რეპორტაჟი ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციიდან

t6

პროფესიული ვალის შესასრულებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მისვლამდე მოქალაქეობრივ ვალზე ვიზრუნე და საარჩევნო უბანზე ვაზისუბანში მივედი. მე-4 მკრ-ში მდებარე საბავშვო ბაღის შენობასთან უამრავ ხალხს მოეყარა თავი და ისე გამომცდელად უმზერდა ყველა მიმსვლელს, ერთ წამს მაინც ტანში დაგაფიქრებდა, ემანდ, რაიმე ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებო? ერთი შეხედვითაც მიხვდებოდი, რომ ეს ადამიანები პარტიების მიერ გამოგზავნილი დამკვირვებლები იყვნენ. შენობის შიგნით იგივე მზერით უკვე ბეიჯიანი ადამიანები დამხვდნენ და რაც მთავარია, უდიდეს რიგში მომიწია ჩადგომა, რამაც ერთბაშად გამაოცა და გამაოგნა კიდეც. სიამაყით ვიფიქრე, არჩევნებომანიით დაქანცულ ხალხში ერთხელ მაინც გაიღვიძა მოქალაქეობრივმა გრძნობამ და ღირსეული არჩევანის გაკეთება ადრიანად გადაწყვიტეს-მეთქი. ერთბაშად მოფრენილი პოზიტიური განცდა უცებ გამიქრა, როცა გავიგე, რომ რიგის მიზეზი არჩევნების ისტორიაში ინოვაციის შედეგი იყო _ ანბანის მიხედვით უშვებდნენ ხალხს საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად ოთახში. თუმცა რატომ ერქვა ამას ეს სახელი, ვერ გავიგე, რადგან შიგნიდან ვისაც ვინ აწყობდა, იმ გვარის პირველ ასოს ყვიროდა. მოკლედ, ინოვაციითა და ლოდინით კმაყოფილმა ხმა მივეცი… და ცსკ-ს ცენტრალური ოფისისკენ გავწიე.

 

იქ უკვე სპეციალურად მოწყობილი პრესკლუბი დამხვდა, სადაც ბრიფინგები რამდენიმე საათში ერთხელ ტარდებოდა. ასევე იყო ოთახი, სადაც ჟურნალისტებს კომპიუტერებით სარგებლობა შეეძლოთ და ტელევიზიის ნებისმიერი არხის ყურებაც არ წარმოადგენდა პრობლემას. ეგ იყო, რომ ინტერნეტის სიძლიერეს ყველა ჟურნალისტი უჩიოდა. ცსკ-ს არც ჟურნალისტების კვება გამორჩენია და ჩაისა და ყავის სიუხვეს თუ არ ჩავთვლით, დღის განმავლობაში ე. წ. შვედური მაგიდაც მოაწყვეს ცხელი კერძებითა და ტკბილეულით.

დარბაზი, სადაც ცსკ-ს პრესსპიკერი ანა მიქელაძე    განცხადებებს აკეთებდა და ინფორმაციებს გვაწვდიდა, შეიძლება ითქვას, ორიგინალურად ჰქონდათ მორთული _ ჩარჩოში ჩასმული გაზეთები „კომუნისტი“ და „საქართველოს რესპუბლიკა“ კედლებზე ისე სათუთად იყო ჩამოკონწიალებული, კინაღამ 80-იან წლებში, რაიკომის რომელიმე განყოფილებაში მეგონა თავი. ვის არ ნახავდით აქ გაზეთებში: ბერიას, სტალინს, შევარდნაძეს, მშრომელ-კომუნისტებს, რომლებიც „საკუთარ არჩევანს“ აკეთებდნენ და ხმას აძლევდნენ ქვეყანაში ერთადერთ პარტიას _ კომპარტიას. მეტი პარტიული ძალა არ არსებობდა და ვისთვის უნდა მიეცათ ხმა? თუმცა მათ საქციელს, მაინც, საკუთარი არჩევანი ერქვა. ამ გაზეთებში განთავსებული წერილების სათაურებიც საინტერესოდ მომეჩვენა: „ძვირფასო ამომრჩეველო, საქართველოს მომავალი თქვენს სწორ არჩევანზეა“; ედუარდ და ნანული შევარდნაძის მომღიმარი ფოტოების გვერდით კი ეწერა: „დემოკრატიის გამარჯვება“; „ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, გავამართლოთ იმედები“;  „გამარჯვების ზეიმი“… და ა. შ. მოკლედ, „სიცრუის მანქანის“ ისტორიას ამ შენობაში კედლებზე გამოფენილი წარსულის ფოლიანტებიც ღაღადებდნენ.

