გირგვლიანმა „ნაცრეჟიმი“ დაასრულა, კიწმარიშვილის საქმე კი ტესტია „ოცნებისთვის!“

news_19351

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი ვალერ გელბახიანი, რომელიც სამართალდამცავებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ხელისუფლებას კი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს ახსენებს:

„მე ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ნაადრევი და ძალიან არასერიოზულია. ეს არ იყო რიგითი მოვლენა და ასე უდიერად, ზერელედ არ უნდა მოპყრობოდნენ. ვინც იცნობდა ეროსი კიწმარიშვილს, შეუძლებელია მან დაიჯეროს, რომ გადაწყვიტა თვითმკვლელობა. სახლიდან გამოსულიყო და გაურკვეველ ვითარებაში, სადარბაზოში მოეკლა თავი. მე არ ვიცი, რა მოტივიცია შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ მისი ბოლო განცხადება არავის მოსწონებია, როდესაც მან „ნაციონალების“ მერობის კანდიდატისადმი მხარდაჭერა დააფიქსირა. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად ჩემთვის მისაღები არ იყო, რის გამოც არ გავაკეთე საპირისპირო განცხადება, შესაძლოა, ვინმემ ჩათვალოს, რომ ეს დაკავშირებული იყო მის სამომავლო გეგმებთან. თუმცა, მე გარკვეული მქონდა მასთან, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკური გეგმები გვქონდა და ამ მხრივ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი გამორიცხული იყო. მაგრამ თავად დააფიქსირა და ეს ცოტა არ იყოს, ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო და ბევრი ადამიანისთვის. მე ვერ ვიტყვი მოტივაციას, რა მოტივაციითაც არის განხორციელებული ეს მკვლელობა, რადგან გამოძიების საგანია. თავის დროზე, გახსოვთ, ალბათ, გირგვლიანის საქმე თუ რა შეფასებები მოჰყვა მის მკვლელობას, როგორი განგაში იყო საზოგადოებისთვის და, სხვათა შორის, იმ მკვლელობამ ბოლო მოუღო „ნაციონალების,“ ასე ვთქვათ, უალტერნიტავო რეჟიმს. ასე, მგონია, რომ ვერ გაიხსნას ეს საქმე, შესაძლებელია განვითარება მივიღოთ ზუსტად ისეთი, რაც მოხდა თავის დროზე, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის მკვლელობის გამო. ამ შემთხვევაში კი, პოლიტიკურ ფიგურასთან არის დაკავშირებული. მე ვერ გავუსწრებ ვერც გამოძიებას, ვერც შეფასებებს, აქ, შეიძლება თქვან, რომ თანაპარტიელებმა მოკლეს, ან სხვა პარტიის წარმომადგენლებმა, ასეთი რამ არ უნდა დაუშვან და წინასწარ იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს. მსგავსი შეფასებისგან ხელისუფლება შორს უნდა იყოს, პირიქით, მისი პრესტიჟია საქმის გახსნა, თუ არ გახსნის, მაშინ მზად უნდა იყოს, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება ხელისუფლებას.“

ეროსი კიწმარიშვილი დღეს საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პიროვნებამ მომხდარის შესახებ კიწმარიშვილის დაცვის სამსახურის უფროსს აცნობა, ადგილზე ნაპოვნია იარაღიც. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეგობრები არ ეთანხმებიან იმ ვერსიას, რომ ეროსი კიწმარიშვილმა სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა.