ანზორ საკანდელიძე: „ძიძიგური, როგორი ეროვნული იყო და ეროვნულიდან მას მხოლოდ ჩოხა დარჩაო!“

av

„საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია“ 2006 წელს გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონის აღდგენას ითხოვს. მათი თქმით, დღეს არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც მცირე მეწარმეობის განვითარებაზე ფიქრობს. ასოციაციის მესვეურებმა საქართველოს ეკონომიკური განვითარების 5-წლიანი კომპლექსური კონცეფცია-პროგრამა შეიმუშავეს, თუმცა მთელი წელიწადია, ეკონომიკის სამინისტროს ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

 

ქრონიკა+“- ესაუბრება ასოციაციის ერთერთი დამფუძნებელი _ ანზორ საკანდელიძე:

_ ოთხი წელიწადია, ხელისუფლება უარს ამბობს მცირე მეწარმეობაზე, რომელიც, მსოფლიო მონაცემების მიხედვით, მოქალაქეების 90%-ს ასაქმებს. ამ კანონის აღდგენაზე მოქმედი ხელისუფლება უარს ამბობს და 400 000 ლარს არ იმეტებს. ორი წლის შემდეგ ეს თანხაც აღარ იქნება გადასახდელი იმ მეგაპროექტის მიხედვით, რომელიც ჩვენმა ორგანიზაციამ შეიმუშავა და მიმართულია მცირე მეწარმეობის აღგენა-განვითრებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალების ზარალის ანაზღაურებისკენ. შემდეგ ეს პროცესი თვითდაფინანსების უწყვეტ რეჟიმში გადადის. მოგეხსენებათ, საქართველოს 1998 წელს შიდა ვალად აქვს აღიარებული მილიარდ 200 მილიონი ლარი, თავიდან 200 მილიონი უცბად დაარიგეს, ისიც იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოში გაეგზავნათ წერილი, ვალის ანაზღაურება დავიწყეთო. „დაზარალებულ მეანაბრეთა ლიგა“ არსებობდა და ამ ორგანიზაციამ  სტრასბურგში სარჩელი შეიტანა. სწორედ მაშინ აიღო სახელმწიფომ მილიარდ 200 მილიონი შიდა ვალად. სხვათა შორის, ზარალის ანაზღაურების თაობაზე, სარჩელი ნებისმიერ დროს შეგიძლია შეიტანო, გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მე-8 და მე-13 მუხლებია, რომლის ძალით ამ სარჩელს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. როდესაც დაზარალებული ხარ სახელმწიფოს მიზეზით, მსხვერპლად ხარ აღიარებული გაეროს მიერ, რაც წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, რომ ზარალი 100%-ით  ფულით უნდა აუნაზღაურო, ან კომპენსაციის სახით. ამ საკითხზე სახელმწიფო კომისიაც შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეა ფინანსთა მინისტრი. ყველა მინისტრი და ქალაქის მერი შედის ამ კომისიაში. სამწუხაროდ, ეს კომისია არ მუშაობს. ჩვენ დავამუშავეთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების 5-წლიანი კომპლექსური კონცეფცია-პროგრამა. იგი 47-გვერდიანი სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომია, რომელიც დაპატენტებულია და ავტორი მე გახლავართ. ამ პროგრამის მიხედვით, 6 რეფორმაა გასატარებელი, რომელიც ემსახურება მცირე მეწარმეობის აღდგენასა და სახელმწიფოსგან მიღებული ზარალის ანაზღაურებას.

_ რა აფერხებს თქვენი პროგრამის ამუშავებას, სახელმწიფოს მიდგომა როგორია ამ საკითხისადმი?

