რა ხდება სათნოების სახლში?

n

დაახლოებით ერთი კვირის წინ „კათარზისში“, იგივე „სათნოების სახლში“, ფიზკულტურის მეთოდისტმა, ცნობილმა მასაჟისტმა ზურაბ ჯავაშვილმა, შიმშილობა გამოაცხადა. იგი ამ ფორმით აპროტესტებდა სამსახურში არსებულ მდგომარეობას, თუმცა მისმა შიმშილობამ დიდხანს არ გასტანა, რადგან შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა პატრულმა ჯავაშვილს უთხრა, რომ დაწესებულებაში შიმშილობის უფლება არ ქონდა.

„ქრონიკა+“ ზურაბ ჯავაშვილს მისსავე სახლში შეხვდა. ცხადია, ის უკვე აღარ შიმშილობს, რადგან ამის უფლება არ მისცეს, თუმცა დეტალურად გვესაუბრა, რას აპროტესტებდა, ან რა ხდება სათნოების სახლში? მკითხველი სიტუაციაში უკეთ რომ გაერკვეს, თავდაპირველად, ბატონ ზურაბს გაგაცნობთ: იგი პროფესიით სამკურნალო ფიზკულტურის მეთოდისტია. როგორც თავად გვითხრა, ერთი პერიოდი ნარკოლოგიურში მუშაობდა და ნარკომანებსა და ფსიქიკურად დაავადებულებს სპორტში ავარჯიშებდა. ასათიანის ყოფილ ფსიქიატრიულში სპორტული დარბაზი 1985 წელს მისი ინიციატივით გაიხსნა. ავლიპ ზურაბიშვილს ეს დარბაზი პირველად რომ უნახავს, გადარეულა, ისე მოსწონებია და მისი ავტორისთვის გვარი უკითხავს. აღმოჩნდა, რომ ახლობლები იყვნენ, ორივე ქიზიყელი, თანაც ავლიპს ბიძა ჰყოლია ჯავაშვილი. სანამ ეს საავადმყოფო არ გაიყიდა, ეს დარბაზიც მანამდე არსებობდა და ჯავაშვილი იქ მუშაობდა, შემდეგ კი სამსახურის გარეშე დარჩა.

 

ზურაბ ჯავაშვილი:

_ ძირითადად, პარეზიან პაციენტებთან ვმუშაობ, რომელთაც კიდურები აქვთ წართმეული და ვცდილობ, კიდურები აღვუდგინო. ამ პროცედურებში შედის მასაჟი, სამკურნალო რეაბილიტაცია, სახსრების აღდგენა და ა. შ. ჩემს შვილს მცირე ბიზნესი აქვს. „კათარზისიდან“ მენეჯერები ურეკავდნენ, იქნებ, თანხები გადმოგვირიცხოთო. მან უთხრა, საქველმოქმედო თანხები არ გაგვაჩნია და თუ გსურთ, მე ვთხოვ სპეციალისტს, რომ თქვენთან მოვიდეს და სამი თვე მასაჟები უანგაროდ გაუკეთოს მოხუცებულებსო. ეს მოხდა ზუსტად სამი წლის წინათ ოქტომბერში. სამი თვე უფულოდ, ქველმოქმედების სახით ვიმუშავე მათთან და როცა „კათარზისში“ ნახეს, რომ კარგი სპეციალისტი ვიყავი, დარჩენა შემომთავაზეს. სამსახური მომცეს და 315 ლარი დამინიშნეს, მაგრამ 250 ლარს მაძლევდნენ. სამი წელი ასეთი ანაზღაურებით მათ ვემსახურე. 10 ოქტომბრამდე კვლავ მაქვს უფლება ვიმუშაო, მაგრამ წამოვედი.

_ თქვენ თვითონ წამოხვედით?

