„ქართული ოცნების“ კანდიდატი ილია წულაია გვაშანტაჟებს და ქონებას გვართმევს!“

7

ყიფიანის ქუჩის #31-ში მცხოვრებმა შვიდმა ოჯახმა დიღომში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატის, ილია წულაიას ოფისის წინ აქცია გამართა. მთაწმინდელებს ასიოდე ვეტერანმა დაუჭირა მხარი და აქციას შეუერთდა.

წულაია სამშენებლო კომპანია „არქი ჯგუფის“ მეპატრონეა და აქციის მონაწილეები სწორედ მას ადანაშაულებენ საკუთარი ქონების წართმევაში. როგორც დაზარალებულები ამბობენ, კომპანია მათ აიძულებს, სხვა, იაფფასიან ბინებში გადაიყვანონ და მათ ხარჯზე დიდი მოგება ნახონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქირის შეწყვეტით ემუქრებიან.

„ქრონიკა+“ აქციის მონაწილეებს ესაუბრა:

მედეა ლობჟანიძე _ ყიფიანის ქუჩა #31-ის მცხოვრები:

_ ყიფიანის ქუჩა #31-ის მცხოვრები ვარ, 10 წელიწადია, ჩვენი ბინა შენდება, მშენებლობის ხელმძღვანელები არიან: „კერა+“ და „არქი ჯგუფი“. მოხდა ისე, რომ საკუთარი ბინები დაგვინგრიეს, ქუჩაში ვართ და ველოდებით, როდის აშენდება ჩვენი ბინა. ყველანაირად ზღვარს გადააჭარბეს და მოთმინების ფიალა აივსო, ახლა გვეუბნებიან, _ მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენს აშენებულ ბინებში უნდა გადახვიდეთო, რომელსაც ვერ ყიდიან. განა, არ წავედით და არ ვნახეთ ეს ბინები, ორი კორპუსი დავათვალიერეთ, რომელიც შემოგვთავაზეს ჭავჭავაძის გამზირზე და ბაგებში. გვაწვებიან, მაინცდამაინც, ჭავჭავაძეზე უნდა გადახვიდეთო. ამ დროს ამ კორპუსის ნულოვანი სართული მთლიანად წყალში დგას. 7 ოჯახი ვართ ასეთ მდგომარეობაში, ძირძველი მთაწმინდელები, ჩვენს საკუთრებაში დაიწყეს კორპუსის მშენებლობა. ასეთი წინადადება შევთავაზეთ, _ გადაგვიხადეთ თანხა, რომ ჩვენი სურვილით ვიყიდოთ ბინა იმაზე ნაკლებად, ვიდრე თქვენ ყიდითო. _ არავითარ შემთხვევაშიო, მაინცდამაინც, ჩვენს აშენებულში უნდა წახვიდეთო. ჩვენ მათი აშენებული სახლები არ მოგვწონს, მთაწმინდიდან იქ არ გადავალთ, მაშინ დაამთავრონ ჩვენი ბინა! გვემუქრებიან, _ თუ არ წახვალთ, მაშინ ქირებს აღარ გადაგიხდითო. დღევანდელი დღეა ამის დამადასტურებელი! დღეს უნდა მოეცათ კვარტალური ქირა, თითო ოჯახზე 400 ლარია ყოველთვიური გადასახადი, რომელიც არავის ჰყოფნის, კარგად იცით, რა ღირს ახლა ბინის ქირა. მე პირადად 250 დოლარს ვიხდი, 8000 ლარი საკუთარი ჯიბიდან მაქვს ქირაზე დამატებული. „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი გახლავთ ილია წულაია, რომელიც „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დეპუტატობის კანდიდატია, უამრავჯერ ვცადეთ შეხვედრა, მაგრამ ვერაფერს მივაღწიეთ. ამიტომ იძულებული გავხდით, მისი საარჩევნოდ მოწყობილი ოფისის წინ მოვსულიყავით. გამოვიდეს, დაგველაპარაკოს, კიდევ მოვიცდით და მოველაპარაკებით. გვეუბნებიან, რომ ეს სახლი არ აშენდება, წადით ჩვენს აშენებულ სხვა სახლებშიო, ამიტომ შეგვიწყვიტეს ქირის გადახდა. ახლა საიდან მოვიტანოთ ეს თანხა?! აქ მოვედით იმიტომ, რომ იქნებ, სამართალი ვიპოვოთ. ვის არ მივმართეთ თხოვნით, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირათ, ვეტერანები დაგვიდგნენ გვერდით, „ნაციონალებს“ არ მივმართეთ მარტო, ჩვენ ეგენი არ გვჭირდებიან, ხალხს იმდენი უბედურება დამართეს, ახლა „ოცნება“ თუ იგივეს აკეთებს, მაშინ იცით, რამდენი ხმა დაკარგეს?! 7 ოჯახი ყველა წევრით! მე მგონი, არ ღირს წულაია ამად, რომ ამხელა დანაკლისი განიცადოს „ოცნებამ“ ჩვენი მხრიდან. სამშენებლო კომპანიიდან არავინ გვეკონტაქტება, დღეს ქირის გადახდის დროა და არ გვიხდიან. ბინის პატრონი მოვიდა და სახლში მიზის, „ლიბერთი ბანკში“ გავიქეცი, იქნებ, სესხი ამეღო და სახლის პატრონი როგორმე გამესტუმრებინა, 2 პარალელური სესხი მაქვს ამ ბანკში გაკეთებული, მესამე აღარ მომცეს და არ ვიცი, რა გავაკეთო და სად წავიდე?! მირჩევნია, აქ ვიდგე, ვიდრე სახლში მივიდე, რადგან დიასახლისი იქ ზის და ბინის ფულს ელოდება. რას მერჩიან პენსიონერ ქალს და რატომ მიკეთებენ ამას, არ ვიცი! როგორ მივაღწიო სამართალს?! აქედან პირდაპირ მთავრობაში წავალ!

