გაძვირდება თუ არა ყველა დასახელების პროდუქტი?!

li

 

არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდეს. აქამდე თუ წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ფასების მიმართ, მეტ-ნაკლებად, სიფრთხილეს იჩენდნენ, არ არის გამორიცხული, ამიერიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტი ერთბაშად გაძვირდეს. იმპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფასებზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ლარის გაცვლითი კურსი მოახდენს. თუკი კურსი გეზს გამყარებისკენ არ აიღებს, სამომხმარებლო ბაზარზე თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდება.

იმპორტიორების ინფორმაციით, 2-3 კვირაში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი 10-15%-ის ფარგლებში გაძვირდება. ფასი ადგილობრივ ნაწარმზეც მოიმატებს, რასაც სეზონური ცვლილება გამოიწვევს. ზოგიერთი პროდუქტი უკვე გაძვირდა კიდეც. შაქრის, წიწიბურისა და ზეთის ფასი მაღლა მიდის. სულ მალე საწვავის ჯერი დადგება. უკვე ერთი თვეა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი მატულობს. საქართველოს საბითუმო ბაზარზე და მცირე ავტოგასამართ სადგურებში საწვავი ოდნავ გაძვირდა. დიდი ალბათობით მას მსხვილი კომპანიებიც აუბამენ მხარს. ყველაზე მეტ დისკომფორტს მომხმარებელს შაქრის ფასიც უქმნის. ერთ წელიწადზე მეტია, მსოფლიოში შაქრის ფასი შეუჩერებლივ მატულობს. რასაკვირველია, ადეკვატური გავლენა მან ადგილობრივ ბაზარზეც მოახდინა. ბოლო 2 კვირაში ფასმა 15 თეთრით მოიმატა და 2 ლარს გადააჭარბა.

 

საქართველოს მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი იმდენად დაბალია, რომ მცირე სხვაობაც მომხმარებელზე მტკივნეულად მოქმედებს.

ქართველი იმპორტიორების არგუმენტს საფასო ცვლილებასთან დაკავშირებით ექსპერტების ნაწილი არ იზიარებს. ისინი ეჭვობენ, რომ შესაძლებელია, ბაზარზე დაფიქსირდეს კარტელური გარიგება და იმპორტიორების მხრიდან მოსალოდნელი გაძვირების დაანონსებაც ამით იყოს გამოწვეული. ეკონომიკისა და საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა კი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე გარემოებასთან და ეროვნული ბანკი ვერ ერევა თავისი ფუნქციების ადეკვატურ შესრულებას.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლია ელიავა:

_ საქმე გვაქვს ძალიან მძიმე გარემოებასთან. პირველი _ ყველაზე მნიშვნელოვანი: ქვეყნიდან გადის კაპიტალი, ანუ გარბის და კომერციულ ბანკებს არ გააჩნიათ საკმარისი სავალუტო სახსრები ამ გაქცეული კაპიტალის მომსახურებისთვის, ანუ გადასარიცხად. შესაბამისად, იქმნება დოლარის დეფიციტი, რომელიც ზრდის მის ფასს და ამიტომაც არის, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციით ნაწილობრივ უვსებს ამ დეფიციტს კომერციულ ბანკებს; მეორე _ ქვეყნიდან გაქცეული კაპიტალი: ეს არის პირდაპირი ინვესტიციები, რომელიც ქვეყანაში მაგრდება, ეს არის თავისუფლად მოძრავი კაპიტალი, რომელიც, პრაქტიკულად, არ მუშაობს ეკონომიკის რეალური სექტორისთვის და ადვილად გადაადგილდება ქვეყნიდან. შესაბამისად, ეროვნული ბანკი ამ ფაქტორს უნდა ითვალისწინებდეს სავალუტო კურსის დადგენისას, რომელსაც ახლა არ ითვალისწინებს და, შესაბამისად, მე ამას ქაფს ვუძახი, რადგან ის არ არის მომუშავე კაპიტალი, გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ანუ პირველი, როგორც ვთქვი, ეს არის ქვეყნიდან კაპიტალის გაქცევა და მეორე _ ეს არის ლარის გაცვლითი კურსის დადგენის მეთოდოლოგიის სიმახინჯე. ეს ორი ძირითადი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს ლარის კურსის მკვეთრ რყევას.

_ ე. ი. ეროვნული ბანკის მიდგომას ამ საკითხისადმი დადებითად არ აფასებთ.

_ მიდგომას ლარის კურსის ფორმირებისადმი არანაირად არ ვაფასებ დადებითად, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არის მახინჯი მეთოდოლოგია, რომელიც აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე, შესაცვლელია იმიტომ, რომ ნებისმიერი კაპიტალის მოძრაობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკას ასე არ უნდა აზანზარებდეს.