_ 1998 წელს დავაარსეთ „საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაცია“ და 11 დამფუძნებლიდან 8 ვიყავით წარმოების დირექტორი. რატომ გახდა საჭირო, რომ ასეთი სახის ასოციაცია დაგვეარსებინა? _ 1997 წელს რომ მივიღეთ საგადასახადო კოდექსი, მცირე და მსხვილი მეწარმე გათანაბრებულია და სანამ ეს არ მოისპობა, არაფერი გვეშველება. საგადასახადო ტვირთი მაღალია თვითონ მსხვილი მეწარმეებისთვისაც და ამაზე პირველად მიგვითითა ფიშერმა, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატია. ფიშერმა გვითხრა, _ თქვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყანას, მაქსიმუმ, 15%-იანი საგადასახადო ჯამური ტვირთი უნდა ჰქონდესო. 1997 წელს, როდესაც საგადასახადო კოდექსი მიიღეს, მეწარმეებს გვიმტკიცებდნენ, რომ საგადასახადო ტვირთი 30% იყო. ეს ტვირთი ორჯერ მეტი გახლდათ იმაზე, რაზედაც ფიშერი მიგვითითებდა. პირადად მე, როდესაც გავკოტრდი, ბუღალტერიაში ჯამური გადასახადები 63% გამომივიდა. მაშინ 4-5 რკინა-ბეტონის ქარხანა მუშაობდა. არ ვმალავდით შემოსავლებს და ჩრდილოვან ეკონომიკაში ღიად არ ვიყავით გადასულები. ყველა ეს ქარხანა გაკოტრდა, პროფესიონალები ვინც ვიყავით, ყველა გაგვაჩერა ამ საგადასახდო კოდექსმა. შემდეგ ფალსიფიცირებული ბეტონის მწარმოებლები ჩაერთნენ და 10 წელიწადი თბილისი ასეთი ბეტონით შენდებოდა. ბეტონში რა უნდა მოიგო? ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია ცემენტი, ნახევარს უშვრებოდნენ. მაშინვე ვამბობდი, _ ეს ამ ქალაქს დაანგრევს-მეთქი! ჩვენთან შედარებით, ბეტონს ყიდდნენ ნახევარ ფასად, ნახევარზე მეტ ცემენტს იპარავდნენ, გადასახადებს არ იხდიდნენ და ასეთი ბეტონით აშენდა მთელი ქალაქი და ამიტომაც არის დიდი ნაღმი ჩადებული. ჩემ გვერდით მუშაობდა მანუჩარ მაჩაიძე, 2004 წელს როდესაც ქალაქის საკრებულოში მოხვდა, მისი დახმარებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და ჩვენი ასოციაციის წევრები ერთხელ შეგვიშვეს და შევამოწმეთ. რასაც ვფიქრობდით, ყველგან ის აღმოჩნდა, _ ბეტონის სიმტკიცეები ნახევარზე იყო დასული. 2004 წელს საგადასახადო კოდექსის რეფორმა მოხდა, ვითომ შეამცირეს გადასახადები და ხალხს დღემდე ატყუებენ, _ შემცირებული გვაქვს, 20-დან 6 გადასახადზე ჩამოვედითო. ამათ რაც ამოიღეს გადასახადები, მოსაკრებლებში გადაიტანეს და ამ სახით მეწარმე მაინც იხდის. ამ მონაცემებით თავი რომ მოსწონდათ, ოფიციალური მონაცემებით, ჩვენ 18 გადასახადის რაოდენობით 147 ქვეყანას შორის 92-ე ადგილზე ვიყავით. სირთულის კოეფიციენტის მიხედვით კი 147 ქვეყანას შორის ვიყავით 145-ე ადგილზე და ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ კარგი საგადასახადო კოდექსი გვაქვსო, ამ ზღაპრებს თავი უნდა დავანებოთ! სანამ ამას არ გავითავისებთ, სულ ასეთ უბედურებაში ვიქნებით, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეები. წარმოიდგინეთ, მსხვილი მეწარმის საგადასახადო ოპტიმალური ტვირთი ორჯერ მეტია იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს. ფიშერი გვეუბნებოდა, ორჯერ შეამცირეთ საგადასახადო ტვირთი და სამჯერ გაგეზრდებათ შემოსავლებიო. რის ხარჯზე? იმის, რომ აქ ყველაფერი წასულია ჩრდილოვან ეკონომიკაში, რომელიც „მსოფლიო ბანკმა“ 2012 წელს დაგვიფიქსირა 72%. დღემდე ამ ჩრდილოვან ეკონომიკაში ვცხოვრობთ. საგადასახადო კოდექსის რეფორმირება თუ არ მოხდა, მცირე და მსხვილი მეწარმე, ჯერჯერობით, ერთ ქვაბში იხარშება. მცირეს რომ შაღავათები უნდა დაუწესდეს მსხვილთან შედარებით, ესეც არ არის გათვალისწინებული, გასწორებულია მიწასთან და მსხვილი ჩრდილშია გადასული. ქვეყანას სჭირდება კარგი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ოპტიმალურ ტვირთებზე გათვლილი იქნება და მართლაც გამოვალთ ჩრდილოვანი ეკონომიკიდან. 50%-ით მაინც რომ გაათეთრო, 20-22% მაინც რჩება ჩრდილში, ეს არის საშუალო ევროპული დონე, არაფერი არ უნდა ამას, არც გარე და არც შიდა ინვესტიციები, მხოლოდ ბიზნესის გათეთრების ხარჯზე. ჩვენი პროგრამის მიხედვით გათვლილია ყველაფერი, რომ მთლიანი შიდა პროდუქტები გაიზრდება 100-150%-ით, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და გიგანტურ ნაბიჯს, დაახლოებით, 20-30 წლით. საგადასახადო კოდექსში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის. ჩვენმა ასოციაციამ პირველად წამოიწყო ფიქსირებული გადასახადის დაწესება. დავწერეთ პროგრამა, რომელსაც ჰქვია: „პროგრამა-დეკრეტი საქართველოში მცირე ბიზნესის რეფორმების შესახებ“, სადაც განსაზღვრულია აბსოლუტურად ყველა ასპექტი მცირე მეწარმეობასთან დაკავშირებით, რომ ფეხზე დამდგარიყო. ეს არის 5 კანონპროექტისგან შემდგარი პროგრამა-დეკრეტი, რომელიც პარლამენტში შევიტანეთ და 1999 წელს შევარდნაძეს მივაღებინეთ პირველი კანონი მცირე მეწარმეობის შესახებ და ამ კანონთან არის მიბმული, რაზედაც დღემდე ვიბრძვით საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი _ სტრუქტურა, რომელმაც მცირე მეწარმეობა უნდა მართოს. 2006 წელს, როდესაც ნოღაიდელმა მცირე მეწარმეობის კანონი გააუქმა, მასთან ერთად გაუქმდა სტრუქტურაც. დღეს ესეც არ გვაქვს და ერთი კაცი არ არის ხელისუფლებაში, რომელიც ზის და მცირე მეწარმეობის განვითარებაზე ფიქრობს.

