პოსტსაარჩევნო ამბები, ანუ რას აპირებს „ენმ“?

a5

როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ-ს მომხრეები ორ ნაწილად გაიყვნენ: ისინი, რომლებიც მხარს უჭერენ საპარლამენტო გზით ბრძოლის გაგრძელებას და მეორე ტურში მონაწილეობის გზით ივანიშვილისთვის, მინიმუმ, ათი მანდატის ცხვირწინ აღლეტას და ისინი, რომლებიც მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

რაც არანაკლებ გასათვალისწინებელი ფაქტორია, ის მომხრეები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ამავე დროს, იმასაც ფიქრობენ, რომ, საერთოდ, პარლამენტში შესვლასაც არ აქვს აზრი. ამ ბანაკში აღმოჩნდა (როგორც მოსალოდნელი იყო) საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მართალია, 8 ოქტომბერს ამბობდა, წინ მეორე ტურებია და უნდა დავირაზმოთო, მაგრამ უკვე 10 ოქტომბერს, როცა, სავარაუდოდ, ბევრი რამ გაიგო დარღვევებზე, რაც 8 ოქტომბერს არ იცოდა, მომხრეებს ეუბნება, რომ ვერ ხედავს მეორე ტურში მონაწილეობის აზრს.

მეორე ტური 51 ოლქშია მოსალოდნელი. ეს ის ოლქებია, სადაც მაჟორიტარობის ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა არჩევნებზე ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლის ხმების 50%-ს+1 ხმა. აქედან 45 ოლქში მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან „ქართული ოცნებისა“ და „ენმ“-ს კანდიდატები.

სხვათა შორის, მაჟორიტარობის კანდიდატის გამარჯვების პრინციპი სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებამ შეცვალა, რასაც ახლა, შესაძლოა, ნანობს კიდეც: მანამდე კანონი მაჟორიტარობის კანდიდატს მხოლოდ 30%-იანი ბარიერის გადალახვის აუცილებლობას უწესებდა და ის იმარჯვებდა, ვინც ამომრჩევლის ხმების 30%-ზე მეტს მიიღებდა და მის უკან მდგომზე მეტს, ზოგადად.

„ოცნებას“, როცა კანონს ცვლიდა, შესაძლოა, ეგონა, რომ მუდამ მაღალი მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თუმცა ახლა რომ ძველი პრინციპი მოქმედებდეს, მაჟორიტარულ ოლქებში, უმეტესწილად, „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებდნენ. როგორც იტყვიან, თაგვმა თხარა, თხარაო და „ოცნებამაც“, თავისივე საწინააღმდეგო კანონი გამოთხარა.

უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ცესკოს მონაცემებს დავეყრდნოთ და მეორე ტურისთვის არსებული სიტუაცია ზუგდიდის ოლქის მაგალითზე განვიხილოთ. ჯერ ერთი, სამეგრელო და ზუგდიდი „ენმ“-ს ყველაზე მეტი მხარდამჭერით გამოირჩევა და მეორეც, აქ თვით სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს. მართალია, სადაც სანდრას უპირატესობა დიდი იყო, ის უბნები დაარბიეს, მაგრამ არსებული მონაცემებით, ანუ, 49 უბნიდან დათვლილი 45 უბნის ოქმების მიხედვით, სიტუაცია ზუგდიდში, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში, ასეთია:

„ქართული ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ, რომელიც მანამდე ზუგდიდის გამგებელი იყო და ასე აღზევებული იმიტომაა, რომ მისი ცოლი ბიძინა ივანიშვილის ნათესავია, საერთო ჯამში, 10.315 ხმა მიიღო.

მისმა მთავარმა კონკურენტმა „ენმ“-დან სანდრა რულოვსმა მიიღო 10.189 ხმა. სანდრა რულოვსმა გაიმარჯვა იმ სოფელშიც კი, რომელიც ედიშერ თოლორაიას მშობლიური სოფელია _ ოქმი სანდრამ თავად წარმოადგინა.

თოლორაიას შემთხვევაში მიღებული ხმები ამომრჩევლის ხმების 46,75%-ია, ხოლო სანდრა რულოვსის ხმები კი _ 46,18%.

როგორც ვხედავთ, პარლამენტის წევრობის ძველი პრინციპის არსებობის შემთხვევაში, ამ უბანზე გამარჯვება ედიშერ თოლორაიას დარჩებოდა.

