დიმიტრი ხუნდაძე: ,,დავფიქრდები, შევიდე თუ არა პარლამენტში!“

d1

ორთვიანი საარჩევნო კამპანიის შემდეგ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი ხუნდაძე, დუმილს არღვევს და „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს: „მე ჩემს პოლიტიკურ მომავალს გადავხედავ და დავფიქრდები, შევიდე თუ არა პარლამენტში!“

_ ბატონო დიმიტრი, აქამდე თქვენი სახელი ჟღერდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმის სტატუსით. ამასთანავე, თქვენ მის ოჯახთან დაახლოებული პირიც ხართ. პოლიტიკოსად თქვენი ჩამოყალიბება თქვენივე სურვილი იყო თუ ივანიშვილის?

_ პოლიტიკაში წასვლა ჩემი სურვილი არ ყოფილა. 2012 წელს ბატონმა ბიძინამ მთხოვა, რომ ვინმე შემერჩია მცხეთიდან. ბევრი განვიხილეთ, მაგრამ ვერ შევარჩიეთ და ბოლოს მთხოვა, იქნებ, შენ ჩადგეო. ჩემი რეაქცია კატეგორიულად უარყოფითი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმა და მეც ეს ტვირთი ავიღე. შემდეგ იყო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის შემოთავაზება ისევ ბატონი ბიძინასგან, რაზეც თავიდანვე უარი ვთქვი. როცა ტელევიზიით შევიტყვე, რომ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ ვიყავი წარდგენილი, პირველი რაც გავაკეთე, დავურეკე ბატონ ბიძინას და შეხვედრა ვთხოვე. ვესტუმრე სახლში და ავუხსენი, რომ არ მქონდა საკმარისი გამოცდილება იმისთვის, რომ ასეთ სერიოზულ და საპასუხისმგებლო საქმეს ჩავდგომოდი სათავეში. ჩემმა პოზიციამ ბატონი ბიძინა გააკვირვა და დასძინა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსებიდან ვიღაც თანამდებობაზე უარს ეუბნებოდა.

_ თქვენ პროფესიით ექიმი ბრძანდებით და ეს სფერო თქვენთვის უცხო ნამდვილად არ გახლდათ. სინამდვილეში, რა იყო უარის თქმის მიზეზი?

_ ჯანდაცვა და სოციალური სფერო იმ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფერო იყო. მართვასა და საკანონმდებლო მუშაობაში გამოცდილება არ გამაჩნდა. სწორედ ამიტომ ვუთხარი უარი. ბატონი ბიძინა იმ დღეს დავითანხმე და საღამოს უკვე ოჯახსაც ვახარე, რომ ვიხსნიდი ამხელა პასუხისმგებლობას, დავრჩებოდი ჩვეულებრივ დეპუტატად და გავაკეთებდი იმ საქმეს, რასაც ნამდვილად შევძლებდი, მაგრამ მეორე დღეს, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ბატონმა ბიძინამ მითხრა, _ მიუხედავად ჩვენი გუშინდელი შეთანხმებისა, ამ საქმეში სანდო ადამიანი მჭირდება და მე შენ გენდობიო. რასაკვირველია, წინააღმდეგი წავედი, მაგრამ დამპირდა, რომ ამ თანამდებობაზე მხოლოდ ახალ წლამდე დავრჩებოდი და შემდეგ შემცვლელს მომინახავდა.

_ არადა, მუსირებს აზრი, რომ შეუძლებელია, ბიძინა ივანიშვილს ვინმემ უარი უთხრას, ან მან გაითვალისწინოს ვინმეს უარი…