წარსული „დემოკრატიული არჩევნების“ მტკიცებულებებისგან შექმნილ საინტერესო „წითელ კუთხეს“  ბრიფინგის დაწყების გამო მოვწყდი. ხომ უნდა გამეგო, მას შემდეგ დემოკრატიულმა წინსვლამ ჩვენს ქვეყანაში რა მასშტაბები შეიძინა? ბრიფინგზე ითქვა, რომ ამომრჩეველთა ძალიან მცირე ნაწილი იყო მისული უბნებზე, რამაც კიდევ ერთხელ გამაოცა. ხალხი ამბობდა, თითქმის ყველა უბანზე ხმის მიმცემთა რიგები იდგა, აქ კი გვიცხადებდნენ, ხალხი არ მოსულაო. თავისთავად გაჩნდა კითხვა: რა ხდება? ამ კითხვას, მოგვიანებით, ცსკ-ს პრესკლუბში მყოფმა რიგითმა მოქალაქემ ასე უპასუხა:

მედეა მახარაშვილი, პარტია საქართველოს წარმომადგენელი:

_ ნუცუბუძის 47-ე უბანზე ვიყავი, სადაც ძალიან ცოტა ამომრჩეველი იყო და ე. წ. მომსახურე პერსონალი _ უამრავი. მიუხედავად ამისა, რიგი იდგა. როცა გავიგე, ალფავიტით შედიოდნენ, ვიკითხე, _ მე ვხედავ, რომ ჩემი გვარის პირველი ასო „მ“ სადაც უნდა მივიდეს, იქ თავისუფლებაა-მეთქი, მაგრამ მაინც მითხრეს, მოითმინეთ, მოითმინეთო.

_ ე. ი. ხელოვნურად იქმნებოდა რიგები?

_ დიახ, ეს ეჭვი გამიჩნდა. მათ უნდოდათ, სხვებს დაენახათ, ან მსოფლიოს ენახა, რომ არჩევნებში ხალხი მიდიოდა. აბა, 5 კაცი ვიყავით მისული და რატომ უნდა დამდგარიყო რიგი? 65 წლის ქალი ვარ და ყველა არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა. ალფავიტით ხმის მიცემა უპრეცედენტოა და მსგავსი არასდროს მომხდარა. ადამიანებს ხომ აქვთ თავისი ნომერი და ზედმეტი ჩახლართვა ამ საქმეს რისთვის სჭირდებოდა? ამ ალფავიტმა გამოიწვია რიგები ისეთ დროს, როცა ზოგით დარბაზი თავისუფალი იყო.  დაახლოებით 10 წუთი ვიდექი რიგში და პროტესტიც გამოვთქვი.

სხვა უბნებზეც ვიყავი და ვიკითხე, რა სახის დარღვევები იყო. მე-3, მე-6 უბნებზე, დოლიძეზე ვიყავი. სულ 9 უბანი მოვიარე. ხმის მიცემის პროცესი მიდიოდა წყნარად, არ იყო დაძაბულობა, მაგრამ ამომრჩეველი ძალიან ნაკლებად იყო.

_ ამომრჩევლის პასიურობას რას აბრალებთ?