ერთი წამით ავიღოთ მოცემულობად, რომ მეორე ტურში იმდენივე ამომრჩეველი მოვა, რამდენიც პირველ ტურში მოვიდა, ხოლო ამ ორ კანდიდატს ისევ ისინი მისცემენ ხმას, ვინც პირველ ტურში მისცა, ანუ, დაახლოებით, 250-ხმიანი უპირატესობა შევუნარჩუნოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს.

რით აპირებს ამ ხმების ამოქაჩვას „ენმ“? არის ვერსია, რომ არჩევნებზე მივა ის ხალხი, ვინც პირველ ტურში არ მივიდა, რადგან ახლა წყდება ქვეყნის ბედი, რომ ბიძინას არ უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ასე შემდეგ.

სავარაუდოდ, ამის იმედად ყოფნა თავის მოტყუებას ჰგავს: ის ხალხი, ვინც არჩევნებზე არ წავიდა 8 ოქტომბერს, დიდი ალბათობით, არ წავა არც ორი კვირის ფარგლებში. ამიტომ მათ არარეალურ ხმებზე გათვლა არასერიოზული ნაბიჯია. ვინ აღრიცხა? ვინ იცის, რამდენია ასეთი ამომრჩეველი? დავუშვათ, არ მოუნდა მოსვლა, რას შვრება „ენმ“?

ეს რაც შეეხებოდა დე ფაქტოდ არარსებულ ხმებს. მაგრამ არის დე ფაქტოდ არსებული ხმებიც, რომელთა პარტონები ან არ უნდა წავიდნენ არჩევნებზე, ან წავიდნენ და რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი აირჩიონ. ზუგდიდში მესამე-მეოთხე ადგილზე „პატრიოტთა ალიანსისა“ და „პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატები არიან. ორივემ, ჯამში, დაახლოებით, 1.300 ხმა მიიღო.

თუ მივიჩნევთ, რომ ეს 1.300 ამომრჩეველი ისევ წავა არჩევნებზე და არჩევანის გაკეთება სანდრა რულოვსსა და ედიშერ თოლორაიას შორის მოუწევს, სადაა იმის გარანტია, რომ ეს ხმები ან მისი უდიდესი ნაწილი სანდრას დაემატება ისე, რომ 250-ხმიანი სხვაობაც ამოიღოს და მოიგოს კიდეც?

განვიხილოთ კიდევ ერთი ვარიანტი: გავიხსენოთ შეთქმულების თეორიები და ერთი წუთით დავუშვათ, რომ პაატა ბურჭულაძე მართლაც „ენმ“-ს პროექტია და მისი მომხრეების ხმები სანდრას დაემატება, ხოლო ირმა ინაშვილის, ანუ ბიძინა ივანიშვილის პროექტის მომხრეების ხმები _ ედიშერ თოლორაიას.

ასეთ შემთხვევაში სანდრა რულოვსისთვის მიცემული ხმა იქნება 10.189 პლუს 669, ანუ 10 858, ხოლო ედიშერ თოლორაიასთვის მიცემული ხმების რაოდენობა იქნება 10.315 ხმას დამატებული 644, ანუ 10.959 ხმა, ანუ, ამ მოცემულობით, ედიშერ თოლორაია იგებს მეორე ტურს.

რასაკვირველია, არსებობს კიდევ ოთხი უბანი, სადაც სანდრასთვის მიცემული ხმების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო და ამ მონაცემებში არ მოხვედრილა, მაგრამ იმ უბნებში თოლორაიასთვის მიცემული ხმებიც იქნებოდა და, რაც ყველაზე მთავარია, როცა ზუგდიდზეც კი და სანდრა რულოვსზეც კი ძნელია გადაჭრით იმის მტკიცება, რომ გაიმარჯვებს, რა შანსები აქვთ სხვებს? ალბათ, მიზერული.

ამას გარდა, არც იმის დავიწყება ღირს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილმაც კი იწინასწარმეტყველა _ პირველ ტურში სანდრა რულოვსიც კი ვერ მოიგებსო.

აბა, ბიძინას ნათქვამი და ნაწინასწარმეტყველევი და ამხდარი სხვა დროს რა გინახავთ, მაგრამ ეს კი ნამდვილად გაარტყა _ იმის მიუხედავად, რომ ცალკეული უბნები დაარბიეს, დალეწეს და საარჩევნო ყუთი მოიპრეს, ხოლო უცხოელ დამკვირვებელს სცემეს, ფაქტია, სანდრა რულოვსს 200 ხმით პირველ ტურშიც მოუგეს…

 

საარჩევნო პერიპეტიები _ რა ხდებოდა სამეგრელოში 8 ოქტომბერს?

