„თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების დღეს, ალასანიასთან ერთად და მის გარეშე

t1

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცენტრალური ვაკის ტერიტორიაზე  მდებარე ოფისის კარის შეღებისას კენჭისყრის დღის მომლოდინე ხალხის ნახვა და მოწესრიგებული გარემოს დახვედრა აკადემიურ სტილზე მიუთითებს.

თუ თავისუფლებას ეძებ, თან დემოკრატიულ საზოგადოებაში, ე. ი. შენ თავისუფალ დემოკრატად ითვლები და ქართულ რეალობაში მოსაწონი იდეოლოგიის მატარებელი პარტიაც არსებობს.

წინადღით შეხვედრაზე შეთანხმებული, ჯერ კიდევ. დილის 9 საათზე გამოვცხადდი დანიშნულ ადგილას და პირველი ბრიფინგისთვის წინა რიგის ადგილიც დავიჭირე.

„თავისუფალ დემოკრატების“ ოფისში შესვლისთანავე გხვდება ოთახი, რომელზეც გაკრული განცხადებიდან იგებ, რომ თუ „უსაქმური ხარ, იქ არ უნდა შეხვიდე“. მიმღებში მოკალათებული შუახნის მამაკაცის დაკვალიანების შემდეგ კი პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ხვდები და იმ დარბაზში შედიხარ, სადაც შემდეგ შტაბის უფროსი ყოველ სამ საათში ერთხელ სიახლეებს აცნობს მოსახლეობას.

ყველაზე თვალში საცემი კი კედელზე განთავსებული ერთგვარი ცხრილია, რომელზეც ის ოლქებია დატანილი, სადაც აღნიშნულ პარტიას წარმომადგენელი ჰყავს. ამ ცხრილზე თან დარღვევის დრო და აღწერაა დატანილი. მასში ყოველი დარღვევის დაფიქსირების უნიკალურ შანსს არ უშვებს რამდენიმე ახალგაზრდა და ერთი შუახნის ასაკის ქალბატონი, რომლებიც ოპერატიულად ინიშნავენ ყველა იმ დარღვევას, რომელიც მათმა დამკვირვებელმა საარჩევნო უბნებსა და ოლქებზე დააფიქსირა. პირველი ბრიფინგიც გაიმართა, რომელზეც შტაბის უფროსმა გია ცაგარეიშვილმა ზოგადად არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა, ამას მოჰყვებოდა ხოლმე დროდადრო ძირითადი საჩივრების დაფიქსირება და მომუშავე ახალგაზრდების ფაციფუცი დარღვევების აღსანიშნავად.

აუცილებლად შესატყობია ოთახებში განაწილებული ჯგუფები, რომლებიც იურისტებითაა დაკომპლექტებული და მუდმივ რეჟიმში ადევნებენ თვალს ყველა იმ პროცესს, რაც არჩევნებს ახლავს თან. განაწილებული აქვთ _ ერთი ჯგუფი მუშაობს აღმოსავლეთ, ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოს საარჩევნო ოლქებზე, იქ არსებულ სიტუაციებს სწავლობენ, სამდონიანი სისტემით აფასებენ, თუ რამდენად სერიოზულია დარღვევა და ღირს თუ არა მასზე საჩივრის დაწერა.

ამ სისტემასთან დაკავშირებით, შტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბენედიქტე გეგეჭკორი ამბობს: „იმ სისტემას, რასაც ხედავთ დავებთან და საარჩევნო დღის მენეჯმენტთან, ჩვენ გვაქვს სამართავი პულტი ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო შტაბში დილის 7 საათიდან ვიღებთ წევრების და წარმომადგენლების დასწრების მონაცემებს, ჩვენი კომისიის წევრების ფუნქციებს, ხომ არ გაჰყვა სადმე გადასატან ყუთს, ან წარმომადგენელი ხომ არ გაჰყვა, ეს სრული მონაცემები მიღებული გვაქვს, ბრიფინგიც მოვაწყვეთ. ამის შემდეგ იწყება მთლიანი საარჩევნო დღის მონიტორინგი, ანუ მთელი დღის მანძილზე გვირეკავენ ჩვენი ოლქის წევრები და უკვე სელექცირებულ ინფორმაციას გვეუბნებიან, ანუ მათ იციან, თუ როგორ მოიქცნენ.  დავალება იყო შემდეგი: მათ კანონდამრღვევი სხვა დამკვირვებლების თუ კომისიის წევრებისთვის წვრილ ამბებზე მხოლოდ გაფრთხილება, შენიშვნა მიეცათ და თუ არ გაითვალისწინებდნენ, დაეწერათ საჩივარი, ამის შემდეგ მე-3 კატეგორიის, მსხვილი დარღვევების საჩივრებს ვიღებთ და შემდეგ გადმოგვაქვს ამ ბანერზე, დაფაზე. არ ვიცი, სხვა პარტიებში როგორ მუშაობენ, მაგრამ ეს კარგი სისტემაა, არ დაგვიგვიანია არც ერთი ინფორმაციის მოწოდება მედიისთვის.

