სოსო ცინცაძე: „ქართველმა ბიზნესმენებმა თავისი სხეულიდან მონა ვერ გამოდევნეს!“

ss2

მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესისთვის რა ნიშნები არის დამახასიათებელი? მეორე უკიდურესობაში გადავარდნა „ქართულ ოცნებას“ რა შედეგებს მოუტანს? რამ გამოიწვია, რომ ამ არჩევნებზე პარტიებმა საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები, მეტ-ნაკლებად, გამოკვეთეს? რამდენად დამაჯერებლად ახერხებენ პარტიები მთავარი სათქმელის ამომრჩევლებამდე მიტანას? რისი მიღება სურს პოლიტიკურ საზოგადოებას ელიტისგან? რა უნდა გააკეთოს თავად ხალხმა „კარგი ცხოვრების“ მისაღწევად? რამდენად აუცილებელია ე. წ. მშვიდობის მემორანდუმთან შეერთება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა? როგორ პარლამენტს ვიხილავთ? რა ძალებს აქვს იქ მოხვედრის რეალური პერსპქტივა? იქნება თუ არა ეს საარჩევნო პროცესი პროგრესის მომტანი ქვეყნის განვითარების გზაზე?

 

„ქრონიკა+“ წინასაარჩევნო პროცესსა და პერსპექტივაზე პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება:

_ ბატონო სოსო, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესიდან რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოარჩევდით?

_ ერთ სიახლეს გამოვარჩევდი, რომ არც ერთ წინა არჩევნებში არათუ მთავარ, ერთ-ერთ პრიორიტეტად საგარეო-პოლიტიკური ვექტორი არ ყოფილა. პირველი კენჭისყრაა, როდესაც რამდენიმე ძალა გამოიკვეთა, რომელიც საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებაში სიმპათია-ანტიპათიებს აფიქსირებს: რუსეთთან ე. წ. ურთიერთობის ნორმალიზაციით დაწყებული (მისი სამხედრო ბაზების მომხრეებიც კი გვხვდებიან) და პირდაპირ აშშ-ს ჯარის შემოყვანის მხარდამჭერებიც არიან. ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიაში, ვთქვათ, პარტიის საარჩევნო პროგრამაში, საჯარო განცხადებებში ეს ნათლად არ ასახულა. „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების დაპირება ჰქონდა, ოღონდ ეს ლოზუნგი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

შემდეგი ის არის, რომ აგერ უკვე ორი კვირა დარჩა და წინასაარჩევნო კამპანია ძალზე მშვიდად, მდორედ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მიმდინარეობს, თუ რამდენიმე ხულიგნურ ექსცესს არ ჩავთვლით. ეს წმინდა ხულიგნური გამოვლინებებია და მხოლოდ ის არის დასანანი, რომ კანონის მთელი სიმკაცრით არ აღიკვეთა. ის, რომ გამოძიება დაიწყო, ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის, არაფერს ნიშნავს, რადგან ტერმინი „მიმდინარეობს გამოძიება“ უკვე წლები გვესმის, _ იწყება და უსასრულო პროცესი გრძელდება. ისევე, როგორც ნატოში შესვლის პროცესი დაიწყო და კარზე კაკუნი უსასრულოდ გრძელდება.  კიდევ იმას, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო დაპირებებში ძალიან ფრთხილია _ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდა. 2012 წლის არჩევნებში ყველაფერს ჰპირდებოდა ხალხს, წინასწარვე შეუსრულებელს და ახლა საერთოდ არაფერს ჰპირდება. გარდა ზოგადი ცნებებისა, როგორიცაა კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება და ყველასთვის კარგი ცხოვრება.

_ მეორე უკიდურესობაში გადავარდნაქართულ ოცნებასარჩევნებზე რა შედეგებს მოუტანს?

_ შედეგი წინასწარვე გარკვეულია, რადგან, პრაქტიკულად, ქართველ ამომრჩევლებს ალტერნატივა არ გააჩნიათ. ძალზე არათანასწორუფლებიანი სასტარტო გარემო იყო შექმნილი. იმით დაიწყო, რომ რაღაც სატელევიზიო დაფინანსება ჩამოაჭრეს, მერე სხვა პრობლემებიც დაერთო და, ამის შედეგად, წინასაარჩევნო პროცესი არათანაბარი რესურსებით მიმდინარეობს. ეს მახინჯი ფორმაა და ძალიან ცუდ დასკვნებზე მიგვანიშნებს, როდესაც, ვთქვათ, მმართველ პარტიას  მილიონობით შემომწირველი ჰყავს და სხვა პარტიები რაღაც ათასებს თუ ითვლიან. დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება. მაგალითად, აშშ-ში ტრამპისა და კლინტონის შემოწირულობები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ადრეც, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ვთქვათ, პრეზიდენტი, მეორე ვადით იყრიდა კენჭს (მაგალითად, ბუში), კონკურენტი დიდად არ ჩამორჩებოდა. ეს დემოკრატიაა, რადგან ოპოზიციას არ ეშინია. საერთოდ არ ეშინია ალტერნატიული კანდიდატის მომხრე ბიზნესმენს.

