გია ხუხაშვილი: „როცა გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 30%-ზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა არ არსებობს!“

8

ზედ არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რიგრიგობით, ვიდეო თუ აუდიოკადრებს აქვეყნებს და ცდილობს, ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ მას სხვა არჩევანი არ გააჩნია. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც ელექტორატის რეკორდულ რაოდენობას, დაახლოებით, მესამედზე მეტს, ჯერ კიდევ ვერ გადაუწვეტია, ვის მისცეს ხმა 8 ოქტომბერს. პოლიტიკური მოწინააღმდეგის დემონიზაცია კვლავ მთავარ იარაღად რჩება საზოგადოების თვალში საკუთარი უპირატესობის მოსაჩვენებლად.

წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული ვიდეო თუ აუდიოკადრები რამდენად დიდ გავლენას მოახდენს კენჭისყრის შედეგებზე? რამდენად გაიზარდა ჩვენი საზოგადოება იმისთვის, რომ მანიპულირება-ზომბირების მეთოდებს წინ აღუდგეს? ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვები ასახავს თუ არა პარტიების რეალურ რეიტინგს? რამდენად შესაძლებელია, ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა დადგეს?

ქრონიკა+“-ის პირველი რესპონდენტი გახლავთ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:

_ ბატონო იაგო, წინასაარჩევნო მაკომპრომეტირებელი კადრების კასკადი რა გავლენას იქონიებს 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე?

_ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია და რამდენად დიდი გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, პარტიული რეიტინგების მნიშვნელოვან ცვლას თუ გამოიწვევს, ესეც რთულად შესაფასებელია. თანაც მოსახლეობა ელოდება ინფორმაციას იმის შესახებ, არის თუ არა ეს კადრები ავთენტური, მართლა გაიმართა თუ არა ეს საუბრები და ა. შ.მოგეხსენებათ, ამ ყველაფერზე ჯერ გამოძიება მიმდინარეობს და შედეგები ცნობილი არ არის. ამიტომ დღეს შეუძლებელია ცალსახად იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი უარყოფით გავლენას მოახდენს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზე.მით უმეტეს, ამ ფაქტს მეორე მხარეც აქვს. ერთია, რომ ეს ფარული ჩანაწერი, ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო ზრახვებს ააშკარავებს, მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ეს ჩანაწერი დამატებით, უკანონო მიყურადების საფუძველზე არის მოპოვებული. ეს მედლის მეორე მხარეა, რამაც შეიძლება, ამომრჩეველი, მოქალაქეები გააღიზიანოს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არის დაზღვეული მოსმენისგან. შესაბამისად, ცალსახად ვერ ვიტყვით, ეს ერთი ან მეორე პოლიტიკური ცენტრისთვის რა შედეგს გამოიღებს.

_ რამდენად გაიზარდა ჩვენი საზოგადოება, რომ ზომბირების მეთოდებს წინ აღუდგეს და საკუთარი ნებით გააკეთოს არჩევანი?

_ ჩემი აზრით, გაიზარდა, მოსახლეობა უფრო მდგრადი გახდა გარკვეული პროვოკაციების, რაღაც მაპროვოცირებელი სიტუაციების მიმართ. საზოგადოება უფრო მეტად აზროვნებს, დაეჭვებულია, მოკლედ, უფრო მეტად დამოუკიდებელია არჩევანის გაკეთების დროს, რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ მიწოდებულ კომპრომატებს აღარ ექვემდებარება.

მით უფრო, რომ ამ კომპრომატების ნამდვილობასთან დაკავშირებით მოსახლეობამ ძალიან ბევრჯერ იმედგაცრუება იწვნია, რადგან ეს კომპრომატები ხშირად ხელოვნურად იყო მომზადებული და მხოლოდ ძალაუფლების მოპოვებისთვის გამიზნული. ჩვენს მოქალაქეებს ამის გამოცდილება აქვთ და ბევრად მომზადებულად ხვდებიან ამ ტიპის ზემოქმედებას.

_ ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები ასახავს თუ არა პარტიების რეალურ რეიტინგს?

_ კონკრეტულად პროცენტულ გამოვლინებებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ დღევანდელ ტენდენციებს, გარკვეულწილად, ასახავს. კერძოდ ის, რომ წამყვანი პოზიციები „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია. ასევე რამდენიმე ოპოზიციური ძალაა, რომელსაც ამ ბარიერის გადალახვა და პარლამენტში რაღაც კვოტით შესვლა შეუძლია, ეს რეალობა ყველასთვის ცხადია.ასე რომ, ეს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალისგან შემდგარი პარლამენტი არ იქნება, აქ სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც შევლენ, დაახლოებით, 4 ან 5 ძალა იქნება წარმოდგენილი, გარდა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობისა“. ამ ტენდენციებზე ყველა გამოკითხვა მიუთითებს.

