საპარლამენტო ქალაქის გაურკვეველი მომავალი

k1

საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“, სხვა საკითხებთან ერთად, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა დააანონსა.

ამჟამად მოქმედი კონსტიტუციის მე-3 თავის მე-4 მუხლში ვკითხულობთ:

1. პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.

2. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლა სხდომის, ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობების დროს. პარლამენტის ადგილსამყოფლის დროებით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას პლენარული სხდომების კვირაში იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში _ საქართველოს პრეზიდენტი.

„ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული განცხადების თანახმად კი აღნიშნულ ჩანაწერს შეცვლა ელოდება, რაც ქუთაისს საბოლოოდ დაუკარგავს შანსს, შეინარჩუნოს სტატუსი, რაც მისი განვითარების სერიოზულ პერსპექტივებს სახავდა.

ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა 300 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა. იგი ესპანელი არქიტექტორის, ალბერტო დიეგოს პროექტის მიხედვით აიგო. 4200 კვ.მ-ზე არსებულ ფართში 270-მდე კაბინეტი და რამდენიმე საკონფერენციო დარბაზია განთავსებული. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და იქ სამუშაოდ მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი. თუ დღეს ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდებით, თვალში მოგხვდებათ ამოვარდნილი და დამსხვრეული ფილები, დაჟანგული ძელსკამები, სამშენებლო ნარჩენები და მოუწესრიგებელი მწვანე საფარი. გასული 4 წლის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს ირგვლივ არაფერი გაკეთებულა. რჩება შთაბეჭდილება, რომ დახარჯული მილიონების წყალში გადაყრა არც არავის აღელვებს.

მმართველი გუნდი მთელი 4 წელი ოცნებობდა დედაქალაქში გადაბარგებაზე და ამისთვის სხვადასხვა ვერსიას სთავაზობდა საზოგადოებას. ჩვენი ზოგიერთი კანონმდებელი მიიჩნევდა, რომ პარლამენტი ახლოს უნდა იყოს ხალხთან. ეს ის შემთხვევაა, როცა ვამბობთ ხალხს და ვგულისხმობთ თბილისს. ამ „არგუმენტმა“ საზოგადოების იმ ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რომლიც ფიქრობს, რომ ქუთაისში, ბათუმში, ბოლნისსა თუ ასპინძაში ხალხი ცხოვრობს და თბილისის მსგავსად ისინიც საქართველოს მოქალაქეები არიან. საკანონმდებლო ორგანოს გადატანის მსურველები მთავრობასთან კომუნიკაციის სირთულეებზეც საუბრობდნენ. უბრალოდ, დაავიწყდათ, რომ XXI საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიების არსებობის პირობებში, კომუნიკაცია პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. არც იმ მიზეზმა იმუშავა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ტერიტორია, სადაც შენობაა აღმართული, რადიაციულია. ეს უსუსური ვერსია სპეციალისტების მიერ კვლევის ჩატარების შემდეგ გაქარწყლდა. ამ და სხვა მრავალი მიზეზის მიუხედვად „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის შესაბამისი რაოდენობის მხარდამჭერთა არარსებობის გამო ქუთაისიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანა ვერ მოახერხა და დეპუტატებმაც „გადასახლების“ პერიოდს „გმირულად“ გაუძლეს.

საარჩევნო კამპანიის დროს ჟურნალისტები (და არა მარტო ისინი) ინტერესდებოდნენ, „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატები დაუჭერენ თუ არა მხარს პარლამენტის თბილისში გადატანას? მათ ხმამაღლა განაცხადეს, რომ აღნიშნულ ცვლილებას არ მიესალმებიან. ეს პოზიცია მედიასთან შეხვედრისას კობა ნარჩემაშვილმა დაადასტურა, რომელიც მანდატის მოსაპოვებლად ქუთაისის 49-ე საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ გიგი წერეთელს მეორე ტურში დაუპირისპირდება.

