ნათია შარაშენიძე: „ოცნება“ თუ გაყალბების გზით წავიდა, აუცილებლად მიიღებს რევოლუციას!”

na

„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ნათია შარაშენიძემ, კარდაკარის კამპანია კარგა ხანია, წამოიწყო. მას გადაწყვეტილი აქვს, ყველა ამომრჩევლის სახლის კარზე დააკაკუნოს და მათი პრობლემები უშუალოდ მოისმინოს, გამარჯვების შემთხვევაში კი დაეხმაროს. „ქრონიკა+“ დაინტერესდა, რას უყვება შარაშენიძეს მოსახლეობა, რა აწუხებს ან ულხინს, არჩევნებზე აპირებს თუ არა წასვლას და რომელი პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა გადაწყვიტა?

 

ნათია შარაშენიძე:

_ თბილისის მე-19 ოლქში, ნაძალადევში ვიყრი მაჟორიტარობაზე კენჭს. მასში შედის გურამიშვილის გამზირი და ზღვის უბანი. მარტო ზღვის უბანში 43 ათასი ამომრჩეველი ცხოვრობს.  ოლქის დიდი ნაწილი უკვე შემოვიარე და თითქმის ყველა მოსახლის კართან მივედი. თუ დაკაკუნების შემდეგ კარს გამიღებენ, დაახლოებით, 15 წუთი ვესაუბრები მაინც. ჩემი პირველი კითხვა ასეთია: აპირებთ თუ არა არჩევნებზე წასვლას? ვინც მეუბნება, რომ არ აპირებს წასვლას, მერე მიზეზს ვეკითხები.

_ ბევრი გეუბნებათ, რომ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას?

_ ხალხი იმედგაცრუებულია და ამბობს, ვისაც ხმა მივეცით და მოვიყვანეთ, არ გაამართლაო. ესენი არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი მომხრეები, ის ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს „ოცნებას“ მისცეს ხმა და თავგადაკლულები დარბოდნენ აქციებსა და მიტინგებზე. ახლა ისინი საკუთარ არჩევანზე ბრაზობენ. ღიდ საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ მიერ მოყვანილმა ხელისუფლებამ იმედები გააცრუა. ცხადია, ვუსაბუთებ, რომ არწასვლით ისევ იმ პარტიის წისქვილს დაასხამენ წყალს, რომელიც არ უნდათ, რომ ხელისუფლებაში იყოს.

_ კონკრეტულად, რას მოელოდნენოცნებისგან“?

