რომელი პარტიის ეკონომიკური პროგრამა შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე რეალურად?

e

 

საარჩევნო ეკონომიკური დაპირებები და პარტიების გათვლები „საყოველთაო კეთილდღეობაზე“, რომელსაც არჩევნებამდე პარტიები თუ საარჩევნო ბლოკები ამომრჩეველს სთავაზობენ, იმდენადაა პოპულისტური, რამდენადაც მაღალია მათი შეუსრულებლობის ალბათობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იმ პროგრამაში, რომელიც პარტიებს აქვთ, ეკონომიკური განვითარების გეგმა და შესასრულებელი აუცილებლობის ჩამონათვალია და მხოლოდ მისი შესრულების შემდეგ მიიღწევა „საყოველთაო კეთილდღეობა“ _ ეს უკანასკნელი კი ტრივიალური ფრაზაა, რომლის აბსოლუტურობის ცხადი მაგალითიც, უბრალოდ, არ არსებობს.

2016 წლის არჩევნებამდე, სულ რაღაც, ხუთი დღე რჩება და საზოგადოების უმეტეს ნაწილს უკვე ჩამოყალიბებული აქვს, ვის უნდა დაუჭიროს მხარი, თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც არ გადაუწყვეტიათ, თუ რომელი პარტია დაიმსახურებს მათ სიმპათიას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი იმ სამოქმედო გეგმის გადაკითხვა და გაანალიზებაა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ.

„ქრონიკა+“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ექსპერტები პარტიების პროგრამებთან დაკავშირებით, რამდენად რეალური, ან პოპულისტურია მათი ეკონომიკური გათვლები და რამდენადაა შესაძლებელი დღეს არსებული მდგომარეობით იმ ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა, რომელსაც ისინი გვპირდებიან?

 

აკაკი ცომაია _ ეკონომისტი, ექსპერტი:

_ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში დასაქმების ხელშესაწყობად ყურადღება მახვილდება განათლების რეფორმაზე და პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე დუალური (გერმანული) მოდელის შესაბამისად, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის ჩართვას საგანმანათლებლო პროცესში. შედეგად, „გაიზრდება სტუდენტებისა და მომავალი დასაქმებულების შრომის ბაზრისთვის მზაობის ხარისხი; განხორციელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების ფუნდამენტური შესწავლა და უმაღლესი განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას“. რა კომენტარს გააკეთებდით?

_ შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი ვერ აღმოიფხვრება მანამდე, სანამ უმაღლესი განათლების სისტემაში სახელმწიფო ინტერვენციები დომინირებს. ეს მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ფასწარმოქმნის მექანიზმზე, რის შედეგადაც იქმნება არასწორი მოლოდინები მომავალ სამუშაო ადგილებზე.

გარდა ამისა, რეალურად, არსებობს მოთხოვნა უფრო უმაღლესი განათლების დიპლომზე, ვიდრე უმაღლეს განათლებაზე და პროფესიის შერჩევისას მომავალი სტუდენტების დიდი ნაწილი უფრო მეტად ირჩევს ისეთ უმაღლეს სასწავლებელს ან/და პროფესიას, სადაც დიპლომის მიღება შედარებით მარტივია და სახელმწიფო ინტერვენციის შედეგად დამახინჯებული ფასიც _ ხელმისაწვდომი. „ქართული ოცნება“ უმაღლესი განათლების რეფორმაში გულისხმობს სახელმწიფო სექტორის კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას და, ამ თვალსაზრისით, შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ხოლო ამ მიმართულებით განხორციელებული ინტერვენცია ვერ შეძლებს შრომის ბაზრის შესახებ ობიექტური სურათის გამოვლენას, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მიზნებისთვის მიმართული საბიუჯეტო სახსრები წყალში გადაიყრება. სჯობს, ეს სახსრები კერძო სექტორმა განკარგოს.

_ რაც შეეხება მოგების გადასახადს?

_ „ქართული ოცნების“ მიერ მოტანილ ციფრებს არანაირი დასაბუთება არ გააჩნია. სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით სუბსიდირებულ დარგებში სამუშაო ადგილების შექმნა, დიდი ალბათობით, დროებითი მოვლენა იქნება, რადგან როგორც ეკონომიკური თეორია ამტკიცებს და საერთაშორისო გამოცდილებითაც დასტურდება, ხშირ შემთხვევებში იქმნება არაკონკურენტუნარიანი წარმოებები, რომლებიც ბაზარზე არსებობას მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე ახერხებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შექმნილი სამუშაო ადგილების სანაცვლოდ, საზოგადოება იხდის მაღალ ფასს, რაც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობას აუმჯობესებს უფრო ნაკლებად, ვიდრე ამას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუ ამ ტიპის სახელმწიფო პროგრამები არ იარსებებდა. სჯობს, ეს ფინანსური რესურსიც განკარგოს კერძო სექტორმა, რადგან სწორედ მათ ვართმევთ, ვინც პროდუქტს ქმნის.

სამუშაო ადგილების შექმნის პროგნოზი უნდა დავუკავშიროთ სწორ ფაქტორებს, კერძოდ, მომავალში ეკონომიკური ზრდის ტემპს და შემოსული ინვესტიციების რაოდენობას. არსებულ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს, თუ რა პროპორციით ზრდის 1%-იანი საინვესტიციო ან/და ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების რაოდენობას, რასაც ეს პოლიტიკური პარტია არ აკეთებს. შესაბამისად, 200,000 სამუშაო ადგილის შექმნის პროგნოზი ვერ დასტურდება პროგრამის ტექსტის მიხედვით.

