რატომ დატოვა „არემჯი გოლდის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ თანამდებობა და პროფკავშირების რიგები?

t1

კომპანია „არემჯი გოლდის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ, ჯონი რთველაძემ, თანამდებობა და პროფკავშირების რიგები დატოვა. როგორც ოქროს მომპოვებელ კომპანიაში განაცხადეს, რთველაძე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილსა და მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტ თამაზ დოლაბერიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლად მიიჩნევს. მათივე ინფორმაციით, „არემჯი გოლდის“ პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კომპანია „არემჯიში“ დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო პროფკავშირების რიგები. ჩემთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და საბოტაჟის მოწყობის მცდელობა, რასაც ეწევიან პეტრიაშვილი და დოლაბერიძე. ისინი თავიანთი ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსგავსებიან, რასაც ვემიჯნები. ვტოვებ პროფკავშირების რიგებს, რადგან მიმაჩნია, რომ პროფკავშირები არ უნდა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია“, _ განაცხადა რთველაძემ.

„ქრონიკა+“-ს ამ თემაზე ესაუბრება საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე:

_ ბატონო თამაზ, რატომ დატოვა კომპანია „არემჯი გოლდის“ პროფკავშირების თავმჯდომარემ, ჯონი რთველაძემ თანამდებობა?

_ რა მიზეზიც მან პრესკონფერენციაზე დაასახელა, არარეალური და აბსურდულია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო მის მიერ მოფიქრებული, არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, ეს გაეკეთებინა. ფეისბუქით მასთან ბოლო საუბარი მიმდინარე წლის 30 სექტემბერს მქონდა, ანუ ერთი კვირით ადრე, ვიდრე პრესკონფერენციას გამართავდა. ხანმოკლე საუბარი შედგა ჩემსა და მას შორის. მოვიკითხეთ ერთმანეთი, ოჯახები და ასევე თითო წინადადებით შემოვიფარგლეთ ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ მას რაიმე მსგავსი არც პირდაპირ და არც მინიშნებით არაფერი უთქვამს. მისი პრესკონფერენცია დაგეგმა კომპანიის ადმინისტრაციამ და ჯონი რთველაძე, სამწუხაროდ, დაიყოლიეს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მას ირაკლი პეტრიაშვილის დისკრედიტაცია მოეხდინა. რამდენადაც იცით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის გადაწყვეტილებით ირაკლი პეტრიაშვილი კენჭს იყრიდა ისნის რაიონის ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის დასახლების მე-8 მაჟორიტარულ ოლქში, როგორც დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი. და თუ რის ფასად დაიყოლიეს ჯონი რთველაძე, ამის გამოცნობა თქვენთვის მომინდვია.

ჯონი რთველაძე იყო პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერი, რომელსაც არ უშვებდნენ ქარხნის ტერიტორიაზე, რომელზეც ხორციელდებოდა თვალთვალი და დევნა კომპანიის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან. ამ ფაქტების შესახებ ინფორმირებული გვყავდა პრემიერ-მინისტრის აპარატი, სახალხო დამცველის აპარატი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ პროფკავშირსა და კომპანიას შორის მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი და კომპანიამ, უბრალოდ, თავისი მრავალნაცადი ხერხი გამოიყენა. იგი, როგორც ყოველთვის, ცდილობს საქართველოს პროფკავშირებისა და დარგობრივი პროფკავშირების ლეგიტიმაციის ხარისხი შეასუსტოს, რეპრეზენტაციულობის ხარისხის შემცირების ხარჯზე. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ჯონი რთველაძის პრესკონფერენციის ჩატარებისა და მის მიერ გაკეთებული განცხადებების რეალური მიზეზი.

_ ჯონი რთველაძე პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილს და თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებლად მიგიჩნევთ, როგორია ამაზე თქვენი პასუხი?

_ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, ვფიქრობ, ყველაზე აპოლიტიკური ორგანიზაციაა ქვეყანაში და ეს ყველაზე კარგად ჯონი რთველაძემ იცის. იგი საკმაოდ კარგად იცნობს პროფკავშირის შიდა სამზარეულოს და თავადაც ამ სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი იყო. ჯონი რთველაძე ინტენსიურად მონაწილეობდა საქართველოს პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ არა მარტო აქტივობებში, არამედ ზოგიერთი აქტივობისა და სტრატეგიული პროგრამის დაგეგმვაშიც. მან ზუსტად იცის, რომ არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთან, პარტიასთან, ბლოკთან თუ პოლიტიკოსთან არაფერი გვაკავშირებს. მეტიც, 2014 წლის კაზრეთის გაფიცვის დროს ჯონი რთველაძე ჩემთან ერთად მონაწილეობდა აქტივობებში, რომელთა საშუალებითაც ვცდილობდით გაფიცვის პროცესისთვის ჩამოგვეშორებინა პოლიტიკურ ქულებზე მონადირე პარტიები და პოლიტიკოსები; რომელთა ჩართულობასაც მუშათა გაფიცვა გადაჰყავდა არაპროგნოზირებად პოლიტიკურ პროცესებში, რაც გაფიცვის საბოლოო შედეგებისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

_ „არემჯი გოლდის“ პროფკავშირების ყოფილი თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ პეტრიაშვილი და დოლაბერიძე კომპანია „არემჯიში“ დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობდნენ, რაც მისთვის მიუღებელია…

_ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: კომპანიასთან მედიაციის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ჩვენ ამ პროცესს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია რთულად მიმდინარეობს და, ჯერჯერობით, უშედეგოდ, მიგვაჩნია, რომ საქართველოში სხვა მექანიზმი დამსაქმებელთან სოციალური დიალოგის საწარმოებლად არ არსებობს. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ წერილობითი ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ როგორ ეკიდება საქართველოს პროფკავშირი მედიაციის პროცესს და ჩვენ ჩაგვიდენია თუ არა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლიდა მედიაციას. რთველაძეს არ დაუსახელებია ამის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი და ვერც დაასახელებდა, რადგან დესტაბილიზაციას რომ თავი დავანებოთ, არ გაგვიკეთებია განცხადებაც კი კომპანიის წინააღმდეგ და ეს, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო, რომ მედიაციისთვის არ შეგვეშალა ხელი. კომპანიამ კი ჩვენს ამ დამოკიდებულებას რითაც უპასუხა, თავადაც ნახეთ.

_ „არემჯი გოლდში“ რა პრობლემებზე საუბრობთ პროფკავშირები და რა გახდა ამ ტიპის განცხადებების საფუძველი?

_ კომპანიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს იმედის თვალით ვუყურებდით, რადგან მედიაციის პროცესში ჩვენ და ადმინისტრაციის დირექტორი კახა ჟღენტი შევხვდით მედიატორის თანდასწრებით. შეხვედრა შრომის სამინისტროში გაიმართა და მხარეები ურთიერთანამშრომლობის წინასწარგანზრახულობების შესახებ შევთანხმდით. თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აპირებენ ხელფასების მომატებას, საშუალოდ, 100-100 ლარით და კვების ობიექტის სადღეღამისო მუშაობის ორგანიზებას მაქსიმალური დოტაციით. მან მოგვცა პირობა, რომ პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები აღარ მოხდებოდა და უახლოეს მომავალში განვაახლებდით საუბარს ჯონი რთველაძის საწარმოს ტერიტორიაზე შესვლისა და წევრებთან კონტაქტის საშუალების მიცემასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრის შემდეგ კახა ჟღენტი კომპანიიდან წავიდა და მედიატორმა გვირჩია, გავსულიყავით გენერალურ დირექტორზე და მასთან გვეწარმოებინა მოლაპარაკებები. სწორედ ეს ვთხოვეთ ჯონი რთველაძეს, რომ მუდმივი კონტაქტი ჰქონოდა დირექტორის ასისტენტთან, რათა მომხდარიყო შეხვედრის ორგანიზება. საბოლოო ჯამში, პრობლემები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: „არემჯი“ არის კომპანია, რომელმაც საწარმოში დასაქმებულებს წაართვა საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო კონვენციებით და ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული პროფკავშირის წევრობის უფლება. კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განახორციელეს დევნა, ზეწოლა, იძულება და მუქარა პროფკავშირის ადგილობრივ ლიდერებსა და აქტივისტებზე, რითაც დაარღვიეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 კონვენცია. კომპანიამ არ შეასრულა 2014 წლის თებერვლის გაფიცვის დროს პროფკავშირთან დადებული შეთანხმება. კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის ფარგლებში არ არსებობდეს პროფკავშირი, როგორც მისგან დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რითაც არღვევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #98 კონვენციას. კომპანია, რომლის პროფილიც მხოლოდ წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავებაა, ცდილობს, გავლენა იქონიოს დაბა კაზრეთში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებზე, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის გზით ცდილობს დასახლების სრულ უზურპაციას. ეს ყველაფერი მას სჭირდება, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ კაზრეთში არ არსებობდეს არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოებრივ საწყისებზე გააკონტროლებს შრომის უსაფრთხოების, შრომით-სამართლებრივ, დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობისა და ჰიგიენურ მდგომარეობას და ასევე დააკვირდება კომპანიის მიერ წარმოებული მოპოვებითი და გადამამუშავებელი პროცესების გარემოზე ზემოქმედების ხარისხს.