_ საზოგადოებასთან საუბრები მქონდა და მათ აზრს გეუბნებით. პარტიებმა იმ ბილბორდებსა და რეკლამებზე რაც ფული დახარჯეს, სჯობდა, გაჭირვებული და გაუბედურებული ხალხის კეთილდღეობისთვის დაეხარჯათ. ჩვენთან უკვე სხვა სიტუაციაა და ყველა პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი, ელექტორატი, რომელსაც სულაც არ სჭირდება მოწოდებები, რეკლამები, ბილბორდები და ამით მიზიდულობა. დღეს გაურკვეველი და გაუცნობიერებელი არავინაა ისე, რომ ვინმეს ბილბორდი სჭირდებოდეს აზრზე მოსასვლელად. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, ამ სისულელეებში ნუ ხარჯავენ ფულს და გაჭირვებულ ადამიანებს დაახარჯონ, რაც აქვთ. სამის ნახევრამდე ვიარე და არ მომეწონა მდგომარეობა. ეს ნიშნავს, რომ ხალხი პოლიტიკოსებს არ ენდობა. ხალხს არჩევნები არაფრად მიაჩნია. იცით, როგორი განწყობით არის საზოგადოება? _ მაინც გაყალბდებაო. ერთადერთი მართლა არჩევნები, ჩემო ძვირფასო, 1991 წელს იყო, როცა საქართველოში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. 87,5%-მა გამოხატა თანადგომა ხელისუფლების მიმართ. „ვარდების რევოლუციის“ დროსაც „დიდი ანშლაგით“ იყო არჩევნები და 2012 წელსაც, მაგრამ რა მივიღეთ?! _ არაფერი! 42 წლის სტაჟი მაქვს, პენსიონერი ვარ და 180 ლარი დახმარება, ეს პენსია არ არის. ჩვენს თაობას „ნაციონალებმა“ ჩარეცხილები უწოდეს და ამათ _ ჩანერგილები, ამის მერე ესენი ჩვენთვის კარგს გააკეთებენ? ვფიქრობ, თუ რამდენიმე პარტია შევიდა პარლამენტში, შიგნით ეროვნული კოალიციები შეიქმნება და ისინი ეროვნულ იდეოლოგიაზე ჩამოაყალიბებენ ცხოვრებას, მაგრამ დღეს რაც ვნახე, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ხალხის ასეთი პასიურობა რომ დავინახე, მივხვდი, რომ ისევ ისე წავა ყველაფერი.

_ გააყალბებენ?

_ კარგად იცით, ვის როგორც ეხერხება არჩევნების გაყალბება. წინა  4 წელი რაც იყო, იგივე სიტუაცია იქნება შემდგომი 4 წელი და არაფერი შეიცვლება. რამდენიმე საათი დარჩა და ამ დროში როგორ გააქტიურდება ეს ხალხი, არ ვიცი.

ამასობაში სოციალური ქსელით ვრცელდებოდა გაყალბებების უფრო მსუყე ინფორმაციები. მაგალითად, დეპუტატობის კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ წერდა, რომ ნაძალადევში დადიოდა კატაფალკის ავტომანქანა, სადაც ისხდნენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე უბანზე აძლევდნენ ხმებს. კარუსელს ატრიალებენ და მოგვხედეთო. ის ასევე წერდა: „მივმართავ ჩემს მეგობრებს „ოცნებაში“! შეაჩერეთ სოფო კილაძის ზონდერჯგუფები. ყველა ვიდეო და ფოტო ფაქტი ხელთ მაქვს და ვფიცავ, პირადად მივაცილებ ციხის კარამდე“. ასევე ვრცელდებოდა, რომ მთაწმინდის #28 უბანზე, პირველ სკოლაში, კარუსელი დატრიალდა და 600 ხმის სხვაობა მიიღეს, რაზედაც უკვე საჩივარი დაწერეს. ამ საქმეში „ქართული ოცნებაა“ გამყალბებელი და „ნაგლი“, _ წერდნენ სოციალურ ქსელში. გავრცელდა ხმა, რომ ქარელში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი გარდაიცვალა. დაახლოებით 2 საათზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ივანიშვილის საეჭვო კავშირებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ის ესაუბრა პარტიის სიღნაღი-დედოფლისწყაროს კოორდინატორს და მაჟორიტარობის კანდიდატს _ ნინო მაზანაშვილს. როგორც ირკვევა, ამ ოლქებში არა მარტო სერიოზული დარღვევებია, არამედ, რაც ყველაზე სამწუხარო და საყურადღებოა, „ლეიბორისტების“  წარმომადგენლების დასაბუთებულ საჩივრებზე ხელს არ აწერენ „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაცმოძრაობა“, „ალასანიას პარტია“ და სხვა ე. წ. ოპოზიციონერები. რა ხდება, მეგობრებო თაფლობის დღე ხომ არ დაგიდგათ ივანიშვილთანო? _ იკითხა მან.