ვინ არიან მსოფლიოში ძირითადი სპონსორები? ისინი ბიზნესმენები არიან. მათ არ ეშინიათ, _ თუ ჩვენი ფავორიტი დამარცხდება, მერე კონკურენტი ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით დედას მიტირებსო. ჩვენთან ეს რეალობა რაზე მიგვანიშნებს? ის, ვინც „ოცნებას“ მილიონები შესწირა, ყველა იდეოლოგიურად მისი მომხრეა? არა, ასე სულაც არ არის. ასევე, ელემენტარულად, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ დღეს, ამ მხრივ, ქვეყანაში დიდი შიში არსებობს. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა თავისი სხეულიდან მონა ვერ გამოდევნეს. ისინი ბუნებით მონები არიან, ყველა მმართველ პარტიას ფეხქვეშ ეგებიან. კი, „ოცნებას“ თავისუფლება უწერია, მაგრამ დღეს ხალხი შინაგანად თავისუფალი არ არის. თუმცა ვიმეორებ: ჩემი დაკვირვებით, დღეს ბიზნესმენს არანაირი დიდი საფრთხე არ ემუქრება, ვთქვათ, „ოცნების“ ნაცვლად „პატრიოტთა ალიანსს“, ან ბურჯანაძეს რომ დაეხმაროს, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქ სპეციალურად არ ვახსენებ. მაგრამ ყველა ბიზნესმენში, დიდსა თუ პატარაში, მონა ზის შიგნით სხეულში და ეს უკვე საზოგადოების, დემოკრატიის ძალიან დაბალ დონეზე მეტყველებს.

_ ამ არჩევნებზე პარტიებმა საგარეოპოლიტიკური პრიორიტეტები მეტნაკლებად რომ გამოკვეთეს, ეს რით არის განპირობებული?

_ ტენდენცია მხოლოდ ნატოს მიმართ იმედგაცრუებით არის გამოწვეული. პროდასავლური კურსის დეფოლტია, ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. ხომ ხედავთ, რაღაც კუდმოკვეთილი, სასაცილო ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს და ვითომ უვიზო რეჟიმის პერსპექტივა, რომელიც ისევ სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გადაწიეს, არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის. ეს მაშინ, როდესაც ევროპის კარი მილიონობით ისლამისტისთვის ღიაა. იმედგაცრუებაა, რომ ნატოში შესვლის პერსპექტივები ნულს უახლოვდება. ახლა არ მიგვიღეს და ოდესღაც მიგვიღებენო, მაგრამ ამ საუბარში თაობები იცვლებიან. საქართველო, რეალურად, ცაიტნოტშია, მონტენეგრო არ არის, რომელსაც არსაიდან არავინ ემუქრება. მონტენეგროს შეეძლო, კიდევ ასი წელი დალოდებოდა, როდის მიიღებდნენ ნატოში. მისი საფრთხე ნულის ტოლი იყო, ხოლო საქართველო სულ ცივი ომის ზღვარზეა მეზობელ რუსეთთან.

_ რამდენად დამაჯერებლად ახერხებენ პარტიები მთავარი სათქმელის ამომრჩევლებამდე მიტანას?

_ მაინცდამაინც ვერ ახერხებენ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი აზრის ხალხამდე მიტანის მთავარ საშუალებად ტელევიზია იქცა, ამ მხრივაც რესურსი შეზღუდულია, რადგან სარეკლამო დროის საყიდლად ფანტასტიკური თანხებია საჭირო, თორემ უფასო სარეკლამო დრო მინიმალურია. რაღაც წამებია და ისიც ადრე ოთხ-ხუთ პარტიაზე იყო და ახლა, თუ არ ვცდები, თორმეტ პარტიაზე არის გადანაწილებული. პრაქტიკულად, დრო არ დარჩა რეკლამისთვის, ამიტომ ვისაც ბევრი ფული აქვს, ის მეტ დროს ყიდულობს რეკლამებისთვის და აქ უკვე, რასაკვირველია, უკეთეს პირობებშია.

_ ამ საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას რა სურს მიიღოს პოლიტიკური ელიტისგან?