 

სამეგრელო რომ არჩევნების დღეს ძირითადი ვნებათაღელვის პოლიგონი გახდებოდა, 8 ოქტომბერმა მხოლოდ დაადასტურა. ამორჩეველთა აქტივობა და ის, რომ აქ სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს, საკმაო მიზეზი იყო იმისთვის, რათა „ოცნება“ მაქსიმალურად დარაზმულიყო. ამას გარდა, ბიძინასთვის მიცემული პირობაც არსებობდა, რომ ზუგდიდს აღარ დათმობდნენ. სწორედ ამ პირობის იმედად თქვა ბიძინამ (რაც ახდა კიდეც, სხვათა შორის), _ ზუგდიდშიც კი გაუჭირდება „ნაცმოძრაობას“ პირველ ტურში გამარჯვებაო.

წინა საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული პრინციპით არჩეულებს შორის მეორე ტურის გამართვა არ გამხდარა საჭირო. არადა, „ქართულ ოცნებას“ ბევრად უფრო წონადი და ცნობილი სახე ჰყავდა ზუგდიდში _ ირაკლი ალასანია, რომელმაც პირველსავე ტურში, დიდი სხვაობით, წააგო როლანდ ახალაიასთან. იმ ახალაიასთან, რომლის ოჯახის მარგინალიზაცია წლების განმავლობაში მმდინარეობდა. მაშინ სამეგრელომ „თავისიანი“ აირჩია. ზოგი იტყვის, ალასანიასაც ხომ მეგრული წარმოშობის გვარი აქვსო? მაგრამ მხოლოდ ეს არაა განმსაზღვრელი ფაქტორი _ ამომრჩეველი ბევრ რამეს ითვალისწინებს ხოლმე, სანამ კანდიდატს თავისიანად მიიჩნევს.

ოთხი წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ წინა შეცდომა არ გაიმეორა და სანდრა რულოვსს ადგილობრივი პერსონა, ედიშერ თოლორაია წარუდგინა. მან თავისი გზავნილი კონკურენტის გზავნილს მოარგო _ ერთობ კომიკურად, მაგრამ მაინც. მაგალითად, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე, როცა რომელიმე, „ენმ“-ს მომხრე ეტყოდა, სანდრა ჩვენი რძალიაო, ედიშერი პასუხობდა: „ის თუ რძალია, მე თქვენი შვილი ვარ!“ მალე ეს ხუმრობით ნათქვამი ფრაზა მისი საერთო გზავნილი გახდა და, გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა, მას ფარულად აპიარებდნენ კიდეც. არ ვიცი, რამდენად იმოქმედა ამან მეგრელებზე, მაგრამ ცესკოს მონაცემების მიხედვით, თოლორაიამ პირველ ტურში სანდრაზე 250 ხმით უკეთესი შედეგი აჩვენა.

სამეგრელოში 8 ოქტომბრის დღე თავდაპირველად საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და როცა ეს ყველას გაუკვირდა, არეულობებიც მას შემდეგ დაიწყო. წუთი-წუთზე მოდიოდა შეტყობინებები, რომ კოლხიდაში ცემა-ტყეპაა, რომ ჯიხაშკარში უბანი დაარბიეს, რომ განმუხურში ხმის დათვლის პროცესი ჩაიშალა, დარჩელში უბანთან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ…

პირველი განგაში დილის საათებშივე გაისმა, როცა ლაშა დამენიამ სამეგრელოს შტაბის სახელით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სამეგრელოში „სომხური კარუსელები“ ამოქმედდა. „ქრონიკა+“-თან საუბარში ლაშა დამენია არჩევნების დღის დეტალებს იხსენებს:

„მათ დილიდანვე დაიჭირეს თადარიგი, რადგან იცოდნენ, რომ მაქინაციის გარეშე ამ არჩევნებში შანსი არ ჰქონდათ, როგორც ზუგდიდში, ასევე საქართველოს დანარჩენ რეგიონში“, _ ამბობს ის.

