„ხაშურში საარჩევნო საბაზრო ეკონომიკა ყვავის“

z1

ხაშურში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვალერი გელაშვილი და „მრეწველების“ კანდიდატი სიმონ ნოზაძე.

„ქრონიკა+“ რაიონში მიმდინარე საარჩევნო პერიპეტიებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებლობა და ევროინტეგრაციის“ წარმომადგენელს ხაშურში, ზაზა მეხრიშვილს ესაუბრება:  

_ მინდა გახაროთ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიიდან ვერ გამოვიდა. ჩვენ გენერლებისა და ფულის ტომრების მარიონეტებად ვიქეცით! ერად, რომელმაც კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი, რუსული სპეცსამსახურის მოწინავე სიმონ ნოზაძე და სამგზის დეპუტატი გელაშვილი უნდა აირჩიოს.რუსეთი ჩვენი მოძმე ქვეყანაა, _ ღაღადებს გენერალი. მე თუ ვიტყვი, რომ რუსეთი და სიმონ ნოზაძე ქვეყნის მტერია, ლამისაა, ჩამქოლონ. ამ გენერლებსა და სამგზის დეპუტატ გელაშვილს ეფარებიან მავანნი და იმაზე არ ფიქრობენ, თუ რა ბედი ეწევა ხაშურს.მე ვარ ბნელი, ბოროტი და თქვენ ანგელოზები, პატივცემულებო? საკმარისია შეეპასუხო ვინმეს, ან შენი აზრი გამოხატო, ვაი, შენი ბრალი. სამართლიანობის განცდა არ არსებობს ამ ქალაქში.

გადადით სირაქლემის პოზიდან კეთილგონიერი ადამიანის პოზაში და დავდგეთ ერთად ჩვენი ქვეყნის, ქალაქისა და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. თქვით სიმართლე, ვინც საზოგადოების ნაწილად მიიჩნევთ თავს, ნუ ხართ ჩაკეტილები. ასე ორშაურად რომ გაიყიდა მახარობლიძის ხმები, ახლა სიმონი (ნოზაძე) ვაჭრობს თავისი ხმებით ამ ყველაფერზე, _ ხმას რატომ არ იღებ ღრმად პატივცემულო საზოგადოება?

ხაშურის ბაზარი ოდითგანვე განთქმული იყო. ჰოდა, დახლზე ჯერ „ნაციონალი“ როინ მახარობლიძე იდგა და გაყიდა ხმები, ახლა კი ღრმად პატივცემული რუსული გადმონაშთების მატარებელი გენერალი დადგა ბაზრის კუთხის ცარიელ დახლთან და წავიდა გამალებული ვაჭრობა. შეუთავაზებია მავანს თანხა, ერთხელ იუარა გენერალმა და ფეხი აქვს გამოდგმული, _ ფასს ვერ დავაკლებო. რა ქნას, ტკბილი სიბერე უნდა ამ მოხუცებულობაში ბატონ სიმონს, ვერ გაამტყუნებ. ფულის ტომარა ვალერი გელაშვილი კი ამ ყველაფერს შორიდან გაუვლის და გამოუვლის, თან კვდება სიცილით. ესაა რეალობა, პატივცემულო ხაშურლებო. ჩათვალეთ, გელაშვილის მიზნები უკვე მიღწეულია.

თქვენ კი, პატივცემულო ნოზაძის მხარდამჭერებო, ბატონი გენერალი ბოლოს დიდ მადლობას გეტყვით და იმასაც დააყოლებს, _ მე ვეცადე და არაფერი გამომივიდაო. დღეს ხომ საბაზრო ეკონომიკაა განვითარებული ხაშურში, ჰოდა, ჩვენი პოლიტიკოსებიც ჩვენივე ხმებით ვაჭრობენ. ბოლოს ერთად დასხდებიან, ჭიქებს მიაჭახუნებენ და შენ თავში ქვა გიხლია, ხაშურის მოსახლეობა.

_ უფრო კონკრეტულად, არჩევნების პირველი ტური როგორ წარიმართა?

