ლაგოდეხის საარჩევნო ხრიდოლი

pa

 

ხრიდოლი ძველი ქართული სიტყვაა: იგი, როგორც საბრძოლო ხელოვნება, ძველ საქართველოში არსებობდა. ხრიდოლი იყო შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი დაჩაგრულ მდგომარეობაში იყენებდა თავს და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს. ხრიდოლში გამომწვევი დამარცხების შემთხვევაშიც კი არ არღვევდა ხრიდოლის წესებს და დაპირისპირების დასრულებამდე ცალხელგაკრული ერკინებოდა მოწინააღმდეგეს. ხრიდოლი ერთგვარი ოსტატობის გამოვლინება იყო. ერთი ვერსიით, ცალი ხელით მებრძოლი საქართველოს განასახიერებდა, რომელსაც მუდამ თავის უპირატეს მტერთან უწევდა ბრძოლა.

იმ ერთმანდატიან ოლქში, რომელიც ლაგოდეხსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ნაწილს აერთიანებს, „ქართულმა ოცნებამ“ გურამ მაჭარაშვილი დაასახელა, რომელიც შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე იყო; იგი 2001-2014 წლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“ მუშაობდა იურისტად.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმავე ოლქში ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი გურამ კაკალაშვილი დაასახელა თავისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად.

ვახტანგ მჭედლიძე თავისუფალი დემოკრატებიდან იყრის კენჭს, რომელიც თბილისის საკრებულოს წევრი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“ მანამდე, სანამ 2011 წლის დასაწყისში პარტიას დატოვებდა და რომელიც წელს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გახდა.

ისაკო ცქიფურიშვილი ბურჯანაძის პარტიიდან იყრის კენჭს. მან რამდენჯერმე სცადა საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა მისი მცდელობა ყოველთვის წარუმატებლად სრულდებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ამომრჩეველი ნაკლები რაოდენობით ჰყავდა.

ფინალში ლაგოდეხში 13 მაჟორიტარი კანდიდატია. ვინ ჩაიგდებს ხელში დეპუტატის მანდატს, ეს 8 ოქტომბერს გადაწყდება.

„ოცნების“ კანდიდატის ცნობადობა რაიონში ძალიან დაბალია. ადამიანს, რომელსაც ლაგოდეხთან თითქმის მხოლოდ გვარი და წარმომავლობა აკავშირებს, რთულად თუ ეცოდინება ლაგოდეხი, ყვარლის მნიშვნელოვანი პრობლემები. მიუხედავად ამისა, მის სასარგებლოდ ჩართულია სრული ადმინისტრაციული რესურსი. მაჭარაშვილის შტაბს ლაგოდეხის ქალაქის წამომადგენელი, ბესო პაპავა კურირებს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც მისი უშუალო ვალდებულებაა. ბაღის თანამშრომელთა მობილიზებას კი, როგორც ამბობენ, გამგებლის, კარლო ჯამბურიას მეუღლე აწარმოებს, რადგან ბაგა-ბაღების გაერთიანებაში ის თავად მუშაობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გურამ კაკალაშვილი თავიდან 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, გამგებლის მოადგილედ დაინიშნა, მოგვიანებით კი გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. კაკალაშვილი საქართველოს პარლამენტის ორგზის წევრია 2004-დან 2012 წლამდე პროპორციული სიით. 2003 წლის ნოემბერში ლაგოდეხში „მოქალაქეთა კავშირიდან“ ლაშა ნაცვლიშვილი მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, თუმცა ლაგოდეხელებს მაჟორიტარი დეპუტატი არც ერთხელ არ უნახავთ. ლაგოდეხში ამბობენ, რომ ნაცვლიშვილმა 2003-ში არჩევნები გააყალბა და ისე გახდა პარლამენტის წევრი, ეს გაყალბება კაკალაშვილმა არ აპატია და რაიონში მას თავისი ინტერესების გატარების უფლება არ მისცა.

ისაკო ცქიფურიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია დონ კიხოტის ქარის წისქვილებთან ომს ჰგავს. 2003 წლის შემდეგ ყოველთვის პოლიტიკური არენის წინა პლანზეა, თუმცა ფინალში მუდმივად წაგებულია. ცქიფურიშვილი ჯერ 2005-ში „ნაციონალური მოძრაობის“ წვერი იყო, შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ქომაგობდა 2012-ში. 2014 წლიდან ბურჯანაძის პარტიაშია.

 

ადმინისტრაციული რესურსი და სავარაუდო მეორე ტური

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა და ასევე სამსახურებრივად დაქვემდებარებული, ან სხვაგვარად დამოკიდებული პირების ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას, ან არჩევას.

ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად მიიჩნევა, თუ სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აგრეთვე ის ორგანიზაციები, რომლებშიც სახელმწიფოს წილი შეადგენს 50%-ს ან მეტს, რომელიმე პარტიას/ბლოკს საარჩევნო აგიტაციის მიზნით მისცემენ: კუთვნილი შენობების; საკომუნიკაციო საშუალებების; საინფორმაციო მომსახურების; სხვადასხვა ტექნიკის; სატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ ან შეღავათიანი პირობებით გამოყენების ნებას, ხოლო სხვა საარჩევნო სუბიექტებს უარს ეტყვიან, მათ შორის, თავიანთი უმოქმედობით, ანალოგიურ მომსახურებაზე.

თუმცა ეს კანონი რჩება მხოლოდ ფურცელზე, ლაგოდეხში სხვა კანონები ვრცელდება…

მაგალითად, ოლქის მიერ დანიშნული წევრები „ოცნების“ კანდიდატ  მაჭარაშვილის შეხვედრას დაესწრნენ… რაც კანონით აკრძალულია….

კალაძის საკურატორო ლაგოდეხი დღეს დიდ შარშია…

პრობლემა სხვა რამეა _

ლაგოდეხის პოლიტიკური ამინდი გვიჩვენებს, რომ მეორე ტური არა „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, არამედ ალასანიას კანდიდატ მჭედლიძესა და მიხეილ სააკაშვილის მეგობარ კაკალაშვილს შორის იქნება.

მაშ, ასე! _ საარჩევნო ხრიდოლი ომის ფაზაშია…

და როგორც ამბობენ, არაქართულენოვან სოფელ კაბალში კი გაყალბება „ცვეტშია“!

 

მაკა მოსიაშვილი