სოსო ცისკარიშვილი: „მომავალი ოთხი წელიწადი ქვეყანაში, დემოკრატიის ნაცვლად, ბიძინოკრატია დაიბუდებს“

f1

 

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი გადაადგილებები დაიწყო, არავინ უწყის, ეს პროცესი რა პეიზაჟით დასრულდება. „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის იბრძვის, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მონოპოლიზების უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. ამასობაში, ცესკოს გადაწყვეტილებით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს ჩატარდება.

 

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივაზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრება:

_ წინასაარჩევნო პროცესის შემხედვარე აღარ იყო გასაკვირი, რომ პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“ გავიდოდა, ხოლო მეორე ადგილს „ნაციონალური მოძრაობა“ შეინარჩუნებდა.  მოულოდნელობა იყო მხოლოდ საპარლამენტო სავარძლების ის რაოდენობა, რომელიც მეოცნებეებმა დაისაკუთრეს. მადა ჭამაში მოდისო, _ ამაზეა ნათქვამი. ახლა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში კიდევ 50-მდე სავარძლით გამდიდრებას ცდილობენ. საკმაოდ მოულოდნელი იყო ის, რომ ისეთი აქტიური ოპოზიციური პარტიები, როგორებიც გახლავან „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ეროვნული ფორუმი“, „ნინო ბურჯანაძის მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასეა თუ ისე, მივიღეთ ის, რისი მოწმენიც ვართ.

რასაკვირველია, საპარლამენტო სივრცის მრავალფეროვნება არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ ჩვენი დასავლელი კეთილისმსურველთათვისაც ბევრად უფრო მიმზიდველი იქნებოდა. ამ დროს „ქართული ოცნებისთვის“ კონსტიტუციური უმრავლესობის შესაძლებლობა კარს მომდგარია. შესაბამისად, არ გვაქვს დიდი ოპტიმიზმი ჩვენი დემოკრატიის რაიმე მიახლოებისა ევროპის დემოკრატიასთან. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ, სულ ცოტა, მომავალი ოთხი წელი ჩვენს ქვეყანაში, დემოკრატიის ნაცვლად, ბიძინოკრატია დაიბუდებს. არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რა როლს თამაშობს ბატონი ბიძინა წინასაარჩევნოდ და თვითონ საარჩევნო პროცესშიც. რაც უნდა თავმდაბლური იყოს მისი შეფასებები საკუთარი თავის, ძნელად დასაჯერებელია არსებობდნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ივანიშვილის უზარმაზარ როლს არ აცნობიერებდნენ;

ამავე დროს, მის ძალიან ლაღ ქმედებებს იმისთვის, რომ ასზე მეტი პარლამენტარი ჰყავდეს „ქართულ ოცნებას“. ეს იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიჭირხვნოს, რადგან განვლილი წლების მანძილზე მისი პრივატიზაცია ვერ მოხერხდა. და ახლა წარმოგვიდგენენ ისეთ ხელის ბიჭს ერთი ჩვენი რიგითი მოქალაქისას, რომელიც სულ მალე დაიბრუნებს ზეწოლის შესაძლებლობებს არა მხოლოდ პრეზიდენტის საქმიანობაზე, არამედ იმ შენობასაც ხელს მიაწვდენს, რასაც დღეს პრეზიდენტის სასახლე ჰქვია. სულ მალე მას, შეიძლება, ფუნქცია შეეცვალოს და კერძო საკუთრების საგანი გახდეს.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სავარძლების მფლობელთა დღევანდელი შემადგენლობის ნაწილი შეიძლება შევაფასოთ, როგორც „ნაციონალ-რეალისტები“, რადგან მეორე ნაწილი, „ნაციონალ-რადიკალები“, როგორც ჩანს, საპარლამენტო სივრცეში თანამშრომლობას არ ისურვებენ. ჩემთვის მისაღებია ადამიანების, სულ ცოტა, ნახევარი, რომელიც ორივე პოლიტიკური ძალისგან წარმოდგენილია. მათ აკადემიური ფორმით ურთიერთობა ძალუძთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წინსვლის პერსპექტივა ნამდვილად არ გვაქვს. საზოგადოების უპირველესი სურვილი იქნება, რომ შემდგომი ოთხი წელიწადიც ორივე პოლიტიკური მონსტრის მხრიდან ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში არ გახანგრძლივდეს.