„დილიდანვე 8 უბანი გაიხსნა დაგვიანებით, პრობლემები შეექმნათ ენმ-ს დამკვირვებლებს. ამ დროს ენგურის ხიდზე დევნილთა სიმრავლე შეინიშნებოდა და ეს მაშინ, როცა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ზედიზედ აკეთებდნენ განცხადებებს, _ ე. წ. საზღვარს ვკეტავთ და 9 ოქტომბრამდე არ გავხსნითო. რა გზით მოახერხა დათო შენგელიამ დევნილების გადმოყვანა?“ _ კითხულობს დამენია, ხოლო შეკითხვაზე, რა მტკიცებულება არსებობს, რომ ამ პროცესში მაინცდამაინც დათო შენგელია და მისი გუნდი იყვნენ ჩართული, არსებობს ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახულია დევნილთა აქტიური ნაკადი და მანქანები სახელმწიფო ნომრებით, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურის ავტოპარკთან.

„ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, ამგვარი ფოტო და ვიდეომასალა ნამდვილად არსებობს. ასე მაგალითად, გალის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ რუხის უბანზე, სადაც, ძირითადად, აფხაზეთიდან დევნილები აძლევდნენ ხმას, დილიდანვე ხალხმრავლლობა იყო სწორედ გალის რაიონიდან გადმოსული დევნილების ხარჯზე, გარეთ კი მიკროავტობუსები და სხვადასხვანომრიანი ავტომანქანები იდგა.

ამას გარდა, რადიო „ათინათმა“ არჩევნების დღეს ენგურის ხიდზე 40-მდე დევნილი გადაიღო. ისინი ხიდზე ჯგუფურად გადმოვიდნენ, გამოღმა მხარეს კი მიკროავტობუსი დახვდათ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ სად მიდიოდნენ, ნაწილმა პირდაპირ უთხრა, _ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მივდივართო, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ნათესავის დაკრძალვაზე მიდიოდნენ. აგრესიას სწორედ ეს უკანასკნელნი ავლენდნენ, რაც, ზოგადად, დევნილებისგან გასაკვირია _ ისინი არ გამოირჩევიან აგრესიით ჟურნალისტების მიმართ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ჟურნალისტები აშუქებენ ყველაზე ხშირად მათ ყოფასა და მათ წინაშე მდგარ პრობლემებს.

„ნაცმოძრაობის“ ვერსიით, პარტიზანული შენაერთის „ტყის ძმების“ ყოფილი ლიდერი, დათო შენგელია და სხვა, კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე პირების მიერ არჩევნების წინაპერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება გალის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ ამ უკანასკნელთ ხელი არ შეეშალათ დევნილთა ნაკადის შემოდინებისთვის. გაუგებარია, სანაცვლოდ რა გარანტიები მიიღო დე ფაქტო ხელისუფლებამ, მაგრამ ფაქტია, რომ დევნილები გამოატარეს.

თუ წინა და იმისწინა საპარლამენტო არჩევნებს გავიხსენებთ, ასე არ ხდებოდა და აფხაზური ადმინისტრაცია დევნილებს გადაადგილებისთვის შეზღუდვებს უწესებდა სწორედ არჩევნების დღეს და შემდგომი ორი-სამი დღის განმავლობაში. მათთვის საქართველო უცხო ქვეყნად აღიქმებოდა და სულ ერთი იყო, მეტი ამომრჩეველი მიიღებდა მის არჩევნებში მონაწილეობას თუ ნაკლები. რა შეიცვალა ახლა? რატომ იყო დაინტერესებული აფხაზური ადმინისტრაცია, რომ დევნილებს მასობრივად მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში და თუ დაინტერესებული არ იყო, რა დაპირება, რის გარანტია მიიღო სანაცვლოდ? მანამდეც დადიოდა ხმები, რომ სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია აქტიურად იყო ჩართული პროცესში და მასში დათო შენგელიას მონაწილეობას კურირებდა. როგორც ჩანს, ხელისუფლება სეპარატისტებთან თანამშრომლობისთვისაც კი მზად იყო, ოღონდაც ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ მაჩვენებელი დაბალი ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ დევნილთა ხმები სანდრა რულოვსის, ან ედიშერ თოლორაიასთვის მიცემულ ხმებზე გავლენას ვერ მოახდენდა, ანუ, ხელისუფლება, თუკი ის ნამდვილად იყო ჩართული ამ პროცესში, „ქართული ოცნებისთვის“ პროპორციული სისტემით მიცემული ხმების გაზრდაზე მუშაობდა.