_ ფიქრობდნენ, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდებოდა; ხელისუფლებაში მოსული „ოცნება“ იმის საშუალებას მისცემდა, რომ იპოთეკაში ჩადებული სახლები არ დაეკარგათ; როგორც ბიძინა ივანიშვილი ჰპირდებოდა, ბანკებიდან გაიცემოდა დაბალპროცენტიანი სესხები და ისინი არ დაკარგავდნენ თავიანთ საცხოვრებელს; ასევე ამბობენ, რომ პენსიების გაზრდის იმედი ჰქონდათ; სტუდენტებს ექნებოდათ უფასო განათლება. მათი თქმით, დაპირება უფასო ფულთან დაკავშირებით, მართალია, მაშინაც ტყუილი ეგონათ, მაგრამ თავი დაიჯერეს, რომ ივანიშვილი მილიარდერი იყო და მას ბიუჯეტში აუცილებლად ექნებოდა ამისთვის გადადებული გარკვეული თანხა _ უფასო ფულს გაანაწილებდა, მეტ-ნაკლებად, გაჭირვებული ადამიანებისთვის, მაგრამ ამაშიც მოვტყუვდით და შევცდითო. ზოგიერთი მათგანი არჩევნების პერიოდში „ქართული ოცნების“ ოფისებში მუშაობდა და მათ ლიდერებთან დაახლოებული იყო. ამბობენ, მაშინ რა დაპირებებსაც ვისმენდით, რა თქმა უნდა, ვფიქრობდით, რომ ყველა ერთიანად არ შესრულდებოდა, მაგრამ ასე თუ მოიქცეოდნენ და საერთოდ არაფერს გაუკეთებდნენ ხალხს, ნამდვილად არ მოველოდითო. ყველა დაპირებას „ოცნების“ გუნდის წევრები ივანიშვილის სახელით ახმოვანებდნენ და ჩვენც ამ ადამიანს დავუჭირეთ მხარი _ სწორედ მას მივეცით ხმა. მაშინ ბიძინას პინგვინი რომ დაეყენებინა გვერდით, ალბათ, იმასაც მისცემდნენ ხმას და ამ ხალხის არ მიკვირს, ასე რომ მოიქცა, თუმცა ახლა, ამ ყველაფერზე ღიად საუბრობენ. ბიძინა ივანიშვილის დანახვაც არ უნდათ. მითხრეს, ეს ადამიანი რეალობას მოსწყდა, ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს ტყუილი დაპირებებისთვის, ტელევიზიით გამოდის და საპირისპიროს ამბობს. გაიძახის, ხალხს რასაც დავპირდი, იმაზე მეტი გავაკეთე. საქართველოსი შურს ევროპასაც, რადგან ჩვენი ქვეყანა დღეს წამყვანია, ხალხი ბედნიერად ცხოვრობს და ხელს თუ გაანძრევ, სამსახურების მეტი რა არისო? ეს ყველაფერი უკვე ნერვებს უშლის მოსახლეობას და ფიქრობს, რომ ივანიშვილი კოსმოსშია, მოწყვეტილია რეალობას. ჰგონია, ასე თუ ილაპარაკებს, „ქართული ოცნების“ ჩაძირულ რეიტინგს ამოქაჩავს და ხმას მისცემს ხალხი, მაგრამ ეს აღარ მოხდება. ისედაც მიწასთან არის გასწორებული „ოცნების“ რეიტინგი და ეს კიდევ უფრო აყრის მიწასო.

მოსახლეობა გაოცებას ვერ მალავს, როცა იგებს, რომ კანდიდატი თავად მივიდა მათ კართან, რადგან, ძირითადად, აგიტატორები აკეთებენ ამ საქმეს. ეს ამ ადამიანებისთვის სიახლეა და საკუთარ წუხილს ზოგი კარებთანვე მეუბნება, ზოგიც სახლში მეპატიჟება და იქ მიყვება პრობლემებზე. მე მათ ყველა პრობლემას ვიწერ და ზუსტად ისევე ვიქცევი, როგორც ვიქცეოდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. მაშინაც მქონდა ჩემი წიგნი, სადაც ვინიშნავდი სახელს, გვარს, ტელეფონს, მისამართს, პრობლემებს. როცა საკრებულოს წევრი გავხდი, პირველსავე დღეს გადმოვიღე ეს დოკუმენტები და ამ ხალხთან რეკვა დავიწყე. მათ მადლობას ვუხდიდი ნდობისთვის და ვეუბნებოდი, _ გავხდი საკრებულოს წევრი, მობრძანდით, რით შემიძლია დაგეხმაროთ-მეთქი? ახლაც იგივე გათვლა მაქვს: თუ გავხდები პარლამენტის წევრი, ავიღებ ამ წიგნს სადაც ჩანაწერებს ვაკეთებ, მადლობას გადავუხდი ნდობისთვის და დავეხმარები.

_ ამ დავთარში რა გიწერიათ?