_ ბატონო ანზორ, ძალიან ხშირად ისმის ხელისუფლების მხრიდან განცხადებები მცირე მეწარმეობის განვითარების შესახებ. სხვადასხვა პარტიის მხრიდანაც კეთდება აქცენტი, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პერიოდში

_ ეს არის სუფთა ბლეფი! სანამ კანონი არ აღდგება, სტატუსი არ ვიცით, ვინ ჩაითვალოს მცირე მეწარმედ და ვინ _ არა. დღეს არაფერი არსებობს… წერილებს რომ ვწერდით, გვპასუხობდნენ, _ ჩვენ შევქმენით ეკონომიკის სამინისტროში მცირე მეწარმეთა სამსახურიო, მაგრამ საგადასახადო მაფიამ და მსხვილმა მეწარმეებმა, კლანებმა, რომელთაც არ უნდათ მცირე მეწარმეობის ფეხზე დაყენება, რადგან ამაში კონკურენტს ხედავენ, რა გააკეთეს _ მცირე ამოაგდეს და დარჩა მეწარმეობის ხელშეწყობის რაღაც სტრუქტურა. ერთადერთი, მერიაში შექმნეს მეწარმეობის ხელშეწყობის სამსახური, მერე ესეც გაუქმდა და დღეს სახელმწიფო სტრუქტურაში არაფერი არსებობს მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. სხვა არაფერი საშუალება არ არის, გარდა ამ კანონის აღდგენისა. ვისაც ვეუბნებით, არავის სჯერა, რომ ქვეყანას მცირე მეწარმეობის კანონი არ გააჩნია. მოვა არჩევნები და ყველა ალაპარაკდება ხოლმე მეწარმეობაზე. იმ დროს, როცა მცირე მეწარმეობა მოსახლეობის 90%-ს ასაქმებს, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ხმა არ ამოუღია, არც სამთავრობოს და არც ოპოზიციურს. როდესაც ლაპარაკობ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობაზე, ხომ უნდა თქვა, რომ შესაბამისი კანონი არ არსებობს? ეს ხელისუფლება რომ მოვიდა, ვითხოვდით, ბიუჯეტიდან 400 000 ლარი გამოყოფილიყო და ისე აღგენილიყო კანონი, როგორიც გაუქმების დროს იყო. ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან დავიწყეთ მიწერა, არ გააკეთა, მერე ღარიბაშვილი იყო, არც იმან, კვირიკაშვილსაც მივწერეთ… მცირე მეწარმეობის კანონისა და ამ ცენტრის სტრუქტურის აღდგენაა საჭირო 14-კაციანი შტატით. ვინც უნდათ, ის დანიშნონ, ოღონდ ცენტრი აღდგეს და მცირე მეწარმეობის განვითრებაზე ვიღაცამ იმუშაოს. 4 წელიწადია, 400 000 ლარზე უარს გვეუბნებიან, მაშინ როცა ეკონომიკის სამინისტროში დუბლირებული ფუნქციებია, 805 კაცი მუშაობს, 85 მილიონი ბიუჯეტი აქვს, აქედან 275 კაცი მუშაობს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე და პროგრამებზე, რომლის ბიუჯეტია წელიწადში 16 მილიონი, ამ 4 წელიწადში უკვე დახარჯულია 60 მილიონამდე, არავითარი პროგრამა არ დაუდევთ ისეთი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მაინც გამოიყენოს. აგერ მაქვს მათი გაკეთებეული საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის, რომელზედაც კვირიკაშვილს ხელი მოაწერინეს. 