„პარლამენტი მშვენიერ ადგილზეა ქუთაისში, ჩემი აზრით, ქალაქში, რომელიც ისტორიულად არის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური ცენტრი. ჩემი ოპონენტების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, _ თუ გსურთ, რომ თქვენი საარჩევნო კამპანია იმაზე ააგოთ, რომ ქუთაისიდან გადააქვთ პარლამენტი, მინდა გითხრათ, რომ თქვენ შეცდომაში შეიყვანთ ამომრჩეველს. ძალიან მკაფიოდ რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის და უმრავლეოსაბა არ დააპირებს ხელის გადაგრეხით მოქმედებას და თუ ქუთაისელ ხალხს სურს, პარლამენტი იქ იყოს, პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს!“ _ აცხადებს ნარჩემაშვილი და დასძენს, რომ 3-4 წელიწადში ქუთაისი სულ სხვა შესაძლებლობების ქალაქი გახდება. ნარჩემაშვილისვე თქმით, რამდენიმე დღის წინათ პრემიერის საზოგადოებასთან გამართულმა შეხვედრამ მას განცდა გაუჩინა და გარანტია იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ იქნება და თუკი ეს საკითხი დაისმება, ის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ნარჩემაშვილი 99,9%-ით დარწმუნებულია, რომ კანონმდებლებს აღნიშნულის განხილვა არ მოუწევთ.

რთული წარმოსადგენია, რამდენად გამართლდება კობა ნარჩემაშვილის სიტყვები და შეუნარჩუნებს თუ არა „ქართული ოცნება“ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსს? ყოველი შემთხვევისთვის, აღნიშნულს ეჭვის თვალით უყურებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი და ნარჩემაშვილის კონკურეტნტი გიგი წერეთელი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ უფლებამოსილ პირებს მოუწოდებს, განცხადება გააკეთონ, რომლითაც მმართველი გუნდის კანდიდატის მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას დაადასტურებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წერეთელი მიიჩნევს, რომ ნარჩემაშვილი ან არ იზიარებს „ოცნების“ აზრს, ან ამომრჩევლებთან ტექნიკურ სვლას აკეთებს.

 

იმის გასარკვევად, თუ რატომაა ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსის შენარჩუნება მნიშვნელოვანი და რას დაკარგავს ქალაქი „ოცნების“ იდეის განხორციელების შემთხვევაში, „ქრონიკა+“  საზოგადოების იმ წარმომადგენლებს გაესაუბრა, რომლებიც პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის მოწინააღმდეგეთა შორის არიან.

 

ქეთევან ბერძენიშვილი _ არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებებისა და განათლებისათვის“:

_ ქუთაისის, იმერეთისა და დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის განვითარება პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება მოხდეს. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანა სწორედ ამ იდეას ემსახურებოდა. დღეს, თანამედროვე ეპოქაში, როდესაც წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესებულია ინტერნეტ ტექნოლოგიები, უსუსურად მეჩვენება ხელისუფლების წარმომადგენლებისგან იმის გაცხადება, რომ პარლამენტისა და მთავრობის წევრებს თუ გეოგრაფიულად ერთ არეალში არ ექნებათ შეხვედრა, ისინი ვერ შეძლებენ კომუნიკაციას. თურმე, შეუძლებელი ყოფილა ქუთაისში უცხოური დელეგაციების მასპინძლობა; რომ პარლამენტი და მთავრობა უნდა იყოს ერთად. მინდა, მათ შევახსენო, რომ ინტერნეტი საშუალებას იძლევა, არა მარტო სოციალურ ქსელში ვაფიქსიროთ მოსაზრებები და უბრალოდ გავერთოთ, არამედ დისტანციურადაც დამყარდეს კომუნიკაცია. არა მგონია, მართებული იყოს მათი მხრიდან იმ არგუმენტებზე აპელირება, რომ ამის გამო საქმიანობაში ხელი ეშლებათ.

დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდება ქალაქიდან მიგრაციის პროცესი. ახალგაზრდებს კიდევ უფრო ნაკლებად ექნებათ რწმენა, რომ შეძლებენ შექმნან საკუთარი მომავალი აქ. ბიზნესი, რომელიც თანდათან ფეხს იკიდებდა, ვეღარ იქნება განვრცობადი. იმაზე საუბარი, რომ აქ შეიქმნება საუნივერსიტეტო ცენტრი და ეს გადაარჩენს ქალაქს, ცოტა ბუნდოვანი და, ამავე დროს, ძალიან შორეული მომავლის პერსპექტივა მგონია. ამ პროექტის განხორციელებაც ვერ ჩაანაცვლებს საპარლამენტო სტატუსის არსებობას. დეპუტატებმა არა მარტო პირად კეთილდღეობაზე უნდა იზრუნონ, არამედ ქუთაისისა და სხვა ქალაქების განვითარებაზეც. თბილისი, რომელიც შიდა მოგრაციის შედეგად გადატვირთულია მოსახლეობით, სატრანსპორტო საშუალებებით და, ამვე დროს, სხვადასხვა უწყებით, ყალიბდება, როგორც ქალაქი-სახელმწიფო. იგი იზრდება, მაგრამ მხოლოდ ქვეყნის სხვა ქალაქებისა და სოფლების ხარჯზე. თავად თბილისელთა დიდი ნაწილიც ხვდება, რომ რეგიონების მცხოვრებთა მასობრივი მიგრაცია დედაქალაქს მხოლოდ პრობლემებს უქმნის. ქვეყნის პირველ ქალაქს არაფერი აკლდება, თუ საკანონმდებლო ორგანო იქ არ იფუნქციონირებს, ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოს კი ეს ნამდვილად წაადგება. ძალიან მაინტერეებს, პარლამენტის გადატანის შემთხვევაში რას უპირებენ შენობას, რომლის ფუნქციური დატვირთვა სხვა მიზნებით ნაკლებად წარმოსადგენია? აღნიშნული შენობა მოწყობილია კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოსთვის და მისი, როგორც სასწავლო დაწესებულებად, ან სხვა სახით გამოყენება, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივად აზროვნება მნიშვნელოვანია და უნდა გამოვიდეთ არა პირადი კომფორტიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან. იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ქუთაისისთვის საზიანო გადაწყვეტილებას და პროცესის ინიცირებით ქალაქის კვდომის მიზეზი არ გახდება.

 

გიორგი თევდორაძე _ პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:

_ ქუთაისის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მისი ფუნქცია. ეს არის საკითხი, რომელიც ახალი ნამდვილად არ გახლავთ და ამასთან დაკავშირებით უამრავი ავტორიტეტული ადამიანისა და რიგითი ქუთაისელის გულის წყვეტა და პრეტენზია მოგვისმენია. ასევე თვალში საცემია ქალაქში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონი, რის გამოც ახალგაზრდობა მას პერმანენტულად ტოვებს. გარდა იმისა, რომ საპარლამენტო ქუთაისის არსებობის შემთხვევაში კონკრეტულად არის გარკვეული მისი პერსპექტივა, მომავალი და განვითარების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქი იქნება ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი, ეს ფუნქცია ასევე სერიოზულად არის მიბმული ეკონომიკასთან. მარტივად რომ ვთქვათ, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მზად იქნებიან, განახორციელონ ინვესტირება, გაცილებით მეტი იქნება საპარლამენტო სტატუსის პირობებში, ვიდრე ბუნდოვანი მომავლის მქონე ქალაქის არსებობის შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო ფუნქციის ქუთაისი ეს არის ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი, რასაც მოჰყვება სამუშაო ადგილიები, თვითრეალიზებს მეტი შანსი, რაც მოსახლეობისთვის, მათი დუხჭირი ყოველდღიურობის პირობებში, მნიშვნელოვანი შველა იქნება. რაც მთავარია, ყველაფერ ამით შევაჩერებთ უმნიშვნელოვანეს ფატალურ პროცესს _ ქალაქიდნ ინტელექტის გადინებას.

დღეს მოსახლეობას ეუბნებიან, რომ პარლამენტში ყველა ვერ დსაქმდება და შესაბამისად, ის ვერ შექმნის ფონს ქალაქში. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით საკითხის დაყენება მცდარია და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. ქუთაისისთვის საპარლამენტო სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ დასაქმების ადგილი საკანონმდებლო ორგანო იქნება. სტატუსი ნიშნავს ბევრ ინვესტორს, მძლავრ კერძო სექტორს და იმას, რომ სამუშაო ადგილები შეიქმნება არა პარლამენტში, არამედ საკანონმდებლო ორგანოს აქ არსებობის პირობებში. ბიზნესის დაინტერესება საპარლამენტო ქუთაისით გაცილებით მეტადაა შესაძლებელი, ვიდრე ქალაქით, რომელსაც არ გააჩნია თავისი კონკრეტული პერსპექტივა.

