ირაკლი ღარიბაშვილისა და ვლადისლავ სურკოვის საიდუმლო შეხვედრის დეტალები

dw

ის, რომ გრიფით საიდუმლო მასალები საქართველოდან გატანილია და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების დახმარებით ისინი რუსულ სპეცსამსახურებს გადაეცა, „ქრონიკა+“ ამის შესახებ უკვე წერდა.

დღეს კარგად ინფორმირებული წყარო ახალ დეტალებს გვიყვება, თუ სად, როდის და რა ვითარებაში შეხვდა „ფსბ“-ს გენერლებს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და ვინ იყვნენ ის პირები, რომლებსაც თამაზაშვილი ხშირად მასპინძლობდა.

გაუხმაურებელი „მეგობრობის“ სკანდალური დეტალები.

2013 წლის დასაწყისში თამაზ თამაზაშვილი და სამეგრელოს დღევანდელი გუბერნატორი ლევან შონია საიდუმლო შეხვედრაზე, სოხუმში, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, სადაც „ფსბ“-ს გენერალს, ვლადისლავ სურკოვსა და სერგეი შოიგუს შეხვდნენ. შეხვედრა ორივე მხარის მიერ გასაიდუმლოებული იყო. შეხვედრის გასაიდუმლოებულ დეტალებზე საუბარი ჯერ სუფრაზე დაიწყო, სადაც ხბოს შემწვარ ნეკნებს მიირთმევდნენ, ერთ საათში კი დეტალების განხილვა სასტუმროს მესამე სართულზე გაგრძელდა. რესტორნის პერსონალი სუფრას არ მომსახურებია, მასპინძლებმა და სტუმრებმა სასტუმროს გვერდითა, VIP გასასვლელით ისარგებლეს, სპეციალური დაცვის მომსახურების მიუხედავად. „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ამ შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოც არსებობს, სტუმრებისთვის ოთახები სასტუმროს მესამე სართულზე იყო შერჩეული, გასაღები დაცვის ხელმძღვანელს ებარა. დერეფნის შუა სამი ოთახი გასაიდუმლოებული სტუმრებისთვის დილიდანვე მზად იყო. პიროვნება, რომელიც სერგეი  ბაღაბშის პირად დაცვაში იყო, „ფსბ“-ს პოლკოვნიკია. თუ როგორ და რატომ მოხდა გენერლისა და „ფსბ“-ს მაღალჩინოსნის ასე დეტალურად თვალთვალი, ეს შემდეგი თემაა, რომელსაც სამომავლოდ აუცილებლად დავუბრუნდებით.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა თამაზ თამაზაშვილისა და ვლადისლავ სურკოვის, დაახლოებით, ორსაათიანი საუბრის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდას ლევან შონია სერგეი შოიგუსთან ერთად შეუერთდა. გასაიდუმლოებული ოთხეულის  მოლაპარაკების ზუსტი გეგმის დეტალები დღემდე უცნობია, თუმცა ამ შეხვედრის მესამე დღეს „ფსბ“-ს ორი თანამშრომელი ენგურის ხიდიდან ლევან შონიამ თბილისში თამაზაშვილთან ჩაიყვანა, ორივე მათგანი სურკოვის დავალებით ჩამოვიდა. ერთი მათგანი რუსეთის უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი, მიხეილ მერკულოვი იყო და მეორე _ გენერალ-მაიორი იაკობ რეზანცევი. ისინი დღეს სწორედ აფხაზეთს კურირებენ. მათ ოკუპაციის ხაზი „ენგურჰესის“ საშვით გადმოკვეთეს და ენგურის ხიდის გავლით რუხში გადმოვიდნენ.

ამ საიდუმლო სერობის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ გენერლების მანქანას რუხამდე გაეროს მისიის თეთრი ჯიპი გადმოყვა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ზუგდიდში რუსეთის დიპლომატიური საშვით სარგებლობდა და როგორც ენგურჰესის მანქანებს, მათაც არ აჩერებენ. აფხაზეთში მათთვის სპეცსაშვები „ფსბ“-ს ბეჭდით არის დამოწმებული. გაეროს სადამკვირვებლო მისიას ოკუპანტებმა სახელი შეუცვალეს, ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ოფისი დატოვეს, _ ერთი სოხუმში და ერთ გალში.

