სინათლე სამეგრელოს გუბერნატორის ფანჯრებში: რით გადაფარავს „ოცნება“ ზუგდიდში სანდრას სავარაუდო გამარჯვებას?

s1

26 სექტემბერს სამეგრელოში დაგეგმილ აქციას, ბათუმში ჩატარებული ხალხმრავალი მიტინგის შემდეგ, „ოცნების“ ადგილობრივი ხელისუფლება და ძალოვნები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში დახვდნენ, თუმცა აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

როგორც დიდი საბჭოთა ბელადებისადმი მიძღვნილ რომანებში მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღეების წინ წერდნენ ხოლმე, ამხანაგ სტალინის/ლენინის ოთახში მთელი ღამე არ ჩამქრალა სინათლეო, თურმე, მთელი ღამე არ შეწყვეტილა საუბარი სამეგრელოს გუბერნატორ ლევან შონიასა და თბილისში იმ პირებს შორის, რომელთაც სამეგრელოს მიმართულება აბარიათ და რომლებიც, თავის მხრივ, იმ ბრძენ კაცს მაგრად შეუჯორავს, _ ამდენი ხნის განმავლობაში სამეგრელოში ერთი კაცი წამლად როგორ ვერ მოძებნეთ, ვინც სანდრას თუ არ დაჯაბნის, ღირსეულ წინააღმდეგობას მაინც გაუწევსო?!

ბიძინა ივანიშვილი „რუსთავი 2“-ზე სამეგრელოს წარმომადგენელთა დებატებითაც უკმაყოფილო დარჩენილა, _ სანდრა რულოვსსა და „თავისუფალ დემოკრატებს“ ვერაფერი დაუპირისპირეთ და ჟურნალისტებმაც მიგჯირყვნესო. ამას მერე მიხეილ სააკაშვილის ლაივი დაემატა, მერე ბიზნესმენებთან შეხვედრის გამო ატეხილი ხმაური და ბოლოს, ბათუმში მისული ზღვა ხალხი და, რა გასაკვირია, თუ მუდამ ჯანმრთელს, უვნებსა და საღს, მაინცდამაინც, ათზე ვერ ეძინება ეს დღეებია და ვერც სტაფილოს წვენს ატანს ძველებურად გემოს?..

სამეგრელოში „ქართული ოცნების“ საქმეები ძალიან უკანაა წასული. იმდენად უკან, რომ წინასაარჩევნო შეხვედრების დროს საშუალო დარბაზის შევსებაც უჭირთ.

ასე მაგალითად, ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის კულტურის სახლში, დარბაზში, სადაც პარტერში სულ 510 დასაჯდომი ადგილია (ლოჟას არ ვთვლით), „ქართულმა ოცნებამ“, დაახლოებით, 300-350 ადამიანი მიიყვანა და ამით შემოიფარგლა, თანაც, მას შემდეგ, რაც სამუშაო დღეებში მასწავლებლების, ბაღის აღმზრდელებისა და მერია-გამგეობების თანამშრომლების შეხვედრებზე მიყვანის გამო არასამთავრობოების ანგარიშებში მოხვდნენ, ბედი არასამუშაო დღეს მოსინჯეს, მაგრამ სულ ამაოდ: ზოგი დაბარებული საერთოდ არ მოვიდა, ზოგი კი მოვიდა, დაფიქსირდა, დარბაზშიც შევიდა, მერე „დატყდა“ _ არ ეოცნებება ხალხს და რა გინდა, ქნა?..

