კახეთი არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება

bb

საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, რომ კახეთში მეორე ტური 6-დან 5 ოლქში გაიმართება… დღევანდელი კანონმდებლობით, მეორე ტურში გამარჯვებულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.

2 ნოემბრამდე კი მთავარია, როგორ შეაფასებენ მეორე ტურში გასულ იმ კანდიდატებს, რომელთაც კონკურენცია ხელისუფლებას გაუწიეს. არც არავის გაჰკვირვებია კახეთში, რომ მეორე ტურში ზუსტად ერთი ერთზე „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაჯდა.

2012 წელს „ქართულმა ოცნებამ”“ კახეთში 8 ოლქიდან 3 მაჟორიტარი გაიყვანა: ზვიადაური, ხიდაშელი და სამხარაული. დანარჩენი „ნაციონალებს“ ერგოთ წილად. თუმცა მალევე ლაგოდეხისა და ყვარლის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები დაპორტირდნენ და უცებ ერთ მშვენიერ დღეს ქ- ოცნებელები გახდნენ. მალევე ალასანიამ უძღები შვილის სახელი მიიღო ბიძინასგან და „ოცნებას“ გაემიჯნა, თუმცა სამხარაულმა, რომელიც თელავის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ალასანიას, ანუ საკუთარ პარტიას იმ საღამოსვე უღალატა და ურეკის ივანიშვილის ნავში გადაჯდა.

ზაზა კედელაშვილი, რომელმაც დედოფლისწყარო უპირატესობით მოუგო ლექსო თამაზაშვილს, თავის სამაჟორიტარო მუნიციპალიტეტში მას შემდეგ იქ აღარ ჩასულა. მალევე კედელაშვილის ბიუროს ოთახი გააუქმეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და, შესაბამისად, მას მერე ყველამ ვიცით, რომ ჩრდილო კორეის ერთ-ერთ ოლქს დაემსგავსა რაიონი. შესაბამისად, არავის გაჰკვირვებია, რომ სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში მეორე ტურის აუცილებლობა არ დადგა დღის წესრიგში. მაგრამ როგორ აფასებენ კანდიდატები ჩატარებულ არჩევენებს, დღეს „ქრონიკა+“-ის მკითხველი გაიგებს. მანამდე კი ვიტყვი, რომ ჯორჯ ვაშინგტონი ამბობდა: „ცოტა ვინმეს თუ ეყოფა ვაჟკაცობა, წინ აღუდგეს მას, ვინც ყველაზე ბევრს იხდის“.

 

ახმეტა-თელავის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 46% მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 32,27%. სამხარაულის აზრით, მეორე ტური მისთვის მარტივია და იგი მოიგებს: „არის რამდენიმე უბანი, სადაც ნაკლები აქტივობაა. მაგალითად, სოფელი მატანი, საიდანაც იყო ერთ-ერთი ჩემი კონკურენტი. ხმები რომ დავითვალეთ, ჩემს ხმებთან მიმართებით ნაკლები შედეგი დაფიქსირდა, ვიდრე ჩემი კონკურენტის. ეს მოსალოდნელი იყო“. იგი დარწმუნებულია, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს.

„ველოდები ცესკოს გადაწყვეტილებას მეორე ტურთან დაკავშირებით. წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც ჩვენს ამომრჩეველზე ხდებოდა ზეწოლა, დაშინება, მუქარა. ასეთი რამ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა და არც მოხდება. თუ დაინიშნა მეორე ტური, გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ“, _ აღნიშნა სამხარაულმა მედიასთან საუბრისას.

განსხვავებულად მსჯელობს შაქრო ტერტერაშვილი:

_ ზოგადად ერთი სურათი იყო ყველგან, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა ბოლომდე. ვერ დაასახელებენ ვერც ერთ სოფელს, ასევე ქალაქ ახმეტას, სადაც არ იყვნენ  გამგებლის წარმომადგენლები ჩართულები, ასევე მისი პარტიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, თვითონ გამგეობის თანამშრომლები, სუს-ის თანამშრომლები, რომლებსაც რა ესაქმებოდათ ყოველ სოფელში არჩევნების დღეს?! არ დატოვეს არც ერთი სოფელი, სადაც არ შედიოდნენ, რა ინტერესი ჰქონდათ? რა ესაქმებოდათ? რას ელოდებოდნენ? თუ არა დაშინებას, დიახ, პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველებზე და სხვა მოწყვლად ფენებზე, ბაღსა და სკოლაში დასაქმებულებს ეუბნებოდნენ, რომ თუ არ შემოხაზავდნენ, დაკარგავდნენ სამსახურს, ხოლო პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი მეორე დღიდან ვეღარ მიიღებდნენ დახმარებას. ფაქტობრივად, არჩევნებზე ხელისუფლებამ მოწყვლად ჯგუფებზე იძალადა.