_ იქ ყოველ 6 თვეში ახალ ხელშეკრულებას უფორმებენ თანამშრომლებს. როგორც გავიგე, ჩემამდე ყველა ხელშეკრულება სამ თვემდე იდებოდა და თუ არ მოეწონებოდათ, მერე უშვებდნენ. ახლა ხელშეკრულება პირველ დეკემბრამდე მაქვს გაფორმებული, რადგან სამი თვე მაშინ მთავრდება. სათნოების სახლში დარბაზი მქონდა სამასაჟე კაბინეტით და ტრენაჟორებით. „კათარზისის“ პრეზიდენტი არის ოლეგ ალადაშვილი. როცა შიდა სამზარეულოს გავეცანი, მივხვდი, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო.

_ რას გულისხმობთ?

_ მას ერთ-ერთმა ჯარისკაცმა ფეისბუქზეც დაუდო მათი ურთიერთობის ამბავი…

_ ძალიან გთხოვთ, პირად ურთიერთობებს ნუ შეეხებით. ეს ნამდვილად არ არის ჩვენთვის საინტერესო თემა

_ გასაგებია, მაგრამ ხომ უნდა აგიხსნათ ჩემი შიმშილობის მიზეზი? ალადაშვილმა ე. წ. სათნოების „სახლის დედა“ გააგზავნა ამ ჯარისკაცთან და მერე აიღო ფეისბუქიდან მან ეს ინფორმაცია. ამ ამბის მერე „სახლის დედა“ სულ სხვანაირად იქცევა და ზედმეტად არის გათამამებული. ერთხელ მითხრა, _ თუ ჭკვიანად არ იქნები, ავალ ალადაშვილთან და სამსხურიდან გაგიშვებენო. „სათნოების სახლში“ მუშაობენ ჯარისკაცები, რომლებიც მოხუცებთან ურთიერთობაში გვეხმარებიან. მეც მყავდა ერთი დამხმარე ჯარისკაცი, რომელიც მომიხსნეს და სხვაგან გადაიყვანეს, არადა, ძალიან საჭიროა დახმარება პროცედურების დროს. ეს ჯარისკაცები არიან იეღოველები, რომელთაც რწმენა უკრძალავთ იარაღთან ურთიერთობას, ამიტომ თავდაცვის სამინისტრო ასეთ დაწესებულებებში გზავნის დასახმარებლად. როცა მე მასაჟს ვაკეთებდი და ამ დროს ტრენაჟორზე რომელიმე პაციენტი ვარჯიშობდა, ჯარისკაცი ეხმარებოდა, მაგრამ უმიზეზოდ გაუშვეს და მარტო დამტოვეს. ალადაშვილის მოადგილე, „კათარზისის“ ვიცე-პრეზიდენტი არის ნანა მუსხელიშვილი. მასთან მივედი და მდგომარეობა ავუხსენი, რის გამოც „სახლის დედა“ გაბრაზდა, _ რა უფლება გქონდა, ჩემ გარეშე შესულიყავი ვიცე-პრეზიდენტთან და ეს ამბავი მისთვის მოგეყოლაო?! პრეტენზიის გამოთქმაც კი ამიკრძალა. ამის მერე გამომიყვეს დამხმარე ჯარისკაცი. ჩვენი ურთიერთობა ჩვეულ რიტმში გაგრძელდა, თითქოს ყველა კმაყოფილი იყო, ხელებზე მკოცნიდნენ, მოხუცებულები ჩემს მზეს იფიცებდნენ, ასევე _ თანამშრომლებიც, თუმცა ხელფასი არ მომიმატეს და საათებიც ჩამომაკლეს.

_ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა როდის დაგეძაბათ?