_ ეს არ არის სიმართლე. ბიძინა ივანიშვილი ყველას აზრს ითვალისწინებს. მე მას ათ წელიწადზე მეტია, ვიცნობ და მასთან მხოლოდ პროფესიულ-საქმიანი ურთიერთობა არ მაკავშირებს. თავდაპირველად ჩვენი ურთიერთობა დაიწყო, როგორც ექიმისა და პაციენტის, რომელიც დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადაიზარდა. სწორედ აქედან გამომდინარე იყო, რომ როდესაც მთხოვა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდი, რომ თანამდებობაზე წლის ბოლომდე დავრჩებოდი. მაგრამ ახალი წლის მერე ბატონმა ბიძინამ ისევ მთხოვა, რომ მისი ჩემდამი ნდობისა და ჩემი საქმისადმი ერთგულების გამო კომიტეტი არ დამეტოვებინა. ჩემი პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, მე ან ვაკეთებ საქმეს, ან საერთოდ ხელს არ ვკიდებ, აქედან გამომდინარე, უარი აღარ მითქვამს. მე და დავით სერგეენკოს რამდენიმეწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. თანამდებობრივადაც კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ერთად, შეთანხმებულად ვწყვეტდით ძალიან ბევრ პრობლემურ საკითხს. აქამდე საკანონმდებლო სფეროში მუშაობა ჩემთვის უცხო იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ კომიტეტის მუშაობა პროდუქტიული გახლდათ. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე კომიტეტის წევრებისგან და აპარატში დაკომპლექტებული პროფესიონალი კადრებისგან. მინისტრი და კომიტეტის თავმჯდომარე შეთანხმებულად ვიღებდით გადაწყვეტილებებს და სწორედ ეს გახლდათ ჩვენი სფეროს წარმატების ფორმულა.

_ თქვენი ოპონენტები თქვენს მაშინდელ საქმიანობას კრიტიკულად აფასებენ და ბრალად გდებენ, რომ კონკრეტულად თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ.

_ ჩემი საკანონმდებლო მუშაობის შესახებ იცის ჩემმა გუნდმა, ხალხმა და სხვათა შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ვისთანაც ვთანამშრომლობდით ამ ხნის მანძილზე. ძალიან ბევრ კანონპროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ჩემი ავტორობით ბევრი კანონი მიიღეს და არაერთი კონცეფცია შევიმუშავე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთ-ერთი ფუძებდებელი მეც ვარ. სანამ პროექტი ჩაეშვებოდა, სამუშაო ჯგუფთან ერთად წავედით ესტონეთში, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის მოდიფიცირებული მეთოდის შემუშავების მიზნით. ესტონეთში ამ მოდელის ავტორს შევხვდით, ბატონ მენიკს და ვთხოვეთ, ჩვენთვის კონსულტაცია გაეწია, რათა საქართველოშიც დანერგილიყო ეს სისტემა. ბატონმა მენიკმა უარი გვითხრა იმ მოტივით, რომ ნახევარ წელიწადში ასეთი სერიოზული პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა და მას ერთი წელიწადიც არ ეყოფოდა მოსამზადებლად. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს მაინც შევძელით და ზუსტად ნახევარ წელიწადში შევძელით საქართველოში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ამუშავება. ბატონი მენიკი თვითონაც იყო საქართველოში ჩამოსული და ვფიქრობ, ესტონური მხარის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საკმაოდ საინტერესო სამუშაოები ჩაატარა. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ პროგრამა, რომელმაც გადაარჩინა ძლიან ბევრი სიცოცხლე. ვინაიდან მე პარალელურად მცხეთის მაჟორიტარი ვიყავი, ამ პერიოდში მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მცხეთაში 16 ათასზე მეტი ოპერაცია დაფინანსდა. ეს არის, პრაქტიკულად, ყოველი მეოთხე ადამიანი. 2012 წელს მცხეთის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაიხარჯა 770 ათასი ლარი, ხოლო 2015-2016 წლებში 8 მილიონზე მეტი, ანუ 4 წლის განმავლობაში 18-დან 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა მცხეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ქალაქ მცხეთასა და მცხეთის რაიონში აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ობიექტს. განხორციელდა 60 მილიონის ღირებულების ახალი პროექტები: კულტურის სახლი, სპორტული კომპლექსი, საავადმყოფო, სკოლები, ბაღები, კერძო ბიზნესპროექტები; განხორციელდა ასევე სასმელი წყლის, გაზის, სარწყავი არხების, გზების მშენებლობა და ა. შ. გასული 4 წლის მანძილზე მცხეთაში გაკეთდა ის, რაც არასოდეს გაკეთებულა ბოლო 30 წლის მანძილზე.