მთელი საქართველოს მასშტაბით წარმომადგენლების ჩამოყალიბება 2015 წლის მარტში დავიწყეთ. პრინციპი იყო შემდეგი: თითოეულ საარჩევნო ოლქში უნდა გვყოლოდა წარმომადგენელი და ვიცოდით ეს როგორც კვალიფიციურმა სუბიექტმა და 73-ვე მაჟორიტარს თან უნდა ჰყოლოდა კარგად გაცნობიერებული საარჩევნო სპეციალისტი. ამათი მეშვეობით შევქმენი პირამიდა, 3700 საარჩევნო უბანი ექვემდებარება 200 ადამიანს მთელი საქოს მაშტაბით და მას მართავს ცენტრალური პულტი, სადაც 12 ადამიანი ზის და ისინი ინაწილებენ 73 მაჟორიტარულ ოლქს პროპორციულად. შესაბამისად, მონაცემებს ვიღებთ ქვევიდან ზევით პრინციპით და არა პირიქით“.

ყველაფერ ზემოთ აღნიშნულს კი თან ერთვის შტაბის უფროსის, გია ცაგარეიშვილის საქმიანი და, ცოტა არ იყოს, აღელვებული შემოსვლა-გასვლები და დერეფანში მოძრაობა, რაც გასაკვირი არაა, არჩევნების დღეა _ ყველა ღელავს.

ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტსაც ყოველ საათში იმეორებენ ტელევიზიები: „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, თავისი არჩევანი უკვე დააფიქსირა, მან გორში მისცა ხმა სასურველ კანდიდატს“.  ამას კი თავად პარტიის ლიდერის კომენტარი მოჰყვება, რომელიც ამბობს, რომ გორშია ჩაწერილი და შესაბამისად თავის უბანზე აძლევს ხმას.

დარბაზში, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალებათა ჟურნალისტებით დროდადრო ივსება და იცლება, ხშირად შემოდის ზემოთ ხსენებული შტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბენო გეგეჭკორი. იგი იმ დარღვევებს ავლებს ხოლმე თვალს, რომელსაც კედლებზე აფიქსირებენ და იმ უმნიშვნელოვანესებს გამოჰყოფს, რომლებზეც შემდეგ ბრიფინგზე უნდა გაამახვილოს ყურადღება შტაბის უფროსმა. ბენო არჩევნების საკითხებზე მესაუბრება და იმ ბროშურაზე მითითებს, რომელიც თავად შეადგინა, „კენჭისყრის დღის პროცედურებით“ სათაურდება და იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც მათ დაატრენინგეს და ზუსტად ასწავლეს, თუ რა იყო კანონმდებლობით დაშვებული და პირიქით, არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და კენჭისყრის შემდეგ. მათი უმრავლესობა უკვე დამკვირვებლებს აქვთ, აქ კი ნაწილია წარმოდგენილი და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაეცნოს, თუკი არჩევნების დღის პროცედურებით ინტერესდება.

დროდადრო ზურაბ აბაშიძე ერთვება მედიას პირდაპირ ეთერში და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

ამასობაში 14:00 საათი დგება და შემდეგი ბრიფინგის დროც მოდის. თავიდან ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ამაშუკელი, იმდროინდელ მდგომარეობაზე საუბრობს, შემდეგ კი ისევ გია ცაგარეიშვილი. ხმაურდება მთელი საქართველოს მასშტაბით იმ დროისთვის დაფიქსირებული აქტივობა, დარღვევები, მოწოდება აქტიურობისკენ. ისინი იბრძვიან და პარლამენტში შესვლას აუცილებელ მინიმუმზე ორჯერ მეტი პროცენტული მაჩვენებლით ელოდებიან, თუმცა ამას არ აანონსებენ, ეს მხოლოდ ჩვენმა მკითხველმა იცის.