_ რამდენიმე ადამიანის, ხელმძღვანელი პირების საქციელი არ შეეფერება „სათნოების სახლს“ და მის იმიჯს. მოხუცებსაც არ მოსწონდათ ეს და ჩემთან რომ მოდიოდნენ, რასაც ხედავდნენ, ყველაფერს მიყვებოდნენ. ამბობდნენ, „სათნოების სახლი“ ასეთი გაბინძურებული არ უნდა იყოსო. ძალიან ბევრი წავიდა ამის გამო „კათარზისიდან“. როცა ყველაფერში გავერკვიე, პროტესტის ნიშნად შავი სათვალე გავიკეთე და იმით დავდიოდი შენობაში. ამას იქ მყოფი ბებია-ბაბუები ხედავდნენ, რომელთათვისაც ასეთი მენტალობა სრულიად მიუღებელია. ახლა ეს ქალბატონი მაბრალებს, რომ მე ვსვამდი. ეს ტყუილია და ასე უნდა, საკუთარი ჩირქი ჩამოირეცხოს. როცა რაიმე ღონისძიება, ან შეხვედრა იყო და ყველა მიირთმევდა სასმელს, მეც მხოლოდ მაშინ ვსვამდი. ახლა მას უნდა, რაღაც დამაბრალოს და გამაჩუმოს, მაგრამ რაც ხდებოდა, მაინც ყველაფერს ვიტყვი.

_ წეღანაც გითხარით: თუ ვინმეს მეგობარი ჰყავდა, ეს მისი პირადი საქმეა და კანონით აკრძალული არ არის, ამიტომ, იქნებ, სხვა ფაქტებზე ვისაუბროთ, კიდევ რის გამო გამოაცხადეთ შიმშილობა?

_ სამი კვირის წინათ ვიმყოფებოდი შვებულებაში. იქ არის ერთი კარგი ექიმი, ქალბატონი ვეშაპიძე. მასთან სპეციალურად დავძაბე სიტუაცია, რადგან მინდოდა, რომ სამსახურიდან თავად გავეთავისუფლებინე. მერე, ამის გამო, ამ თანამდებობის პირმა ქალბატონმა ტელეფონზე დამირეკა და შეურაცხყოფა მომაყენა. მოკლედ, სერიოზული კამათი მოგვიხდა, რის შემდეგაც მისი ერთ-ერთი მეგობარი შემხვდა და ვიჩხუბეთ. ამ ამბავს მოჰყვა ის, რომ შვებულებაში მყოფს დამიკავშირდა ნანა მუსხელიშვილი და სამსახურში მისვლა მომთხოვა. მივედი. მან მითხრა, რომ ჩემი მუშაობა ამ ქალბატონებთან არ შეიძლებოდა და პირველ დეკემბრამდე არსებული ხელშეკრულება ახლა შემიწყვიტეს. 10 ოქტომბერს ბოლო ვადა მაქვს, რომ სამსახურიდან წამოვიდე.

_ ვერ მივხვდი, თქვენი სამსახური რას შეეწირა?

_ იმას, რომ სათნოების სახლში არ არის სათნოება და სიწმინდე. რასაც იქ ვიგებდი და მეუბნებოდნენ, ეს ჩემთვისაც ამაზრზენი იყო. ამ დაწესებულების ხელმძღვანელების მორალი სრულიად არ შეესატყვისება ამ სახლს. გასაგებია, რომ ეს მათი პირადი ცხოვრებაა, მაგრამ იქ ხომ მხოლოდ ისინი არ არიან?! იმ ხალხს, ვინც იქ მუშაობს, ბენეფიციარებს, არ მოსწონთ ეს ყველაფერი. აქ აუცილებლად უნდა იყოს სიწმინდე და არც ერთი და იგივე ადამიანი არ უნდა იყოს პრეზიდენტად 25 წელი. სხვათა შორის, ამ მდგომარეობას ასეთი შეუცვლელობა და უალტერნატივობაც ქმნის.

_ ხელმძღვანელის შეცვლას ვერ დაავალდებულებთ. მას სხვა ვერ გააკონტროლებს, ბატონო ზურაბ. ეს არ იცით?