ჩვენ ოთხი წელიწადი აწმყოსა და წარსულს შორის კამათში დავკარგეთ და რაიმე სანდო, სასურველი და პოტენციური პერსპექტივა ქვეყანას მათ, პრაქტიკულად, ვერ შეუქმნეს. ამიტომ საინტერესო იქნება ჩვენი თანამემამულეებისთვის ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ დაფუძნება საპარლამენტო სივრცეში. ვერ ვიტყვი, რომ ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყო. შეიძლება, მოულოდნელი იყოს უფრო სიმცირე იმ ხმებისა, რომელიც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა.მაგრამ ფაქტი, რასაკვირველია, გვკარნახობს, რომ რამდენიმე სხვა პოლიტიკურ სუბიექტსაც სანდო და სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში რეალური შესაძლებლობა ჰქონდა, ქართული პარლამენტარიზმის ნაწილი გამხდარიყო! მაგრამ, რატომღაც, ყოველგვარი განმარტების გარეშე, სასამართლო არც ფიქრობს, რომ ასეთი პარტიების მიერ შექმნილი საკმაოდ სანდო დოკუმენტაცია განიხილოს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თვითონ არჩევნების პროცესი სერიოზული ეჭვის საგანია. ასეთ პირობებში ჩვენ, ძალაუნებურად, გვახსენდება, რატომ აიფოფრა მთელი საზოგადოება იმის გამო, რომ ქართული მართლმსაჯულების დე ფაქტო უმაღლეს წარმომადგენლად ბატონო მურუსიძე დასახელდა? ამიტომ სრული ნიჰილიზმია არჩევნების შედეგების სამართლიანი გადასინჯვისთვის, რადგან, პრაქტიკულად, დღეს ქართულ სასამართლოს მურუსიძე-ივანიშვილისა განაგებს. ამ ადამიანს არავისგან მიუღია დავალება, ყოფილიყო სამართლიანი. ის მხოლოდ იმისთვის დაიქირავეს, რომ სადმე, რაიმე ისეთ სიმართლეს არ ჰქონოდა გაჭაჭანების საშუალება, რომელიც ამ უსამართლო სივრცის ფსკერზე თავად მურუსიძის აღმომჩენის გულს არ მოეფინებოდა.

_ ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, რომ ბოიკოტზე უარი თქვას და შევიდეს პარლამენტში, როგორ უნდა განვიხილოთ?

_ ჩემი აზრით, ნაციონალურ მოძრაობაში ახალი რეალობაა. ალბათ, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, მათ შორის სოლიდური პოლიტიკური ძალის მართვასაც საზღვარგარეთელი მოქალაქის მიერ, რომელსაც არც კი ჩამოესვლება ქვეყანაში, სადაც ის საარჩევნო პროცესში საკუთარი როლის დამკვიდრებას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებში განსხვავებულ მიდგომებს, თავისთავად, რაიმე ნეგატივად ვერ ჩავთვლით. პირიქით, ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტისგან საჯაროდ გავრცელებული აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ სუბიექტს თვითკრიტიკის გარკვეული მარაგი აქვს. ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. დიახ, ორი ნაწილისგან იქნება შედგენილი „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი „ნაციონალ-რადიკალები“ იქნებიან და ამ ნაწილს თავკაცად ერთი უკრაინელი მოქალაქე მოევლინება, ხოლო მეორე ნაწილს წარმოადგენს „ნაციონალ-რეალისტების“ გუნდი, რომელიც, დიდი ალბათობით, დავით ბაქრაძისა და გიგა ბოკერიას მიერ იქნება მართული. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მეორე ნაწილი უფრო კონსტრუქციულ საქმიანობას შეძლებს საპარლამენტო სივრცეში. იმედი მაქვს, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის მუდმივი ლანძღვა აღარ იქნება ერთადერთი თემა საპარლამენტო არსებობისა წლების განმავლობაში. თავად უნდა ვეცადოთ, რომ თითოეულმა ჩვენგანმა პასუხი აგოს იმ წარმატებებსა და წარუმატებლობაზე, რის მოწმენიც წლების მანძილზე გავხდებით. ვემზადოთ სხვადასხვა სახის არჩევნებზე უფრო გონივრული შედეგის მიღებისთვის.

ვეცადოთ, ჯერ ერთი, ჩვენი გაღატაკებული, მშიერი თანამემამულეების (რომლებიც ამომრჩეველთა შორის დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი) არსებობის ხარისხი გავაუმჯობესოთ და შემდგომ დროულად, საქმიანად გავუზიაროთ ობიექტური ინფორმაცია, რაც არსებობს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში, პრაქტიკულად, ხელმიუწვდომელია. ეს იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს, როგორც ამომრჩევლებს, თუნდაც ერთი ხმით, მხოლოდ უსაფუძვლო დაპირებებით აბრუებენ. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, რომ არასამთავრობო სექტორმა წინასაარჩევნო პერიოდებში საკუთარ თავზე უფრო აქტიური როლი აიღოს. არა რომელიმე პოლიტიკური ძალის აგიტატორები იყვნენ, არამედ მხარდამჭერნი ინფორმაციის დეფიციტის პროცესში მყოფი ამომრჩევლებისთვის. ამომრჩევლებთან საუბრები ისე უნდა წარიმართოს, რომ არც ერთი პოლიტიკოსი და არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის სახელწოდება არ უნდა დასახელდეს. მხოლოდ ასე მივიღებთ უფრო საკუთარი ნაფიქრის აღმასრულებელ ამომრჩეველს და არა როგორც ცოცხალ ძალას, რომელსაც მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ექნება, _ ყუთში ბიულეტენის ჩაგდება.

 

                                                                                              გელა მამულაშვილი