ზუგდიდში გადმოსულ რუს მაღალჩინოსნებს ლევან შონია ენგურის ხიდიდან მოაცილებდა, თუმცა მის სამსახურებრივ „ტოიოტას“ ჯიპში ისინი რუხის ტერიტორიაზე ჩასხდნენ, საიდანაც „მოდულის“ შენობაში ჩაიყვანა. სწორედ ამ დროიდან იწყება გრიფით საიდუმლო მასალების გატანა საქართველოდან. მასალების თავმოყრა „სუსის“ შენობაში ხდებოდა. რამდენიმე წყებად შეკრული, მათთვის საინტერესო ძირითადი დოკუმენტები ენგურის ხიდიდან გაიტანეს. მაშინ ლევან შონია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამხარეო პოლიციის უფროსად მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე თამაზ თამაზაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა. რუსეთის უშიშროების სტუმრები მაშინ საქართველოში 15 დღე იმყოფებოდნენ. ყოველ მეორე დღეს სასტუმროში ოთახების დალაგება ღარიბაშვილის დაცვის წევრის თანდასწრებით ხდებოდა. ქალბატონმა, რომელიც ოთახებს ალაგებდა, სტუმრების ვინაობა არ იცის. მან „ქრონიკა+“-ის წყაროს მხოლოდ ის დაუდასტურა, რომ პირველი შემთხვევა იყო მისთვის, როცა დაცვის უცნობი წევრის თანხლებით ოთახების დალაგება უწევდა. შეკითხვაზე, _ ხომ არ შეუმჩნევია დოკუმენტების შეკვრა ის აცხადებს, რომ სამივე ოთახის დალაგებას, თითქმის, საათნახევარი მოანდომა, თუმცა დოკუმენტების შეკვრა არ უნახავს. ოთახის დალაგების შემდეგ კარი დაცვამ  დაკეტა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ადმინისტრატორთან ამ ოთახების გასაღებს არ ტოვებდნენ, რაც შეეხება  სტუმრების იქ ყოფნას, სასტუმროს ადმინისტრატორმა ისინი სულ ორჯერ შეამჩნია: დილით, როცა კიბიდან  ჩამოვიდნენ და თვალი მიადევნა მათ  სამთავრობო მანქანაში ჩასხდომას… როგორც სასტუმროს ერთ-ერთი  მეპატრონე ამბობს, სტუმრები ინგლისურად კარგად საუბრობდნენ. კიბიდან ჩამომსვლელები ერთმანეთს ინგლისურად ელაპარაკებოდნენ. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ინგლისური დიალოგი მხოლოდ „მასკიროვკა“ იყო. რეალურად, მათ საკუთარი ვინაობის გაშიფვრა არ სურდათ.

