სამი „არჩევნების დღე“ ერთ თვეში _ ვის აირჩევს სამეგრელო მეორე ტურში?

s1

ზუგდიდში 8 ოქტომბერს ნაჩვენებმა შედეგმა, სადაც, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სანდრა რულოვსმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, ენმ-ს მომხრეებს გული გაუტეხა, „ქართული ოცნება“ კი გააერთიანა. სწორედ „ოცნების“ სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ცნობადობის კუთხით, პრაქტიკულად, უცნობმა კანდიდატმა (იმის მიუხედავად, რომ გამგებელიც იყო) ედიშერ თოლორაიამ სანდრაზე, სულ რაღაც, 250-ოდე ხმით ნაკლები მიიღო და მეორე ტურში მას უნდა შეერკინოს.

მოგეხსენებათ, რომ რეგიონებში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც ენმ აშკარა უპირატესობით იგებდა, „ოცნებას“ მთელი ყურადღება მაინც საარჩევნო უბნებზე ჰქონდა გადატანილი, სადაც, ასევე, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, ხან აბათილებდა უბნებზე ბევრ ბიულეტენს და ასე აკლებდა ხმებს მოწინააღმდეგეს, ან კიდევ პირდაპირ არბევდა, სადაც სხვანაირად არ გამოდიოდა.

შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ ამ არჩევნებზე იმაზე უფრო იმუშავა, რომ თავად კი არ აეღო ბევრი ხმა, ყველა რესურსი გამოეყენებინა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს ბევრი ხმა არ მიეღო. ეს, რასაკვირველია, სულაც არ აკნინებს „ოცნების“ შტაბის იმ ფლანგის დამსახურებას, რომელსაც ამომრჩევლის მობილიზება ეხებოდა:

მათ ჩინებულად გაართვეს თავი ამოცანას და ხალხი გამოიყვანეს, ხოლო ამომრჩევლის იმ ნაწილის ხმები, რომლებიც მართლა იმ მუხტით იყვნენ გასული გარეთ, რათა ქვეყანაში არსებული რეალობა შეეცვალათ, „ოცნებისთვის“ სასარგებლოდ დათვალეს _ ეს უკვე „ოცნების“ მეორე ფრთამ შეასრულა, რომელიც ამ არჩევნებზე უბნებსა და ხმების დათვლაზე იყო პასუხისმგებელი.

მაგალითად, ზუგდიდში, როცა საღამოსკენ სანდრა რულოვსის ხმებმა აშკარად იმატა და კონკურენტთან სხვაობა 300 ხმას ჩამოსცდა, „ქართული ოცნება“ დაფაცურდა. ეს 300 ხმა დაიფარებოდა, თუკი სანდრა რულოვსი ჯიხაშკარსა და განმუხურში დიდი უპირატესობით მოიგებდა. ამავე დროს, არ იყო გამორიცხული, რულოვსი 50%-საც კი გადაცდენილიყო, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისის, პირადად, ბიძინა ივანიშვილის დავალება კი ის იყო, რომ ზუგდიდში არამც და არამც არ უნდა წაეგოთ, მინიმუმ, მეორე ტურამდე მაინც უნდა მისულიყო საქმე.

საბოლოოდ, ასეც მოხდა: ჯიხაშკარში ორი უბანი დაარბიეს, ხოლო განმუხურის უბანზე ხმების დათვლა ჩაშალეს. მეტიც, არჩევნების შემდეგ, ხელახალი ხმის მიცემის პროცესის ზღურბლზე, სასამართლომ არ შეცვალა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება განმუხურში უბანზე ხმის შედეგების გაბათილების შესახებ.

მეორე ტურის წინ სანდრა რულოვსისა და ედიშერ თოლორაიას შანსები თანაბარია, თუმცა დიდად გასაკვირი ნამდვილად არ იქნება, თუ „ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს. თუ მართლაც ასე მოხდება და უბნებზე, სადაც სანდრა რულოვსის მხარდაჭერა 8 ოქტომბერს მაღალი იყო, ხოლო მეორე ტურის შემდეგ დაბალი აღმოჩნდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ენმ-ს ამომრჩეველს გული გაუტყდა და არჩევნების მეორე ტურზე წასვლის შანსი ვერ დაინახა.