_ ვინიშნავ მხოლოდ პრობლემებს. მაგალითად: მე-11 მიკრორაიონში მცხოვრები ქალბატონი მომიყვა, რომ მას ჰქონდა მცირე ბიზნესი _ იჯარით აიღო აუზი, მაგრამ მერთან დაახლოებულმა პირმა _ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, იმდენი გააკეთა, რომ ბიზნესი დაათმობინა და იქიდან გამოაგდო. ამ ადამიანის გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ თანამდებობა მითხრა. მათ ამ ხელისუფლების პირობებში ყველაფერი დაკარგეს. _ იმისთვის, რომ ეს ბიზნესი აგვემუშავებინა, ჩემმა დამ იპოთეკით დატვირთა საკუთარი საცხოვრებელი, მაგრამ ეს სახლიც დავკარგეთ და ჩემი და ახლა ქირით ცხოვრობს. ამდენი წელია, სასამართლოებში დავრბივართ, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიეთ, რადგან საქმე მაღალჩინოსნებს ეხებაო.

ასევე მესაუბრა მარტოხელა დედა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას ზრდის. მან თქვა, რომ მათი დეპუტატობის კანდიდატი 2012 წლის არჩევნებზე იყო აწ უკვე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. საკუთარი ოჯახის პრობლემებზე წერილი პირადად მას გადასცა, სადაც წერდა, რომ სახლში წყალი ჩამოსდიოდა, მისი შეკეთების საშუალება არ გამაჩნია და იქნებ, გადახურვაში დამეხმაროთო. ასევე სთხოვდა, რომ როგორც მარტოხელა და ინვალიდი შვილის დედა, დაესაქმებინა. წულუკიანისგან დღემდე არ მისვლია პასუხი და წყალი დღემდე შემოსდის სახლში. როცა წულუკიანი მინისტრი გახდა, ამ ოლქის დეპუტატად მოევლინათ თამარ კორძაია. ეს ქალბატონი მასთან მიღებაზეც ჩაეწერა, მაგრამ ორი წლის წინათ ჩაწერილს დღემდე არ მოუწია რიგი და მიღებაც არ შემდგარა. მხოლოდ წინასაარჩევნოდ სჭირდებათ ხალხი, მათი ხმები და მხოლოდ ამიტომ მოდიან ჩვენთან. გული გამიტყდა და ვფიქრობ, რომ არჩევნებზე რომ წავალ, ყველას გადავხაზავო.

რამდენიმე ასაკოვან ქალბატონს სოციალური სტატუსი მოუხსნეს და მათ ვერაფრით გაარკვიეს მიზეზი. იმის თავიც აღარ აქვთ, რომ ბიუროკრატიულ მანქანას შეებრძოლონ. ერთ-ერთმა ისიც მითხრა, ჩემთვის, ოთახში გამოკეტილი ველოდები გაჭირვებაში სიკვდილს, პატრონი არ მყავს და თავი არ მაქვს, სამართალის ძებნა დავიწყოო. საყოველთაო ჯანდაცვაზეც ბევრს აქვს საშინელი პროტესტის გრძნობა.

_ სანამ საყოველთაო ჯანდაცვა გვექნებოდა, ექიმი, წამალი ბევრისთვის მიუწვდომელი იყო, ახლა ასე არ არის და რატომ არ მოსწონთ?

_ როგორც გავარკვიე, ადამიანების გამოხშირვა ხდება და ბევრს ეუბნებიან, არ გეკუთვნის დახმარება, ან თანხის ნახევარი თავად უნდა გადაიხადოო. გავიცანი ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ პირდაპირი ვაჭრობა გაუმართეს და თანადაფინანსებას სთავაზობდნენ. ოპერაციის ნაწილს ჯანდაცვის სამინისტრო ანაზღაურებდა და მეორე ნაწილი თავად უნდა მოეპოვებინა. ეს თანხა იმდენად დიდია, რომ ნათესავებში ვაგროვებთ. საყოველთაო ჯანდაცვით ვის უფინანსებენ ოპერაციებს მთლიანად, ეს ვერ გავიგეთო.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ბევრჯერ გააჟღერა, რომ ჩვენი პარტიის წევრს, 34 წლის მამაკაცს, სასწრაფოდ სჭირდებოდა გულის ოპერაცია. ბატონმა შალვამ ჯანდაცვის მინისტრს განცხადებით მიმართა, _ იქნებ, გამოყოთ თანხები და ახალგაზრდა კაცი დააფინანსოთ, რომ გადარჩესო. პასუხად მივიღეთ, რომ წერილი ჩაბარდათ და 10 დღეში კომისია განიხილავდა. სანამ ისინი რამეს მოიფიქრებდნენ და გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, ეს ადამიანი გარდაიცვალა.

