სკანდალი „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“

ma

 

სამი თვის წინათ წყალტუბოს მკვიდრმა, გულნარა მიქაბერიძემ, თბილისში, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში, ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციით პაციენტი კმაყოფილი დარჩა, თუმცა როგორც თავად ამბობს, სწორედ ხსენებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ დაინვალიდდა.

 

გულნარა მიქაბერიძე:

_ პირველ რიგში, იმიტომ წამოვედი თბილისში და იმიტომ გავიკეთე ოპერაცია საკმაოდ ძვირადღირებულ სტაციონარში, რომ მომსახურებაც მინდოდა მაღალი დონის. როდესაც ოპერაციამდე 7-8 ფურცელს მოვაწერე ხელი, ნამდვილად არ ველოდი, რომ ასეთი კლინიკა დაუცველი აღმოჩნდებოდა ჩემთვის. ოპერაცია რომ არ გამრთულებოდა, სახლში ჩამოსული ვიტყოდი, რომ ძალიან კარგ სამედიცინო დაწესებულებაში მოვხვდი. მაგრამ, სწორედ, პაციენტზე, ანუ ჩემზე განვითარებულმა გართულებამ გამოაჩინა ის სისუსტეები და უსუსური სიტუაცია, რაც ხსენებულ სტაციონარში არსებობს. ოპერაციის შემდეგ გარედან ჩარევაც დამჭირდა, რომ სანაცნობოს დაერეკა, არიქა, მიხედეთ, უპატრონოდ ნუ დატოვებთო. საავადმყოფოდან გამოვედი თრომბით, ფეხდასიებული და გართულებული. პრინციპში, ინვალიდი ვარ. ახლა, იმედია, მივხედავ ჩემს თავს, ვიმკურნალებ და ყველანაირად ვეცდები, რომ არ დავიღუპო და ვიცოცხლო.

_ ქალბატონო გულნარა, თავიდან მოგვიყევით ყველაფერი. რა ოპერაცია გაიკეთეთ მარდალეიშვილის კლინიკაში და რა მიზეზით გაგირთულდათ?

_ მე გავიკეთე გინეკოლოგიური ოპერაცია, ამომაჭრეს მიომური წარმონაქმნი. ეჭვი არსებობდა მის ავთვისებიანობაზე, ამიტომ მინდოდა, ოპერაცია კარგ ონკოლოგს გაეკეთებინა. ოპერაცია ირაკლი ცინცაძემ გამიკეთა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემგან დიდი მადლობა მას.

_ ანუ ოპერაციით კმაყოფილი ხართ?

_ დიახ, ძალიან.

_ აბა, პრეტენზიები ვისზე გაქვთ?

_ არანაირი თრომბი არასოდეს მქონია. მძიმეწონიანთა კატეგორიას განვეკუთვნები, მაგრამ გაწკრიალებული რაც მქონდა, ეს არის სისხლძარღვები. ოპერაციის შემდეგ პალატაში დილის 6 საათზე გადამიყვანეს და საღამოს 9 საათზე თრომბი დამემართა. ფეხში უცებ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს მარცხენა ფეხი აღარ მქონდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ქვედა კიდურის თრომბოზი განმივითარდა და ისეთი რთული ფორმით, რომ ამდენი ხანი ვმკურნალობ და სისხლის ნაკადი არც ერთ სისხლძარღვში არ აღინიშნება მაინც.

_ რამ გამოიწვია თრომბი?

_ იმან, რომ საავადმყოფოში სისხლდენით შევედი და ოპერაციის წინ სისხლდენის საწინააღმდეგო ნემსი გამიკეთეს. თვითონ ექიმმაც მითხრა, რომ ეს პატარ-პატარა თრომბების ჩაწყობას იწვევს და კი არ მინდა, რომ გაგიკეთოო. საავადმყოფოდან ასეთი დათრომბილი გამომწერეს, ორი ფეხის სიმსხო ქვედა კიდურით, ეტლით ჩამომიყვანეს.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ოპერაციის შემდეგ მედპერსონალმა არ მოგხედათ. რას გულისხმობდით?

_ ყველაზე ამაზრზენი, რაც ვერ მოვინელე, როგორც ქალმა და ადამიანმა, კლინიკაში არის შემდეგი სახის მედპერსონალი: წარმოიდგინეთ, ვწევარ და არაერთხელ მოვისმინე, რომ ჩემი ფასი მედპერსონალისთვის არის   75 თეთრი. ანუ ერთ პაციენტში, საშუალოდ, მედპერსონალს კლინიკა უხდის 75 თეთრს _ არ ვიცი თვეში, თუ დღეში. ეს რომ მოვისმინე, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ვიკითხე, _ როდის გაიაფდა ხორცი თბილისში, 120-კილოიანი ქალი რატომ ვღირვარ 75 თეთრი-მეთქი? ვეცადე და, ზოგადად, ყველა პაციენტი ცდილობდა, რომ ჩვენი ფასი 10 ლარი მაინც გამხდარიყო. არადა, მე დიდ თანხას ვიხდი კლინიკაში და რა ვალდებული ვარ, რომ ყოველ შეხებაზე 10 ლარი ვიხადო? თანაც, ოთხი დღე ასეთი დონის კლინიკაში ვიწვე ხელდაუბანელი, დაუსუფთავებელი. ქალი ვიყავი აყროლებული. მე ხომ არ შემეძლო მოძრაობა!