თამაზ თამაზაშვილი სასტუმროში ხშირად სტუმრობდა („ქრონიკა+“-მა სასტუმროს ზუსტი სახელი იცის, თუმცა, ამ ეტაპზე, დასახელებას საჭიროდ არ მიიჩნევს, რადგან სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე ამ საიდუმლო ვიზიტის უნებლიე დამკვირვებელიც აღმოჩნდა). „ფსბ“-ს მაღალჩინოსნებისთვის საჭირო დოკუმენტების გადარჩევა და სხვადასხვა  სამინისტროდან დავალებისამებრ „მოდულში“ მიტანა მაშინდელ მინისტრებს ევალებოდათ. ამ დავალების შესრულებას დაზვერვის დეპარტამენტის ამჟამინდელი ხელმძღვანელი და ირაკლი ღარიბაშვილი აკონტროლებდნენ. „ფსბ“-ს  პოლკოვნიკების დაინტერესება, ძირითადად, თავდაცვის სფეროს, დაზვერვასა და კონტრდაზვერვის საქმიანობას უკავშირდებოდა. ასევე უშიშროების საბჭოს მიერ გაწეული მუშაობით იყვნენ დაინტერესებულნი. კიდევ ერთი სახელმწიფო მიმართულება, სადაც რუსმა მაღალჩინოსნებმა ჩახედვა მოითხოვეს, საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების ამსახველი გრიფით საიდუმლო დოკუმენტები და თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის გეგმა იყო. ენგურის ხიდიდან გატანილი საბუთების პირველი ნაკადი, ძირითადად,  მნიშვნელოვანი დედნების ასლებისგან შედგებოდა. „მოდულის“ შენობიდან ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხამდე ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან შონიამ და თამაზ თამაზაშვილმა ჩამოიტანეს. ამ მასალებს ისევ რუხში აფხაზეთიდან სპეცსაშვით გადმოყვანილი მანქანა ელოდებოდა. საბუთები ენგურის ხიდის გავლის შემდეგ ბაღაბშის იმ დაცვის წევრს გადააბარეს, რომელიც სოხუმში საიდუმლო შეხვედრისას ობიექტის დაცვასა და დაზვერვას ახორციელებდა. მანქანა, რომლითაც დოკუმენტები გაიტანეს, „ენგურჰესის“ სპეციალური საშვით სარგებლობდა.

ხიდის მეორე მხარეს ამ მანქანას „კანონიერი ქურდები“ ელოდებოდნენ,  რომლებმაც სოხუმში ჩააცილეს და სტუმრები რუსი ოკუპანტების შტაბის ეზოშიც შეაცილეს. სოხუმური საიდუმლო შეხვედრის გაგრძელებად უნდა ჩავთვალოთ გენერალ თამაზაშვილის სიძის, ირაკლი ღარიბაშვილის გასაიდუმლოებული   ვიზიტი ავსტრიაში.

ავსტრიიდან, დაახლოებით, 400 კმ-ში, ქ. კიტსბიუჰელში, ღარიბაშვილ-ვლადისლავ სურკოვის შეხვედრა სასტუმრო „გრანდტიროლიაში“ რუსული სცენარით გაწერილი დიდი გეგმის მთავარი ნაწილი იყო. წყაროს ინფორმაციით, ეს სასტუმროც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საკუთრებაა.  ვლადისლავ სურკოვი „ფბს“-ს ძლიერი წამომადგენელი და პუტინის დასაყრდენია. ის დედის, ზოია ანტონოვნა სურკოვას გვარზეა. სინამდვილეში, ვლადისლავ იურის ძე დუდაევია, ფსევდონიმით კი ნატან დუბოვსკის სახელით და გვარით სარგებლობს. ის, ასევე, რამზან კადიროვის ახლო მეგობარია. მის ისტორიაში ბევრ საინტერესო დეტალს ნახავთ.

„ქრონიკა+“ პუტინისა და სურკოვის, თამაზ თამაზაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირზე მოგითხრობთ. სურკოვი პუტინმა 1996-1997 წლებში ჯერ ხადარკოვსკის ჩაუნერგა ბანკში, მაშინ როცა ბანკი „მენატეპის“ აქციებს ფლობდა. რამდენიმე თვეში „წარმატებული ინფორმატორობის“ გამო ის ამ აქციების სრულყოფილი მმართველი გახდა; ექვს თვეში ის კიდევ უფრო დაფასდა და 1997 წლის იანვარ-თებერვალში „ალფა-ბანკის“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა, სადაც თვითონ მმართველის ფუნქციას ასრულებდა. აქაც დიდი ხნით არ დაყოვნებულა მისი კარიერა, _ 1998 წელს ის გახდა პირველი მოადგილე და რუსეთის ტელევიზიის (ОРТ) სააქციო საზოგადოების გენდირექტორი. სურკოვი ამ სამსახურში თავად ბორის ბერეზოვსკიმ მოიყვანა. ეს გადაწყვეტილებაც მაშინ ბერეზოვსკიმ პუტინის რჩევით მიიღო. ამ დროისთვის ბერეზოვსკი უკვე პუტინის სამიზნე   იყო. სურკოვმა მის საბოლოო შესწავლას, დაახლოებით, ერთი წელი მოანდომა. ჩანერგილი სურკოვის ფინანსური მდგომარეობა დღითი დღე  იზრდებოდა. მას ძირითადი ბიზნესი ცოლის, ნატალია დუბოვსკაიას სახელზე აქვს. „ქრონიკა+“ მისი ბიზნესის  ჩამონათვალსაც შემოგთავაზებთ: კოოპერატივი, „კამელოპარტი“, სავაჭრო კომუნიკაციების სააგენტო, სადაც რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ცენტრი შედის, „მეტაპრესი“, აქციების დიდი წილი „რასპრომში“, „ტრანსნეფთ-პროდუქტები“ _ კომპანია, სადაც   პუტინსა და ბიძინას წილი აქვთ, ასევე სურკოვის ქონების შემოსავლის ნაწილია „ალფა-ბანკიდან“ და ა. შ. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა ეს საკმარისია, საზოგადოება მიხვდეს პუტინისა და სურკოვის ახლო კავშირებს. რუსეთში მსგავსი ბიზნესი პუტინის მფარველობის გარეშე ვერ იქნება და თანაც ასე წარმატებით.