ასევე პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, ვისაც გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროებოდა და არ დაუფინანსეს _ არ შედის საყოველთაოს პროგრამაშიო. ერთმა ამომრჩეველმა კი მითხრა, რომ გამოადგა საყოველთაო ჯანდაცვა, მოწამლული იყო, ერთი თეთრიც არ გადაუხდია, ისე უმკურნალეს, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ აპირებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. ასე იმიტომ იქცევა, რომ თავად არის უმუშევარი და სამსახური მისთვის არ გამოიძებნა, მერე შვილიც გაუთავისუფლეს სამსახურიდან და ოჯახი კატასტროფის პირას არის მისული.

_ ასეთი ადამიანები სააკაშვილს მისტირიან და მისი მოსვლა უნდათ ხელისუფლებაში?

_ არა, „ნაციონალურ მოძრაობას“, ცხადია, ჰყავს თავისი ამომრჩეველი, მაგრამ წინა ხელისუფლებას არავინ მისტირის. თუმცა უკვე აღნიშნავენ იმ სიკეთეებს, რაც სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში გაკეთდა. ერთმა მითხრა, მიშას დროს დამინიშნეს სოციალური დახმარება, ამათ კი მომიხსნესო. ავშნის ქუჩაზე ჩასატარებელი იყო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. „ნაციონალების“ დროს ბევრი ირბინა ხალხმა და მცირე დოზით გააკეთებინეს რაღაც. ეგონათ, „ოცნების“ ხელისუფლება აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა ქუჩის რეაბილიტაციაში, ბოლოს, მოსახლეობას საკუთარი ხარჯებით მოუხდა გზის გაკეთება. ამბობენ, „ნაციონალების“ გაკეთებული არ მოგვწონდა და ამიტომ გადავირჩიეთ, ესენი კი საერთოდ არაფერს აკეთებენო. სწორედ ამ არაფრის ფონზე „ნაციონალების“ მცირედიც გამოჩნდა. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ხალხმა სამართლიანად დასაჯა და გაისტუმრა ხელისუფლებიდან „ნაცმოძრაობა“, „ოცნებისგან“ კი ასეთ საქციელს არ ელოდებოდნენ.

_ სააკაშვილის ფეისბუქპოსტებიდან ჩანს, რომ ის არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. მოხდება თუ არა ეს სინამდვილეში არ ვიცი, მაგრამ მას ამის სურვილი და მოლოდინი რომ აქვს, ფაქტია. ამაზე თქვენს ამომრჩეველს არაფერი უთქვამს?

_ მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალების“ გაკეთებულს ხალხი ახლა უკვე ხედავს და „ოცნების“ არგაკეთებულს ადარებს, სააკაშვილის ჩამოსვლა და „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება მაინც არ უნდათ. ეშინიათ „ნაციონალების“ დაბრუნების, რადგან ფიქრობენ, რომ ისინი რევანშით და ანგარიშსწორებით მოვლენ. საქართველოში სისხლის ნიაღვარი წამოვა. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, ამაში დამნაშავე იქნება „ოცნება“, რადგან პროცესები განვითარდება მისი დაშვებით და ხელშეწყობით. ისინი ასევე საუბრობენ კოჰაბიტაციის ცუდ შედეგებზე. დანაშაულად უთვლიან იმას, რომ 4 წლის განმავლობაში „ოცნებამ“ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალების“ დაბრუნებაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილიყო. პოლიტიკურმა ინტრიგებმა და პერიპეტიებმა ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკურად ძალიან გაზარდა. მათი მოტყუება ადვილი აღარ არის.