ენგურის ხიდი არ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც დათო შენგელიას სახელმა გაიჟღერა. აღსანიშნავია, რომ შენგელიას ავტორიტეტი არა მხოლოდ გალის რაიონში, ზუგდიდშიც, „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებშიც აქვს. მისი სიახლოვე „კანონიერ ქურდებთან“ ყველასთვის კარგადაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, როგორც ჩანს, მასზე ფსონი ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველა, მისთვის აქილევსის ქუსლად ქცეულ ადგილებში გააკეთა. მართალია, თვითონ დათო შენგელია არც ერთ უბანზე არავის უნახავს და, მგონი, არც ხმის მისაცემად წასულა, მაგრამ პროცესები რომ მისი ორგანიზებული იყო, ამაზე მასთან დაახლოებული პირების სიმრავლე მიანიშნებდა, თუნდაც კოლხიდასა და ჯიხაშკარში.

დათო შენგელიას წინა ხელისუფლების მიმართ წყენის გამოხატვის საფუძველი ნამდვილად აქვს. თუმცა იყო დრო, როცა „ტყის ძმების“ მეთაურს არც წინა ხელისუფლება ერჩოდა რამეს. ჯერ კიდევ სააკაშვილის არჩევამდე, როცა ის ოპოზიციის წარმომადგენელი იყო, სწორედ „ტყის ძმებსა“ და დათო შენგელიას მეგობარს უკავშირდება მისი ლიკვიდაციის მცდელობა, როცა მომავალმა პრეზიდენტმა ზუგდიდში ჩასვლა დააპირა. ამას წინ უძღოდა ბოტანიკური ბაღიდან შეიარაღებული პირების გამოჩენა და სააკაშვილის მომხრეთა მიტინგის მიმართულებით ცეცხლის გახსნა. მაშინ ორი ადამიანი დაიჭრა კიდეც, ხოლო სააკაშვილი, რომელიც მაინც ჩავიდა ზუგდიდში და მომხრეებს შეხვდა, აბაშის გზაზე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა…

შემდეგ იყო და, თითქოს ხელისუფლებამ და შენგელიამ საერთო ენა გამონახეს, მაგრამ, საბოლოოდ, როგორც მაშინდელი დროება ითხოვდა, დათო შენგელია ციხეში აღმოჩნდა და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოვიდა გარეთ. ასე რომ, როგორც იტყვიან, ხელი ხელს ჰბანს, ორივე ერთად კი _ პირსო.

მხოლოდ დევნილების მობილიზება რომ ყოფილიყო პრობლემა, რასაკვირველია, ეს დილემა არ იქნებოდა, მაგრამ პრობლემები უამისოდაც თავზესაყრელი იყო: ცარიელი ბიულეტენები, საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც „ენმ“-ს დამკვირვებლებს პროვოკატორებს უწოდებდა, უამრავი ხილული თუ უხილავი ბარიერი საარჩევნო უბნებზე _ ეს ყველაფერი თავდაპირველად, დღის განმავლობაში: სანამ არ დარწმუნდნენ, რომ სერიოზული სხვაობით მარცხდებოდნენ, „ქართულ ოცნებას“ რადიკალური ნაბიჯებისთვის არ მიუმართავს, რადგან ზემოდან იყო დირექტივა: „რაც შეიძლება მშვიდად, თუ სიტუაცია რადიკალიზმს არ მოითხოვს. დაელოდეთ მითითებებს“.

ამ პრინციპით „ქართული ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სტრატეგიას, ხოლო ცესკოს მოქმედება _ ნანა დევდარიანის ცესკოს მოქმედებას, რომელიც მაშინ შევარდნაძის ბლოკის პირველ ადგილს დაუღალავად „აპრავებდა“: დღისით ისინიც მშვიდად იყვნენ და კაცი იფიქრებდა კიდეც, რომ ანგელოზები არიან და ფრთები ამოსდითო, მაგრამ დაბნელდებოდა თუ არა, მაშინვე გადადიოდნენ მოქმედებაზე, ანუ მთავარი „ფაფხური“ სწორედ ხმების დათვლის დაწყებამდე, ან დაწყების შემდეგ იწყებოდა.