_ ამბობენ, რომ „ქართუ ბანკიდან“ წინასაარჩევნოდ გამოტანილ იქნა ერთი მილიონი ლარი, საიდანაც 700 ათასი გამოიყო მხოლოდ დიმიტრი ხუნდაძის საარჩევნო კამპანიისთვის და მიუხედავად ამხელა დანახარჯისა, მეორე ტური მაინც დაინიშნა. ეს თანხა ჩაგერიცხათ, თუ ხელზე მოგცათ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა?

_ თქვენ კი სერიოზულად მეკითხებით, მაგრამ არ შემიძლია, არ გამეცინოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არის ჩემი ოპონენტების ფანტაზიის ნაყოფი და თვითონაც კარგად იციან, რამხელა სიცრუეა ეს ყველაფერი. ეს მხოლოდ იმისთვისაა გამიზნული, რომ ჩემ გარშემო ნეგატიური ფონი შექმნან.

_ ანუ 700 ათასი თქვენთვის მთავრობას არ მოუცია?

_ საარჩევნო კოდექსში პირდაპირ წერია და ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული, რომ ნებისმიერ პარტიას შეუძლია, სესხის სახით აიღოს ბანკიდან თანხა. მოგების შემთხვევაში ბიუჯეტი იმ პარტიას თანხას უხდის, მაგრამ თუ ვერ მოიგო, პარტია ვალდებულია, თანხა უკან დააბრუნოს. ანუ ეს არის ის თანხა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბანკიდან აიღო და სესხის სახით გამოიტანა.

_ ე. ი. მართლა აიღო?

_ დიახ.

_ და 700 ათასი მისცეს დიმიტრი ხუნდაძეს?

_ არა, რა თქმა უნდა! ეს თანხა გადანაწილდა 73 ოლქზე და 700 ათასს მე როგორ მომცემდნენ? ძალიან ადვილი გასაგებია, თუ რა თანხები წავიდა მცხეთაზე, იმიტომ რომ ყველაფერი პარტიის ანგარიშფაქტურებშია აღრიცხული. შეგიძლიათ მიმართოთ პარტიას და ამაზე დაწვრილებით გიპასუხებენ. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ და დაფარულიც არაფერი გვაქვს. ეს არის ოფიციალური მონაცემები. თქვენ რომ მცხეთაში გაიაროთ, მოისმენთ იმას, რომ ფული ჩოჩელმა დახარჯა, მაგრამ ვერ მოისმენთ იმას, რომ ხუნდძე ფულს ხარჯავდაო.

_ მიწებთან აგორებულ სკანდალზე რას იტყვით, როდესაც საუბარი იყო თქვენი დეპუტატობის დროს გასხვისებულ ნაკვეთებზე? გვარსაც დაგისახელებთ: ერთმა პიროვნებამ, 21 წლის ბიჭმა, გვარად ისახანაშვილმა, დიდი რაოდენობის მიწა შეიძინა მცხეთის რაიონში.

_ ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს მიწები და მან გაასხვისა იგი. მე მხოლოდ გასხვისების შემდეგ შევიტყვე. არანაირი კანონდარღვევა არ ფიქსირდება, ვინაიდან ეს გახლავთ პირობადებული გასხვისება საინვესტიციო ვალდებულებით. როდესაც მოსახლეობაში ამ ფაქტმა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მე თვითონ დავინტერესდი და ეს საკითხი საფუძვლიანად შევისწავლე. მოვიძიე მონაცემები და იქ კანონდარღვევა არ აღმოჩნდა. მიწები აუქციონით გასხვისდა, ფულიც გადახდილია და საინვესტიციო ვალდებულებაც ჩადებულია. თუ მესაკუთრემ ვერ შეასრულა საინვესტიციო ვალდებულება, ეს მიწები სახელმწიფოს უბრუნდება. ამ ფორმით გასხვისებულია, ასევე, საგურამოს მხარის გარკვეული ფართობი და იქაც არის პირობადებული. ყველგან დაწყებულია მუშაობა, კაკლის ბაღებია გაშენებული, ასევე უნდა აშენდეს ფერმა და ეს ვალდებულება დროში გაწერილია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მანამდე მიწები ყოველგვარი პირობის გარეშე სხვისდებოდა.

