ქართული „პრიორიტეტული“ ჩაის განვითარების პროგრამაზე გამოყოფილი თანხა შემცირდა

cd

ხომ გაგიგიათ ლეგენდები ქართულ ჩაიზე, მისი გავრცელების მასშტაბებზე საბჭოთა კავშირში, სარგებლიანობასა და ხარისხზე? _ ეს ყველაფერი თითქმის დასრულდა, რადგან, როგორც ექსპერტები ამბობენ, იგი აღარ წარმოადგენს იმ პრიორიტეტულ დარგს, რომლის რეალიზაციაც ქვეყნის ეკონომიკას შესამჩნევ სარგებელს მოუტანს. ამ ყველაფრის დასტურად კი ის ფაქტი მოჰყავთ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, ქართული ჩაის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა 3,5 მილიონიდან 1 მილიონამდე შემცირდა.

როგორც იცით, მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მასში სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხების თითქმის 80 მილიონით შემცირებულ სურათს ვხედავთ, საბოლოო თანხად კი ამ დარგში 238 მილიონი განისაზღვრება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს ქართული ჩაის განვითარებისთვის 3,5 მლნ ლარის ნაცვლად მთავრობა მხოლოდ 1 მლნ ლარს დახარჯავს.

ეს იმ პროგრამის მიხედვით, რომლის მიზნებსაც შემდეგი დებულებები წარმოადგენს:

• საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა;

• როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია;

• მოსახლეობის დასაქმება და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;

• ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნის ხელშეწყობა.

ზოგად პირობებში ასევე ვკითხულობთ:

• სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცემს ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს;

• სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2500 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე აღემატება 2500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა 1 ჰა-ზე განხორციელდება 2500 ლარიდან გამომდინარე;

• სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოებს შეასრულებს სააგენტოს მიერ წინასწარ შერჩეული რეაბილიტაციის განმხორციელებლი კომპანიებიდან ერთ-ერთი;

• პროგრამის ბენეფიციარის საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაცი(ებ)ა, ან პროგრამის ბენეფიციარის მიერ შერჩეული და სახელმწიფოსგან იჯარის უფლებით მისაღები სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაცი(ებ)ის ფართობი არ უნდა შეადგენდეს 5 ჰა-ზე ნაკლებს და არ უნდა აღემატებოდეს 300 ჰა-ს;

• პროგრამის ბენეფიციარმა (გარდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა) უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა/გაფართოება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უნდა უზრუნველყოს ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი შენობა-ნაგებობის შექმნა/გაფართოება;

• სააგენტო განახორციელებს პროგრამის ბენეფიციარებისთვის ტექნიკურ დახმარებას ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, სერტიფიცირებაში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნასა და სხვ.

 

ამ ყველაფრის დეტალურად გაცნობა კი სავალდებულოა, რათა კარგად ჩავწვდეთ თანხის შემცირების, ბენეფიციარების პროტესტისა და ექსპერტების შეფასებების მთავარ არსს. მაინც, რა გახდა თანხის შემცირების მიზეზი და, ზოგადად, რას გულისხმობს  ჩაის განვითარების ეს პროგრამა?

 

„ქრონიკა+“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს მენეჯერს, ლევან უროტაძეს ესაუბრა:

_ თანადაფინანსებას ახორციელებს პროექტების მართვის სააგენტო, რაც ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის 60-დან 90%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს. ეს პროცენტული მაჩვენებელი იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის საკუთრებაშია ჩაის პლანტაცია და რა ტიპის გარიგებასთან გვაქვს საქმე. კოოპერატივების შემთხვევაში საკუთარი მიწის ნაკვეთის ქონისას თანადაფინანსება სრული სარეაბილიტაციო ღირებულების 80%-ია, ხოლო სახელმწიფოსგან იჯარით მიღებული მიწის ნაკვეთის შემთხვევაში _ 90%. ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად პროექტების მართვის სამინისტრო უპრეცედენტო შანსს სთავაზობს იმ ბენეფიციარებს, რომლებიც სახელმწიფოსგან იჯარით მოითხოვენ პლანტაციას, 1 ჰა-ზე წლიურად 50 ლარი იქნება გადასახადი, ხოლო იჯარის ხანგრძლივობა _ 25 წელიწადი, რაც დღესდღეობით ძალიან დაბალი ფასია და, ფაქტობრივად, უპრეცედენტო შემთხვევაა.

