლექტებული. როგორ შეაფასებდით არჩევნების შედეგებს?

_ ველოდი, რომ ჩვენი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებდა. რაც შეეხება საერთო შედეგს, ეს ერთობლივად განაპირობეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. სააკაშვილი გათხრის გვირაბს, ან გადმოცურავს ზღვას და ჩამოვა, _ ასეთი იყო წინასაარჩევნო თემატიკა და ამან იმუშავა. შედეგიც ამ ყველაფრის ფონზე დაიდო.

_ ყველამ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ მართლაც მოხერხებულად იყენებდა სააკაშვილის ფაქტორს. მხოლოდ ეს იყო „ოცნების“ გამარჯვების მიზეზი?

_ მოსახლეობა დაარწმუნეს, რომ არჩევანი ასეთნირად გაეკეთებინათ, _ ან ჩვენ, ან მიშა. „ქართული ოცნების“ ხელში აღმოჩნდა დიდი ფინანსური რესურსიც, „რესპუბლიკურ პარტიას“ კი ბიზნესმენებისგან ერთი თეთრიც არ მიუღია. გვქონდა შეცდომები, თუმცა ამან ნაკლებად განაპირობა ჩვენი შედეგი ამ არჩევნებში. რაც მოხდა, ეს არის ქართული სზოგადოების არჩევანი _ პარლამენტში ისინი მოხვდნენ, რომელთა ნახვაც ჩვენს საზოგადოებას სურდა.

_ მაჟორიტარულ არჩევნებში საბურთალოს ოლქში დავით უსუფაშვილი ხელმოცარული აღმოჩნდა. უსუფაშვილი ამ არჩევნებში მხოლოდ „რესპუბლიკელთა“ ლიდერის სტატუსით არ მონაწილეობდა, ის ხომ პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ და როგორ ფიქრობთ, ეს კონკრეტული შედეგი რამ განაპირობა?

_ მაჟორიტარულ არჩევნებშიც ამ ნიშნით განხორციელდა არჩევანი: ის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია, ეს კი _ „ნაციონალური მოძრაობის“. არა მგონია, „ქართულ ოცნებას“ უსუფაშვილის დარი კადრი ჰყავდეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, თუმცა ვნახოთ, რა როგორ იქნება. საბურთალოს არჩევნებში პარლამენტის თავმჯდომარეზე მეტი ხმა „ოცნების“ წარმომადგენელმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და „ნაციონალების“ კანდიდატმა სევდია უგრეხელიძემ მიიღეს და ვფიქრობ, დიდ პატივისცემას არ იმსახურებს ის, ვინც ასეთი არჩევანი გააკეთა. ეს სამარცხვინო არჩევანია.

_ პარლამენტში მოხვდა ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსი“, ახალი პარტია, რომელიც გამოცდილებით ბვერს ჩამორჩება…

_ ამის ახსნა მარტივად შეიძლება, _ საქართველოში მართლაც არიან რუსული ორიენტაციის ამომრჩევლები. სხვათა შორის, ნინო ბურჯანაძის პარტიამაც მიაღწია რიგიან შედეგს აჭარის პარლამენტის არჩევნებში. ინაშვილი პარლამენტში მოხვდა, უსუფაშვილი _ ვერა, ალასანია კი პოლიტიკიდან მიდის. ეს არის დიდი ტრაგედია!

_ როგორც უნდა იყოს, ნინო ბურჯანაძე, ალბათ, სულ სხვა კლასის პოლიტიკოსია, ვიდრე ირმა ინაშვილი, თუმცა ბურჯანაძე საქართველოს ახალ პარლამენტში ვერ მოხვდა.

_ ესეც პარადოქსია. ქალბატონ ირმას პარლამენტში შესვლას ნამდვილად ვერ მივულოცავ, თუმცა ფაქტია, რომ ესეც  ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი არჩევანია.

_ ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში _ ასეთ დროს საფრთხე რამდენად მოსალოდნელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის?

_ ხალხმა არჩევანი გააკეთა ძველსა და ახლანდელ ხელისუფლებას შორის. „ქართული ოცნების“ ამ შემადგენლობაში გამოცდილი პოლიტიკოსი ბევრი არ არის, სამაგიეროდ არიან ცნობილი ადამიანები, ყოფილი სპორტსმენები და ხალხიც ენდო ცნობად სახეებს. ასეთნაირად დაკომპლექტებულ ძალაში ხელისუფლების დიდი კონცენტრაცია ძალიან საშიშია.

_ პრეზიდენტი ხალხმა კი არა, ახალმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს _ უკვე გაჩნდა ეს აზრი და თქვენ, როგორც „რესპუბლიკელი“, ამაზე რას იტყოდით?

_ ყველამ იცის, რომ ყოველთვის ქვეყნის რესპუბლიკურ მოდელს ვუჭერდი მხარს. ევროპაში, თუ არ ჩავთვლით საფრანგეთსა და მონარქიულ ბრიტანეთს, მეტწილად, სწორედ საპარლამენტო მოდელი მუშაობს. ერთი სიტყვით, ზოგადად, მხარს ვუჭერ ასეთ მოდელს, მაგრამ თუ კონკრეტიკას გავითვალისწინებთ, მაშინ უნდა გავიქცეთ საქართველოდან _ უკონტროლო ხელისუფლების პირობებში ასეთი სურათი იკვეთება.

_ პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი _ ყველაფერი ერთი ძალის ხელში. ასეთ დროს მართლაც ვერ ხედავთ კონტროლის მექანიზმებს?

_ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების დაახლოებით ნახევარი მონაწილეობდა, აქედან „ქართულმა ოცნებამ“ ხმების, თითქმის, ნახევარი მოიპოვა. ე. ი. ამ პარტიას მოსახლეობის, დაახლოებით, 25%-მა დაუჭირა მხარი. თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის 75% ამას არ შეეგუება და სათანადო პროტესტს გამოხატავს. ამხელა პროტესტთან გამკლავების რესურსი კი „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ გააჩნია. თუ ამას მოისურვებს, მაშინ ყველა უნდა დაიჭიროს და ციმბირი დაიპყროს, რათა იქ უმსგავსოებებთან არშეგუებული ხალხი გადაასახლოს. ასე რომ, კატასტროფის მოლოდინში ნამდვილად არ ვარ.

_ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება?

_ რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლება, რადგან საქართველოს ვექტორი კარგა ხანია, ევროპისკენ არის მიმართული. გარდა ამისა, იმდენად ცუდად იქცევა რუსეთი და უკვე ისეთი ნათელია, თუ ვინ არის ჩვენი მეგობარი, რომ საქართველოს საგარეო კურსის შეცვლის წინაპირობას ვერ ვხედავ.

 

                                                                                                     დავით თავართქილაძე