რა ძალა აქვს ,,პატარძეულის” კვერცხებს არჩევნებში?!

z

 

რადგან სიმართლეს ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ცოტა დამცველი, ამიტომ ჩვენც, როგორც ჭეშმარიტების დამცველები, სიმართლეს მოვყვებით. მაგრამ რადგან სიმართლეს ხმამაღლა ცოტა ამბობს და ჩუმად კი _ ბევრი, ჩვენც ჩუმად გავიგეთ და ხმამაღლა ვიტყვით…

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ძალიან ცოტა ბიზნესმენი თუ არსებობდა, ვისაც კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული და მხართეძოზე წამოწოლილი მართავდა თავის ბიზნესს, მოგებული ზოგი სახლში მიჰქონდა, ზოგი კი _ მიშას ხაზინაში…

საგარეჯო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტია კახეთში, სამრეწველო დარგი აქ მუდამ განვითარებული იყო, ბოლო 15 წლის მანძილზე კი მეფრინველეობის პატარძეულის ფაბრიკა არასდროს მოყოლილა არც „ნაციონალური მოძრაობის“ წნეხის ქვეშ და არც _ „ოცნების“… არიან ადამიანები, რომელთაც ლავირება შეუძლიათ. მათზე კახელები ამბობენ, ყველასა და ყველაფერს ერგებიანო და, აი, ასე იყო ერთი კაცის ისტორიაც:

ოთარ მუჩიაშვილმა ღიად, საჯაროდ „ნაციონალურ მოძრაობას“, ჯამურად, 50.000 ლარი შესწირა, ხოლო მაშინ, ვინც ღიად 50.000-ს საჯაროდ იხდიდა, ქეშად ოთხჯერ მეტს ვიღაცის ჯიბეში დებდა…

2012 წლის მერე, რაც ხელისუფლებამ ფერისცვალება განიცადა, საგარეჯოშიც ამინდი შეიცვალა… საგარეჯო ერთ-ერთი ბეღელია ქვეყნისა და ამიტომ მას კარგი პატრონი სჭირდებოდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს შუალედური არჩევნები უსწრებდა წინ. გვინდა თუ არ გვინდა, ინაშვილი იქ ფიქტიური გამარჯვებული აღმოჩნდა. არაოფიციალურად მოგებული არჩევნების შემდეგ, სულ რაღაც, ერთ წელიწადში მეორე არჩევნები იგეგმებოდა. შესაბამისად, საგარეჯოში ვიღაცებს გონივრული ეჭვი გაუჩნდათ, რომ მოსახლეობა ინაშვილს უპირატესობით დაუჭერდა მხარს. თუმცა სანამ ძირითად თემაზე გადავიდოდეთ, უნდა განვმარტოთ: თუ საგარეჯოში 2015 წელს შუალედურ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კანდიდატს დააყენებდა, ინაშვილი უპირობოდ გავიდოდა, რადგან იდეოლოგიურად „ნაციონალებისა“ და „რესპუბლიკელების“ ამომრჩეველი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თამარ ხიდაშელის გასვლის შანსი შემცირდებოდა და ირმა ინაშვილი არათუ ფიქტიური, არამედ ფაქტობრივი გამარჯვებული გახდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები „ნაციონალების“ გარეშე ჩატარდა, მაინც ორმა მინისტრმა ჩაატარა, ჯამში კი ორი მინისტრის მიღებული საარჩევნო დასკვნა მაინც ძნელად რეგლამენტირებული აღმოჩნდა…

ახლა კი დავუბრუნდეთ მთავარს…

ბატონმა პრემიერმა თელავში კანდიდატთა წარდგენის დროს ბრძანა: „ბატონი რომანი ფინანსისტია საკუთარი პროფესიით მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით. საგარეჯოსა და საგარეჯოელებს დიდი გულშემატკივარი და ინტერესების დამცველი გეყოლებათ კანონშემოქმედებით ორგანოში“.

რომან მუჩიაშვილი დაიბადა 1974 წლის 13 მაისს საგარეჯოში; 1980-1991 წლებში სწავლობდა სოფელ პატარძეულის საშუალო სკოლაში; 1996 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი; 1996-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა დროს იყო მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფინანსური პროგნოზირების დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი (1996-2000 წწ.); საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კონსულტანტი (2001 წ.);  ინფორმატიკის სამსახურის კომპიუტერული და ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტი (2003 წ.); საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ქსელების ადმინისტრირებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტი (2004-2007 წწ.); 2007-2016 წლებში შპს „პატარძეულის“ ფინანსური დირექტორია.