მე-19 ოლქში „ქართული ოცნებიდან“ დეპუტატობის კანდიდატი არის ამჟამინდელი გამგებელი _ ზაზა გაბუნია. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ერთ-ერთი ქალბატონი მომიყვა, რომ მთელი თვე იარა მასთან შესასვლელად და ვერ მიაღწია. ის 5 წელია, ქირით ცხოვრობს და მარტოხელაა. გამგებლისთვის უნდოდა ეთხოვა, რომ თავშესაფარში ერთი ოთახი მიეცათ. მას სოციალურად დაუცველის სტატუსი ბოლოს მოუხსნეს, თუმცა წინათ ჰქონდა. ამ ქალბატონმა დასიებული ფეხები მაჩვენა და მითხრა, თავდაპირველად წერილებს ვუგზავნიდი გაბუნიას, პასუხს რომ ვერ ვიღებდი, ამ მტკივანი ფეხებით მივდიოდი მასთან შესახვედრად, მაგრამ შეხვედრა ვერ შევძელი და თავი დავანებე, მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდაო. ამ უბანში ზაზა გაბუნიას კმაყოფილი ვერავინ ვნახე. მიკვირს, რატომ გადაწყვიტა, სწორედ აქ ეყარა კენჭი?

ზღვის უბანში ეზოები საშინლად მოუწყობელია. აღარაფერს ვამბობ სადარბაზოებსა და კორპუსებზე, რომლის სახურავებზეც მცენარეებია ამოსული. შენობებს არ აქვს „ჟოლოპები“ და ხალხს წვიმის წყალი სახლში უვარდება. ვერ მოხერხდა, რომ სახურავებზე წყალგამტარი მილები გაკეთებულიყო. ლიფტებში ჩაჯდომა სახიფათოა, რადგან მოძველებულია. უამრავი პრობლემაა, რომელიც ზაზა გაბუნიასა და მის სამსახურს უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ თუ რომელიმე კორპუსს გაუკეთა სახურავი, გონივრული ეჭვის საფუძველზე ვამბობ, რომ იქ  გაბუნიასთან და „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ადამიანები ცხოვრობდნენ. ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ამ ხელისუფლებისთვის არაფერს წარმოადგენენ და მათთვს ყველაფერი იწყება საკუთარი სანაცნობოდან. თუ გაბუნიას გამგებლობის პერიოდში არაფერი გაუკეთებია, როცა პარლამენტის წევრი გახდება, რას გააკეთებს?

_ „ოცნებისწარმომადგენლები და ბიძინა ივანიშვილი გვიმტკიცებენ, რომ 4 წლის განმავლობაში მათ 100-ზე მეტი ქარხანა ააშენეს. „ოცნებისმიერ იქ დასაქმებულ ერთ ადამიანს მაინც თუ შეხვედრიხართ კარდაკარის დროს?

_ ასეთ ადამიანს პირადად არ შევხვედრივარ, არც თბილისში და არც ოზურგეთში. ივანიშვილის ქაღალდებზეა ეს 100 ქარხანა, თორემ რეალურად არ არსებობს. 10 ქარხანაც რომ გაეხსნათ, მეტ-ნაკლებად, ვინმე დასაქმდებოდა და მოსახლეობაში #1 მოთხოვნილება დღესაც არ იქნებოდა სამსახურის შოვნა. იმ ხელისუფლებიდან ამ ხელისუფლებამდე არაფერი შეცვლილა. მაშინაც ხალხი სამუშაოს არქონას უჩიოდა ყველაზე მეტად და ახლაც იგივეს ჩივის.