თუმცა სანამ ცნობილი დარბევების დეტალებზე გადავიდოდეთ, ვნახოთ, სად რა ირღვეოდა მანამდე:

მე-10 საჯარო სკოლაში გახსნილ 30-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ცარიელი ბიულეტენები იპოვა კაბინაში, გამოიატანა და ფაქტი გაასაჯაროვა. აღსანიშნავია, რომ ბიულეტენები არ აკლდა უბანში გამოგზავნილ რაოდენობას, ანუ ის საიდანღაც იყო შემოტანილი. სწორედ ამ ფაქტის გამო გააკეთა მაშინ განცხადება ლაშა დამენიამ და აღნიშნა, რომ უბნებზე ე. წ. სომხური კარუსელი დატრიალდა.

მეხუთე უბანზე კომისიის თავმჯდომარეს იმდენად ამოუყვანეს ყელში კანონიერი პროცედურების შეუსრულებლობა, რომ ცუდად გახდა: „წნევამ ამიწია, არასდროს წნევას არ შევუწუხებივარ, სასწრაფო გამოვიძახეთ“, _ ამბობდა ის 8 ოქტომბერს.

მაღალი წნევა ცუდია, მაგრამ უარესია, როცა კომისიის თავმჯდომარე ვერ ერკვევა ელემენტარულ პროცედურაში და პირველ ამომრჩეველს უფლებას აძლევს, პირადი მონაცემების გარეშე ჩააგდოს ბიულეტენი საარჩევნო ყუთში _ სწორედ ეს გააპროტესტა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელმა და საოლქო კომისიიდან მოსულმა პირებმა ეს ხარვეზი გამოასწორეს.

მაგრამ იმის გამო, რომ საარჩევნო ყუთი გაიხსნა, ანუ ლუქის მთლიანობა დაირღვა, უკვე სხვა არასამთავრობომ მოითხოვა ხმის მიცემის პროცესის შეჩერება. ამ ორგანიზაციის დამკვირვებლის თქმით, მართალია, ლუქის მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებული შესაბამისი აქტი შედგა, მაგრამ ეს არ იძლეოდა ხმის მიცემის პროცესის გაგრძელების სამართლებრივ საფუძველს.

უკვე საღამოსკენ პოლიციელების პირველი კორდონი კარგად ცნობილ სოფელ კორცხელში გამოჩნდა. იქ პოლიციელები უბნის შესასვლელსა და ამომრჩეველს შორის ჩააყენეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მალე უბანი უნდა დახურულიყო, ხოლო ხმის მიცემას რიგში კიდევ 100-დე მოქალაქე ელოდებოდა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ მოგვიანებით განაცხადა, რომ უბანი მანამ არ დაიხურებოდა, სანამ ხმას ბოლო ამომრჩეველი არ მისცემდა, რის შემდეგაც სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა.

ხმის დათვლის პროცედურის დაწყებისთანავე აირია სიტუაცია სოფელ ჯიხაშკარის ორ უბანში: 108-ე და 79-ე უბნებზე, თითქმის ერთდროულად შეიჭრნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცები, მათ უკვე დათვლილი და დალაგებული ბიულეტენების ძირს გადმოყრა დაიწყეს, საარჩევნო ყუთი დაამსხვრიეს, ხოლო დამკვირვებლებს, რომლებიც ცდილობდნენ, მომხდარი ტელეფონით გადაეღოთ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. საიას დამკვირვებელმა არეულობის გამო ფანჯრიდან გადაძრომით უშველა თავს, ხოლო მოგვიანებით მოსულ ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა უცხოელმა დამკვირვებელმა („სამართლიანი არჩევნებიდან“), რომელსაც შუბლზე დიდი კოპი აჯდა, განაცხადა, რომ არ დაუთვლია, რამდენი იყვნენ თავდამსხმელები: „არ მიმიქცევია ყურადღება არც იმისთვის, რამდენი იყვნენ და არაც იმისთვის, სხვებსაც ურტყამდნენ თუ არა“, _ თქვა მან და მორიდებით ითხოვა: „პირში მიკროფონებს ნუ ჩამტენით, თუ შეიძლება“.

მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ უბანზე თავდასხმის უშუალო ორგანიზატორი და მონაწილე პირი დაკავებულია, ხოლო დანარჩენის დასადგენად მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა სხვა პირების დაკავების, ან გამოვლენის შესახებ ინფორმაცია არც კვირას და არც ორშაბათს არ გამოქვეყნებულა.