_ პარლამენტის გადატანის შემთხვევაში რა მესიჯს მიიღებს ქალაქი?

_ თუკი „ოცნებამ“ შეძლო და მართლა გადაიტანა პარლამენტი ქუთაისიდან, ეს იქნება იმის მესიჯი, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ აინტერესებს რეგიონული განვითარება, დეცენტრალიზაცია. იგი კვლავ რჩება თბილისის მონოცენტრიზმის მომხრედ, რაც 90-იანი წლებიდან განსაკუთრებით იკვეთება და ამის გამო, პრაქტიკულად, მხოლოდ და მხოლოდ, დედაქალაქი განვითარდა. საზოგადოება უკვე შედარებას აკეთებს და თავკომბალას უწოდებს მას. პრაქტკულად, სცენარის ასე განვითარება ნიშნავს იმას, რომ იმერეთსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს განვითარების არანაირი პერსპექტივა არ ექნება და ქუთაისში დაიწყება შეუქცევადი კვდომის პროცესი, რაც ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა აწყობდეს.

მონოცენტრიზმის პირობებში თბილისიც ვერ ვითარდება. დედაქალაქში მეტი ჩასული ადმაინი ჩნდება, მეტადაა გაჯერებული ადამიანიური რესურსით, რაც, ბუნებრივია, ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქ ცხოვრებას კომფორტულს ნამდვილად არ ხდის. რაც უფრო ბევრი კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ცენტრი იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტად განვითარდება პროცესები და გვეყოლება მეტი განათლებული, გემოვნებიანი, მომავალზე ორიენტირებული ადამიანი. ეს ყველაფერი არის ქვეყანაში სოციალ-ეკონომიკური წინსვლის წინაპირობა. „ქართული ოცნების“ იდეის განხორციელების პირობებში არა მარტო ქუთაისი დარჩება წაგებული, არამედ რეგიონებიც და რაც მთავარია, დედაქალაქი, რომლის კეთილი მომავალი, რომლის ავ-კარგი დამოკიდებულია სწორედ რეგიონების განვითარებაზე. შეუძლებელია განვიხილავდეთ ცალკე განვითარებულ თბილისს, თუკი არ განვითარდება ბოლნისი, რუსთავი, ზუგდიდი თუ ქუთაისი. იმის მცდელობა, რომ დედაქალაქში უნდა გავაკეთოთ უყველაფრის აკუმულირება, მცდარი შეხედულებაა და სწორედ სნობიზმს უკავშირდება, _ პარლამენტის წევრებსა და იქ მომუშავე ადამიანებს არ უნდათ ვერა-ვაკის დათმობა. მათ არ შეუძლიათ მნიშვნელოვან მენტალურ, სტერეოტიპულ ბარიერს გადააბიჯონ და იფიქრონ, რომ სადმე სხვაგანაც შეიძლება ჩვეულებრივად იმუშაო, იღვაწო და ქვეყნის განვითარებას შეუწყო ხელი.

_ რამდენად სერიოზულად აღიქვამთ კობა ნარჩემაშვილის განცხადებას, რომ ის მხარს დაუჭერს პარლამენტის ქუთაისში დარჩენას?

_ ხელის აღებით არ შემიძლია, ვინმეს გულწრფელობაზე და პიროვნულ ღირებულებებზე ვისაუბრო, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში კობა ნარჩემაშვილი, მსგავსად მისი ბევრი თანაგუნდელისა, არაგულწრფელია. როცა დაინახეს, რომ შანსი აქვთ საკონსტიტუციო უმრვალსობით მოსვლისა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ნათლად განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების თვალსაზრისით განიხილება, ეს იქნება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნება. ასე რომ, ეს იაფფასიანი წინასაარჩევნო პოპულიზმია, რომელიც დღეს მეორე ტურში გასულ კობა ნარჩემაშვილს სჭირდება. ეს არ არის გულმხურვალე მამულიშვლისა და ქვეყნის მომავალზე დაფიქრებული იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც შეეწინააღმდეგება საკუთარ პარტიას და დინების აღმა წავა იმისთვის, რომ ქუთაისს რეალური მომავალი ჰქონდეს. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

 