_ რაც შეეხებანაციონალურ მოძრაობას“, მის პროგრამაში ამომრჩეველი კითხულობს, რომახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის ენმ კონკრეტულ ვადებში გადადგამს ქმედით ნაბიჯებს შემდეგი ოთხი მიმართულებით: გადასახადების შემცირება; ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯის შემცირება; ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა; ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა“. ამ შემთხვევაში რას ფიქრობთ?

_ ეს პროგრამა კარგად არის გააზრებული და სწორი ეკონომიკური ხედვაა ჩამოყალიბებული. ასევე ჩანს მკაფიოდ გამოკვეთილი სამოქმედო პროგრამაც. თუმცა პროგრამაში არ ჩანს, თუ რატომ შეიქმნება 2017 წელსვე, მინიმუმ, 45,000 სამუშაო ადგილით მეტი? რის საფუძველზე კეთდება დასკვნა? ჩამოყალიბებული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, საერთო ჯამში, უფრო მეტად უნდა გაიზარდოს ეკონომიკაც და ინვესტიციებიც, რაც გაზრდის სამუშაო ადგილებს. ეს სწორი მსჯელობაა, მაგრამ თუ არ არის ემპირიული კვლევები ჩატარებული, თუ როგორ კორელაციაშია სამუშაო ადგილების შექმნაზე მოქმედი ფაქტორები თავად სამუშაო ადგილებთან, ზედმეტად ამბიციური შეფასებაა, რომ, მინიმუმ, 45,000 სამუშაო ადგილით მეტი იქნება 2017 წლიდან. სინამდვილეში, პროგრამის ნარატივის მიხედვით, ეს არავინ იცის და „ქართული ოცნების“ მსგავსად, ჰაერიდან მოტანილი ციფრია.

„თავისუფალი დემოკრატების“ შემთხვევაში კი მთლიანი აქცენტი კეთდება განათლების სფეროში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდაზე, რაც თავისთავად არ ნიშნავს უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების შექმნას და გამოიწვევს საბიუჯეტო სახსრების უყაირათო ხარჯვას, რაც სამუშაო ადგილების შექმნაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. „თავისუფალ დემოკრატებს“ კარგად არ აქვთ გააზრებული, როგორ ვებრძოლოთ უმუშევრობას ან/და რა შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი.

 

_ რამდენად რეალურია პარტიების დაპირებები, შესაძლებელია თუ არა ჩვენი ეკონომიკის ფარგლებში გადასახადების მკვეთრი შემცირება, პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაზრდა?

სოსო არჩვაძე _ ეკონომისტი:

 

_ ცალკეული, ფრაგმენტული საკითხები უკვე მომწიფებულია და შეიძლება, ის დაინერგოს. სხვადასხვა პარტიის ლოზუნგებსა და განცხადებებში ვაწყდებით საკითხებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ მცირე მეწარმისთვის ბრუნვის მოცულობა, როგორ შეიძლება გადასახადების დაბეგვრა და რიგი სხვა ელემენტი? თუმცა ეს ყველაფერი ფრაგმენტული საკითხებია და არა სისტემური ხასიათის ცვლილებები, რომელიც შეიძლება, ერთი ერთზე ავიღოთ და ზედმიწევნით განვახორციელოთ.

რა თქმა უნდა, ასეთ დროს, არჩევნებისას, პოპულიზმს ვერ ავცდებით, მაგრამ არის საკითხები, რომელიც მათ დანაპირებში აქა-იქ გამობრწყინდება ხოლმე.

 

აკაკი ცომაია:

_ ამ დანაპირების შესრულება შესაძლებელია, თუ საბიუჯეტო ხარჯები მკვეთრად შემცირდება ერთი მიმართულებით და ამის ხარჯზე გაიზრდება სხვა მიმართულებით, მაგალითად, ბიუროკრატიის, სუბსიდიების შემცირება მნიშვნელოვნად შეიძლება. ასევე, თუ სოციალური პროგრამები და, მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება უფრო მიზნობრივი გახდება, გაიზრდება სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების რაოდენობა.

 

 

კითხვა, რომელზედაც ექსპერტებსაც კი განსხვავებული მოსაზრება აქვთ

 

_ რომელი პარტიის ეკონომიკური პროგრამა შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე რეალურად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე?

 

აკაკი ცომაია:

_ მხოლოდ რეალურად არა, მომავლის სწორ ხედვად: „სახელმწიფო ხალხისთვის“ და ენმ-ს.

 

სოსო არჩვაძე:

_ ეს არჩევნები განსხვავებული იქნება წინა, 2012 წლის არჩევნებისგან, რადგან ის ემოციების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ქართველი ამომრჩეველი უკვე გონებით, გააზრებულად და პროგრამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პროგრამის ეკონომიკური ნაწილის რეალურობას, იგი ყველაზე რეალური მაინც მოქმედ პარტიას აქვს, რადგან არა მოკლე პერიოდზე და არარეალურად, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაზე და სწორად აქვს გათვლილი.

 

                                                                                                       ნინო ტაბაღუა