შემდეგი ბრიფინგი 17:00-სა და 20:00-ზე დაანონსდა. ჩვეულებრივ ტონალობაში ჩაიარა 17:00-საათიანმა ბრიფინგმაც, მაგრამ დაიწყო ის მოვლენები, რასაც მარნეულში, ზუგდიდში, კახეთში მომხდარი ამბები მოწმობს. გაბათილდა რამდენიმე უბანი. ისინი კენჭისყრის დასრულებას ელიან.

დადგა 20:00 საათი, ახლა ეგზიტპოლს ველოდებით ყველანი ერთად, რომლის გამოცხადების შემდეგაც შევიტყვეთ, რომ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ვერ გადალახეს 5%-იანი ზღვარი და, შესაბამისად, ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ამაზე კი რამდენიმე წუთში ცაგარეიშვილი შემდეგ განცხადებას აკეთებს:

„დასრულდა, დაიხურა ყველა უბანი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვენდობით ამ კვლევებს და ეს ახალი ამბავი არაა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ახლა ყველა ცდილობს, პარალელურ რეალობაში ამყოფოს ქვეყანა. არადა, შედეგი განსხვავებული იქნება.

ჩვენთვის საყრდენია ის, რაც ასახულია ოქმებში. მოსახლეობას ვაფრთხილებდით, რომ ორივე პოლუსი ეცდება, ეს არ არჩევნები თავიანთ  წარმატებად გაასაღოს, ვერც ერთი გზით და მანქანის გამოყენებით ვერ ჩავეწერებით საერთო სცენარში, იმიტომ რომ ის კომპანიები, რომლებიც ეგზიტპოლებს ახალა აკეთებენ, არიან სახელგატეხილები და იმიტომ, რომ ჩვენ გაფრთხილებდით ამგვარი ეგზიტპოლების გაგრძელებაზე, ერთადერთი რეალური გამოკითხვა იყო არჩევნები. ჩვენ სულ ყველა ერთად გავიგებთ შედეგებს, ის  განსხვავებული იქნება ეგზიტპოლებისგან. თუ ასე არ მოხდა, ნდობას გამოვუცხადებთ ცესკოს“.

საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი გააკეთა, ყველა უბანი დახურულია, ხმების დათვლის პროცესი იწყება. შტაბში მყოფ თითოეულ ადამიანს ღელვა და ნერვიულობა ეტყობა, ერთმანეთს არსებულ ინფორმაციას უზიარებენ. დარბაზში რამდენიმე დაღლილ ჟურნალისტს ვამჩნევ, რომელებიც „მძიმე დღის“ შემდეგ, „მძიმე ღამის“ მოლოდინში არიან და ძალას იკრებენ სამუშაოს გასაგრძელებლად.

„თავისუფალი დემოკრატებისთვის“ წინასწარ გამოცხადებული კვლევები არაფერს ნიშნავს, კვლავ დიდი იმედით ელიან ცესკოს მონაცემებს, რომელიც დილის 06:00 საათამდე არ გახმაურდება, მაგრამ მაინც არც კი უშვებენ, რომ მინიმალურ ზღვარს ვერ გადალახავენ.

სწორედ ამ მოვლენების შემდეგ კვლავ ვესაუბრე შტაბის საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ბენედიქტე გეგეჭკორს, რომელმაც საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე თქვა, რომ ეგზიტპოლი იგივე სოციოლოგიური კვლევაა, რადგან არაფრით განსხვავდება ამ უკანასკნელისგან: „მე როდესაც გამოვედი საკუთარი საარჩევნო უბნიდან, როცა ხმა მივეცი, ეგზიტპოლის წარმომადგენელმა მკითხა, თუ ვის მივეცი ხმა და მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც მინდა, რომ ჩემი ხმა იყოს ფარული, არ ვუთახრი. ასეთი ადამიანი ძალიან ბევრია თითოეულ ეგზიტპოლში და ასეთი კვლევები  შემდეგ დასაანონსებელ ინფორმაციაში ტრანსფერდება _ ხელისუფლების წარმომადგენელი არასდროს მალავდა, ვის აძლევდა ხმას, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც არ მალავენ, როგორც წესი,  ჩვენი ამომრჩეველი არის აკადემიური, რომელიც ფარულობას შეიკავებს ბოლომდე და ღრმად მწამს, რომ ეს ეგზიტპოლები ბევრად მცდარია საქართველოს მასშტაბით. მონაცემები ცესკოს დილის 6 საათზე ექნება მზად, ჩვენ კი ბევრად უფრო ადრე, დილის 03:00-04:00 საათზე. უკვე 14 წელია, რაც არჩევნების სისტემით ვარ დაკავებული. მჯერა, რომ არც „ნაციონალებისა“ და არც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელია ამხელა, რადგან ბევრი პარტია მონაწილეობს არჩევნებში და მათ პროცენტების ნაწილი დააკლდებათ, როცა სხვების პროცენტული მაჩვენებელი აიწევს. ეს ჩვეულებრივი შკალაა, ცოცხალი ორგანიზმი, ამას სწორი დათვლა სჭირდება.