_ საქართველოში საზოგადოება სრული დემოკრატიული დატვირთვით არ არსებობს. უკვე 26 წელია, ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხი ბრბოდ აქციოს. ყველა ხელისუფლებას მოსწონს, როდესაც ბრბო გამოდის და ხან ზვიადს, ხან ედუარდს, ხან მიშას, მერე კი ბიძინა-ბიძინას გაჰყვირის. ეს ხალხი არ არის, ეს ბრბოა. ხალხი დემოკრატიულ ქვეყნებში არსად გამოდის და არ ყვირის ბარაკ, ბარაკს! ან რუზველტზე და დეგოლზეც ასე არავინ გაჰკიოდა, _ შარლ, შარლ! ეს დემოკრატიული პრინციპი არ არის. ამიტომ რა სურს საზოგადოებას? ჩვენს ხალხს ერთი რამ სურს, _ კარგი ცხოვრება, მაგრამ როგორ, ეს თვითონც არ იცის. უბრალოდ, კარგი ცხოვრება უნდა, _ დიდი პენსიები, სამუშაო ადგილები, მშვიდი, ნორმალური ცხოვრება, უფასო სწავლა, ან ხელმისაწვდომი განათლება და ა.შ. მაგრამ მთავრობამ რომ ჰკითხოს, როგორ ეს ყველაფერიო, ვერ ეტყვის, რადგან თვითონაც არ იცის. უბრალოდ უნდა და მორჩა. აი, ხოში აქვს ასეთი, რომ კარგად იცხოვროს, მაგრამ ამისთვის თვითონ არაფრის გაკეთება არ უნდა.

_ რა უნდა გააკეთოს ხალხმა ამკარგი ცხოვრებისმისაღწევად?

_ პოლიტიკური უნდა კულტურა აიმაღლოს, განათლდეს. ხალხმა არავის იმის უფლება არ უნდა მისცეს, რომ ბრბოდ აქციოს. ამისთვის პარლამენტში არ უნდა გყავდნენ სპორტსმენები, ბუღალტრები (ბუღალტერი კიდევ კარგია, ფულს მაინც ითვლის), რეჟისორები, მსახიობები, ფეხბურთელები… უნდა გყავდეს სპეციალისტები, მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ადამიანები. თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალები. რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ერთი სპორტსმენი მაინც არის პარლამენტის წევრი, სადაც, ვთქვათ, ერთი ყოფილი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორია, სად არის? ის კი არა, ისეთი ინტელექტუალური პიროვნება, როგორიც მწერალია, არსადაა. თვითონაც არ მოუვა აზრად არასოდეს. როგორ გგონიათ, ბალზაკს ან ჰიუგოს ოდესმე აზრად მოუვიდოდა, რომ რომელიღაც წარმომადგენლობით ორგანოში ყოფილიყო? _ არასოდეს! ეს არის და ეს. ამიტომ საზოგადოების აღზრდა ცოტა სხვანაირად ხდება. როდესაც შენ განათლების მინისტრად ოთხი წლის მანძილზე ბუღალტერი გეყოლება და ყურადღებას არ აქცევ ამ სისტემას, მთლიანად როგორ ანგრევს, ხალხმა, საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს?

_ რამდენად აუცილებელია . . მშვიდობის მემორანდუმთან შეერთება, რომელიცქართულმა ოცნებამწარმოადგინა?

_ მემორანდუმი ჩვეულებრივი პიარაქციაა, მას ვინ უყურებს? ადრე მემორანდუმებიც იყო, ხატზე დაფიცებებიც და ა. შ. აგერ, საგურამოში, წიწამურზე იფიცებოდნენ, მთაწმინდაზე ადიოდნენ, წინა არჩევნებზე დაგავიწყდათ? პანთეონთან იფიცებოდნენ და ა. შ. დემოკრატიულ ქვეყნებში არანაირი მემორანდუმები არ იწერება, იქ თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ გაწერილია. იქ ასე არ ხდება, რომ ცესკო პარტიას არჩევნებიდან ხსნის და მას სასამართლო აღადგენს. ახლა მითხარით, როგორ უნდა ენდო ამ ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს, რომელმაც ისიც კი ვერ გაარკვია, თოფაძის პარტიამ ექვს საათამდე შეიტანა ის სიები, თუ ექვსის მერე? საათი არ ჰქონდათ იმ დალოცვილებს?

ათიათასდოლარიანი საათი უკეთია ზოგიერთს და საათს ნორმალურად ვერ დახედეს? ცესკო, რომელიც ზუსტად საათსაც კი ვერ აფიქსირებს, არჩევნები როგორ უნდა გააკონტროლოს, კანონიერი იყო თუ უკანონო?

_ როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ, რა ძალებს აქვს იქ მოხვედრის რეალური პერსპექტივა?