_ ეს რას ნიშნავს?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქ მცხეთასა და მის რაიონში ცეზარ ჩოჩელის გუბერნატორობის პერიოდში გასხვისდა 5 მილიონი კვ.მ. მიწა. ამ მიწებთან დაკავშირებით ინტერესი ჰქონდა, ძირითადად, ჩოჩელის ახლო წრეს: ოჯახის წევრებს, მისი გუბერნატორობის დროს ძველ გამგებლებს, რწმუნებულებსა და ა. შ. დაახლოებით, 6-7-კაციანი ჯგუფია. მათ ხელშია გავლილი 5 მილიონამდე კვ.მ. მიწა. მარტო ერთ დღეში გასხვისებულია მილიონ ნახევარზე მეტი კვადრატული ფართობი ნიჩბისში. ამ მიწებზე დღემდე არაფერი  გაკეთებულა, ისევე როგორც არაფერი გაკეთებულა საგურამოს მხარეს. ჩოჩელის გუბერნატორობის პერიოდში მცხეთის რაიონი სახნავ-სათესის გარეშე დარჩა.

_ თქვენი მეუღლე მართლა იღებდა დემოგრაფიული ფონდიდან თანხებს? გამოქვეყნდა დოკუმენტები, საიდანაც ვითომ „დემოგრაფიული აღორძინების ფონდიდან“ 2 ათასი და მეტი თანხაა ჩარიცხული თქვენი მეუღლის ანგარიშზე. ამ ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი თქვენც ბრძანდებით.

_ ჩემი მეუღლე არ მუშაობს, ის დიასახლისია, შვილებს უვლის და ოჯახით არის დაკავებული და რომც მუშაობდეს, დარღვევა არ არის.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ფონდში, ფაქტობრივად, ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით წლების განმავლობაში. სულ 3-ჯერ ჩაირიცხა თანხა ხელფასის სახით და რამდენჯერმე მე თვითონ შევიტანე უკან, როგორც შემოწირულობა. მეტი ხელფასი ამ ფონდიდან არ გაცემულა. 3 წლის განმავლობაში ფონდი აბსოლუტური ქველმოქმედებით მუშაობს და უამრავი პროექტი განვახორციელეთ. ჩემმა მეუღლემ 4 წლის განმავლობაში აიღო 2.500 ლარი და მე პირადად ფონდში შევიტანე 6.000 ლარი. ამ თემას წევს ადამიანთა ჯგუფი, რომელთა უკანაც დგას მილიონობით კვადრატული მიწების მითვისება და უამრავი კორუფციული სქემა. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაითვალოს ჩემი ქონება, დასამალი არაფერი მაქვს.

_ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა: „მე დამირეკა დიტო ხუნდაძემ და მკაცრად მისაყვედურა, რაც ჩოჩელთან მიმართებით განვაცხადე. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ მე ჩოჩელი შემეშალა ონის მაჟორიტარ კანდიდატში, გვარად ენუქიძეში. მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო დიტო ხუნდაძეს და განვაცხადო, რომ ის ჩემი ფავორიტი დეპუტატია არა მხოლოდ მცხეთაში, არამედ მთელ პოლიტიკურ გუნდში“.  ბატონო დიტო, მართლა უსაყვედურეთ ბიძინა ივანიშვილს?

_ მე თვითონ დავუკავშირდი, იმიტომ რომ ვერ გავიგე, რა თქვა ბატონმა ბიძინამ და მინდოდა, სიტუაციაში გავრკვეულიყავი. როცა დავურეკე, პირველი კითხვა დავუსვი ის, რომ იცნობდა თუ არა ცეზარ ჩოჩელს? ბიძინა ივანიშვილმა მითხრა, _ ვინ არის ჩოჩელიო? და ჩემი საყვედური იყო უკვე ისეთი, როგორიც თავად გააჟღერა.