სურკოვმა ამ წარმატებების მიღწევის შემდეგ 1990 წელს დაამთავრა   საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი… მისი კარიერა „ფბს“-თან წარმატებული თანამშრომლობის მიხედვით იზრდება. სურკოვი დიპლომატად პუტინის „ფეესბეშნიკური“ მმართველობის საჭიროების მიხედვით, წინმსწრებად წინაურდება. სწორედ ასეთ ადამიანთან შს მინისტრის ფარული შეხვედრა არის სკანდალი, თუმცა შეხვედრის მიზეზი და მიზანი კიდევ უფრო სხვა სკანდალის თემაა.

კიტსბიუჰელში ირაკლი ღარიბაშვილი სიმამრთან მოლაპარაკებისა და   პოზიციების შეთანხმების შემდეგ კონკრეტული დავალების მისაღებად ჩავიდა. ერთგულების გარდა, ამ დავალების წარმატებულად და თანმიმდევრულად შესრულება იყო მისი  გამოცდა. დავალების პირველი ნაწილი ბიძინასთვის იმ ადამიანების ჩამოშორება იყო, ვისაც მოსალოდნელი გეგმის გაშიფვრა და მიმდინარე მოვლენებზე ბიძინა ივანიშვილის საქმის კურსში ჩაყენება შეეძლო. გეგმის მიხედვით, ბიძინას მმართველობის სათავეებიდან  თანდათან ჩამოიშორებდნენ და პუტინის გადაწყვეტილებით ხელისუფლებაში   მოიყვანდნენ იმ პირებს, რომლებიც კრემლის უპირობო საყრდენები იქნებოდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილი მაინც საკუთარი მილიარდების მძევალი იყო და ღიად რუსულ თამაშზე უარს ამბობდა. გეგმის შემდეგი და მთავარი ნაწილი იყო რუსული ბაზების განლაგება, ევრაზიული კავშირის წარმატება და ა. შ. შემდგომში ირაკლი ღარიბაშვილს უნდა შეექმნა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა და სრულად აეღო ხელში ძალაუფლება. ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ქ. კიტსბიუჰელში სასტუმრო „გრანტიროლიაში“ მიღებული დავალების სამიზნე იქვე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია და სურკოვს მისი მოადგილის, გელა ხვედელიძის პიროვნული თვისებებიც დაუკონკრეტა:  ერთგულება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი მოზომილი დამოკიდებულება. ეს ის ჩამონათვალია, რომელიც როგორც ჩანს ღარიბაშვილს საკუთარი განდიდების ხელის შემშლელ ფაქტორად მიაჩნდა და შურისძიებისთვის ხელსაყრელი დროც დაუდგა, თუმცა შეხვედრიდან საქართველოში დაბრუნებულმა დავალებისთვის შესაფერისი დრო და ბრძოლის მეთოდი ვერ შეარჩია. ახალი მიზნისთვის საბრძოლველად ლაშა ნაცვლიშვილი გაიხადა მოკავშირედ და კომპრომატების შეგროვებაზე მუშაობაც ერთობლივად დაიწყეს. ღარიბაშვილი ნაცვლიშვილს გუნდურობის გარდა გენპროკურორობას, ან შინაგან საქმეთა მინისტრობას ჰპირდებოდა. „ქრონიკა+“-ის წყარო კონკრეტულად ასახელებს იმ პირთა წრეს, რომელსაც ფარული კამერებით სხვადასხვა დროს აგზავნიდნენ გელა ხვედელიძესთან. რუსული სპეცსამსახურები მის სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ.