რაც შეეხება თავად ბიუჯეტის შემცირებას, უნდა აღინიშნოს, რომ  ეს იყო ამ პროექტის პირველი წელი. საწყის ეტაპზე ჩვენ აბსოლუტურად ყველა რაიონში ჩავედით, სადაც ჩაის კულტურა არსებობს: იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, აჭარაში, სადაც ჩავატარეთ დეტალური კონსულტაციები, შევხვდით მოსახლეობას, თვითმმართველობას, პოტენციურ ბენეფიციარებს, კოოპერატივების წევრებს და ყველა დეტალი გავაცანით. საწყისი ბიუჯეტი 3,5 მილიონი ლარით განისაზღვრა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დინამიკას დავაკვირდით, თუ რა სიხშირით მოდიოდნენ ბენეფიციარები, ამ დინამიკიდან და აგროვადებიდან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ 1 მილიონი საკმარისია.

ასევე ვინც პროექტების მართვის სააგენტოში სრულყოფილად შეავსებს დოკუმენტაციას და პლანტაციის რეაბილიტაციისთვის მოგვმართავს, აბსოლუტურად ყველა დაკმაყოფილდება. ზოგადად, ბიუჯეტის შემცირება არანაირად არ აისახება ბენეფიციარებზე და არ იქნება არც ერთი ბენეფიციარი, რომელიც სრულყოფილად შევსებული დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე ვერ მიიღებს დაფინანსებას.

იმ პლანტაციისთვის, რომლის რეაბილიტაციასაც ახლა დავიწყებთ,  თანადაფინანსების თანხის გადარიცხვა მარეაბილიტირებელი კომპანიისთვის, დაახლოებით, 2017 წლის გაზაფხულიდან მოხდება, შესაბამისად, ამ ეტაპზე, 1 მილიონი ლარი, რომლითაც 2017 წლის ბიუჯეტია განსაზღვრული, საწყის ეტაპზე სრულებით საკმარისია. აღნიშნული ციფრი 2016 წლის დინამიკიდან გამომდინარეობდა. 2017 წლის დასაწყისში დინამიკა რაც იქნება, ამით განისაზღვრება შემდეგი წლის ბიუჯეტიც. ეს არ არის ერთ ან ორწლიანი პროექტი, იგი მრავალწლიან პროგრამას წარმოადგენს. ჩვენი ვალდებულებები ბენეფიციარებს 5-6 წლის მანძილზე მიჰყვებათ, შესაბამისად, მომავალზე კიდევ გვაქვს ორიენტირი.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრებიან ადგილობრივი ჩაის მწარმოებელი კომპანია „კესანესა“ და ახლად შექმნილი კოოპერატივის, „ხავერდოვანი ჩაის“ თანამფლობელები: გიორგი ბენდელავა და ნუკრი შეკელაძე. მათი შეფასება, პროექტთან და გამოყოფილ თანხებთან მიმართებით, რადიკალურად განსხვავებულია:

 

გიორგი ბენდელავა:

_ არ ეშველა ისეთ დარგს, როგორიც მეჩაიეობაა, არამედ ხელოვნურად მოსპეს. არადა, დასაქმებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს. მოვიგეთ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, მასში სრული თანხის 40%-ის დაფინანსება იყო გრანტი, 50% უნდა მოეცა ბანკს და 10% ჩვენი თანამონაწილეობისა იყო. კომერციული ბანკი არ არის დაინტერესებული, რომ სოფლის მეურნეობაში თანხები ჩადოს. არც ერთი კერძო ბანკი არ დებს ფულს სოფლის მეურნეობაში. ეს პროგრამა მილიონერებისთვისაა, რომლებიც ამ თანხებიდან 40%-ს იჩუქებენ. ეს ისეთი მწარმოებლებისთვისაა, როგორებიც არიან: თოფაძე, ტყემალაძე _ მათთვის ეს მისაღებია, ფულს იშოვიან; ხოლო ფირმა, რომელიც „სტარტაპზეა“ და დამწყებია _ არა. მეჩაიეობას 47 წელიწადია, ვემსახურები და მათ ვერ გავაგებინე, რა ფენომენია ეს. არც ერთ ამ პროექტში, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, არ არის ჩადებული დასაქმების ხელშეწყობა, რომელიც მნიშვნელოვანია, სოფელი კი სულს ღაფავს. ჩვენ სოფლის განვითარების პროგრამა გვქონდა და არა მეურნეობის. იქ გლეხს რომ სახსრები ექნება, არ წავა ქალაქში და მათხოვარი არ იქნება.