_ და როგორი იყო?

_ მკაცრი. თქვა, რომ ჩოჩელის გვარი ჟურნალისტმა შეაპარა. მითხრა, რომ ჩოჩელს არ იცნობდა, რაზედაც ვკითხე, _ რომ თუ არ იცნობდით, როგორ ისაუბრეთ ადამიანზე და მის წარმატებაზე, მით უმეტეს, როდესაც მისი „წარმატება“ მთელმა ქვეყანამ იცის-მეთქი? მერე მითხრა, _ ეგ ის არ არის, სვანეთში რომ დეპუტატად დავაყენეთო? იმიტომ, რომ ენუქიძეც ყოფილი გუბერნატორი გახლდათ წარსულში. მაშინ მივხვდი, რომ ბატონ ბიძინას, უბრალოდ, გვარი აერია. ისიც ადამიანია, შეეშალა. მითხრა, _ ძალიან დიდი მადლობა, რომ შემატყობინე და საზოგადოება შეცდომაში არ შევიყვანეო. მეორე დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერთი კანდიდატის გვარი მეორეში აერია. ბატონი ბიძინას ყველაზე დიდი ღირსება ის არის, რომ არ ერიდება ბოდიშის მოხდა, ისევე როგორც არ ერიდება ღიად გაბრაზება, თუნდაც, მის უახლოეს მეგობარზე. სიმართლე გითხრათ, მეც მსურს, ბოდიში მოვუხადო მას, ძალიან გაბრაზებული და დაბნეული ვიყავი. ჩვენ შორის ასეთი საუბარი არასოდეს ყოფილა. პოლიტიკით არ დაწყებულა ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა და არც პოლიტიკით დასრულდება. ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის ის პიროვნებაა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.

_ ბატონო დიმიტრი, დანიშნულია მეორე ტური, როგორია თქვენი პროგნოზი?

_ ჩემს ოპონენტთან მიმართებით ვიტყვი ერთს, რომ ის, რაც არ იყიდება ფულზე, იყიდება უფრო დიდ ფულზე, მაგრამ არ იყიდება ისეთი რამ, რისი ფულზე გაყიდვაც არ შეიძლება. ეს დაამტკიცა მცხეთამ და მცხეთის რაიონმა. მწამს, რომ დევნილებიც შიშს გადალახავენ. აზერბაიჯანული დასახლება, სხვათა შორის, ძალიან აქტიური იყო და ვფიქრობ, მეორე ტურში ხალხი მეტად მობილიზებული იქნება. ბოლოს, მინდა განვაცხადო: დღეს საარჩევნოდ კვლავ ჩოჩელის მხარდამჭერებისგან მუსირებს აზრი, რომ ხუნდაძე სიაშია და მაჟორიტარ კანდიდატად რომც ვერ გავიდეს, სიით მაინც გასულია. ასე რომ, კარგი იქნება, თუ მცხეთას ეყოლება ორი დეპუტატი ჩოჩელისა და ხუნდაძის სახითო. ჩემთვის ეს ყოვლად დაუშვებელია. როგორც ჩოჩელი ცდილობს ჩემს ჩანაცვლებას, ასევე შეეცდება „ქართული ოცნების“ ჩანაცვლებას „ნაცმოძრაობის“ კორუმპირებული სახეებით.

თუკი მცხეთაში გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, არ არის გამორიცხული, ჩემს პოლიტიკურ მომავალს გადავხედო და დავფიქრდე, მიღირს თუ არა პარლამენტში შესვლა, თუკი ჩემს ქალაქსა და რაიონს კვლავ „ნაცები“ დაეპატრონებიან?!

_ ანუ პარლამენტში თქვენს შესვლას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთ?

_ აუცილებლად!

 

                                                                                                         მარიამ ბალანჩივაძე