2016 წელი მთავრდება და არაფერია გაკეთებული. საერთოდ, ეს სტრატეგია რომ დამუშავდა, ჩვენ შეტანილი გვქონდა ჩვენი პროგრამა და ამის საპირისპიროდ დადეს. საშინელებაა! კვირიკაშვილს კიდეც მივწერე, _ ეს როგორ შემოგიტანეს ხელმოსაწერად, სამარცხვინო ნახევარფაბრიკატია-მეთქი. გავაკრიტიკეთ მათი პროგრამა და ახლა არჩევნები რომ მოვიდა, საერთოდ გადამალეს. უსუსური და მართლაც სამარცხვინო პროგრამაა, რომელიც მიღებულია მთავრობის დადგენილებით. ამ დროს ჩვენ 4 წელიწადია დადგენილებამდე კი არა, განხილვამდე ვერ მივედით. 25 თებერვალს განიხილეს ერთხელ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროში. პარლამენტის მიერ ერთი წლის წინათ არის ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი, მთელი წელი გავიდა და ეკონომიკის სამინისტრომ არც კი განიხილა. პარლამენტში ამბობენ, ეკონომიკის სამინისტროდან ველოდებით დასკვნებსო და ასეა ჰაერში გამოკიდებული. ამის გარდა, 20 წერილზე მეტი გვაქვს გაგზავნილი და არც ერთზე პასუხი არ მიგვიღია. ერთხელ დაგვიძახეს მხოლოდ, მანამდე გადავუგზავნე ჩვენ მიერ მომზადებული ერთიანი კომპლექსური  პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მცირე მეწარმეობის განვითარებას და ზარალის ანაზღაურებას. საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტები გამოვიგონეთ, რომელიც არავის გამოუყენებია. ისე გავაკეთეთ, რომ რაც ზარალია მოსახლეობაში, თანდათანობით როდესაც გარდაიქმნება თამასუქებად, ხდება მისი ტრანსფორმაცია და კაპიტალიზაცია პირდაპირ, მცირე საწარმოებში იდება შიდა ინვესტიციებად, რომელსაც მოზიდვა არ სჭირდება. თვითონ ეს ზარალი იდება ინვესტიციად, ფეხზე აყენებს მცირე მეწარმეობას, გარანტირებულ მოგებაზე მუშაობს და ამ მოგების ხარჯზე ხდება ზარალის ანაზღაურებაც, პლუს სახელმწიფო ვალს ისტუმრებს თამასუქების მეშვეობით. დასაქმების პრობლემაც გვარდება. ასეთი პროგრამის განხილვასაც კი ვერ ვეღირსეთ. 20 წერილი რომ შევიდა პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში და პრემიერთან შეხვედრას რომ ვერ ვეღირსეთ, იმაზე აღარ არის ლაპარაკი. გიორგი გახარია ჰყავთ მრჩევლად, ღარიბაშვილმა მოიყვანა და მან დაღუპა სწორედ. გახარიამ მას არც კი აჩვენა ეს პროგრამა. როცა მიგვიწვიეს, ჯერ 3 საათი გვალოდინა ამ ასაკის ხალხი, მერე თვითონ არ იკადრა გამოსვლა და წარმომადგენელი გამოგვიგზავნა _ აკაკი კვანტალიანი. შედიოდა და გადიოდა, კითხვა-პასუხებში იღებდა ინფორმაციას. ამ ახალგაზრდის რა ბრალი იყო? ამბის მიმტან-მომტანის როლს ასრულებდა. ბოლოს, გამოგვიცხადეს, _ მრჩეველთა საბჭოს აზრია, საქართველოს მცირე მეწარმეობა არ სჭირდება და ამიტომ 2006 წლის ამ კანონს აღდგენა არ უნდაო. ეს უკვე უბედურებაა. მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესომბუდსმენი რომ ჰქვია თან, აცხადებს, რომ საქართველოს არ სჭირდება მცირე მეწარმეობა. ასეთი მენტალიტეტის ადამიანი დღეს საარჩევნო სიაში მეხუთე კაცად შეიყვანეს და პარლამენტში უნდა დაჯდეს. სანამ იქ დაჯდება, ამ კაცმა ბოდიში მოიხადოს ამის გამო. ამ დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში უწერიათ, მოგების გადასახადს დავუტოვებთ და ამით 100 000 კაცი დასაქმდებაო, რაც ბლეფია.

