სოსოს უნარები

n2

სოსოს უაზრობა, შეუსაბამობა, ჩმახი, მიკიბ-მოკიბული, მიეთ-მოეთი, ლაყაფი, მიქარვა, ლათაია, მიედ-მოედება, როტვა, როშვა, ალთა-ბალთა, აჭია-ბაჭია, აჩა-ბაჩა, ტარტარი, დომხალი, უთავბოლობა, დაულაგებლობა, თავმოუბმელობა და აბდაუბდა მოღვაწეობა დასასრულს უახლოვდება!

რა მოგვცა გოგაშვილის მოღვაწეობამ 2012 წლის მერე?.. რა არის მისი მთავარი მიღწევა ცხოვრებაში და რით არის სოსო სხვებისგან გამორჩეული? მიუხედავად იმისა, რომ დედოფლისწყაროში განსაკუთრებული უპირატესობით მოიგო „ოცნებამ“, ერთი ხმა მაინც დაკარგა და ისიც გოგაშვილების ოჯახიდან.

ინკოგნიტო:

_ არჩევნები განსაკუთრებული დღესასწაული აღმოჩნდა ჩვენს რაიონში, თავად სოსო ჩამოვიდა, მღებრიშვილის მოადგილე ხუციშვილი და ღარიბაშვილი ხომ აქ გვყავდა და გვყავდა.

_ როგორ ჩაიარა არჩევნებმა?!

_ მშვიდად, ვის ჰქონდა უფლება, ხმა ამოეღო და თავისი გულის ნადები ეთქვა? აქ ისევ ბნელა, ისევ „ოცნების“ კლონირებულია ყველა და ისევ საბჭოთა კავშირია. რასაც იტყვიან ეს ცეკას გენერლები, ისე უნდა მოხდეს. მაგრამ დააშინეს რამდენიმე ოჯახი. მალე რამდენიმეს სამსახურიდანაც გამოუშვებენ.

_ ვის?

_ არ მინდა, მათი თხოვნით წინასწარ რამე ვთქვა, თავად გაიგებთ… ერთი უტყუარია, ქვემო ქედის სკოლის დირექტორს რომ გამოუშვებენ, ეგ ვიცი…

_ არჩევნებზე აქტივობა იყო?

_ ვის ჰქონდა უფლება, „ოცნების“ „რაფი“ რომ მიადგებოდა კარზე, არ წასულიყო არჩევნებზე? ზემო მაჩხაანში ხალხი პირწმინდად მივიდა არჩევნებზე. თქვენ რომ დაწერეთ, გახსოვთ, სოსო სამეგრელოში შეხვდება არჩევნებსო? აქ რომ ჩამოვიდა, თავის საძმოს ეუბნებოდა, _ აქ ჩამოსვლას არ ვგეგმავდი, საქმე იქით მაქვს, მაგრამ დამავალეს, რომ იქით არ უნდა გამოვჩენილიყავი, ამიტომ ისევ აქ ვარო.

_ ვინღა ავალებს?

_ ეგ არ ვიცი. მე ის ვიცი, რომ არასამთავრობოებმა გოგაშვილის დედას არჩევნებზე მისულს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. მის პირადობას ვადა ჰქონდა გასული, ახალი აღებული არ ჰქონდა. წავიდა მერე, ზუსტად ოთხჯერ მოვიდა, ბოლო მოსვლაზე საარჩევნო უბანზე უთქვამს, _ სოსოს დედა ვარ, რად მინდა პასპორტი, ან აქ ფოტოზე სხვანაირი ვარო? მაგრამ მაინც დაკარგეს ერთი ხმა.

_ საღამოს ვნახე შტაბში.

_ კი, მაგრამ გოგაშვილი იქ არ იყო, თამაზაშვილს ხვდებოდა. როგორც იქნა, შეხვდნენ ერთმანეთს. ისევ ვერ იყოფენ მექანიზაციის ცენტრს და თავის კადრებს ზოგი აქედან ტენის, ზოგი _ იქიდან. იცით, რომ ვერ გიტანთ?!

_ ვის?

_ თქვენ!

_ რატომ? მე რა დავუშავე?

_ რა ვიცი, არ ასვენებთ და იმიტომ.

 

ჰოდა, იმედი მაქვს, სოსო დაისვენებს ამ არჩევნების მერე და მორჩება აბდაუბდას.

პოლიტიკური კვლევების სპეციფიკური სფერო, რომელიც გულისხმობს ადამიანთა ჯგუფების პოლიტიკური განწყობის ჩამოყალიბების სპეციფიკას, სხვადასხვა პოლიტიკურ სიტუაციაში ადამიანთა ქცევებისა და პოლიტიკურ ორგანიზაციებში პიროვნებათშორისი ურთიერთობების მორალურ-ფსიქოლოგიური მხარეების ანალიზს. ცალკე კვლევების სფეროდ გამოიყოფა საარჩევნო მასობრივი პოლიტიკური ფსიქოლოგია, იმ ფსიქოლოგიური ასპექტების ბუნება, რომელიც ძირითად როლს ასრულებს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე.