_ ქალბატონო ლია, ქართველი იმპორტიორები საუბრობენ, რომ თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე შესაძლოა, ფაზებმა 10-15%-ით მოიმატოს. ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა, მაგალითად, შაქარზე, საწვავსა და ა. შ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ფასების მატების საშიშროების წინაშე დგას?

_ რა თქმა უნდა, ლარის ვარდნასთან ერთად ფასები იმატებს, ეს არის ბუნებრივი, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკა, პრაქტიკულად, მთლიანად არის დამოკიდებული ექსპორტზე. აქ ნაწარმოები პროდუქციის 70%-იც კი ექსპორტირებული საქონლის საფუძველზე კეთდება. ამიტომ იმპორტდამოკიდებულ ქვეყანაში ლარის ადგილობრივი ვალუტის კურსს გადამწყვეტი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მისი სტაბილურობა აუცილებელია ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი ორგანული კანონით ეროვნული ბანკის შესახებ ვალდებულია, ქვეყანაში შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა, ეს არის მისი მთავარი ამოცანა ორგანული კანონის თანახმად და ამ მთავარი ამოცანის შესასრულებლად მას, პრაქტიკულად, ერთი ბერკეტი უკავია, ეს არის სავალუტო კურსი. სწორედ სავალუტო კურსზე აცხადებს ეროვნული ბანკი, რომ ეს მისი საქმე არ არის. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი უარს ამბობს კანონის მოთხოვნების შესრულებაზე. ის ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში ფასების სტაბილურობას, რაც ძალიან სჭირდება როგორც ბიზნესს, ასევე მოსახლეობას და ყველა პრობლემა დაკავშირებულია სავალუტო კურსთან, ფასების ზრდასთან, ინფლაციის მაჩვენებელთან, რომელიც ახლა კატასტროფულად დაბალია. თუმცა ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ მისი მიზნობრივი მაჩვენებელი ამ წლისთვის ინფლაციის 5%-ია, ანუ ამის მიუღწევლობა, ეს ყველაფერი შედის ეროვნული ბანკის კომპეტენციაში, კანონით არის ვალდებული, რომ მან ეს დაიცვას და სამწუხაროდ, როგორც ხედავთ, ამ მხრივ სიტუაცია საკმაოდ რთულია. ეროვნული ბანკი ვერ ერევა თავისი ფუნქციების ადეკვატურ შესრულებას!

_ თქვენი, როგორც დარგის სპეციალისტის რეკომენდაცია როგორია  სახელმწიფოს მიმართ. რა არის განსახორციელებელი, რომ ქვეყანა მუდმივად არ იყოს ასეთი საშიშროების წინაშე?

_ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ლარის კურსის ჩამოყალიბების, დადგენის მეთოდოლოგია, იქიდან გამოირიცხოს სპეკულაციური კაპიტალის ფაქტორი. მეორე: ეროვნულმა ბანკმა, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაატაროს სავალუტო პოლიტიკა, რაც გულისხმობს მათ შორის ვალუტის გასვლის კონტროლს. ვთქვათ, ერთბაშად, 10 მილიონი კი არ გავიდა ქვეყნიდან, არამედ დანაწილებულად, მაგალითად, 2-2 მილიონი დღეში. სავალუტო კონტროლი ამას გულისხმობს. გარდა ამისა, სავალუტო კონტროლი გულისხმობს ლარის კურსის რეჟიმს. ლარის კურსის მცურავი რეჟიმი გამოსადეგია განვითარებული ქვეყნებისთვის, ჩვენისთანა ფინანსური ბაზრის განუვითარებლობის პირობებში მცოცავი კურსი არის ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი, რასაც ჩვენ თითქმის ორი წელია, თვალს ვადევნებთ. რაც ჩამოვთვალე, ამის გაკეთება ხვალვე შეიძლება, ხვალვე! პერსპექტივისთვის რამდენიმე თვისა და წლის შემდეგ აუცილებლად უნდა განვითარდეს საფინანსო ბაზრები და ქვეყანაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს სავალუტო ბირჟა. იცით, რისთვის არის საჭირო სავალუტო ბირჟა? ნაწილი თანხისა, რომელიც ქვეყნიდან გარბის, სავალუტო ბირჟაზე მოახდენს უკვე კონვერტირებას და აღარ იქნება საჭირო კომერციული ბანკებისთვის ასეთი ფინანსური ზეწოლის ფორმით ეს კაპიტალი, ანუ უკვე გადაიქცეოდა დოლარად, ან ევროდ და მერე კომერციული ბანკები მას ადვილად გადარიცხავენ ისე, რომ ეს არ იმოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე. მოკლედ, აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა შეასრულოს თავისი კანონით დაკისრებული ფუნქციები და გაატაროს ადეკვატური ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, მეტი ფილოსოფია ამას არ სჭირდება! უნდა იმუშაონ და ადეკვატურად მიიღონ გადაწყვეტილებები!

 

                                                                                                            თამარ ბატიაშვილი