„ქრონიკა+“ ბრიფინგების მიმდინარეობისას ყველა გავრცელებულ თუ პირადად მიღებულ ინფორმაციებზე კითხვებს სვამდა, თუმცა ჯეროვან პასუხებს ვერ იღებდა. მეუბნებოდნენ, _ ეგ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ან გადავამოწმებთო და ეს გადამოწმება საათობით გრძელდებოდა, ანდაც, ცოტა არ იყოს, სასაცილო კომენტარით შემოიფარგლებოდნენ. მაგალითად: ამომრჩევლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გვიპასუხეს, რომ ეს ადამიანი ჯერ უბანში შესული არ იყო და მაშინ გარდაიცვალა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ტრაგიკული შემთხვევა გარეთ მოხდა თუ შიგნით, ის ხომ არჩევნებზე მიდიოდა? ან აქ რა არის შესანიღბი, ვინმეს ხომ არ აბრალებდნენ მის სიკვდილს? კატაფალკებზე, კარუსელებზე, ივანიშვილის საეჭვო კავშირებზეც და ა. შ., რა თქმა უნდა, უარყოფითი პასუხები მივიღეთ, რომ ასეთი ინფორმაცია მათ არ მიუღიათ.

4 საათის შემდგომ ამომრჩეველთა რიცხვმა უბნებზე იმატა და ლიდერიც, გარკვეულწილად, გამოიკვეთა _ „ქართული ოცნება“. თუმცა „ოცნებისტების“ სიხარულს შეშფოთებაც მოჰყვა, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულში მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. გვერდით მჯდომი პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი მომიყვა, რომ მათმა დამკვირვებელმა დააფიქსირა თითზე ორჯერ საღებავდასხმული ამომრჩეველი და საარჩევნო უბნიდან მისი გაყვანა გადაწყვიტა, ამას კი შეხლა-შემოხლა მოჰყვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იძაბებოდა და მშვიდდებოდა სიტუაცია, მაგრამ ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ორმა ჯგუფმა ერთმანეთს ქვები დაუშინა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე სპეცრაზმი შევიდა და კონფლიქტი ამან ჩააცხროო.

 

ანა კობახიძე, „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელი:

_ ბიულეტენებს მასობრივად ხევდნენ ისე, რომ მას #1 არ გაჰყოლოდა. ამგვარი ფაქტები დაფიქსირდა გარდაბნის #5, #60, #70, ასევე ფოთის #8 უბანზე, ბაღდათისა და ხარაგაულის რამდენიმე უბანზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამომრჩევლების ნება ვერ იქნებოდა გამოხატული იქიდან გამომდინარე, რომ ბიულეტენს არ ჰქონდა #1.

_ ასეთი ფორმით რამდენი ხმა დაკარგეთ?

_ ფოტოსურათით თითქმის ყველა ოლქში ჩანს, რომ შეკვრა მთლიანად იყო დაცლილი ამგვარად მოხეული ბიულეტენებით. თიანეთის გამგებელზე ინფორმაცია გვაქვს, რომ სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა და მოქალაქეები პირდაპირ მიჰყავდა უბნებზე. ამგვარად იქცეოდნენ ჩხოროწყუში პოლიციისა და პროკურატურის თანამშრომლები _ პოლიციის ავტომანქანებით მიჰყავდათ ამომრჩევლები პირდაპირ საარჩევნო უბნებზე.

_ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად მიჰყავდათ?

_ ამის იდენტიფიცირება შეუძლებელია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო რესურსს იყენებდნენ, პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ის ხელისუფლების სასარგებლოდ იქნებოდა გამოყენებული. ვანის საარჩევნო უბანზე ასეთი ფაქტი მოხდა: ისე გაიხსნა უბანი, რეგისტრატორის ბეჭედი არ ჰქონდათ, ამიტომ თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ გვერდითა უბნიდან ეთხოვა ბეჭედი და ასე გაეგრძელებინა საარჩევნო პროცესი. ამასთან დაკავშირებით საჩივარი დავწერეთ და რეაგირებას ველოდებით. ვაზისუბანში, ისნის 63-ე უბანშიც მოხდა იგივე ფაქტი _ რეგისტრატორის ბეჭედი გვერდითა უბანზე გაანათხოვრეს. დიდუბის ფაქტი ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ოქმს წინასწარ მოაწერეს ხელი კომისიის წევრებმა არჩევნების დაწყებიდან რამდენიმე საათში. ასევე დიდუბეში, მე-8 უბანზე, მდივნის ჩანაწერის წიგნი არ იყო და შემდეგ ოლქიდან უზრუნველჰყვეს მოტანა. ამ ყველაფერზე დისციპლინური პასუხისმგებლობა არის, თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უბანზე პასუხს აგებენ, მაგრამ მთავარია ის, რომ ყველა პროცედურულმა დარღვევამ, ნებით იყო ეს გაკეთებული, უნებურად თუ უცოდინარობით, დაგვაკარგვინა ხმები, ასევე, დაირღვა ამომრჩევლის ნება. საარჩევნო კოდექსით პროცედურები იმიტომ არის გათვალისწინებული, რომ ის აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რაც არ მომხდარა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესკლუბს დაცვის პოლიცია იცავდა და სპეციალური ბეიჯის გარეშე იქ არავის უშვებდა. რაღაც წამს, სწორედ ჩვენი ოთახის კარის წინ, ტრაფარეტით მდგომი საშუალო ასაკის მამაკაცი შევნიშნეთ. მას ტრაფარეტზე ეწერა: „არა პოლულიზმს! არა პარაზიტობას! არა პარტიულ არჩევნებს!“

იგი მუსიკოსი, თამაზ გაბისონია აღმოჩნდა, რომელიც საკუთარი პროტესტის მიზეზებზე გვესაუბრა:

_ მინდა, რომ იმ დიდი რაოდენობით ხალხის წარმომადგენლად მივიჩნიო საკუთარი თავი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, მათზე ზეწოლაა, თუმცა ეს არის მათი მოქალაქეობრივი უფლება და არა ვალი. მიმაჩნია, რომ სიყალბე, მანიპულაციები, რითაც სავსეა ჩვენი ქვეყანა და, ზოგადად, საარჩევნო გარემო, უფლება გვაქვს, რომ ეს გამოვამჟღავნოთ და გარკვეული პოზიცია დავაფიქსიროთ. ის ხალხის მასა, რომელიც არ მიდის არჩევნებზე, რატომღაც, აღქმულია, როგორც ჩამორჩენილი. სინამდვილეში, არჩევნებზე არმისვლა არის ისეთივე მოქალაქეობრივი პოზიცია, როგორც მისვლა. როცა არ მიდიან, ამით გამოხატავენ პროტესტს იმის გამო, რომ მათ ინტელექტსა და ღირსებას შეურაცხყოფენ წინასაარჩევნო კამპანიის, პარტიული მმართველობის  თუ პარტიებში მყოფი არაკომპეტენტური ხალხი. ისინი არ გამოირჩევიან არც იდეოლოგიით. ზიგადად, დღეს პარტიის იდეა არის დისკრედიტებული, რადგან ეს არის ნაკრები ხალხისა, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი იდეა და მხოლოდ პენსიის რაოდენობაზე და ყოფით პრობლემებზე მიდის ვაჭრობა.