_ თუმცა მაინც მეორე ტურია.

_ კი, მაინც მეორე ტური დადგა, რადგან ხელისუფლება არის ბოლომდე გაკოტრებული და ეს ხმები მიიღო მოწყვლადი ფენებისგან და საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებისგან, ასევე მათი ოჯახის წევრებისგან. ბუნებრივი კითხვა ჩნდება: ფაქტია, სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი სოფელში შედის და არ გამოდის არავინ მასთან შესახვედრად. გადაამოწმეთ მათივე ოფიციალური გვერდები, როგორ უნდა მიიღოს მან ამ სოფლიდან მხარდაჭერა. ეს არის წარმოუდგენელი.

_ თელავში გავრცელებული ინფორმაციით იყო მოსყიდვა და თანხის დარიგებაც.

_ კი მსმენია არა მარტო თელავში, ახმეტაშიც და მის სოფლებშიც, არჩევნების წინა ღამეს რიგ ოჯახებში დაარიგეს თანხები, სადაც მოსთხოვეს, რომ მათი ოჯახის წევრებს გადაეღოთ შემოხაზული ბიულეტენებისთვის სურათები და ეს სურათები გაეგზავნათ სოფლების წარმომადგენლთან. ყველა ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ რადგან ეს ადამიანები ჩართულები იყვნენ ამ ფულის აღების პროცესში, ბუნებრივია, ისინი არ იხსნებიან და საჯაროდ არ ამბობენ. რანაირი განწყობაც იყო, ყველამ კარგად ვიცით. გიმეორებთ: გადმოიღეთ ნებისმიერი შეხვედრა ნებისმიერი „ოცნების“ კანდიდატის და იქ ნახავთ, რომ შეიძლება იყოს 5 ან 6 კაცი მოყვანილი ისიც, ვიღაცის ნათესავი, საჯარო მოხელისა ან პრობაციონერი თავისი  ნათესავით, ან შვილი, რომელსაც ჯარი ეკუთვნის, ან ვინც ხელისუფლების ტერორის ქვეშ შეიძლება მოხვედრილიყო. თუ მოსაწონი იყო კანდიდატი, რატომ არ გამოდიან შეხვედრაზე მასთან სხვები და რატომ გამოდიან ოპოზიციურ კანდიდატთან შეხვედრებზე? ეს არის ძალიან ნათელი, რა ხდებოდა არჩევნებამდე და რა შედეგები დაიდო. სუს-ის თანამშრომლები შედიოდნენ ყველა სოფელში. რამე ტერორისტული აქტი მზადდებოდა, უცხო ძალები იყვნენ შემოჭრილი, ასე გაშმაგებულები რომ დადიოდნენ?

_ სამხარაულის აზრით თქვენ უპირატესობა გქონდათ სოფელ მატანში. და სხვა სოფლებს არ ასახელებს, სადაც უპირატესობა დაიმსახურეთ.

_ ეგ შედეგებში გამოჩნდა ყველა უბანზე, მომიგო თუ არ მომიგო მე სამხარაულმა. სამხარაულს და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლებს პრობლემები აქვთ მხედველობასთან და რეალობის აღქმასთან დაკავშირებით, თორემ ოქმში ჩაიხედოს და ნახავს, როგორ მოიგო ყველა უბანზე, ეს ერთი და ასევე თუ ოქმში ჩაიხედავს, მაგათი ბატონი როგორც ჩვენ მიგვითითებს, რომ რაღაც ანალიზი არ ვიცით და მაგის გუნდის წევრებმა კი  იციან, ანალიზი გააკეთოს სამხარაულმა, სად აქვს უფრო დაბალი ხმები და სად აქვს უფრო მაღალი? სამხარაული სადაც დღეს არის დეპუტატი, ანუ 2012 წლის არჩევნების შედეგად იქ აქვს ყველაზე დაბალი ხმები აღებული, მათ შორის, თავის საკუთარ სოფელში და იმ ზონაზე, სადაც მან 2012 წელს მოიგო, ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რაზეც დოკუმენტი დატანილია გაყალბებით მაგის სასიკეთოდ, რომ იგი ჯიუტად ამტკიცებს, თითქოს მარტო მატანი წაუგია და სხვა არც ერთი, სისულელეა…  მაშინ როცა მე მოვუგე თელავის ზონის ბევრი სოფელი და ბევრი უბანი,

 

ნაადრევად იზეიმა არჩევნებში გამარჯვება 8 ოქტომბრის ღამეს ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია თელავი-ყვარლის საარჩევნო ოლქში. ღამის 12:00 საათისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში სესიაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი სხვაობით, 4.5-ჯერ მეტი უპირატესობით მოუგო.