ძირითად სამოქმედო დირექტივებს ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვა რუსული სპეცსამსახურიდან იღებდა. ეს ის დროა, როცა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ბოლომდე ენდობა და მის მიერ ივანიშვილისთვის მიტანილი ნებისმიერი ჭორი მისთვის სრული სიმართლეა. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილს „სუსის“ ერთ-ერთი თანამშრომლის დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი ნამდვილად შეასაღეს. ჩანაწერში საუბარი იყო, თითქოს გელა ხვედელიძემ ამ თანამშრომელს ბიძინა ივანიშვილის ფარული მიყურადების დავალება მისცა. დამონტაჟებული ჩანაწერი 15 წუთამდე იყო და ბიძინა ივანიშვილი ისე ავარდა, არც უცდია ღარიბაშვილის მიერ მოტანილი ინფორმაციის გადამოწმებაო. მოქმედების ეს დრო ძალიან საეჭვოდ დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა აიტვირთა, რომელიც ასევე გააზრებულად გელა ხვედელიძის სახელს დაუკავშირდა. ფაქტი გენერალურმა ინსპექციამ „გამოიძია“. ამ დეტალებზე „ქრონიკა+“ უკვე წერდა და ამჯერად აღარ შევჩერდებით. ღარიბაშვილისა და მისი სიმამრის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი იყო ისიც, რომ ღარიბაშვილი მისი სიმამრის პროტეჟეობით რუსული სპეცსამსახურების გავლენიან თანამშრომლებს აწინაურებდა თანამდებობებზე: ძალოვან უწყებაში, თავდაცვის სამინისტროში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტსა და ა. შ. პარალელურად, ღარიბაშვილი პოლიტიკური მომავლისთვის ნიადაგს იმზადებდა. სურკოვთან ეს საიდუმლო შეხვედრები იმდენად დასაყრდენ ხერხემლად ჩათვალა, რომ ღია პოლიტიკური თამაშიც კი წამოიწყო. ის საკუთარი მომავალი პოლიტიკური გუნდისთვის კანდიდატურებს არჩევდა, განსაკუთრებით სანდო მისთვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია გახდა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ეკა ბესელიასგან გაჟონა პირველად ინფორმაციამ ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინების შესახებ, ხოლო ინფორმაცია რუსულმა სპეცსამსახურებმა ირაკლი ღარიბაშვილის მეშვეობით მიაწოდეს ეკა ბესელიას.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ღარიბაშვილ-ბესელიას შეთქმულების შედეგი იყო კახი კალაძის მიერ „კანონიერი ქურდების“ მფარველობაზე  ატეხილი ხმაური. დეტალებს ეკა ბესელია „ნაციონალ-სულიერ“ მეგობრებს აწვდიდა, რომლის გახმაურება კალაძის თანამდებობიდან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. მანქანის კადრები, სადაც კალაძე „კანონიერ ქურდს“ ელოდებოდა, ღარიბაშვილმა „სუსიდან“ მიიღო. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ოპონენტებმა ჩანაწერი, ან ფოტო მოითხოვეს. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კახი კალაძის წინააღმდეგ მოპოვებული მასალა რამდენიმე საათში „ნაციონალების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგის თემა გახდა.

თემას „ქრონიკა+“ მომდევნო ნომერში გააგრძელებს.

 

                                                                                                               ელისო კილაძე