ხათუნა ცანავა _ „ქუთაისის ქალთა კლუბი“:

_ ქუთაისში პარლამენტის არსებობა ხელს შეუწყობს სოციალურ-პოლიტიკური, სამხედრო, დემოგრაფიული, ეკონომიკური და ქვეყნის სხვა სიძლიერის განმსაზღვრელი ფაქტორების გააქტიურებას. ქვეყანაში, სადაც ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, მხოლოდ ცენტრის განვითარებაზე ორიენტაცია კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყნის სტრატეგიულ პოზიციებს. პარლამენტის ქუთაისში ფუნქციონირება გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ ამ რეგიონში და კერძოდ კონკრეტულ ქალაქში მცხოვრებთა კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ეთნიკური ერთგვაროვნებით გამორჩეულ სახელმწიფოში არც ისე ძნელია დამკვიდრებული მანკიერი საბჭოური მართვის მექანიზმების რღვევა, ამის გამოცდილება ქართულ სახელმწიფოს უკვე აქვს. ეროვნული სულის შესანარჩუნებლად და სოციალური ინტეგრაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია სწორედ რეგიონული განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება. თუ საპარლამენტო სტატუსით ვერ შეძლო ქალაქმა და რეგიონმა ფუნქციონირება, საუნივერსიტეტო და საგანმანათლებლო სტატუსით ქუთაისის წარმოდგენა კიდევ უფრო ნაკლებად დამაჯარებელი აღმოჩნდება.

რეგიონის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის რეალიზაციისთვის პარლამენტის ადგილსამყოფელის ქუთაისში განსაზღვრა უალტერნატივო გადაწყვეტილებაა.

თუ თანამედროვე ქართული საზოგადოება ერთიანდება დემოკრატიული იდეებით, ალბათ იმ მოსაზრებასაც უნდა ეთანხმებოდეს, რომ ქვეყნის ყველა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული რესურსი მხოლოდ ერთ კონკრეტულ სივრცეში არ უნდა განთავსდეს. საკანონმდებლო ორგანოს  ადგილმდებარეობა არ ნიშნავს დეცენტრალიზაციას, ვინაიდან ამ ფორმით არ ხდება რაიმე საჯარო ხელისუფლების გადაცემა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. შესაბამისად, მთავრობასთან და სხვა სახელისუფლებო ორგანოებთან და უწყებებთან სათანამშრომლოდ რაიმე ძირეული ცვლილებები არ არის საჭირო. როდესაც საუბრობენ სირთულეებზე, შეიძლება წარმოვიდგინოთ გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები. თუმცა თუ ამ ყველაფერს დავუპირისპირებთ საკუთარი მოსახლეობისთვის საჯარო სივრცეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, შესაბამისად ყველა ადმინისტრაციული ხარჯი და ტრანსპორტირებისთვის დახარჯული დრო ბათილია.

ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ქალაქმა სხვა ფუნქცია ასე მოკლე დროში შეიძინოს. სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ სიკეთეები (ქალაქის ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, ახალი სერვისების განვითარება, ტურისტული გარემოს გაუმჯობესება), რომელიც პარლამენტის გადმოტანას შეიძლება მოეტანა რეგიონისთვის, ხელოვნურად შეზღუდეს და სრულად არ გამოიყენეს. რესურსების ბლოკირებამ ქალაქის პოტენციალის ზრდას  საგრძნობლად შეუშალა ხელი.

 

ახალი მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე არცთუ ისე დიდი დრო დარჩა. შესაბამისად, მალე გაირკვევა,  ქართველი პარლამენტარები     რუსთაველის პროსპექტზე აღმართულ შენობაში საქმიანობას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, თუ ქუთაისისთვის შანსის მიცემას? ბუნებრივია, საპარლამენტო სტატუსი ქალაქს, რომელმაც ქვეყნის ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულა, სასიცოცხლოდ სჭირდება. არსებული სტატუსის საპირწონედ შემოთავაზებული ვარიანტები კი მხოლოდ ცრუ იმედებია და სხვა არაფერი. ნუ დაგვავიწყდება, რომ დასუსტებული და დაცარიელებული ქუთაისი არა მარტო ამ ქალაქის მცხოვრებთა პრობლემაა.

 

                                                                                                          ხვიჩა ვაშაყმაძე