უჩა ნანუაშვილი: „სახალხო დამცველის მონიტორებმა ძალადობის ცალკეული ფაქტები დააფიქსირეს!“

n1

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც ზედამხედველობას უწევს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაცვას, კენჭისყრის დღის მიმდინარეობა შეაჯამა და ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მონიტორებმა დააფიქსირეს ძალადობის ცალკეული ფაქტები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზოგიერთ საარჩევნო უბანში ხმების დათვლის პროცესში მოხდა ინციდენტები, რომლის დროსაც დაზარალდნენ ადამიანები და დაზიანდა ქონება. ომბუდსმენი დეტალურ ინფორმაციას გამოვლენილი დარღვევების თაობაზე სპეციალური ანგარიშის მეშვეობით წარმოადგენს.

 

უჩა ნანუაშვილი:

_ კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, სახალხო დამცველის მონიტორებმა დააფიქსირეს ძალადობის ცალკეული ფაქტები. მათ შორის, განსაკუთრებულად მწვავე იყო მარნეულში, #48 უბანთან შექმნილი ვითარება. ამავდროულად, საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 2 წარმომადგენლის ცემის ფაქტის შესწავლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან დროული რეაგირება მსგავს ფაქტებზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მონიტორები დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ 919 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და გადაამოწმეს ცხელი ხაზის (14-81), მედიისა და არჩევნების პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორების მხრიდან მიღებული ინფორმაცია, ასევე შეამოწმეს ცალკეული პროცედურების კანონშესაბამისობა. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორები იმყოფებოდნენ, მათ შორის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბნებზე: სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის 5 დაწესებულებასა და პირველ სამკურნალო დაწესებულებაში. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფებოდა სამეგრელოს რეგიონის საზღვრისპირა სოფელ ხურჩასა და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მონიტორინგი გაუწია კახეთის რეგიონში, უჯარმის საარჩევნო უბანში ჯარისკაცების მიერ ხმის მიცემის პროცედურას.

კენჭისყრის პროცედურების დარღვევათა დიდი ნაწილი განპირობებული იყო საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრთა არასაკმარისი მომზადებით. დილის 7 საათიდან გამოვლინდა ცალკეულ უბანზე ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების დროულად დაშვების პრობლემები (3). გამოიკვეთა საკონტროლო ფურცლების არასწორად შევსების (3), შემაჯამებელ ოქმზე წინასწარ ხელის მოწერის, საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნის (12), კენჭისყრის ბიულეტენების დაგვიანებით მიწოდების (16), დამკვირვებლის უფლებების განხორციელების დროს შექმნილი დაბრკოლებების, საარჩევნო სუბიექტების მხრიდან აგიტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლების სავარაუდო დარღვევისა (2) და სხვა შემთხვევები. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს მონიტორინგს ხმის დათვლის, კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და საჩივრების განხილვის პროცესზე. დეტალურ ინფორმაციას გამოვლენილი დარღვევების თაობაზე სპეციალური ანგარიშის მეშვეობით წარმოვადგენთ.

_ რაც შეეხება ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარ ინციდენტებს?

_ საქართველოს სახალხო დამცველის საარჩევნო მონიტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის  მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზოგიერთ საარჩევნო  უბანში ხმების დათვლის პროცესში მოხდა ინციდენტები, რომლის დროსაც დაზარალდენენ ადამიანები და დაზიანდა ქონება. ქუთაისის #90 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არიან დაზარალებულები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის #79-ე და #108-ე საარჩევნო უბნებში შეიჭრნენ უცხო პირები, დაარბიეს უბნები, დააზიანეს ინვენტარი, დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, არიან დაზარალებულები, მათ შორის, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები; ქალაქ მარნეულში საოლქო-საარჩევნო კომისიასთან ხდებოდა პოლიტიკური მოძრაობების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ დიდი რაოდენობით მხარდამჭერების მობილიზება და ჩნდებოდა მათ შორის დაპირისპირების საფრთხე. საოლქო-საარჩევნო კომისიის ეზოში მარნეულის საარჩევნო ოლქის უბნებიდან მიიტანეს ბიულეტენები და არსებობდა ამ ბიულეტენების დაზიანების საფრთხე. ამავე პოლიტიკური მოძრაობების მხრადამჭერების მობილიზება ქალაქ ბათუმის #1 საარჩევნო უბანთან ქმნიდა დაპირისპირების საფრთხეს. მაშინვე მივმართე საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, გაეკეთებინათ ყველაფერი სიმშვიდის შენარჩუნებისთვის; მოეწოდებინათ თავიანთი მხარდამჭერებისთვის ძალადობისგან თავის შეკავებისკენ, რადგან სახელმწიფოს ინტერესები ყოველგვარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად მნიშვნელოვანია. მივმართე პოლიციას, რომ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, პოლიცია ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უსაფრთხოება, ხოლო ძალადობის გამოვლინების ყოველი შემთხვევისას, ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეებისთვის პასუხისგებაში მიცემა. მოვუწოდე სამართალდამცველ უწყებებს, უყურადღებოდ არ დატოვონ დაპირისპირების შესაძლო წამოწყების შესახებ მიღებული არც ერთი ინფორმაცია. მყისიერი რეაგირება მოეხდინათ და გაეტარებინათ ყველა შესაძლო პრევენციული ღონისძიება, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაზე პასუხისმგებლობა, უპირველესად, ხელისუფლებას ეკისრება. განვლილ პერიოდში, ზუგდიდში, კორცხელსა და დიდინეძში მომხდარ ინციდენტებზე არაეფექტიანი რეაგირება, შესაძლოა, ასევე ყოფილიყო ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი ძალადობრივი აქტების იმ ტალღისა, რომელსაც არჩევნების ღამის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მსგავსი ინფორმაცია ჩრდილს აყენებს მთლიანად საარჩევნო პროცესს. სამომავლო, უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ პირობებში, თუ სამართალდამცველი სისტემა მოახერხებს, დასაწყისშივე განმუხტოს დაძაბულობის კერები და ადეკვატური და უსწრაფესი რეაგირება მოახდინოს უკვე მომხდარ ფაქტებზე.

 

                                                                                                 თამარ ბატიაშვილი