_ ძალიან დიდ პროცენტს დღემდე რომ ვერ გადაუწყვეტია, ვის უნდა მისცეს ხმა არჩევნებზე, ეს რა ტენდენციაზე მიანიშნებს?

_ ეს აღარ არ არის 40%, ეს მაჩვენებელი თანდათანობით იკლებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 25%-ია. თუმცა ეს პროცენტიც საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებში მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანოს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩეველი ისევ ფიქრობს, აკვირდება, იაზრებს, ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. ანუ ეს ისევ ამაღლებულ პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს და არა იმაზე, რომ ამომრჩეველი დაბნეულია, _ არ იცის, ვის დაუჭიროს მხარი არჩევნებზე.

 

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

_ ბატონო გია, წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებული ვიდეო თუ აუდიოკადრები რამდენად დიდ გავლენას მოახდენს კენჭისყრის შედეგებზე?

_ დღეს ამომრჩევლის სამი სეგმენტია: ერთი ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია და, ბუნებრივია, ეს კადრები აღნიშნულ სეგმენტზე არანაირად არ მუშაობს, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ზრდის პოტენციალი არ გააჩნია, მაგრამ მას სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომელზედაც ასეთი კადრები, რასაკვირველია, არ ზემოქმედებს.არის „ქართული ოცნების“ სეგმენტი და ისიც საკმაოდ ჩამოყალიბებულია; და ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ძალიან დიდი სეგმენტია. ამ ყველაფრის გათვლა სწორედ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე კეთდება. ამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ემანდ, მესამე მხარეს არ გაიხედო, რადგან შენ თუ მესამე მხარეს გაიხედე, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდებაო. ასე ზემოქმედებენ, რომ მათში „ანტინაციონალური“ მოძრაობა გააღვიძონ და, ასე ვთქვათ, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის ამარა დატოვონ. აი, ეს არის ტექნოლოგიური ხაზი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მოქმედებს ეს ნაბიჯი? _ გარკვეულწილად, მოქმედებს. გამიჭირდება პროცენტის დასახელება, მაგრამ ეს დიდი მაჩვენებელი არ არის, ე. ი. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაღაც სეგმენტს ისევ უბიძგებენ, რომ ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს და ამიტომ ისევ „ქართულ ოცნებას“ მიეცით ხმაო. გათვლა ზუსტად ამაზეა, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის კონტექსტიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, მეტი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მოიმხრონ.

_ ამას გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე შესაბამისი გავლენა ექნება თუ არა?

_ ამის დაზუსტებით თქმა გაჭირდება. რაღაც გავლენა ექნება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს გადამწყვეტი გავლენა იყოს. არსებობს ელექტორატი, რომელიც ზომბირებისკენ მიდრეკილია; რომელიც ამ ვირტუალურ საფრთხეს რეალურად აღიქვამს და ძალის ცენტრისკენ იხრება; ოღონდ „ის“ არ მოხდეს და ნებისმიერ რაღაცაზე თანახმაა. ახლა ეს სეგმენტი რამდენად დიდია, გაზომვა გამიჭირდება. რაღაც გავლენას მოახდენს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელი არ იქნება. კონკრეტულ პროცენტებს ვერ დაგისახელებთ, რადგან ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც დეგრადირებული არიან არა მხოლოდ ძირითადი მოთამაშეები, არამედ მთელი პოლიტიკური ელიტა ძალიან ღრმა კრიზისშია. ამ ვითარებაში, ღირსეული მესამე არჩევანის არარსებობის პირობებში, სამწუხაროდ, შეიძლება, ასეთი მოძრაობები ვნახოთ.ამ ქვეყნის ისტორიაში სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რომ არჩევნებამდე 8 დღით ადრე გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 30%-ზე მეტი ყოფილიყო. ეს სრული კატასტროფაა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა, უბრალოდ, არ არსებობს. ის სრულად დისკრედიტებულია ხელისუფლებიან-ოპოზიციანად, არ არსებობს არც ერთი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია, ამ ამომრჩეველს რაიმე პოზიტიური, მცირე ხელმოსაკიდი მაინც მისცეს.დღესაც კი რეალური პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

_ პოლიტიკური ელიტის დეგრადაცია რამ გამოიწვია?

_ ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ჰქონდა. ობიექტური მიზეზი, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ რეჟიმის სასტიკ მხარეებში არის ჩადებული, რაც აუტანელი იყო. ასევე ჩადებულია დღევანდელი ხელისუფლების უუნარობაში და ეს ყველაფერი კომბინაციაშია. რესურსები მხოლოდ ერთი ცენტრის ხელშია მოქცეული.გარდა ამისა, ის მოთამაშეებიც კი, რომლებსაც რაღაც თეორიული პერსპექტივა ჰქონდათ, ბოლო წუთამდე ხელისუფლებაში ინტეგრირებული იყვნენ და მისგან დისტანცირება ვერ მოახერხეს. შესაბამისად, მივიღეთ სიტუაცია, რომ ძალაუფლება თითქოს ქუჩაში აგდია, მაგრამ მისი ხელში ამღები არავინაა, რადგან იდეების ნაკლებობაა, არაპროფესიონალიზმია, რესურსების არქონაა… ეს ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და მე მხოლოდ ერთი მიზეზის დასახელება გამიჭირდება, აქ ბევრი მიზეზია.საბოლოო ჯამში, ასეთი ვითარება მივიღეთ, რომ ამომრჩეველი ეძებს არჩევანს და მას ვერ პოულობს.

_ ღირსეული მესამე არჩევანი რომ არ არის, ამასაც აღნიშნულ პროცესებს უკავშირებთ?

_ რა თქმა უნდა, რადგან რესურსების მონოპოლიზაცია ორ პოლიტიკურ ცენტრში მოხდა. ანუ კონცენტრაცია ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის ხელშია. რესურსების არქონის პირობებში, წმინდა იდეაზე (რესურსების გარეშე) პოლიტიკური პროცესის ინიცირების ოფსილა არც ერთ სხვა პოლიტიკურ ძალას არ აღმოაჩნდა.

_ ბოლო დღეების სოციოლოგიური გამოკითხვები (მედიაში გამოქვეყნებული) ასახავს თუ არა შექმნილ რეალობას პარტიების რეიტინგების თვალსაზრისით?

_ შეიძლება, რაღაცას ასახავს, მაგრამ რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა, თუნდაც, ამ კვლევებით კრიტიკულია (35-40-%), ასეთ ვითარებაში ამ კვლევების შედეგით არ შეიძლება, პროგნოზი გავაკეთოთ. თუ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მესამე არჩევანზე ჩამოყალიბდა, ამან შეიძლება, მთელი ეს სურათი შცვალოს. შესაბამისად, ამ კვლევების შედეგები და არჩევნების საბოლოო შედეგი შეიძლება, რადიკალურად განსხვავებული იყოს.

_ რამდენად შესაძლებელია, ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის პრობლემა დადგეს?

_ რა თქმა უნდა, შეიძლება. თუ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთად მოახერხეს ამ ორპოლუსიანობის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვის. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მათი ამოცანა არჩევნების მოგება არ არის, მათი ამოცანა „ქართული ოცნების“ წაგებაა. თუ ეს ორპოლუსიანობა შენარჩუნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ შევა პარლამენტში და „ქართულ ოცნებას“ მარტოდმარტო, შიშველს დატოვებს. ბუნებრივია, ეს ვითარება არ მოეწონებათ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ანტაგონისტურად განწყობილებსაც. ჩვენ ამ გზით შეიძლება, მრავალპოლუსიანი კრიზისი მივიღოთ. ანუ არა ერთპოლუსიანი, რაზედაც დღეს „ქართული ოცნება“ ითვლის (ანუ კრიზისს ითვლის მასსა და „ნაცმოძრაობას“ შორის დაპირისპირებაზე), არამედ მრავალპოლუსიანი, სადაც „ოცნება“ სხვადასხვა მხრიდან მიიღებს დარტყმას. იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მოკავშირეები არ ეყოლება, სამოქალაქო სპექტრი არ ეყოლება პარტნიორის სახით და ამომრჩევლის 60%-ს შუაშისტსა და მავნებელს უწოდებს, ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, სერიოზული კითხვის ნიშანი დადგება „ოცნების“ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით.ახლა ხომ ვერავის წარმოუდგენია სიტუაცია, როდესაც მარტო „ქართული ოცნება“ შევა პარლამენტში? და ეს ყველაფერი შეიძლება, მრავალპოლუსიანი კრიზისის საფუძველი გახდეს. აი, ამის მენეჯმენტს როგორ მოახდენს „ქართული ოცნება“, აქ სერიოზული კითხვები მაქვს, რასაკვირველია, თუ ასე განვითარდა მოვლენები. შესაბამისად, „ოცნებამ“ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტები ორპოლუსიანობაზე გააკეთა. დღემდე ვერ იპოვა პოლიტიკური პარტნიორები რაღაც პარტიების სახით, რომლებსაც მისი ლეგიტიმაციისთვის ხელშეწყობა შეეძლოთ, _ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციისთვის ხელშწყობა. თუ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ და სხვა პარტიები ვერ მოხვდნენ, ბუნებრივია, ეს მათშიც გამოიწვევს პროტესტს, რადგან მათი ამბიციები სულ სხვა რამეზე მეტყველებს. ასეთი რეალობის წინაშე ვდგავართ.

 

                                                                                                           გელა მამულაშვილი