_ ხაშურში ჩატარებული არჩევნები ყოველთვის განსხვავდება სხვა ქალაქებისგან და რეგიონებისგან. აქ რაც ხდება, ესაა სრული სიბნელე. ხალხის გამოყენებით პოლიტიკოსები ფულს შოულობენ და ვაჭრობენ ხმებით. დავიწყოთ იქიდან, რომ არჩევნებში  დეპუტატობის 4კანდიდატი იყო გამოკვეთილი. რეიტინგულ კანდიდატად რუსეთუმე თოფაძის მრეწველებიდან  „კაგებეს“ გენერალი სიმონ ნოზაძე, ხოლო „ნაციონალებიდან“ როინ მახარობლიძე სახელდებოდა. დამოუკიდებელი კანდიდატი პავლე ლაცაბიძე იყო. მხოლოდ ბოლოს მოიაზრებოდა ვალერი გელაშვილი სახელისუფლებო გუნდიდან. მე არაერთი პოსტი დამიწერია სოციალურ ქსელში იმის შესახებ, რომ „ნაციონალების“ ლიდერი მახარობლიძე ხმებს დაუთმობდა ვალერი გელაშვილს და მეორე ტურში ის დარჩებოდა. ასეც მოხდა, გარიგება შედგა, „ნაციონალებმა“ დათმეს და ვალერი გელაშვილი მეორე ტურშია. გადახედეთ ცესკოს მონაცემებს და ყველა მიხვდებით, ასეც რომ არის. რამხელა განსხვავებას დაინახავთ „ნაცმოძრაობის“ პარტიულ მხარდამჭერებსა და მის კანდიდატს შორის, ამით ყველაფერი ნათქვამია, მახარობლიძე გაიყიდა.

ამ 4 წლის განმავლობაში ვალერი გელაშვილმა არაერთი პროექტი წამოიწყო და დააფინანსა:  ააშენა სასტუმრო, აშენებს  დიდ სუპერმარკეტს, მასთან ერთად 100-კაციან კინოთეატრს. ეს კაცი ბიზნესმენია და საკუთარ თავზე ფიქრობს. თუმცა ერთი პლუსია, _ ამ მშენებლობებზე ხალხი საქმდება. ქალაქს ცოტა რაღაც დაეტყო და იდიოტი უნდა იყო ადამიანი, ეს ვერ დაინახო. ერთი სიტყვით, ჩვენი ყოფილი დეპუტატი და აწ კანდიდატი, რომელიც მეორე ტურისთვის იბრძოლებს, მეტწილად, საკუთარ ინტერესებს იცავს და დანარჩენი მოსახლეობა თუ არა, მასთან დასაქმებული ხალხი მაინც კმაყოფილია. მეორე მხრიდან მისი მოწინააღმდეგეა „კაგებეს“ კადრი სიმონ ნოზაძე. იგი საქართველოს უშიშროებაში, იმ ავბედით წლებში, შევარდნაძის დროს მუშაობდა. მის სახელს არაერთი ცუდი საქმე უკავშირდება. „მრეწველებმა“ წარადგინეს არჩევნებზე. არ დაგავიწყდეთ, სანამ „მრეწველებიდან“ გამოვიდოდა, იგი ჭორებს ავრცელებდა, რომ „ოცნებიდან“ იყრიდა კენჭს. შემდეგ „ოცნებამ“ რომ გამოაპანღურა, „გირჩს“ მიეტმასნა. ესეც რომ არ გამოუვიდა, დამოუკიდებლად აპირებდა კენჭისყრას, ბოლოს კი რუსეთუმე „მრეწველებში“ აღმოჩნდა.

ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დადგა ხაშურის მოსახლეობა. ერთი მხრივ, რუსეთუმე გენერალი, მეორე მხრივ, ბიზმესმენი. უბედურება ისაა, რომ ნოზაძის შტაბში 50%  რუსეთუმე და დრომოჭმული ხალხის ნაკრებია. იცით, რა მაკვირვებს? ყველამ ვიცით, ვალერი გელაშვილი ვინც არის, არაერთხელ დამიწერია „ქრონიკა+“-ში მის შესახებ, მაგრამ ამ რუსეთუმე ნოზაძის ამომრჩევლის მიკვირს. ნუთუ, დაავიწყდათ ის წლები, რა უბედურებაში გაგვატარა რუსეთმა? ხალხო, აღარ სცემთ პატივს ომში დაღუპულ გმირებს და ლტოლვილ მოსახლეობას? წარმოუდგენელია ჩემთვის ასეთი ადამიანის არჩევა. რთული არჩევანის წინაშე დადგა მოსახლეობა და ეს ყველაფერი ხელისუფლების ბრალია. „ოცნების“ პარტიის არაკომპეტენტურმა ადგილობრივმა თავმჯდომარე გიორგი გურასპაშვილმა აწეწდაწეწა ყველაფერი და ხაშურში მივიღეთ ასეთი რეალობა. პარტიულ-პროცენტულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი  ხაშურმა აჩვენა. ამით ბატონმა გურასპაშვილმა დაამტკიცა, რომ იგი წარუმატებელი და არაფრის მაქნისია, რაც მე არაერთხელ დამიწერია და მითქვამს. თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება ხდებოდა ააიპ-ებში 4 წელიწადი, ნორმალურ და ნიჭიერ ხალხს კომისია ბლოკავდა. გაჭირვებული მოსახლეობა არავის აინტერესებდა. შედეგიც დადგა და „ოცნებამ“ ხაშურიდან ვერ წაიღო ის, რასაც გიორგი გურასპაშვილი ჰპირდებოდა. წლებია, გავიძახით ხაშურის უკუსვლაზე და აქ კლანურ მართვაზე, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გვისმენს. ტალახიანი ქუჩები, მოუწესრიგებელი კურორტი სურამი, სტადიონი, რომელსაც საშველი არ დაადგა და რამდენი ერთი ჩამოვთვალო?