შესაბამისად, ამ ორი უბნის მონაცემები, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, „ენმ“ და მისი კანდიდატი როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ სისტემაში აშკარად ლიდერობდა, ცესკოს გევრდზე არაა ატვირთული, ეს ხმები კი, ძირითადად, სანდრა რულოვსსა და „ენმ“-ს დააკლდათ.

პოლიცია და სპეცრაზმი მოგვიანებით განმუხურშიც გამოჩნდა. მოგეხსენებათ, განმუხურის მოსახლეობა, ამ სოფლის საკვანძო ზღვისპირა სოფლად ქცევის გამო განსაკუთრებით ემადლიერება წინა ხელისუფლებას. და თუმცა არც ახალი აკლებს ხელს და ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღსაც ჰპირდება, როგორც ჩანს, გულში მაინც მიშას მზეს ლოცულობენ.

მაგრამ განმუხურში საარჩევნო უბანში არც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული „ტიტუშკები“ და არც შეიარაღებული პირები გამოჩენილან: იქ სიტუაცია კომისიის წევრების ურთიერთდაპირისპირების შედეგად აირია. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც 39-ე უბანზე 38-ე უბნის მდივანი შემოვიდა:

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გაიგეს, რომ ორივე უბანზე აგებდნენ არჩევნებს და მას შემდეგ დაიწყო, თუ დაიწყო: „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს ლანძღავდნენ, მერე „ოცნების“ მომხრეებმა კონვერტები ძირს გადმოყარეს და ფეხით მიმოფანტეს. ეს ყველაფერი განგებ გააკეთეს“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს განმუხურის საჯარო სკოლასთან მცხოვრებმა ნონა ებუჯიამ, რომელიც სამოქალაქო აქტივობით გამოირჩევა და ბოლო პერიოდის ყველა დონის არჩევნებში აქვს მონაწილეობა მიღებული.

სხვათა შორის, ზუგდიდში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობისთვისაც მიდიოდა ბრძოლა და თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატებს შორისაც. პირველში „ენმ“-ს წარმომადგენელი 7%-ით ჩამორჩება „ოცნების“ წარმომადგენელს, მეორეში კი „ენმ“-ს წარმომადგენელმა ორპროცენტიანი სხვაობით მოიპოვა გამარჯვება, თუმცა, 50%-ს არც ერთი არ გადაცილებულა. ზუგდიდშივე ჩატარდა საკრებულოს შუალედური არჩევნებიც და აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა.

ზუგდიდი რომ საოცრებათა ქალაქია, 10 ოქტომბერს, საღამოს მომხდარმა ფაქტმაც დაადასტურა: „პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატი გურგენ სართანია, რომელმაც ხმამაღალი განცხადებით დატოვა „ოცნება“, გადავიდა „ალიანსში“ და გამგებლობის კანდიდატიცაა, კაბინეტში დაბრუნდა და განაცხადა, რომ მას შვებულება დაუმთავრდა და მოვიდა, რათა ხალხს ემსახუროს. ის გამგებლის მოვალეობას ასრულებს.

როცა ეს მმართველმა პარტიამ გააპროტესტა, სართანიამ განაცხადა, რომ ისინი ქაჯებივით იქცევიან და დაამატა: „ნაციონალები“ უფრო ღირსეულად ჩანან. ესენი უნახავები და ქაჯები არიან“…

მოკლედ, სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში ელოდებიან მეორე ტურის დანიშვნას, რომელიც 2 ნოემბრამდე უნდა გაიმართოს. მანამდე კი „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები და მხარდამჭერები ლიდერების განმარტებებს ელოდებიან იმის შესახებ, აპირებენ თუ არა პარლამენტში შესვლას, თუ აპირებენ, ბოიკოტი გამოაცხადონ და ბოლომდე იყვირონ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას არ გააპრავებენ.

ლიდერებმა რამდენიმე დღე ითხოვეს, მანამდე კი კონსულტაციებისთვის და პოლიტსაბჭოს მოწვევისთვის ტაიმაუტი აიღეს. თუმცა მათ ორშაბათს გადაჭრით არაფერი უთქვამთ, მაგრამ ცხადია, რომ „ენმ“-ს ლიდერშიპი, მისი დამფუძნებლისგან განსხვავებით, რომელმაც ზღვის გადმოცურვა გადადო, მაინც პარლამენტში შესვლას უჭერს მხარს…

 

                                                                                                                    ლაშა ბერულავა