_ ვიცი, მაგრამ ყოფილი რაიკომის შენობა, რომელშიც ახლა ისინი არიან, მათ ზვიად გამსახურდიამ გადასცა 1991 წელს. ამის შემდეგ ყოველ 5 წელიწადში უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, მაგრამ მე იქ არჩევნები არასდროს მინახავს. ოლეგ ალადაშვილს საკუთარი დუქანივით აქვს სათნოების სახლი. ზვიადმა ეს შენობა გაჭირვებულებს სატრაპეზოდ მისცა და არა ვინმეს სამბრძანებლოდ.

_ ხომ შეიძლება, უბრალოდ, ჭორები იყოს და სხვა არაფერი? ამის აყოლა როგორ შეიძლება?

_ რას ჰქვია, ჭორები! მე ჭორის დონეზე არ ვლაპარაკობ! სათნოების სახლის ხელმძღვანელების მეგობრებიც კი კონფლიქტურ სიტუაციებს ქმნიან, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თორემ უამრავის მოყოლა შემიძლია. მოხუც ბენეფიციარებს ამათი საქციელი ყელში ამოუვიდათ, მაგრამ ხმას არ იღებენ, რადგან რამეს თუ იტყვიან, მაშინვე გააგდებენ. ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა. ერთხელ თავად გამომიგზავნა პარეზიანი ავადმყოფი, რომელსაც მასაჟებს ვუკეთებდი. მან თქვა, რომ ამ „დედა ქალბატონს“ ალკოჰოლის სუნი ჰქონდა. _ მე რას მეუბნები, თავად უთხარი-მეთქი. პარეზიან ადამიანს იცით, რა უთხრა? _ თქვენ ჩემი სუნი გაწუხებთ, ბიჭოო? როცა უნდა, მაშინ სვამს. თუ რამდენიმე პიროვნება დატოვებს სათნოების სახლს, აუცილებლად დავბრუნდები და გავაგრძელებ ჩემს საქმიანობას.

ერთხელ მენეჯერმა ბანკის უფროსი მომიყვანა, რომელიც დანტერესდა,  ხელფასი რამდენი მქონდა. როცა უთხრეს, რასაც ვაკეთებდი და გაიგო, რომ 250 ლარს ვიღებდი, _ ქველმოქმედებას ეწევიო? _ მკითხა. რასაც მანდ ვიღებდი, გზის ფული იყო, მაგრამ კერძო პრაქტიკასაც ვეწევი სახლში, თან ჩემი საქმე მიყვარს და ამიტომ დავთანხმდი, თავის დროზე. მთელი ცხოვრება იმაზე ვფიქრობდი, ჩემი ხელები და ტვინი სანამდეც გაქაჩავს, იქამდე დავეხმარები გაჭირვებულებს-მეთქი. იქ ზედმეტად ჩემთვის არავის არაფერი მოუცია, არც ბენეფიციარებს და არც თანამშრომლებს, რომელთაც ასევე უფასო მასაჟს ვუკეთებდი, თუმცა ეს ჩემს საქმიანობაში არ შედიოდა. ბედნიერი ვარ, რომ ამ საშინელი ადგილიდან წამოვედი. განგებ შევქმენი სიტუაცია, ასე რომ წამოვსულიყავი.

_ „ასე წამოსვლარას ნიშნავს?