„ჩვენი მონაცემებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და მე პირადად თელავსა და ყვარელში მივიღეთ, იმაზე მეტს ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავფილტრეთ და მიუხედავად ამისა, იმაზე მაღალი შედეგი გვაქვს, ვიდრე ეგზიტპოლებმა აჩვენა. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 53% აიღო, ჩვენ ცოტა მეტი გვაქვს. პროცენტულად თელავში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ძალიან დიდი სხვაობაა. გეტყვით ახლავე, დაახლოებით, ოთხნახევარჯერ მეტია“, _ განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. სინამდვილეში, ხმების დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებიდან ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი (41%) ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს მხოლოდ 5%-ით უსწრებს.

თელავი-ყვარლის 27-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 47-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ირაკლი სესიაშვილს ხმების 41% აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 36% მიიღო.გიორგი ბოტკოველის შეფასებით, იგი მეორე ტურში ელოდება, რომ აქტივობა იქნება: „რადგან ადამიანებს უკვე მობეზრდათ ამ უსაქმურების ყურება. მობეზრდათ გაჩერებული პროექტების ყურება. უფრო გაუჭირდათ“, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავი-ყვარლის საარჩევნო ოლქში, რომელიც თელავში გასამართი  მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ავალდებულებდნენ ადმინისტრაციულ რესურსს, რომ მათ 20-30 ადამიანი უნდა მიეყვანათ უბნებზე და ასე მოეგოთ არჩევნები, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან კარგად გავუმკლავდით.

ირაკლი სესიაშვილი ამბობდა, თითქოს, მან 4,5-ჯერ გაიმარჯვა ჩემზე და უფრო მეტი ხმა მიიღო. ცოტა ადრე მოუვიდა ამ ყველაფრის აღნიშვნა და შამპანურების გახსნა. დღეს მივიღეთ შედეგი, რომ, სულ რაღაც, 1600 ხმით არის წინ“, _ აღნიშნავს ბოტკოველი. „მე გავაგრძელებ ხალხთან ურთიერთობას, გავაგრძელებ საარჩევნო კამპანიას და ვპირდები „ქართულ ოცნებას“, რომ თელავსა და ყვარელში, მთლიანად კახეთსა და საქართველოში, მეორე ტურში ყველგან დავამარცხებთ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო მეორე ტური იქნება“, _ აცხადებს ბოტკოველი

 

გურჯაანში არჩევნები დასრულებული არ იყო, რომ „ოცნების“ მხარდამჭერებმა მანქანებით სიარული დაიწყეს და დროშების ფრიალითა და სიგნალით ქალაქს თავისი კანდიდატის გამარჯვებას ამცნობდნენ, თუმცა რამდენიმე საათში გაირკვა, რომ სონღულაშვილმა ვერ გადალახა 50%-ანი ბარიერი და სწორედ ღვინიაშვილთან მოუწია კვლავ მეორე ტურში ბრძოლა.

გიორგი ღვინიაშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაზე ბინძური არჩევნები იყო, სადაც მოსახლეობა ყველაზე დაშინებული და გაუბედურებული ჩანდა:

_ ამათ რაც იკადრეს მსგავსი რამ არ მახსოვს, საშინელებები აკადრეს ხალხს, დამუქრებებით, სახლში შევარდნებით და არ ვიცი რაა, ესენი ვის ეძახიან სისხლისმსმელებს საერთოდ? რამდენი არჩევნები მაქვს ჩატარებული კახეთში, მაგას როგორ ვიკადრებდი, ვინმესთვის დამევალებინა, სახლში შეუვარდით-თქო?!

დღეს იცი, რა მდგომარეობაა ხალხში? მეზობელი მეზობელს ვერ ელაპარაკება, გარეთ გახედვის ეშინიათ ადამიანებს, ხალხს ხმა ვერ ამოუღია, სამი თვე რომ წყალი არ აქვს სოფელს და გამგებლისთვის ვერ გაუბედიათ გლეხებს თავის გაჭირვებაზე საუბარი, მეტი რაღა უნდა ვთქვა?

_ ზოგადი შეფასებით იყო გაყალბება?