ხალხის ნების გამოხატვის შესაძლებლობა არჩევნებია. მოქალაქეები აკეთებენ პოლიტიკურ არჩევანს, რის საფუძველზეც მიიღწევა შეთანხმება სახელმწიფო მართვა-გამგეობის, მისი კურსისა და ამ კურსის შემსრულებლების შესახებ.

უდავოა არჩევნების უდიდესი მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში, თუმცა საინტერესოა, რა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორები განაპირობებს მოქალაქეთა პოლიტიკურ არჩევანს? ხმის მიცემის თემატიკას და პოლიტიკური არჩევანის გაკეთების წინაპირობებს აქტიურად შეისწავლის პოლიტიკური ფსიქოლოგია.

ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ლოგიკურია მსჯელობა, რომ მასზე ზემოქმედებს გარემო, ეკონომიკური მდგომარეობა, კულტურული წარსული და აწმყო, პოლიტიკური მდგომარეობა, განათლება, რეკლამა და სხვ., მაგრამ აბსოლუტური გათვლა არ არსებობს, რომ კონკრეტული ქცევის შემდეგ აუცილებლად დადგება ესა თუ ის შედეგი და ასეთი გათვლები ახასიათებთ შედარებით რადიკალურ მოძრაობებს.

კიდევ უფრო საეჭვოა ყოველივეზე მსჯელობა, როდესაც შემოგვაქვს თავისუფალი ადამიანების თავისუფალი აზროვნება და ინდივიდუალიზმი. ამ დროისათვის ადამიანის პოლიტიკური თუ სოციალური ქცევა კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება, რადგან გარდა არსებული საინფორმაციო წყაროებისა და მიმდინარე მოვლენებისა, მას აქვს საშუალება, მიიღოს ინფორმაცია დამოუკიდებელი გარემოდან და თუნდაც შექმნას თავისთვის სასურველი რეალობა, გაერთიანება.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, სოსომ დავალება ვერ შეასრულა, ხაინდრავას მსგავსად ვერ გაჭრა ვერც ფილმმა, ვერც სოსოს მიერ დადგმულმა სცენებმა. მიუხედავად იმისა, რომ გოგაშვილმა საკმაოდ დიდი ოდეობის თანხა დაარიგა განსაკუთრებით ონლაინ მედიისთვის, თუმცა მაინც ვერ შეცვალა გარემო. სოსოს აბდაუბდა, ალბათ, ის იყო, რომ სხვა დანარჩენი პოლიტიკური პარტიები დაასუსტა და ამით კიდევ უფრო გაამყარა „ნაციონალური მოძრაობის“ ურყევი მთავარი მეტოქის ხატი. ჯამში კი არჩევნები „ოცნების“ გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ, ამასობაში, „ენმ“ რადარებიდან კი არ გაქრა, უფრო დაიხვეწა და მეტი ამომრჩეველი იპოვა. მისია, რომელიც პოლიტიკურ ფსიქოლოგიას ისახავს მიზნად, ვერ შესრულდა. უბრალოდ, სოსომ ვერ შეძლო მასების მართვა, რადგან მასებმა სწორედ საკუთარი მიკროგარემოდან აიღეს გადაწყვეტილება, ვინ სჯობდა და როდის.

მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით ამომრჩეველს, არ გამკვირვებია, რადგან ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ ფარშის დისტრიბუცია ჰქონდა, შემდეგ მწვანილითა და ხილბოსტნეულით ვაჭრობდა თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში, ბუნებრივია, შეუძლებელი იქნებოდა ასე თამამად აღებული მისიის შესრულება… ამასობაში კი დედისთვის პირადობის განახლებაც კი დაავიწყდა.

 

P. S. ვცდილობ ხოლმე, სოსოს შემოქმედებითი აბდაუბდა უფრო დავარცხნილად მოგაწოდოთ, ბატონო ბიძინა. თქვენ გიყვართ ფილოსოფია და ფსიქოლოგია, შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეც ზედმიწევნით უნდა იცნობდეს და ფლობდეს მასების პოლიტიკურ ფსიქოლოგიას. ამიტომ შეგახსენებთ, ბატონო ბიძინა, სოსოს უნარები ვერ გამოგადგებათ მომდევნო 4 წელი და უფრო გონიერი დაძებნეთ, სჯობია.

 

                                                                                                                      მაკა მოსიაშვილი