ამ პროცესშიც ძალიან ბევრი წვრილი და მსხვილი დარღვევებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ერთიანი შეფასებებისას, შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ჩაიარა არჩევნებმა და მარნეულის ექსცესს, ზუგდიდში პატარა ამბებს და ავლაბარში გათიშულ ელექტროენერგიას თუ არ ჩავთვლით, საბოლოო ჯამში, არჩევნების შეფასება დადებითია, მაგრამ არა იდეალური, როგორიც გვინდამ რომ მომავალი ევროპის ქვეყანაში იყოს“.

 

ეს იყო 8 ოქტომბრის ბოლო კომენტარი, რომელიც „ქრონიკა+“-ს „თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში მისცეს. მას შემდეგ დაიწყო ხმების დათვლა სპეციალური სისტემის მიხედვით, ლიდერები ცალკე ოთახში შედეგებს ელოდნენ და არც ერთი მათგანი კომენტარს არ აკეთებდა საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.

შუაღამემდე ველოდი პასუხებს, თუმცა მათი უმრავლესობა დათვლილი არ იყო, დილის, დაახლოებით, 05:00-06:00 საათისთვის პირველადი მონაცემები გვქონდა. შედეგები „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ სახარბიელო არ აღმოჩნდა. იყო უკმაყოფილება, თუმცა საბოლოო პასუხებს ელოდნენ.

 

9 ოქტომბერი, არჩევნების მეორე დღე.

ჭატცჰ Dოგ-ის პოზიცია მიჭირავს და კართან ველოდები პარტიის რომელიმე ლიდერს, იქნებ, მკითხველისთვის ისეთი რამ გავიგო, რაც მნიშვნელოვანია და მხოლოდ „ქრონიკა+“-ის მკითხველს ეცოდინება, მაგრამ ისინი არ გამოდიან. ორსაათიანი ლოდინის შემდეგ გამოჩდნენ, მოითათბირეს, თუმცა თითოეულს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ არაფერს იტყვის. ხვალინდელ 15:00-საათიან ბრიფინგზე „მეპატიჟებიან“. სანამ პარტიის ლიდერი თავად არ ჩაატარებს ბრიფინგს, არაფერს ვიტყვითო _ სხვა გზა არ არის, ველოდები 10 ოქტომბერს (ამასობაში კი ,,პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შედის, ,,ნაციონალები” ვერ ჩამოყალიბებულან).

 

10 ოქტომბერი. „თავისუფალი დემოკრატების“ აწ უკვე ყოფილი ლიდერის, ირაკლი ალასანიას ბრიფინგი.

 

„ველოდებოდით არჩევნების ძირითადი ნაწილის შედეგების გამოცხადებას, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ  განცხადება არ გაგვეკეთებინა მის გამოცხადებამდე. მთელ საქართველოში `თავისუფალი დემოკრატების” მხარდამჭერებს მადლობა მინდა ვუთხრა, ყველა წევრს იმისთვის, რომ წლების განმავლობაში არ ურიგდებოდნენ უსამართლობას და ყოველთვის იყვნენ პრინციპების დამცველები. პრინციპები არასდროს დაუკარგავთ _ ეს იყო ყველაზე სახასიათო ნიშანი, რითაც გამოარჩევდით მათ, შედეგი კი შემდეგია _ საზოგადოების გადაწყვეტილება არის მოცემულობა, რომელმაც ახალ ეტაპზე გადაიყვანა ყველაფერი. ახლა გასააზრებელი და გადასაფასებელია შეცდომები. ყველაფერს აქვს მიზეზები და პირველ რიგში თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ ამას.  ადგილობრივ არჩევნებზე მათი მონაწილეობის  სერიოზული განახლება, რეორგანიზაცია და დაგეგმვა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში ეს სამუშაოები განვითარდება. პრინციპებზე მდგარი პარტია სერიოზულად მოემზადება შემდეგი არჩევნებისთვის, ამას დასჭირდება დრო, ანალიზი.