_ რას და ჩემი განცხადებით რომ წამოვსულიყავი, მერე ამ ინტერვიუს ვერ მოგცემდით. იტყოდნენ, აქ იყავი, არაფერი თქვი, წახვედი და ახლა ლაპარაკობო? შიმშილობაც ამიტომ წამოვიწყე, ვიფიქრე, ჟურნალისტები მოვლენ და აქ რაც ხდება, ქვეყნიერებას გავაგებინებ-მეთქი. შიმშილობას რომ ვიწყებდი, ექიმი დავიბარე და ვუთხარი, _ აი, ნახეთ, მხოლოდ წყალი მაქვს და ასე ვაპირებ გაგრძელებას-მეთქი, მაგრამ შიმშილობაც ამიკრძალეს, ნება არ მომცეს და პირველად თქვენ გიყვებით იმას, რაც სხვა ჟურნალისტებისთვისაც მინდოდა, რომ მეთქვა. 11 საათზე დავიწყე შიმშილობა და 6 საათზე მოვიდა პატრული, რომელმაც ამიხსნა, რომ მხოლოდ შენობის გარეთ მქონდა შიმშილობის უფლება. კანონს ვექვემდებარები და სახლში წამოვედი. 10 ოქტომბრამდე უფლება მაქვს, პაციენტები მივიღო და ვიმუშაო, მაგრამ რად მინდა, ან რა აზრი აქვს? როდესაც „სათნოების სახლში“ სამუშაოდ მივდიოდი, არაფრით არ მოველოდი, რომ ასეთი მდგომარეობა დამხვდებოდა. აქ რაც ხდება, ეს ჩემთვისაც და სხვებისთვისაც ამაზრზენია. ერთხელ მომთხოვეს, დღეში ორჯერ მევარჯიშებინა ბებიები. გაადავირიე და ვუთხარი, _ თქვენ მაძლევთ იმის გარანტიას, 80 წლის ადამიანები ორჯერ რომ ვავარჯიშო, არაფერი დაემართებათ-მეთქი? ამ დაწესებულებაში დიდი გაუნათლებლობაც არის, აზრზე არ არიან, რას აკეთებენ. ამის განმკითხავი არავინ არის, რადგან მათ ფინანსებში ვერავინ ჩაიხედავს.

_ „კათარზისსარავინ ამოწმებს?

_ შემოწმებაზე მოსული მე იქ არავინ მინახავს. ერთხელ ვიღაცას უჩივლია,  შეამოწმეს, მაგრამ ყველაფერი დადებითად შეფასდა. რაც არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი, რაც ჩემი თვალებით ვნახე, მხოლოდ ის მოგიყევით.

ეს ორგანიზაცია შემოწირულობებს იღებს. პრეზიდენტს მაღალი ხელფასი აქვს. ასევე ჰყავთ მენეჯერები, რომლებიც ბიზნესმენებთან დადიან და დახმარებას ითხოვენ. მათ მიერ შემოტანილი თანხიდანაც 10 პროცენტი პრეზიდენტისაა და საკმაოდ სოლიდური თანხა უფროვდება. ყოველთვიურად 4-5 ათასს მაინც იღებს. ექიმს, რომელიც დილაუთენია მიდის და 7 საათამდე მუშაობს, ხელფასი 300 ლარი აქვს, ვიცე-პრეზიდენტებს და ასეთ ხალხს კი _ 1000 ლარი და მეტი. მენეჯერებს, რომელთაც ფული შემოაქვთ, 100 ლარი ჰქონდათ და დაუკლო, 40 ლარი გაუხადა, _ ფულს რომ შემოიტანთ და იქიდან აიღებთ პროცენტს, ისიც გეყოფათო. როცა ვერ შემოიტანს ვერაფერს, იმ თვეში ამ ადამიანს 40 ლარი ეყოფა?

სხვა აქ რა ხდება, აბა, ვინ ჩამახედებს? არც მაინტერესებს, ღერთმა ყველას შეარგოს თავისი, მაგრამ მე მინდა, რომ დაწესებულებაში, რომელსაც „სათნოების სახლი“ ჰქვია, მართლაც სათნო ადამიანები დადიოდნენ, სიწმინდე და სისუფთავე სუფევდეს. იყოს სათნოების დედა, რომელიც მართლა იქნება სათნო, კეთილი და პატიოსანი, რათა ხალხი კი არ გამოიქცეს „კათარზისიდან“, არამედ მივიდეს, იქ შვება ნახოს. რეჟისორი კარგი პიროვნებაა, კონცერტები ტარდება და მინდა, რომ ეს დაწესებულება ყოველმხრივ კარგი და სამაგალითო იყოს.