სხვათა შორის, პოლიტსაბჭოს ცნობილი სხდომის შემდეგ, როცა სანდრა რულოვსს პარლამენტში შესვლასთან და მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს, მან თავი აარიდა პასუხს და განაცხადა, _ ჩემთან ჯერ მეორე ტურებიაო. ხოლო შეკითხვაზე, _ მოსწონს თუ არა გადაწყვეტილება, მხოლოდ ის ახსენა, _ მე პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ, არ ვმონაწილეობდი კენჭისყრაში და ვერაფერს გეტყვითო.

მოგვიანებით, სანდრა რულოვსს ისიც ჰკითხეს, _ თუ იღებთ რჩევებს თქვენი მეუღლისგანო? რაზეც ყოფილმა პირველმა ლედიმ პირდაპირ უთხრა, _ მე ყველასგან ვიღებ გონივრულ რჩევებს და, რასაკვირველია, ჩემი მეუღლეც მათ შორისააო.

სანდრა რომ სამეგრელოში მიშასთან იყო ასოცირებული, ამას ბევრი მკითხაობა არც სჭირდება. სავარაუდოდ, სწორედ ამით აიხსნებოდა ის წინასწარი მოლოდინი, რაც ზუგდიდსა და ზუგდიდის რაიონის სოფლებში ნამდვილად შეიმჩნეოდა: თვით „ოცნების“ წარმომადგენელთა ცოლებიც კი არ ტოვებდნენ უყურადღებოდ სანდრა რულოვსის შეხვედრებს და იქ არა ასარევად, არამედ მოსასმენად მიდიოდნენ, „ქოცობას“ კი გულმოდგინედ მალავდნენ. თუმცა სოფელს, აბა, რა დამალვია, ეგ რომ დამალვოდა და ერთი-ორჯერ ეს ქალები გამოიჭირეს კიდეც, რის შემდეგაც უაზრო თავის მართლებაზე გადავიდნენ, _ აქ იმისთვის მოვედით, სანდრა ტყუილებში გამოგვეჭირა და უაზრო ბრალდებები არ შეგვერჩინაო…

მაშ, ასე! მთავარი საჯილდაო ქვა ისევ სამეგრელოა: თუ სამეგრელოში სანდრა რულოვსი მეორე ტურში წააგებს, ეს ახალ ეჭვებს წარმოქმნის მათთვის, ვინც შეთქმულების თეორიებისგან შორს არ დგას. ეს ხალხი იტყვის, რომ სანდრა მოგებული იყო, მაგრამ წააგებინეს, რათა სხვა მაჟორიტარების წაგებები, მაგალითად, ელენე ხოშტარიას მოსალოდნელი დამარცხება თბილისში, გაემართლებინათ.

თუკი სანდრა რულოვსი გაიმარჯვებს, ეს ისევ შეთქმულების თეორიის მომხრეების წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან იმის ნიშანი იქნება, რომ მაქსიმალური მობილიზების შემთხვევაში შეიძლება გამარჯვება მეორე ტურშიც კი იმ მოცემულობაში, როცა პირველი ტურის შედეგებით 250-ზე მეტი ხმით ჩამორჩები.

მეორე ტურამდე კი სამეგრელოს ორ უბანზე _ ჯიხაშკარის დარბეულ უბნებზე _ ხელახალი კენჭისყრაა. 22 ოქტომბერს დაიტესტება, რა სურათი იქნება მეორე ტურზე, მივა თუ არა ამომრჩეველი არჩევნების მეორე ტურში ხმის მისაცემად და თუ მივა, იღებს თუ არა ყურად ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებას იმის შესახებ, რომ მეორე ტურზე ხმა მისცენ არასახელისუფლებო პარტიას…

კაცმა რომ თქვას, ჯიხაშკარელებისთვის ხელახალი კენჭისყრა პრინციპის საკითხიცაა: სწორედ ჯიხაშკარელები თავიანთ სოფელში აღუდგნენ წინ ორჯერ სანდრას შეხვედრის ჩაშლას და მათვე ეკუთვნით ფრაზა: „ხელისუფლებას აქ კორცხელი არ გამოუვა“. ასე რომ, მათ პრინციპულობას და იმას, რომ ხელისუფლებას ჯიხაშკარის კორცხელიზაცია არ გამოუვა, დიდი გამოცდა ელის.

აღსანიშნავი ისიცაა, რომ ჯიხაშკარელი ამომრჩევლების ის ნაწილი, რომელიც სწორედ ამ ორ უბანზეა რეგისტრირებული, ყველაზე აქტიური ამომრჩეველი გამოდის, რომელსაც, მიზეზთა და მიზეზთა გამო, ერთ თვეზე ნაკლებ შუალედში სამჯერ მოუწევს ხმის მიცემა.