_ რომელ პარტიაზე საუბრობთ?

_ ყველა პარტია ერთნაირია. ისინი ნაწილდებიან ე. წ. ორ ყუთში _ ეროვნულში და დემოკრატიულში, რომელთა სახელებიც თითქმის არაფერს გვეუბნება კონკრეტულად მათ საქმიანობაზე. იქ არის ხალხი, რომელიც ილტვის ხელისუფლებისკენ, შემდეგ დაინიშნავენ მაღალ ხელფასებს და იცხოვრებენ ბედნიერად. ესენი არიან მუსიკოსებიც, მომღერლებიც, მსახიობებიც, რაგბისტებიც… ვგულისხმობ იმ უცნობ ხალხსაც, რომელიც ე. წ. პარტიებს პარლამენტში მიჰყავს. ხალხი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე, მათი პროტესტი არც ერთ მედიასაშუალებაში არ ჩანს და ამან მომიყვანა მე აქ. ეს ხალხი და მათი აზრი არავის აინტერესებს.

_ თქვენ რატომ აიღეთ ამ ხალხზე პასუხისმგებლობა?

_ 2004 წლიდან ჩამოყალიბებული მაქვს ეთიკური ურთიერთობების ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია სიძულვილის ენის, ასევე მანიპულაციის წინააღმდეგ და შემიძლია გამოვეხმაურო იმ მანიპულაციას, რასაც ყოველდღე ვხედავ. წინა არჩევნებზე ბიზნესორგანიზაციების ჩართვას ვაპროტესტებდი ამ მომსახურებაში. მიმაჩნია, რომ მოვა დრო, პარტიები აღარ იარსებებს და არჩევნები იქნება უფრო დემოკრატიულიც და კვალიფიციურიც.

 

რადგან ეს აზრი მაინც შორეული წარსულის ოცნებად მივიჩნიე, ბატონი თამაზისთვის აღარ მიკითხავს, პარტიები რომ აღარ იარსებებს, ასეთ დროს ჩვენ რა გვეშველება? ან მზე და მთვარე თუ იქნებიან იგივე ორბიტაზე? ან ადამიანებს როგორ ექნებათ ერთმანეთთან ურთიერთობა და ა. შ.? რა ვქნა, პოლიტიკური პარტიების, ინტრიგების, ყოველ წელს ჩასატარებელი არჩევნების, მიტინგების, გაყალბებების, ამაზე წუწუნის, მაგრამ კვლავ დაპირებებისა და დაუმსახურებელი მოგებების გარეშე ჩვენი ყოფა ვერაფრით წარმოვიდგინე. ეს ადამიანი აღნიშნული ტრაფარეტით ცსკ-ს წინ, დაახლოებით, 5 საათი იდგა.

საარჩევნო უბნებზე არჩევნების დასრულებამდე წუთები გვაშორებდა. კვლავ ბრიფინგი ჩატარდა, მაგრამ ყველანი ეგზიტპოლებს ველოდებოდით. ცკს-ს კომისიის სხდომას პირდაპირ უჩვენებდნენ პრესკლუბში დამონტაჟებულ ტელევიზორში. პირველი ეგზიტპოლი „ტელეიმედმა“ გამოაცხადა, მერე „რუსთავი 2“-მაც აჩვენა. „იმედის“ ეგზიტპოლით „ოცნებას“ კუდში მიჰყვებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ცოტა ხანში სიტუაცია შეიცვალა და „ოცნების“ პროცენტმა 50-ს გადააჭარბა, „ნაციონალებისა“ კი 25-ზე ჩამოვიდა. ყველა დაბალ ხმაზე საუბრობდა და გაოცებას ვერ მალავდა. „ორი პარტია შეჰყავთ მხოლოდ პარლამენტში?“ „ეს არის დემოკრატია?“ _ ისმოდა ხმები, თუმცა მაინც ყველა ცსკ-ს ოფიციალურ შედეგებს ელოდებოდა, რომელიც არ გვაღირსეს. ბრიფინგზე გამოცხადდა, რომ 12 საათისთვის ავღანეთიდან ჩამოტანილი ხმები იყო დათვლილი და ის მალე გამოცხადდებოდა, არჩევნების შედეგებს კი, სავარაუდოდ, დილის 6 საათამდე არ გამოაცხადებდნენ. რატომ ხდებოდა ასე? ამას ხსნიდნენ იმით, რომ უბნებზე ხმები ჯერ არ იყო დათვლილი. ცსკ-ში ქართველი და უცხოელი დამკვირვებლები ჯგუფებად მოდიოდნენ.