გული მწყდება, ზვიად ძიძიგურთან ერთად ვიყავი პარლამენტში, როგორი ეროვნული იყო და როგორ შეიცვალა ეს პიროვნება. ამას წინათ რაღაც საუბარში დავიცავი და მითხრეს, _ მაგაზე ნუ ლაპარაკობ, ეროვნულიდან მას მხოლოდ ჩოხა დარჩაო. 2005 წელს „კონსერვატორებთან“ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმზე, რომ მცირე მეწარმეობის აღორძინების პროგრამას ერთად გავაკეთებდით. ამაზე მწყდება გული, ისე ჩაატარეს ეს 4 წელიწადი, ამ საკითხზე ხმა არ ამოუღიათ. ოთხჯერ გავიდა პარლამენტში ეს საკითხი და სიტყვა არ დაუსველებიათ. გული მწყდება ასევე გოგი თოფაძეზე და ზურაბ ტყემალაძეზე. 2010 წელს, უკვე, „მრეწველებთან“ მაქვს იგივე მემორანდუმი გაფორმებული და ამათაც ხმა არ ამოუღიათ ამ 4 წლის განმავლობაში. ამის თაობაზე თოფაძესთან კაბინეტში ვიყავით, ტყემალაძეც იქ იყო, ცოტა წალაპარაკება მოგვივიდა, _ არ გრცხვენიათ, ხელი გვაქვს მოწერილი, ესეც არ იყოს, თქვენი მხარდამჭერი ვარ, ამდენი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ, დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე ხარ, ამდენი ხანია, ჩვენი პროგრამა გაწერიათ და არაფერს აკეთებთ-მეთქი! ტყემალაძემ მითხრა, _ რა ვქნა, ეკონომიკის სამინისტრო არ მაძლევს პასუხსო. _ ხომ არ გეუბნებით, სადმე დამნიშნეთ, კანონი აღადგინეთ მცირე მეწარმეობის შესახებ, აღადგინეთ ცენტრი, რომ საქართველოში რაღაც სტრუქტურა შეიქმნას, რომელიც მცირე მეწარმეობაზე მუშაობს, შემდეგ გამოაცხადეთ კონკურსი მცირე მეწარმეობის განვითარების საუკეთესო პროგრამაზე და მეც შემოვიტან ჩემს პროგრამას-მეთქი. _ ვიცი, რომ შემოიტან, მაგრამ მერე შენ ამ კონკურსში ვინ მოგიგებს და შენთვის გამოვაცხადოთ ტენდერიო? _ ასე მიპასუხა თოფაძემ. გია ჟორჟოლიანთანაც მაქვს პრეტენზიები. ერთი პერიოდი ჩვენი ასოციაცია ოფისის გარეშე დარჩა და მან შეგვიფარა, 2-3 წელიწადი ერთად ვიყავით, ყველაფრის საქმის კურსში იყო. „ოქსფამმა“ დაგვაფინანსა, გიასთან ერთად ვუშვებდით გაზეთ „მცირე მეწარმეს“, რეგიონებში გავდიოდით და ჩვენს პროგრამას ვაცნობდით. ამის თაობაზე რამდენჯერმე დავურეკე, _ კი, კი, კი! _ მეუბნება, მაგრამ არაფერი… აღარ ვაწუხებ.