ჩვენს პროექტზე კი 50%-იანი დაფინანსებისას არც ერთმა კომერციულმა ბანკმა არ მოგვცა სესხი. უძრავი ქონებაც ჩავდეთ, მაგრამ ის, რაც ბაზარზე 300 000 ღირს, ჩვენ 80 000-ად შეგვიფასეს.

თავიდან ვიღაცამ 3,5 მილიონი ჩადო ამ პროგრამაში, მაგრამ მერე თანხები ჩამოაჭრეს. რატომ გააკეთეს ეს? _ არ მიიჩნიეს საჭიროდ. იაფი კრედიტი არ არის მორგებული სოფლის მეურნეობისთვს. ჩვენ 90 000 ლარს გვიფინანსებენ და ახლა ვცდილობთ, როგორმე დანარჩენი 60 000 ვიშოვოთ. თუ ვერ ვიშოვით, ისევ თურქეთში მოუწევს ჩვენს მოსახლეობას გადასვლა და მონურად მუშაობა. ესაა არასწორი მიგომა.

 

ნუკრი შეკელაძე:

_ ამ პროგრამის გამოცხადების შემდეგ ფერმერებმა, რომელთაც მიწები საკუთრებაში გვქონდა, გადავწყვიტეთ, კოოპერატივი შეგვექმნა. ეს პროგრამა კოოპერატივის შექმნას და წევრების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების შეტანას გულისხმობდა, ასეც მოვიქეცით. ჩვენ თავად ვერ ვახერხებდით მოვლას, გატყევებული იყო იქაურობა და ამ პროგრამის საშუალებით შანსი გამოვიყენეთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პროცედურები გავიარეთ და დაფინანსება მივიღეთ, ამაზე უარყოფითი დამოკიდებულება ვერ მექნებოდა. ეს მიწები ისევ ისე დარჩებოდა დაუმუშავებლად აუთვისებელი.

მეპაიეებმა თანადაფინანსებით შევძელით ყველაფრის მოგვარება, 5000 ლარამდე შევაგროვეთ ჩვენი სახსრებით, დანარჩენი 21 ათასი სახელმწიფომ მოგვცა. დასაქმდა რამდენიმე ადამიანი, ამ პროგრამის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, იგი მცირემიწიან ფერმერებზეა მორგებული. უკმაყოფილოები კი დიდი შპს-ები იქნებიან, რომელთაც ფაბრიკები აქვთ და 100 ათასები სჭირდებათ, მაგრამ ეს კონკრეტულად მცირემიწიანი ფერმერებისთვის იყო ზედგამოჭრილი პროგრამა და პლუს პერსპექტივაა, რომ ამ 3-წლიანი პროგრამის დასრულებისას, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სახელმწიფო უფასოდ გვაძლევს გადამამუშავებელი ხაზის აღჭურვილობას. თუ შემოღობვით სამუშაოებში დაგვეხმარებიან, კიდევ უკეთესი იქნება.

 

„ქრონიკა+“, რასაკვირველია, ამ სფეროში ექსპერტების მოსაზრებით დაინტერესდა.

 

სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:

_ აქ ორი ფაქტორია ყურადსაღები. პირველი: დიდი თანხა ხარისხს არ გულისხმობს და მისი შემცირება ავტომატურად ხარისხისა და სახელმწიფოებრივი ყურადღების კლებას არ ნიშნავს. მეორე: ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ აზრისგან, რომ ახლანდელ საქართველოში ჩაი ისეთ როლს შეასრულებს, როგორც საბჭოთა კავშირში. მინიმალური საჭიროებიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ქართულმა ჩაიმ კონკურენტუნარიანობა დაიბრუნოს ქვეყნის შიდა ბაზარზე, სადაც იგი მინორიტარია, 30%-ია მისი წილი და მეორე: ცალკეული სახეების ჩაის პროდუქცია აწარმოონ სელექციური ნიშნით. ის დიდი ბაზარი, რაც  საბჭოთა დროს ქართულ ჩაის ჰქონდა, აღარ დაბრუნდება. ახლა უნდა ვეცადოთ, უპირატესი ეფექტიანობის ნიშნის მიხედვით გამოვიყენოთ ის, რაც მეტ შემოსავალს მოუტანს მოსახლეობას.