_ მსგავსი ბინძური არჩევნები არ ყოფილა საქართველოში, ყველა თანამდებობის პირი იყო ჩართული აბსოლუტურად გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ამ არჩევნებში ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებული, ხალხის დაშინების მიზნით, მათ შორის, სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით, სამსახურიდან გაგდების დაპირებით, განსაკუთრებით მუქარა ვრცელდებოდა სკოლისა და ბაღის პედაგოგებზე,  ბევრ ადგილზე მოთხოვნები იყო, რომ მათ ღიად დაეფიქსირებინათ, როგორ ხაზავდნენ 41-ს და რაც მთავარია, ზოგს იმით აშინებდნენ, რომ ხმა მიეცათ, ზოგს იმით აშინებდნენ, რომ არჩევნების დღეს სახლიდანაც კი არ გამოსულიყვნენ. ეს არის უპრეცედენტოდ ბინძური არჩევნები.

 

ლაგოდეხში ლაგოდეხი-ყვარლის #26 ოლქში  გურამ მაჭარაშვილმა, „ქართული ოცნება“ – 37.51% აიღო, გურამ კაკალაშვილმა, „ენმ“ – 24.59%. მეორე ტურში გადასულ „ენემეს“ კანდიდატს მიაჩნია, რომ ლაგოდეხში „ოცნების“ მიერ დადგმული გაყალბება ბოლოს კურიოზად ექცა თავად „ოცნებას“:

_ ლაგოდეხში სერიოზული გაყალბება იყო, ასეთი რამ გაგიგიათ? საარჩევნო უბანზე არ იყო შესაბამისი ბიულეტენი, არ ეწეროს ბიულეტენში იმ ოლქის კანდიდატი და ამაზე ხმას არ იღებდეს კომისიის თავმჯდომარე, სანამდე ერთ-ერთი ჩემი მხარდამჭერი არ მივიდა ხმის მისაცემად, მანამდე 39 ბიულეტენი უკვე ჩაყრილი იყო ყუთში. ამ მაგალითზე მეტი რამე უნდა ვთქვა? ეს იყო ჩვეულებრივი გაყალბება. მასობრივი ტერორის მიუხედავად, დიდი ჩარევების მიუხედავად, დიდი ზეწოლების მიუხედავად, „ოცნების“ კანდიდატმა მაინც ვერ შეძლო მისთვის სასურველი ხმების მოგროვება. მე, როგორც ლაგოდეხელი კაცი, ქართველი კაცი, ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი ქვეყნისთვის. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რაც ამ არჩევნებზე გვაჩვენეს გაყალბების სპექტაკლები, ეს მათ სახეს უფრო და უფრო კარგად ავლენს!

 

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილმა პირობა მომცა, რომ კომენტარს გააკეთებდა და არჩევნებს შეაფასებდა, აღმოჩნდა, რომ ბატონ ზურაბს ჩვენთვის აღარ ეცალა და ტელეფონზე საერთოდ აღარ გვიპასუხა. სამწუხაროა მედიასთან მისი ამგვარი დამოკიდებულება.

დასასრულ, ვაჟა ოცნებაზე ამბობდა: „ფიქრიანი და მოსაზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, _ უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება, ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე _ საქმეს აცდენს. ფიქრიანი კაცი მხოლოდ ფიქრობს და მაგრადაცა ფიქრობს. რას ფიქრობს? _ ჰმ!.. განა, ცოტა რამ არის საფიქრებელი ქვეყანაზე! ნაბიჯს ვერ გადასდგამ, რომ ფიქრი არ იყოს საჭირო. დიაღ, ფიქრიანი, მოსაზრებიანი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, რაც კი რამ ცხოვრებაში ხდება: არაფრისთვის არც თვალებს, არც გონებას არ ზოგავს, ოღონდ კი სიმართლე, სინამდვილე შეიტყოს, თავისა და ქვეყნის სასარგებლო რამ გაიგოს; ეძიებს მიზეზს, უკვირდება რა შედეგს… “

ფაქტი ერთია: მოსახლეობას არჩევანის გაკეთებაზე მეტად, უკვე, არჩევნებზე მისვლაც აღარ უხარია…

რატომ?

დაიღალა ქვეყანა…

დაიღალა ოცნებით, იმედით და ხვალინდელი დღის ლოდინით…

იმედია, ყველაფერი კარგად იქნება..

„წარმატება არის დამარცხებათა სერია ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“, – უინსტონ ჩერჩილი.

 

                                                                                                               მაკა მოსიაშვილი