_ პირად საუბარში ახსენეთ, რომ თქვენი ორგანიზაცია ზარალის აღრიცხვას აწარმოებს. კონკრეტულად, რას აკეთებთ?

_ ხელისუფლება მიზეზად ასახელებს, რომ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის ანაზღაურებას იმის გამო არ იწყებენ, რომ ზარალი აღრიცხული არ აქვთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს აღრიცხვა თვითონ ჩავატაროთ, აღიარებული ვალი რაც არის, ერთი მილიარდი ლარის შესაბამისი თამასუქები რომ გასცეს ფინანსთა სამინისტრომ, ვინაიდან ეს ვალდებულებაც გვაქვს და რომ არ გააკეთეს, 2014 წელს „შავ სიაში“ შეიტანა გაერომ მე-8 და მე-13 მუხლების შეუსრულებლობის გამო. თუ არ იმოქმედებენ, შეიძლება, ამის გამო სულ გარიცხონ. ესენი ვალდებულები არიან, რომ ზარალი აანაზღაურონ, რაც სახელმწიფომ მიაყენა მოქალაქეებს. დაწყებული გვაქვს ზარალის დათვლის პროცესი, 20 მილიონის ზარალის შესახებ უკვე შემოიტანეს დოკუმენტაცია, ძირითადად, ანაბრები მოდის, მაგრამ კოოპერაციული ბინათმშნებლობაა, სხვადასხვა ფასიანი ქაღალდია, 1990-1992 წლების ობლიგაციებია, რომელიც შეტანილია 11 სახის დაზარალების რიცხვში და შიდა ვალად არის აღიარებული. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ მობრძანდნენ ჩვენთან და მოგვიტანონ ნოტარიულად დამოწმებული დაზარალებულის დოკუმენტი, თუ მეანაბრეთა წიგნაკი. ამას შევიტანთ ფინანსთა სამინისტროში. უკვე მოვილაპარაკეთ. ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო თამასუქებს გამოწერს და ისევ ჩვენ გავუკეთებთ ორგანიზებას, რომ დაზარალებულებს უკან დავურიგოთ. ერთ თვეს ვაცლით ფინანსთა სამინისტროს და თუ ამას არ გააკეთებს, სტრასბურგში გავაგზავნით სარჩელს, რაც იყო 20 წლის წინათ, ჩვენც ის გავიმეოროთ. ამ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე და არ გავჩერდებით, რადგან ეს უკვე დაკავშირებულია მცირე მეწარმეობასთან. თამასუქი იდება ინვესტიციებად და ხალხი რომ გახსნის სამრეწველო საწარმოებს, გადასახადს აღარ გადაიხდის და ამ თამასუქებს ჩადებს. ახლად გახსნილი სამრეწველო საწარმოები იმიტომ გვინდა, რომ ეს შემოსავლები არ არის გათვალისწინებული მოქმედ ბიუჯეტში. ინფლაციაც არ მოხდება, რადგან ბრუნვაში შედის არა ზედმეტი ფულის მასა, არამედ ფასიანი ქაღალდი. ჩათვლა მოხდება მაშინ, როცა პროდუქცია უკვე გამოშვებულია და ეს, პრაქტიკულად, გამორიცხულია. საგადასახადო თამასუქები წავა მხოლოდ პროდუქციის მწარმოებელში. როდესაც ის გახსნის ახალ საწარმოს, გარანტირებულ მოგებაზე იმუშავებს და ხუთჯერ მეტ ადამიანს დაასაქმებს არასამრეწველო ბიზნესებში. მათ უკვე არ გააჩნიათ საგადასახადო შეღავათები და იქიდან გაცილებით მეტი შემოსავალი იქნება.

 

 

                                                                                                             თამარ ბატიაშვილი