_ ისეთი გვეყოლება, როგორიც ყოველთვის გვყავდა, არც უკეთესი და არც უარესი, ჩვეულებრივი, ქართული საფირმო პარლამენტი გვეყოლება; სადაც 150 კაცში კანონშემოქმედებითი ადამიანი სამი-ოთხი შეიძლება იყოს. მაგალითად, გამსახურდიას დროს მხოლოდ ერთი იყო, _ ჯონი ხეცურიანი კანონების წერით მოკვდა. ჯონი წერდა, თუმცა ის მაშინ პარლამენტის წევრი არ ყოფილა. შემდეგ, შევარდნაძის დროს, ყველაზე მეტი ინტელექტუალი იყო იმ პირველ სამწლიან პარლამენტში: რომან მიმინოშვილი, თენგიზ ბუაჩიძე ნამდვილი ინტელექტუალები იყვნენ. შემდეგ მიშას დროს კანონებს თავისუფლების ინსტიტუტი წერდა. ახლა არ ვიცი, ვინ წერს. ამ ოთხი წლის განმავლობაში ამას ვინ აკეთებდა, ვერ გეტყვით. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იყო, მაგრამ მას იქ კანონს არავინ დააწერინებდა. კანონები რეალურად სადღაც სხვაგან იწერებოდა. ახლაც, ალბათ, ასეთივე სიტუაცია იქნება. აგერ საარჩევნო სიებს გადახედეთ და ნახავთ, იქ რამდენი ადამიანია, რომელსაც შეიძლება კანონის დაწერა მივანდოთ, რომლითაც მილიონობით ადამიანმა უნდა იცხოვროს.

_ მომავალი კოალიციური მთავრობა როგორ წარმოგიდგენიათ?

_ არავითარი კოალიცია არ იქნება. კოალიცია კი არა, „ქართული ოცნების“ ახლანდელი მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობაა. რომელ კოალიციაზე ვსაუბრობთ? ეს გამორიცხულია. ამასთან, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის იმ დონის პოლიტიკური კულტურა, რომ კოალიციური მთავრობა შედგეს. თავის დროზე, რუზველტმა, რომელიც გავლენით ლამის იმპერატორად იყო აღიარებული, მთავრობაში მინისტრებად რესპუბლიკელები მიიწვია, რადგან ორპარტიული სისტემა, ორპარტიული კოალიციური მთავრობა, ყოველთვის უფრო მდგრადია; როდესაც გენერალურ ხაზში, მიზანში ერთობაა და კამათი მხოლოდ ამ ერთობის რეალიზაციის მექანიზმზეა.

აქ სათავეში ოპოზიცია რომც მოვიდეს, არავის, არც ერთს ხელისუფლებას არ გაუყოფს. არც მმართველი პარტია არავის გადაუნაწილებს ხელისუფლებას. ასეთი პოლიტიკური და პრაგმატული დიდსულოვნება (მე არ ვგულისხმობ რელიგიურ დიდსულოვნებას) საქართველოსთვის დღეს უცხო ხილია. რასაც არჩევნებში მიიღებენ, ერთ ნამცეცსაც არავის დაუთმობენ. ამიტომაც ასეთი ხელჩართული ბრძოლაა ყველა არჩევნების წინ, აგერ უკვე კამპანია ფინიშის სწორზე გავიდა.

_ იქნება თუ არა ეს საარჩევნო პროცესი გარკვეული პროგრესის მომტანი ქვეყნის განვითარების გზაზე?

_ გააჩნია, რომელ განვითარებას გულისხმობთ. თუ დიალექტიკის პრინციპებით ვიმსჯელებთ (ხელისუფლებისგან, პარტიებისგან დამოუკიდებლად), ყოველ არჩევნებში ისეთი საზოგადოებაც კი, რომელიც ზოგადი განათლებით ძალიან დაბალ დონეზეა (როგორიც დღეს ქართული საზოგადოებაა), რაღაცას სწავლობს. ამიტომ რაღაც მცირე, მინიმალური პროგრესი უკვე თავისთავად იქნება და ამას ობიექტური მიზეზები აქვს. მაგრამ ეს არავის დამსახურება არ იქნება და ნურავინ ამას საკუთარ აქტივში ნუ ჩაითვლის, ნურც ოპოზიცია და ნურც მმართველი პარტია. ეს პროცესი უკვე ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. ისევე, როგორც წინა კაცი უკანასთვის ხიდია. ყოველი ახალი არჩევნები თანდათანობით, ნელ-ნელა, თვით ორწიგნწაუკითხავ ქსენია დიასახლისსაც რაღაც დასკვნებისკენ უბიძგებს.

 

                                                                                გელა მამულაშვილი