გიორგი ბარამიძე: „ბიძინა ივანიშვილის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა“

f2

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას. მარტო აჭარაში გაუქმებული (ე. ი. ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი, ფაქტები უკეთესად გავაანალიზოთ და როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფერის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს. მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინედ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“, _ ამბობს სააკაშვილი.

 

„ქრონიკა+“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრება:

_ ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მასზე დაფიქსირებულ წინასწარ შედეგებს?

_ საარჩევნო პროცესი ცუდად წარიმართა. მას ახლდა დაუსჯელი ძალადობა, ხელისუფლების მხრიდან შუღლის გაღვივება, შურისძიების ატმოსფერო, რაც ასევე დაუსჯელი კორცხელით, გივი თარგამაძის წინააღმდეგ ტერაქტით დაგვირგვინდა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა სრულიად გაუგებარი მიზეზებით მინიშნება ისევ ჩვენზე გააკეთა, _ ვიღაც დეპუტატის მანდატს ვერ ამოეფარება და მეორეს უცხოეთის მოქალაქეობა არ უშველისო. სულელი არავინაა და ნათელია, პრემიერი ვისზეც ლაპარაკობდა. ამიტომ ეს რაღაც სრულიად უზნეო მინიშნება-მითითებები იყო. მერე ხელისუფლების მიერ გავრცელებული ჭორებიც მოვისმინეთ, რომ გივი თარგამაძე საერთოდ არ იჯდა იმ მანქანაში და სხვ. შემდეგ, უკვე, 8 ოქტომბერს ჩვენებმა სხვადასხვა სახის კარუსელის დარღვევები აღმოაჩინეს. აი, ამ ატმოსფეროში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

_ უშუალოდ კენჭისყრის ასეთ შედეგებს რამდენად ელოდებოდით?

_ ნამდვილად არ ველოდებოდი, რადგან გამარჯვებას ვგეგმავდით. ამას გულწრფელად ვამბობ იქიდან გამომდინარე, რასაც თვალყურს ვადევნებდით. ჩვენი პარტიის ყველა მაჟორიტარი კანდიდატი კარდაკარის კამპანიას ახორციელებდა. მე პირადად 7 ათასზე მეტ ოჯახში დავაკაკუნე, უმეტესობა ადგილზე დამხვდა, ვესაუბრე და ძალიან კარგი განწყობა იყო საზოგადოებაში. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი არა მარტო უბრალოდ გვიღიმოდა და თავაზიანად გვეპყრობოდა, არამედ წარმატებას გვისურვებდა და გვეუბნებოდა, რომ ხმას გაძლევთო. ეს ჩემთვის ნამდვილად შეუსაბამოა იმ შედეგთან, რაც დაიდო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, რაც შექმნილმა ატმოსფერომ მოიტანა. ძალიან ბევრი ადამიანი ამ ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ძალიან ბევრმა საერთოდ ვერ მისცა ხმა: სამხედროებმა, პოლიციელებმა და, როგორც გითხარით, არა მარტო ძალადობის, არამედ გაყალბების ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს.

_ რამდენად შესაძლებელია, რომ ეს რეალობა არჩევნების მეორე ტურში შეიცვალოს?

_ შესაძლებელია შეიცვალოს, თუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს, არამედ, უბრალოდ, მოქალაქეობრივად მაღალი შეგნება აქვს, გააქტიურდება. სრულიადაც აუცილებელი არ არის, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი იყოს. უბრალოდ, ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის პრობლემაა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა ზრდის ნაცვლად 2 მილიარდი დოლარით გაღარიბდა (ეს ციფრებია, რომელსაც ვერავინ გაექცევა). ვისაც ეს ესმის, თუ დაირაზმება და არჩევნებზე მოვა, შესაძლებელია, ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ. მალე მეორე ტურებია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

_ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ზოგიერთი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველგან დავამტკიცებდით გაყალბებასო. ეთანხმებით თუ არა ექსპრეზდენტის ამ მოსაზრებას?

_ ვეთანხმები, რომ უფრო ბევრი მტკიცებულების მოპოვებისთვის მეტი საშუალება რომ გვქონოდა, საზოგადოებას თვალნათელი სურათი ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დარღვევა მოხდა არჩევნებზე; იმის დასადასტურებლად, რომ ეს კენჭისყრა ხალხის ნების გამომხატველი არ არის და ეს არ არის თავისუფალ ვითარებაში თავისუფალი აზრის გამომხატველი არჩევანი. ეს უნდა მომხდარიყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა.

პირველ ნაწილშიც ვეთანხმები, რომ ყველა ორგანიზაციაში არის აზრთა სხვადასხვაობა (არც ეს დამალულა) და ბევრმა, ჩემი აზრით, ზედმეტი დრო და ენერგია დახარჯა შიდა კინკლაობაზე, რაც ასევე მიუღებელია.

_ საუბარია პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების გაუქმებაზე და მისი პარლამენტის მხრიდან არჩევაზე. ასეთი ტიპის რეფორმები ქვეყანას რას მოუტანს?

_ ეს იდეაც ნაკარნახევია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილებიდან, რომ ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს, რადგან ნახა, რომ მის მიერ შერჩეულმა მარგველაშვილმა არ გაუმართლა (ანუ მისი მონა არ გახდა, რაზეც განაწყენებულია და ამას არც მალავს).

უბრალოდ, ამ ადამიანს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა მისი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, საწარმოა და, შესაბამისად, ამ პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს.

ახლა მას ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდების შანსი აქვს და თუ ეს ძალაუფლება მოიპოვა, როგორც უნდა, ისე დაჭრის და გაკერავს.

_ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი რომ არ დაუჭირა, ეს რისი მიმანიშნებელია?

_ იმის მიმანიშნებელია, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს ადამიანები უპრინციპო და არაპატრიოტულ პოლიტიკას ატარებენ; რეალურად, „დათვს ბაბაია დაუძახე“ პრინციპით მოქმედებენ. ამიტომ ყველა მიმართულებით ვაგებთ და ყველა მიმართულებით ჩვენი პოზიციები დაკარგულია.

როდესაც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელსაც შენნაირი პრობლემა აქვს, გვერდით არ უდგახარ, ნათელია, რომ ამით თვითიზოლაცია ხდება, რაც, უპირველესად, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესია. ხშირად მითქვამს, _ ჩემთვის სულერთია, ბიძინა ივანიშვილს სადღაც წინასწარი მოლაპარაკება აქვს და მისი „ფეესბესთან“ თანამშრომლობაზე სადმე კარტოთეკაში საბუთი დევს თუ არა, რეალურად, რასაც ის აკეთებს, ჩემი აზრით, პირდაპირ პუტინის გეგმის შესრულებაა ამ ქვეყანაში.

 

                                                                                გელა მამულაშვილი