_ რა არის გამოსავალი სიტუაციის გასაუმჯობესებლად?

_ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, ისევე როგორც ყოველთვის, კვლავ აღიარებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დანერგილი სოციალური დიალოგის სტანდარტის უალტერნატივობას და მომხრეა, ამგვარი საკითხები წყდებოდეს სოციალური პარტნიორობის ფორმატით. ჩვენს ამ ინიციატივებს არაღირსეულად პასუხობს კომპანია და ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ ქვეყანაში შესაბამისი ინსტრუმენტები და მექანიზმები საკანონმდებლო დონეზე ძალიან მწირია. არ არსებობს შრომის დაცვის ისპექცია, შესაბამისად, სამუშაო ადგილებზე მაღალია პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტები. არ მუშაობს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი სახელმწიფო კომისია, შესაბამისად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სოციალური დიალოგის სტანდარტის დანერგვა ვერ ხერხდება საწარმოების დონეზე. პრობლემას ქმნის ის, რომ კომპანიები მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ფინანსურ, თუ კორპორაციულ სიძლიერეს, როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე სახელშეკრულებო პერიოდში, რაც ცალსახად იწვევს უფლება-მოვალეობათა დისბალანსს შრომით პროცესებში. ყოველივე ზემოთქმულიდან გამოსავალი არის ის, რომ ხელისუფლებამ, მთავრობამ, ერთხელ და საბოლოოდ უნდა აიღოს ვალდებულება და სხვადასხვა ძალისა და ინტერესების მქონე საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობები დააბალანსოს. ამისთვის კი უნდა შექმნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი მექანიზმები.

 

ბრალდებებს პასუხობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი პეტრიაშვილი:

_ მე ვპასუხობ კომპანია „არემჯი გოლდს“ და არა ამ კომპანიის აწ უკვე ყოფილ პროფკავშირების თავმჯდომარეს, ჯონი რთველაძეს, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელობამ პროფკავშირების გაერთიანებისა და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობისთვის ძალიან უნიჭოდ გამოიყენა. ჩემთვის ცნობილია, რომ რთველაძის განცხადებას მედიასაშუალებებს გასავრცელებლად სწორედ „არემჯი გოლდის“ პრესსამსახური უგზავნის. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი კომპანია „არემჯი გოლდს“, რომ კიდევ ერთხელ მომცა საშუალება, როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატს, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის საშუალებით დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია, თუ რისთვის გადავწყვიტე პროფკავშირებიდან პარლამენტში წასვლა. სწორედ „არემჯი გოლდის“ მსგავსი სახელისუფლებო კარის ბიზნესკომპანიების წინააღმდეგ ვიბრძოლებ, რომლებიც წინა ხელისუფლებისა და ამ ხელისუფლების პირობებშიც უხეშად არღვევენ დასაქმებულთა შრომის უფლებებსა და უსაფრთხოების ნორმებს. შევახსენებ მათ, რომ „ხელისუფლებასთან მოგვარებული ბიზნესი“ არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებში მომუშავე პერსონალმა მონურ პირობებში უნდა იშრომოს. სანამ ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებში ჩხრეკას დაიწყებენ, კომპანია „არემჯი გოლდს“ მინდა შევახსენო, რომ მათგან განსხვავებით, არასდროს არ დამჭირვებია კუდის ქიცინი არც ერთ ხელისუფლებასთან და დასაქმებულთა უფლებებისთვის ბრძოლისას არასოდეს წავსულვარ კომპრომისზე.

                                                                                                                               გელა მამულაშვილი