ყველაფერს მაკროეკონომიკური მიზანშეწონილობიდან უნდა შევხედოთ, რამდენად აქვს მას პრიორიტეტული დატვირთვა, რომ მასზე ხარჯები გავზარდოთ. ბიუჯეტს 10-ჯერ მეტი შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, იქნებ, 3-ჯერ გაგვეზარდა ჩაის დაფინანსება, მაგრამ ახლა გულზე ხელი დავიდოთ, ჩაი არ წარმოადგენს იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელზედაც საქართველოს ეკონომიკის მომავალი უნდა აიგოს, ამიტომ ეს 1 მილიონი ლარი სავსებით საკმარისია.

 

 

თენგიზ სვანიძე _ ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი:

_ მთავარი ის არის, რომ ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც სპეციალისტებმა დაწერეს, შემდეგ ჩასწორდა და გამოვიდა, როგორც მთავრობის დადგენილება. პროგრამაში პრინციპებია ჩამოყალიბებული, ვინ, როგორ და რა უნდა გააკეთოს. ერთადერთი შენიშვნა, რაც ჩვენ _ საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციას და სპეციალისტებს გვაქვს არის ის, რომ ამ პროგრამაში არ შევიდა პლანტაციების შემოღობვის დაფინანსება და ჩაიწერა მუხლი, რომელიც წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბენეფიციარს ავალდებულებს, რომ მე-3 წელიწადს, თუ მისი პლანტაციის რეაბილიტაციაში სახელმწიფო დაეხმარება, უნდა ჰქონდეს მცირე, მიკროფაბრიკა თავისი მოწყობილობებით, რომელიც შეუსრულებელია ბენეფიციართა თითქმის 99%-ისთვის, ამიტომ ყველა გავაფრთხილე, ვინც ეს ჩასწორება შეიტანა, რომ ბენეფიციარები ვერ მოახერხებენ ამ საქმეს. ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის ნაკლები მსურველი იქნებოდა. პირობითად, როცა მიწის ნაკვეთი მაქვს 5 ჰა და თითოზე 2500 ლარია გამოყოფილი, ძალიან მინდა, რომ სახელმწიფო დამეხმაროს, ამ თანხიდან 1500 ლარი მომცეს, 1000 ლარი მე დავამატო და პლანტაციის რეაბილიტაცია მოვახდინო, მოსავალი მოვიყვანო, მაგრამ თუ მე ამის გამო მე-3 წელიწადს მიკროფაბრიკა უნდა ავაშენო თავისი დანადგარ-მოწყობილობებით, ამას ვერ შევძლებ! ამ ყველაფერს ხომ, მინიმუმ, 100 000 დოლარი უნდა?! რომელ ბენეფიციარს აქვს ეს თანხა, რომ 3 წელიწადში ფაბრიკა ააშენოს?! რასაც ვამბობდი, ის მოხდა, ბენეფიციარებმა ამ მოთხოვნების გამო ვერ მიიღეს მონაწილეობა პროგრამაში, აქედან გამომდინარე, მათი რაოდენობა შემცირდა. თანხა ვერ აითვისეს. ისინი 3 მლნ-ს ვარაუდობდნენ, _ ამ პროგრამის უამრავი მსურველი იქნებაო, _ მაგრამ ფაბრიკის მოთხოვნამ ხელი შეუშალა რაოდენობის გაზრდას და მსურველი ცოტა იყო, _ ორი თუ სამი კომპანიაა სერიოზული, ვისაც ამ პროგრამაში უნდა მონაწილეობა, რომელთაც უკვე აქვთ ეს ფაბრიკა და აშენება არ მოუწევთ. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ესაა.

 

მიუხედავად მრავალი მოსაზრებისა, ფაქტი ერთია: თანხა შემცირდა, ქართულ ჩაის კი უცხოურ ბაზარზე ნაკლებად ელიან.

                                                                                                                     ნინო ტაბაღუა