 

ვასილ ორდინიძე _ ყიფიანის ქუჩა #31-ის მცხოვრები:

_ 10 წელია, გამოგვიყვანეს ჩვენი ბინებიდან, მშენებლობა დაიწყო სხვა ორგანიზაციამ, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია დამთავრებული იყო, რომ „არქი ჯგუფი“ შემოვიდა, რომლის დამფუძნებელი არის ილია წულაია. თითქმის არაფერი გაუკეთებიათ, ჩასვეს კარ-ფანჯარა და პატარ-პატარა შიდა სამუშაოები აწარმოეს. შემდეგ მშენებლობა გააჩერეს. რა თქმა უნდა, მიზეზს ვკითხულობდით, გვეუბნებოდნენ, რომ მათ ჰქონდათ დავა ერთ-ერთ ჩვენს მეზობელ ხუროშვილთან, მას საჩივარი ჰქონდა შეტანილი და ის აფერხებდა მუშაობას. მეორე მიზეზი დაასახელეს, თითქოს „თელასთან“ ჰქონდათ პრობლემები ჯიხურთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სიცრუე და დღემდე ვერ მოაგვარეს პრობლემა. 3 თვის შემდეგ დაგვიძახეს და გვითხრეს, რომ შემოთავაზება ჰქონდათ. უნდა გადავსულიყავით ვაკეში, საცურაო აუზთან, სადაც იმაზე უარესი პირობებია, ვიდრე ჩვენს ძველ ბინებში. მეორე ბინა შემოგთავაზეს ბაგებში და მესამე _ დიდ დიღომში. რა თქმა უნდა, ამაზე უარი განვაცხადეთ, რადგან არ გვაწყობდა, ფართის მიხედვით, ერთი ერთზე გვაძლევდნენ. მოსაფიქრებელი დრო მოგვცეს. პირადად მე შევთავაზე ბევრად მათთვის სასარგებლო და ჩემთვის საზიანო წინადადება, ორმაგი ფართი მოვითხოვე მუხიანში მათ მიერ აშენებულ ბინაში. მუხიანში ბინის კვადრატული მეტრის ღირებულება არის 450 დოლარი, ჩვენთან, მთაწმინდაზე, სულ ცოტა, არის 1500 დოლარი. მათ გვითხრეს, რომ თუ ამ პროექტში არ მიიღებთ მონაწილეობას და არ დაგვთანხმდებით როგორც ჩვენი სურვილია, არ გახვალთ ამ ფართის მიხედვით, შეიძლება, მთაწმინდაზე ბინა დაკონსერვდეს და ამიტომ გთავაზობთ სხვასო. ფართის დამატება არ უნდათ, თუ არ გახვალთ და ეს პროექტი ჩაიშლება, ქირას არ გადაგიხდითო. ასეც მოხდა, უკვე ასრულებენ! 25 რიცხვიდან დღემდე ქირა უნდა გადაეხადათ, დაერეკათ, მაგრამ დღემდე არავინ გვეხმიანება. ასეთი მდგომარეობაა და იძულებული გავხდით, ყველა ის ზომა მივიღოთ, რომელიც კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. აქაც მოვაწყობთ აქციებს, „არქი ჯგუფის“ ოფისთანაც და ყველგან… ეს არის ჩვენთვის ახლა ერთადერთი გამოსავალი. ბინები, რომლებიც დაგვინგრიეს, ჩვენი მშობლების დანატოვარი იყო, მათი შრომითა და ოფლით მოპოვებული. დღეს არც ბინა გვაქვს, არც _ ქირა და ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ!