მუჩიაშვილის ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ მას 2012 წლამდე დიდი დეპრესია არ ჰქონია, შესაბამისად, არც წინა ხელისუფლებისგან განიცდიდა შევიწროებას. სხვადასხვა წელს სწორედ ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა; 2007 წლიდან კი, როცა მიხელ სააკაშვილის რეჟიმმა ბიზნესმენების შევიწროება აქტიურად დაიწყო, მამაც და შვილიც პატარძეულის მეფრინველეობის ფაბრიკას მართავენ და ყველაფერი კი ისე მიდის, რომ მათზე არც ფინანსთა სამინისტრო ინტერესდება, არც _ პროკურატურა…

 მადა ჭამაში მოდის

ჩემი მეგობარი პატარძეულიდან:

_ 2012 წლის მერე მუჩიაშვილებს არ გასჭირვებიათ ახალ ხელისუფლებასთან საერთო ენის გამონახვა, ისინი ჩვეულებრივ აგრძელებდნენ იმას, რასაც წინა წლებში ახორციელებდნენ. მეფრინველეობაში თანამშრომელებს დესპოტური შრომა აქვთ, ხელფასი კი იმაზე ნაკლები, ვიდრე ისინი იმსახურებენ. რამდენჯერმე გაჩნდა თანამშრომელთა მხრიდან უკმაყოფილება, მაგრამ ოთარი უხეშად პასუხობს, _ არ მოგწონთ? _ წადით! ადრე რაღაც პროფკავშირი მაინც არსებობდა, ახლა არაფერი აღარ არის და მიზერულ ხელფასზე, დირექტორის ყვირილსა და  დამქანცველ შრომაზე საუბარი უკვე ზედმეტია.

ეს ხელისუფლება შეიცვალა თუ არა, მანამდე რომ ქარხნის დირექტორს ერთი კვერცხი არ გაუცია თავისი თანამშრომლებისთვისაც კი უფასოდ, მიქანდა სააღდგომოდ გამგეობაში და მისთვის ჩვეული უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო: 300 ქათამი და 4000 კვერცხი აჩუქა მუნიციპალიტეტს სააღდგომოდ.

მაშინ, როცა კვერცხის მწარმოებელი კომპანიები მოსალოდნელ გაკოტრებაზე საუბრობენ, ამან „კეთილი ნება“ გამოიჩინა და ქველმოქმედება დაიწყო. ოღონდ არა დამოუკიდებლად, არამედ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სააღდგომო ნობათი მუნიციპალიტეტში არსებული სათნოების სახლის ბენეფიციარებსა და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებულ პირებს სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა დაურიგეს. პაკეტში სააღდგომო პასკა, ქათამი და კვერცხი იდო. მუნიციპალიტეტის გამგეობამ პასკა თავად შეიძინა, ქათამი და კვერცხი შპს „პატარძეულმა“ უსასყიდლოდ გაიღო.

პირველად მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ მუჩიაშვილი სასწრაფოდ პატრონს ეძებდა, მიშასთან და სააკაშვილების ოჯახთან მეგობრობა ახლა აღარ გამოდგებოდა.

_ რატომ სჭირდებოდა მფარველობა?

_ ამდენი წლის მანძილზე ვინმე შემოსულა და უნახავს, რამდენ შემოსავალს უმალავს ეს ქარხანა სახელმწიფოს? თავისი შვილი რატომ ჰყავდა ფინანსურ დირექტორად? იმიტომ, რომ სხვას არ ჩაეხედა, იქ რა ხდებოდა, ამბის გარეთ გატანა არ უნდოდა.

_ მერე?

_ დაალაგა ურთიერთობა ხიდაშელის მოყვანილ „სასტავთანაც“ და ხელისუფლებასთან, მაგრამ შარშან არჩევნებზე უკვე მიხვდა, რომ საგარეჯოში ამინდი იცვლებოდა, ინაშვილთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებოდა და მთელი ერთი წელი ყველაფერს ეცადა ოჯახი, რომ მათი შვილი დეპუტატად დაეყენებინა „ოცნებას“. თუ რომანი გაიმარჯვებს, მაშინ მეფრინველეობის ფაბრიკას უკვე აღარ ექნება პრობლემა, ძველებურად გააგრძელებს შემოსავლების დამალვას, ხოლო პარლამენტიდან ლობირებას ოჯახის წევრი გაუწევს.

_ მაგრამ თუ ინაშვილმა გაიმარჯვა?

_ მაშინ ცუდად იქნება საქმე, იმ მაქინაციებს ვეღარ გაექცევიან, რაც ამ ფაბრიკაში ხდება. ამიტომ, ახლა ამათთვის, როგორც ომში, ისე ყველა მეთოდი მიღებულია. პრაქტიკულად, მათ ომი აქვთ გამოცხადებული და ეს ომიც სახეზეა.

_ ვინ არის ხელისუფლებაში მათი ლობი, ანუ ვინკრიშავს“?

_ მაგდენი უკვე არ ვიცი…

 

P. S ე. ი. კახეთში ყველგან არჩევნებია, საგარეჯოში კი _ ომი, ხოლო ომში ყველა მეთოდი მიღებულია: ბანერების გაქრობაც, პლაკატების ჩამოხევაც, ბილბორდების დახევაც, ფულის გადახდაც, დამალული შემოსავლების ახლა უკვე დახარჯვაც, ჩხუბიც, ცემაც და კიდევ მრავალი…

 

                                                                                                                  მაკა მოსიაშვილი