_ რა წინადადებით გამოდიხართ?

_ თქვენი გაზეთის შეშვეობით მინდა მივმართო ხაშურის ამომრჩეველს: ამ რეალობიდან გამომდინარე, რა მდგომარეობაშიც ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა ჩაგვაყენეს, გვაქვს ორი რეალობა _ ან „კაგებეს“ გენერალი, რომელსაც ათას სიბინძურეში აქვს ხელები გასვრილი, ან ბიზნესმენი, რომელმაც დანაპირები ნაწილობრივ შეასრულა. საკუთარი ბიზნეს-მშენებლობით ცოტა ხალხი მაინც დაასაქმა და რაღაც მაინც შექმნა. ვიცი, რთული არჩევანია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ყველა შემთხვევაში გვმართებს. იმედია, დაფიქრდებით და სწორ არჩევანს გააკეთებთ. ორიოდე სიტყვით ჩემზეც მინდა, მოგახსენოთ. წინასაარჩევნო პროცესებიდან გამომდინარე, ბევრი მუქარა მოდის ჩემ წინააღმდეგ. ჯერ იყო გამგებელი დამემუქრა, _ მანქანით უნდა გადაგიარო, თუ რამეს დაწერ სოციალურ ქსელშიო. მერე „ფეისბუქის“ საშუალებით უსახელო და უგვარო ექაუნთებით მემუქრებიან. ზოგი მეუბნება, „კალიასკაში“ უნდა ჩაგაჯინოთ, ინვალიდად დაგტოვებთო. ზოგი ბლაგვი დანით ენის ამოჭრას მპირდება. ამ საკითხზე პოლიციაში დამკითხეს, თუმცა რად გინდა?! _ საქმე ადგილიდან არ იძვრის. როცა მივაკითხე, გამომძიებელი შეცვლილი დამხვდა. ხელს აფარებენ გამგებელს, სხვები ამით სარგებლობენ. დაინახეს, რომ გამგებელს გაუვიდა და მუქარებმა იმატა.

მე არავის მეშინია, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ხაშურში ხდება. თუ მომკლავენ და გამაჩუმებენ, ისე არავის არაფერი გამოუვა. მოხედეთ ხაშურს, ვიძირებით ჭაობში, უკვე 25 წელია, 10 კაცი წყვეტს აქ ხალხის ბედს. არ მოვიდა დრო, ამ ქალაქში რაიმე შეიცვალოს სიკეთისკენ? ვიცი, ამ სტატიის მერე უფრო მეტ მტერს გავიჩენ, მაგრამ რა ვქნა? მე თუ რამე დამემართა, ეს ნაძირალები იქნებიან დამნაშავეები. მე არც ერთის მხარდამჭერი არ ვარ და აქ რაც დავწერე, სრული სიმართლეა. მთელი ხაშური ამას საუბრობს და რეალობაც ესაა. არ ეღირსა ხაშურს ნორმალური კანდიდატი, დაგვღალეს ამ დრომოჭმულმა და კომუნისტური იდეოლოგიის გადმონაშთმა ავანტიურისტებმა. ასე იყიდება ყველა და ყველაფერი ხაშურში. ჩვენთან საარჩევნო საბაზრო ეკონომიკა ყვავის.

 

                                                                                                             გიორგი მეფარიძე