 

მარიამ ბასილაშვილი _ ყიფიანის ქუჩა #31-ის მცხოვრები:

_ ბიძაჩემი, გია ნადირაშვილი, აფხაზეთის ომში დაიღუპა. ის ბინა, რომელიც დაგვინგრიეს, მისი დანატოვარია. „არქი ჯგუფი“ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს, მათი მხრიდან შემოთავაზება შანტაჟს უფრო ჰგავს, _ თუ არ გადახვალთ სხვაგან და ამ ბინებს ჩვენ არ გადმოგვცემთ, ბინის ქირას არ გადაგიხდითო. არც ბინის მშენებლობას დავამთავრებთ, უნდა დავაკონსერვოთო. რატომ აკონსერვებენ? თუ ფული არ აქვთ, გამოვიდნენ ტელევიზიით და საჯაროდ გამოაცხადონ თავი ბანკროტად. მაშინ საერთოდ გავიდნენ ობიექტიდან, ჩვენ თვითონ მოვიყვანთ ინვესტორს და დავამთავრებთ მშენებლობას. ილია წულაიამ თუ „ქართული ოცნება“ დააფინანსა და ამაში ჩაყარა მთელი ფული, ეს ჩემი ბრალი არ არის, ჩვენ უნდა გადაგვიხადონ კუთვნილი ბინის ქირა! რასაც ესენი აკეთებენ, ეს არის სამართალდარღვევა!

 

სერგო ხუროშვილი _ ყიფიანის ქუჩა #31-ის მცხოვრები:

_ ილია წულაია არის „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გვაშანტაჟებს, თვითონ არ გამოდის კონტაქტზე, გველაპარაკება იურისტების მეშვეობით, მაგრამ ყველა საბუთზე მისი ხელმოწერაა. რაც მთავარია, ცდილობენ გადაგვასახლონ იაფ ქონებაში და ჩვენი დაგვატოვებინონ, გაგვაძევონ 7 ოჯახი აქედან და მერე თვითონ იხეირონ. მე პირადად ერთი წელია, ქირას არ მიხდიან, ამის გამო სასამართლოში ვიჩვლე და ჯერ პროცესები არ დამთავრებულა. სასამართლოს მოგების იმედი მაქვს. ეს არ არის მხოლოდ ქირის გადაუხდელობის ამბავი, საქმე გავქვს ქონების წართმევასთან! მთაწმინდაზე ბინის ერთი კვადრატული მეტრი ღირს 1500 დოლარი, სხვა უბანში _ 500, ამაში უნდათ დიდძალი ფულის მოგება ჩვენს ხარჯზე. ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, ჩვენი მეზობლები ასე გადავიდნენ, სწორედ ამ ფირმამ გადაასახლა დიდ დიღომში ერთი ერთზე კომპენსაციის გარეშე. მხოლოდ ამ ადამიანმა 50 000 დოლარი დაკარგა. ამიტომაც გვთავაზობენ ჩვენც სხვაგან გადასვლას, ქონების წართმევის ზღვარზე ვართ! შეთავაზება კი არ არის, ეს არის ბრძანება, დაგვიძახეს და გვითხრეს, _ გინდათ თუ არა, უნდა წახვიდეთო! რას ნიშნავს ეს, ვერ გავიგე?!

 

ემზარ ქვარიანი _ ვეტერანი:

_ ვეტერანები შევუერთდით „არქი ჯგუფის“ მიერ დაზარალებულთა აქციას, რადგან აქ ერთ-ერთი დაზარალებული არის აფხაზეთში გარდაცვლილი მეომრის, გია ნადირაშვილის ოჯახი. ვეტერანები სოლიდარობის მიზნით მოვედით. ვეტერანების ოჯახებს, მით უმეტეს, გარდაცვლილის, არავის დავაჩაგვრინებთ. დაგვიცვია, ყოველთვის დავიცავთ და ასე გავაგრძელებთ. სადაც ამ ოჯახებს ბინები ეკუთვნით, დააკმაყოფილონ, დაანებონ თავი შანტაჟს, „ქართული ოცნებისა“ კი არა, ვისი კანდიდატიც უნდა, იმისი იყოს, აბსოლუტურად ყველას მივადგებით, თუ საჭირო გახდა, ხელისუფლებასთანაც მივალთ. დაზარალებულებმა მითხრეს, წულაიას უთქვამს, ახლა მალე პარლამენტში დავჯდები და თქვენს პრობლემას მოვაგვარებო. საინტერესოა, რას გულისხმობს, ფულის საშოვნელად მიდის პარლამენტში?! ვაცხადებთ: ყველა ვეტერანი იქნება დაცული, მით უმეტეს, გარდაცვლილის ოჯახის წევრი!

 

                                                                                                       თამარ ბატიაშვილი