სავარაუდოდ, ჯიხაშკარის ორი უბანი (განმუხურის უბნის გარეშე) ცესკოს წინასწარ მონაცემებს ვერ შეცვლის, ანუ ორივე უბანი რომ თუნდაც სანდრა რულოვსმა მოიგოს, თითქმის ასპროცენტიანი გამარჯვება და მხოლოდ თეორიული შანსია იმისა, რომ სანდრა რულოვსი მეორე ტურის ჩაუტარებლად გამოცხადდეს გამარჯვებულად.

ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოში მთელი დესანტი გადაისროლა როგორც ხელახალი კენჭისყრისთვის, ასევე მეორე ტურისთვის. ზოგადად, მეორე ტური და ხელახალი კენჭისყრა სწორედ იმითაა გამორჩეული, რომ პარტიულ ლიდერებს მეტი დრო აქვთ, მეორე ტური ყველგან არაა და ამიტომაც, გამარჯვებისთვის ბრძოლაში ერთვებიან.

ასე ხდება ხელახალი, ანუ განმეორებითი კენჭისყრის დროსაც. იმის მიხედვით, თუ ვის ვიხილავთ 22 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად, ხელთ გვექნება დასკვნაც, რამდენად მოახერხა ენმ-მ შიდა კრიზისის დაძლევა და, ზოგადად, მტრისა და, მოყვრის თვალშიც, ერთიანობის შენარჩუნება.

რასაკვირველია, ჯიხაშკარში დანიშნული ხელახალი კენჭისყრა სულაც არაა ნაკლებად მნიშვნელოვანი, ვიდრე ის შუალედური არჩევნები, რომელიც კორცხელში ჩატარდა და სადაც ენმ-ს მთელი ელიტა გამოჩნდა. ასე რომ, არც ახლა იქნება ცუდი, თუ ჯიხაშკარში გიგა ბოკერია და ნიკა მელია გამოჩნდებიან. ყოველ შემთხვევაში, ამომრჩევლის თვალში ლამაზად არ გამოვა, თუ ზუგდიდში მხოლოდ ვარშალომიძე ჩავა და სანდრას გვერდით დადგება.

რაც უფრო მეტი ლიდერი ჩავა, ეს, ჯერ ერთი, სააკაშვილთან შესაძლო დაპირისპირების მოლოდინს გაფანტავს, მეორეც, კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ პარტიაში შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყოს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად, კონსენსუსით გადაწყდეს.

სხვათა შორის, არც ზუგდიდში მანამდე ჩასვლა და ამომრჩეველთან ერთი შეხვედრის ორგანიზება იქნებოდა ზედმეტი. უფრო სწორად, ორის: ერთი დახურულად, იქაურ აქტივთან და მეორეც, სადმე ქუჩაში, თუნდაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამომრჩეველთა დიდი რაოდენობის შეკრება ვერ მოხერხდებოდა.

ამომრჩევლები კი ჯერაც დგანან დილემის წინაშე, წავიდნენ თუ არა არჩევნების მეორე ტურზე? სამეგრელოში რომ გულგატეხილები ბლომად არიან, ყველა ნაბიჯზე იგრძნობა. ალბათ, ძალიან ძნელი იქნება იმ მუხტის ამოქაჩვა 22 ოქტომბრამდე, რითაც გამოირჩეოდა ენმ-ს წინასაარჩევნო შეხვედრები 8 ოქტომბრამდე.

მაგრამ სამეგრელოს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ როცა საჭიროა, სწორ გადაწყვეტილებას იღებს. მართალია, ძნელად, ზოგჯერ, თითქოს, დაგვიანებითაც, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც სწორს. დანარჩენი კი აგერ, 22 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს გამოჩნდება. ეს თარიღები კარგად ახსოვს „ოცნებასაც“ და, რასაკვირველია, ამ ძალასაც ესმის, რომ ეს ერთ-ერთი უმთავრესი ჯახია, როგორც რაოდენობრივი, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. სამეგრელოს გადატეხა სანდრას დამარცხებით _ ეს, კაცმა რომ თქვას, „ქართულ ოცნებას“ მთელი წელი ეყოფა პოლიტიკურ საგზლად, თუ მეტი არა…

 

                                                                                                                      ლაშა ბერულავა