ჩემს სამსახურს არ მივტირი. ეს იყო ჩემი ქველმოქმედება, მაგრამ როცა დავინახე, რომ იქ ყველა ასე არ ფიქრობდა, გულნატკენი დავრჩი და ასეთი გადაწყვეტილებაც ამიტომ მივიღე.

_ ამ ინტერვიუთი დასრულდა თქვენი ბრძოლაკათარზისთან“, თუ ჩივილსაც აპირებთ?

_ თუ ეს ყველაფერი ტყუილია, რაც გითხარით, პასუხს ვაგებ კანონის წინაშე. 47 ადამიანი მუშაობს, როგორც მე ვიცი, „კათარზისში“ და მხოლოდ რამდენიმეა მოსაცილებელი, მერე დაწყნარდება, გამოსწორდება სიტუაცია. ვიღაცამ უნდა მიაქციოს ყურადღება, ნამდვილად ტარდება თუ არა არჩევნები. მე ვამბობ, რომ აქ არჩევნები ტარდება ფიქტიურად და ამიტომ ორგანიზაციას 25 წელი ერთი და იგივე პრეზიდეტი ჰყავს. გამსახურდიამ ალადაშვილს რაიკომის შენობა ანდერძით აჩუქა თუ რა ხდება?! ვინ არის ეს ადამიანი ასეთი?! მე როგორც ვიცი, ეს პიროვნება აიძულებს თანამშრომლებს, რომ მუდმივად აირჩიონ, სხვანაირად იქიდან იმავე დღეს გაყრის. ტოვებს მხოლოდ იმ ხალხს, რომელიც მისი მონა-მორჩილი და მეხოტბეა. საკვების ერთ პორციაში სამნაირი საჭმელია. ზოგი მოხუცებული ვერ ითვისებს მთლიანად და რაც მორჩება უნდა, რომ სახლში წაიღოს, მაგრამ არ ატანენ. ამის გამო დიდი ომია ხოლმე და ვერაფრით გავარკვიე, მათი წილი, მორჩენილი საკვები რომ სახლში წაიღონ, ამით რა დაშავდება? მოკლედ რომ გითხრათ, სათანადო უწყებებისგან სერიოზულად შესასწავლი სიტუაციაა. ჩემი საქმიანობაც შეამოწმონ და თუ მე აღმოვჩნდები მტყუანი, ან ისეთი რამ გაირკვევა, რომ მე ვარ რაიმეში დამნაშავე, კანონის წინაშე მაგებინონ პასუხი, თუ არადა, ვინც რისი ღირსია, ის მიიღოს.

 

ქრონიკა+“ „სათნოების სახლისვიცეპრეზიდენტს _ ნანა მუსხელიშვილს ესაუბრა:

_ ბატონ ზურაბს ხელშეკრულება შევუწყვიტეთ ვადაზე ადრე და ვუთხარით, _ თუ აქვს პრეტენზია, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. წერილში, რომელიც მას გადავეცით წერია, რატომ შეუწყდა ხელშეკრულება. ბატონი ზურაბი ცოტა ალკოჰოლდამოკიდებული ადამიანი იყო და ორ თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ერთ-ერთი არის ექიმი, რომელიც უშუალო კავშირში იყო მასთან, ანუ ერთად მუშაობდნენ. მან მოგვწერა, რომ შეუძლებელია ჩვენი ერთად მუშაობაო. აი, ეს იყო ბატონი ზურაბის განთავისუფლების საფუძველი და შიმშილობის მცდელობა კი ჩვეულებრივი რეაქცია იყო გაბრაზებული კაცისა, _ მე ახლა აქ ვიშიმშილებ და თუ უნდა წავიდე, სხვებიც უნდა წავიდნენო და ა. შ.