_ ყველას მიმართ ასეთი დამოკიდებულბა იყო?

_ დამოკიდებულება ყველას მიმართ ერთნაირი იყო _ თბილისელის, პერიფერიიდან ჩამოსულის, იქ ერთი ავსტრალიელი პაციენტიც იწვა.

ექთნებზე ნიღაბი აფარებული სახეზე და 75 თეთრი. ხმა რომ ამოგეღო, რომ მოიხსნიდნენ ამ ნიღაბს, უნდა გენახათ, რა გამხეცებული გიყურებდა ყველა, ეს პატარა გოგონები, რომელთა პროფესიონალიზმი მკლავებზე მაქვს _ ვენები არ მივარგა მაგათ გამო. ასეთი დონის კლინიკაში ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ყოველივე ეს შეურაცხყოფად მივიღე და თუ მეტს ვერაფერს გავაკეთებ, თუ იურიდიული ძალა არ გააჩნია ჩემს სიტყვებს, ჩემი ჯანმრთელობა არ მომცემს საშუალებას, რომ სარჩელი შევიტანო კლინიკის წინააღმდეგ, მინდა, სხვები მაინც გავაფრთხილო. თუ მე არა, სხვა მაინც დავიცვა იმ ამაზრზენი დამოკიდებულებისგან, რაც მარდალეიშვილის კლინიკაში ხდება და რომელსაც ყოველ წუთს ვგრძნობდი.

_ გართულების შემდეგ რა მოხდა?

_ ოპერაციის წინ ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი და მეგონა, რომ ჩემი სიცოცხლე დაცული იქნებოდა. ვიცოდი, რომ მაღალი დონის კლინიკაში ვიწექი. აღმოჩნდა, ოპერაციის შემდეგ დამემართა თრომბი. კი ბატონო, რეანიმატოლოგი მოდიოდა და მკითხულობდა, მაგრამ გაირკვა, რომ საავადმყოფოს არც დოპლერი აქვს, არც ანგიოლოგი ჰყავს, რომ მოვიდეს და გამსინჯოს, ვერ გამიკეთეს სისხლის ანალიზი და ასე ვიწექი მთელი შაბათი, სანამ კვირა არ გათენდა. ყველანაირად, საკუთარი ძალებით ვცდილობდი, რომ პატრონი გამჩენოდა, რომ ამ თრომბისგან არ დავღუპულიყავი. ნებისმიერი ოპერაცია შეიძლება გართულდეს თრომბით, მაგრამ წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია და წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, მე როგორც ვიცი, გამორიცხავს თრომბს. დავუშვათ, გამონაკლისი შემთხვევა ვარ. როგორ შეიძლება, რომ მთელი ღამე სპეციალისტის გარეშე იყო, ანალიზის გარეშე?! ირაკლი ცინცაძე მოვიდა და მთელი ღამე ჩემთან გაატარა, მადლობის მეტი რა მეთქმის. კვირას მოიტანეს აპარატი, გადამიღეს, რაღაც ღონისძიებებს მიმართეს, მაგრამ როდესაც 7-8 ფურცელს მოვაწერე ხელი, იქ არსად ეწერა, რომ გართულების შემთხვევაში სპეციალისტი არ ეყოლებოდათ, აპარატურა არ იქნებოდა. არ მოველოდი, რომ ასეთი მაღალი დონის კლინიკა ასეთი დაუცველი იქნებოდა პაციენტისთვის.

 

„ქრონიკა+“ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ მთავარ ექიმს, დავით ღვინიაშვილს დაუკავშირდა. როგორც ბატონმა დავითმა გვითხრა, იგი ამ საქმის თითოეულ დეტალს შეისწავლიდა და ამომწურავად გაგვცემდა პასუხს:

_ თქვენ ახლა ისეთ აბსურდს მეუბნებით, რომ მიჭირს დაჯერება. გულნარა მიქაბერიძე ჩვენგან ძალიან კმაყოფილი წავიდა, თავისი ფეხით. კლინიკაში სასტიკად აკრძალულია პაციენტისგან არაოფიციალურად ფულის აღება, ეს 10 ლარი და 75 თეთრი პირველად მესმის. დოპლერის სამი აპარატი გვაქვს და ჩვენი პაციენტები არასოდეს უყურადღებოდ არ არიან. ამ საკითხს დეტალურად გამოვიძიებ და სრულყოფილ პასუხს მხოლოდ ამის შემდეგ მოგახსენებთ.

 

 

                                                                                               თამარ როსტიაშვილი