გურამიშვილის გამზირზე დევნილების უბანია. დევნილები ასევე შესახლებულები არიან ე. წ. არაშენდას კორპუსში. წინა ხელისუფლებამ მათ ეს ფართები დაუკანონა, მაგრამ მას მერე იქ არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ გაზი შეიყვანეს. ფეხით მოვიარე ეს უზარმაზარი კორპუსი და გავოგნდი, რადგან სადარბაზოში საშინელი მტვერი და ბუღია, ელექტროენერგიის კაბელები გარეთ არის გამოტანილი და კუსტარულად შეერთებული. გაზის მილებიც არ არის უსაფრთხო… ეს უნდა გააკეთდეს მერიის თანადაფინანსებით, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გამო არავის შეუწუხებია თავი. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, კონკრეტულად კი მერიასა და დევნილთა სამინისტროს. იქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ მათი მდგომარეობა არც მოუკითხავს. ხალხი აღარ მიდის შეხვედრებზე.

_ კონკრეტულად, ვისთან შეხვედრაზე აღარ მიდის ხალხი?

_ ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც კენჭს იყრიან, ხალხს 6 საათის შემდეგ ხვდებიან, რადგან ამ დროს სამუშაო საათები დამთავრებულია და საჯარო სამსახურებიდან ხალხი წამოსულია. მათ შეუძლიათ, ამ შეხვედრებზე მივიდნენ და მხოლოდ ისინი ესწრებიან. რიგითი ამომრჩეველი მათ არ ხვდება. ისინი ამბობენ, რომ ამ ადამიანებთან შეხვედრებს, თუნდაც მათთვის პასუხის მოთხოვნას, აზრი არ აქვს, რადგან 4 წელი უკვე გასულია და მას უკან ვერავინ დააბრუნებს. ასევე არსებობს შიშის ფაქტორიც, რომ კონფლიქტი მოუხდეთ სახელისუფლებო კანდიდატთან და ეს ცუდად შემოუბრუნდეთ.

_ თითქმის ყოველთვის ვამბობთ ხოლმე, რომ საქართველოში პოლიციური არჩევნები ტარდება. პოლიციის გავლენა წინასაარჩევნო პერიოდს ხომ არ ეტყობა?

_ ყოველდღე მოსახლეობასთან ვარ და ნამდვილად არ შემიმჩნევია, ვინმე მითვალთვალებდეს, თუმცა ხალხს მაინც უჭირს ხმამაღლა საკუთარი განწყობის დაფიქსირება ოპოზიციური პარტიის მიმართ. ის, რომ მე მიჭერენ მხარს, ამას ჩურჩულით ამბობენ: თუ გინდათ, დაწერეთ ჩემი სახელი და გვარი, რომ ნამდვილად თქვენი ამომრჩეველი ვარ, მაგრამ ეს არავის აჩვენოო.

_ ამბობენ, რომ არჩევნები არჩევნებამდე ყალბდება და გაყალბების ნიშნებიც არ შეგიმჩნევიათ?

_ ხალხი ამბობს, ჩვენ კი არ ვაძლევთ ხმას, მაგრამ ესენი მაინც გააყალბებენ და დარჩებიან ხელისუფლებაშიო. ეს იქიდან მოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაზუსტებით აცხადებს, 95 დეპუტატი უნდა გავიყვანოო. ხალხმა იცის, რომ „ოცნება“ პოლიტიკურად გაკოტრებულია, მაგრამ ეს ადამიანი მაინც იმედიანად და რიხიანად საუბრობს. თუ არა გაყალბება, სხვანაირად როგორ თვლის წინასწარ ამ ხმებს? მაგრამ ეს თუ მოხდა და „ოცნება“ გაყალბების გზით წავიდა, აუცილებლად მიიღებს რევოლუციას და ამასაც ხალხი ლაპარაკობს. 8 ოქტომბრამდე ძალიან ცოტა დრო რჩება და ყველა ერთად დავინახავთ, რაც მოხდება.

 

                                                                                                       ნელი ვარდიაშვილი