_ ქალბატონო ნანა, ჯავაშვილი ალკოჰოლდამოკიდებული ბოლო დროს გახდა? როგორც ვიცი, მან 3 წელი იმუშავა თქვენთან. ასე არ არის?

_ იცით, ეს როგორ იყო? თვითონ ბენიფიციარებიც ამბობდნენ პერიოდულად და თანამშრომლების ნაწილიც, მაგრამ 62 წლის კაცი არის და რამდენჯერმე ვუთხარით, მივუთითეთ… ჩვენ არ ვიღებთ ასეთ რადიკალურ და მკვეთრ ზომებს ხოლმე. შეიძლება, ერთი-ორი შემთხვევა ყოფილიყო, ზუსტად მაგის სტატისტიკა არ გვიწარმოებია, მაგრამ ფაქტია, ორ თანამშრომელთან მოუხდა სერიოზული კონფლიქტი, აქედან ერთი გათხოვილი ქალია, სახლში მიადგა ღამე და უკაკუნებდა. აქედან დაიწყო ეს განგაში.

_ თქვენ გადაამოწმეთ, რომ ეს სინამდვილე იყო?

_ კი და თვითონაც არ უარყოფს ამას. ეს ნასვამობით მომივიდაო, ამბობს. ეს არის კონფლიქტის ერთი მხარე, ხვდებით? გნებავთ, გულახდილად ვისაუბროთ? აქ საქმე პირად ურთიერთობებს ეხება და რაღაც ისეთი ნიუანსებია, რომლის შესახებაც, ალბათ, თვითონ ბატონ ზურაბს უნდა რცხვენოდეს და თავის თავს არ უნდა აძლევდეს უფლებას, რომ სააშკარაოდ გამოიტანოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვილაპარაკებთ ამ პრობლემებზე, თუ ის სასამართლოში წავა. ეს გზა იქნება სწორი. მე რა შეიძლება, ამაზე გიპასუხოთ, რადგან ეს ძალიან პირადულია. სამსახურში არც სკანდალი ყოფილა, არც ჩხუბი და არაფერი. ამის იქით რა ხდება, ჩემთვისაც ძნელია, რომ გიპასუხოთ. რაც შეეხება გაბრაზებული ბატონი ზურაბის შეფასებას, ჩვენ 26 წელია, ვმუშაობთ, ხანდაზმულებს ვეხმარებით და მსგავსი რამ, „კათარზისიდან“ ვინმეს ინფორმაცია გაეტანა, არ მომხდარა. ან რას ჰქვია მოხუცები წავიდნენ, ანუ ვიღაცები მოდიან აქ და მოხუცებს აწუხებენ? ეს ცოტა აბსურდული ინფორმაციაა, გაოცებული ვარ პირდაპირ.

_ ბოლო კითხვა მექნება: თქვენს სამსახურს მართლა არავინ ამოწმებს?

_ რა თქმა უნდა, გვამოწმებენ. ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია და ჩვეულებრივად ხდება შემოწმება. ბუღალტერიას მართავს აუდიტორული სამსახური, საგადასახადო ინსპექციას ყოველდღე ვაბარებთ ანგარიშს, რადგან ჩვენ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი გვაქვს. ასე რომ, ჩვეულებრივად ვემორჩილებით ყველა კანონს, რაც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს.

ჩვენ ბატონ ზურაბს ვუთხარით, თუ სასამართლო მას გაამართლებს, მას აღვადგენთ. არანაირი სხვა პრეტენზია ბატონი ზურაბის მიმართ არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ 2 თანამშრომელი შემოვიდა განცხადებით და თქვეს, რომ მათ შეურაცხყოფას აყენებს. ჩვენ როგორც ადმინისტრაციას, ერთადერთი შეგვიძლია ის, რომ სასამართლოში ვისაუბროთ.

 

                                                                                                        ნელი ვარდიაშვილი