 

არჩილ ყანჩაველი _ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

_ ჩვენი ცენტრი არჩევნებს აკვირდებოდა 73-ვე ოლქში 200-კაციანი სადამკვირვებლო მისიით. სპეცუბნებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ  ბრალდებულები არჩევნებში არ მონაწილეობდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო: თვითონ აცხადებდნენ უარს ხმის მიცემაზე. რატომ აკეთებდნენ ასე, არ ვიცით, რადგან მათთან კონტაქტი არ გვქონია. ზოგსაც არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები. რუსთავის #17 პენიტენციურ დაწესებულებაში 91 ამომრჩეველი იყო და აქედან მხოლოდ 11-მა მისცა ხმა. მათგან ნაწილს პირადობა არ ჰქონდა და ნაწილმაც ური განაცხადა მონაწილეობაზე. ისნის #9 დაწესებულებამ უზრუნველყო, ყველა ბრალდებულს ჰქონოდა პირადობა, ვინც კი არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ რუსთავის #17 დაწესებულების ადმინისტრაციასაც შეეძლო იგივენაირად მოქცეულიყო და არ წაერთმია ამ ხალხისთვის საკუთარი ქმედებებით ხმის მიცემის უფლება.

ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ისნის #9 დაწესებულებაში: სიაში აღმოჩნდა ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელიც არც ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო და არც _ ბრალდებული. გასარკვევია, ეს ადამიანი იმ სიაში რანაირად მოხვდა?

მოკლედ, ყველამ ერთად დავიწყეთ დილის 6 საათის ლოდინი, როცა ითქვა, რომ ოფიციალურ შედეგებს ცსკ გამოაცხადებდა. პარალელურად, ვრცელდებოდა ხმები, რომ „ნაციონალები“ ეგზიტპოლების შედეგებით განრისხებულები იყვნენ და ბოკერია გარეთ გამოსვლას და ხალხის დაძახებას აპირებდა.

მთელი დღის დაღლილმა, რომ არ ჩამძინებოდა, სუფთა ჰაერზე გავისეირნე და რას ვხედავ? _ სწორედ ცსკ-ს მიმართულებით დიდი სამხედრო ავტომანქანა მოემართებოდა, რომელსაც ასევე დიდი ასოებით ეწერა: პოლიცია. მერე კარგა ხანს იდგა სიბნელეში ეს მანქანა, ეტყობა, იქ მსხდომები ხელმძღვანელობასთან რაღაცას არკვევდნენ. უკან სავსე იყო პოლიციელებით. ამასობაში მანქანის  გადაღება მოვასწარი, მოგვიანებით, ის გვერდითა შენობის მიმართულებით წავიდა. მივხვდი, რომ პოლიცია ხალხის თვალს მოაფარეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტანტი ამომრჩეველი ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით ცსკ-თან მოვიდნენ. ამ დროს შენობასთან უკვე იდგა იმ პოლიციელების კორდონი, რომელიც რამდენიმე საათის წინ დავაფიქსირე. აქცია მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა აქციის წამყვანები ცსკ-სა და ხელისუფლებას დაჰპირდნენ, რომ ამ გაყალბებას არ აპატიებდნენ.

 

                                                                                                                ნელი ვარდიაშვილი