მადლობა ყველას, ვინც კარგად მიმიღო და ყველა ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად გაიარა თითოეული ნაბიჯი. განსაკუთრებული მადლობა გორელებს, ვინც ჩემთან ერთად გაიარა გზა.

იგეგმება მეორე ტური, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კანდიდატურა და შევაჩერო ჩემი კამპანია, იმიტომ რომ იმ დაპირებების, შეთავაზების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა ერთიანი ჩანაფიქრით პარლამენტში, იმ შედეგებმა, რასაც მივაღწიეთ, ამ სიტყვის, დაპირების განხორციელების შესაძლებლობა არ მოგვცა, სწორედ ამიტომ მადლობელი ვარ თითოეული ხმისთვის და სადაც უნდა ვიყო, მე ვუერთგულებ მათ ნდობას. 4 წელი არის ძალიან დიდი დრო, რომელიც ფუჭად არ უნდა გავფლანგოთ და ვინაიდან ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ მე აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში და პარლამენტში მიმდინარე მოვლენებზე, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვაკეთო ისეთი რამ, რითიც შევძლებ გვერდში დავუდგე ჩემს საზოგადოებას, საქართველოს და იმ ამომრჩევლებს, რომელთაც მხარი დამიჭირეს, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, გავიდე პარტიიდან, მაგრამ დავრჩე საქართველოს ჯარისკაცად, აქ, ადგილზე ვიქნები პროცესებში ჩართული იმ კუთხით, რომ გვერდში ვედგე ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ მე არჩევანს პატივს ვცემ, არ მჯერა ამ არჩევნების. მადლობა ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. პარტია გააგრძელებს მუშაობას, რათა განახლებული, უკეთესი შემადგენლობით შევხვდეთ არჩევნებს. მადლობა მედიას, მე მჯერა და მწამს, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ნაწილი და შეეძლება თითოეული მოქალაქის დაცვა, რომელიც არ დაუშვებს უდანაშაულო ადამიანების ციხეში ჩასმას და იქნება ინდივიდუალური მოქალაქეების დამცველი.

პარტიას სჭირდება განახლება და ახალი შემადგენლობით გააგრძელებს არჩევნებში მონაწილეობას. ყველა წევრი მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, პარტია აგრძელებს ფუნქციონირებას“.

ამ სიტყვების შემდეგ მან უკომენტაროდ დატოვა ოფისი და წავიდა.

დარჩნენ გუნდის სხვა წევრები. ნინო გოგუაძემ კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გაუერთიანებლობა (როგორც ეს უსუფაშვილმა თქვა), განაცხადა: „ყველამ ერთად ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, ამას გავაანალიზებთ და შემდეგ ვიმოქმედებთ. იყო ეს შეცდომა თუ არა, დღემდე ამ მოცემულობით მოვედით, ახლა დაფიქრების დროა. ჩვენ ვიცით ფიქრი და აუცილებლად სწორ დასკვნებს გამოვიტანთ. მე-2 ტური გვაქვს მხოლოდ ჭიათურაში, იქ აუცილებლად გაგრძელდება ბრძოლა“.

მოგვიანებით, „ქრონიკა+“ თავად ალექსი პეტრიაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ მიუხედავად ჩვენი გაზეთის დიდი პატივისცემისა, ის კომენტარს, უბრალოდ, არ აკეთებს.

დღეს 11 სექტემბერია, ქართულ საზოგადოებას მეცხრე მოწვევის პარლამენტი ჰყავს, რუზველტისა არ იყოს, მაინც ხომ ყველამ ვიცით, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და თუ ხდება, შეგიძლია დანაძლევდე, რომ ეს ვიღაცამ დაგეგმა.

რა იქნება მომავალში, ამას ჩვენი მკითხველი აუცილებლად შეიტყობს.

 

                                                                                                                    ნინო ტაბაღუა