ფაქტია, რომ სამეგრელოში და არა მარტო სამეგრელოში სანდრას გამოჩენამ მაინც სხვა მუხტით აავსო ენმ-ს მხარდამჭერები. უშუალოდ სამეგრელოს რეგიონისთვის სანდრას სავარაუდო გამარჯვება მიხეილ სააკაშვილისადმი, მისი მხრიდან სამეგრელოსადმი გამოჩენილი ყურადღების გამო მადლიერება უფრო იქნება, ვიდრე უშუალოდ ენმ-ს მხარდაჭერა. კაცმა რომ თქვას, სანდრას ბევრი არც მოიაზრებს ენმ-ს წევრად _ ის სამეგრელოში სააკაშვილის დესპანია და მისთვის მიცემული ხმა, ფაქტობრივად, სააკაშვილისთვის მიცემული ხმის ტოლფასია.

სანდრას რომ სამეგრელოში, ლამის, ამ კუთხის რძლად აღიქვამენ და ეფერებიან, კადრებშიც კარგად ჩანს და სიტყვას არ გავაგრძელებ, უბრალოდ, ერთ-ერთ სოფელში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ერთი დეტალი დაკვირვებულ თვალს არ გამოეპარებოდა:

როცა სანდრა მოსახლეობას ხვდებოდა და ბავშვთან დასალაპარაკებლად დაიხარა, იქვე ახლოს მდგარმა ქალმა პულოვერზე უტაცა ხელი და ზურგის მხარეს ძირს ჩამოუქაჩა, აქაოდა, უხერხულად არ გამოჩნდესო. სამეგრელოში გაზრდილი და მცხოვრები ნებისმიერი დაგიდასტურებთ, რომ ასე ხანშიშესული მეგრელი ქალები მხოლოდ ოჯახის წევრებს _ შვილებს, ან რძლებს ეპყრობიან, როცა მათ „ავი მზერისგან“ იცავენ…

რას აპირებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზუგდიდში, სადაც მათ, სავარაუდოდ, ყველაზე მწარე მარცხი ელოდებათ? რით შეიძლება გადაფარონ სანდრას სავარაუდო გამარჯვება?

„ქრონიკა+“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ამაზე დიდი ხანია, ბჭობენ ლევან შონია და მასთან დაახლოებული პირები. თუ დააკვირდებით, ერთი ტენდენციაც უკვე თვალში საცემია: საზოგადოებაში გაშვებული მესიჯები, რომ სწორედ და ზუსტად 8 ოქტომბერს, სწორედ სანდრა რულოვსის მეთაურობით, „ნაციონალები“ არეულობის დაწყებას სამეგრელოდან აპირებენ.

ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ სრულდებოდა ხოლმე „ნაციონალების“ წინააღმდეგ გაშვებული ასეთი მესიჯები: სახლში მაინც ისხედით, ხალხს ნუ აღიზიანებთ, ისინი ვერ გიტანენ და შედეგებზე პასუხს არ ვაგებთო _ ყველა ასეთი წინასწარი სამზადისის შემდეგ სახეზე იყო ან რესტორან „დიარონის“, ან თეატრის, ან ენმ-ს რეგიონული ოფისის ალყა, მივარდნა და ქვების სროლა; ხდებოდა კორცხელი, საკმაოდ ცნობილი და გაცვეთილი ნარატივით: „გამოჩნდა ნიკა მელია, რომელიც ხალხს აღიზიანებდა, მაგრამ გაფრთხილების მიუხედავად, ის ადგილი არ დატოვა…“

კაცმა რომ თქვას, მართალია, კახა მიქაია ახლა უკვე აღარ ჰყავთ და ნანობს კიდეც, „ოცნების“ საქმეს რომ აკეთებდა, მაგრამ ათი-ოცი ძალად გაბრაზებულის პოვნას, აბა, რა დიდი გარჯა უნდა? ამიტომაც ლევან შონია და მისი მფარველები თბილისში საკმაოდ საფუძვლიანი პროვოკაციისთვის ემზადებიან.

ვის შეიძლება აძლევდეს ხელს არეულობა და მისი დაწყება სამეგრელოდან? მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პატიოსანი ბრძოლის პირობებში არჩევნებს წააგებს. და ისევ მარტივ შეკითხვას მივადექით: რატომ უნდა აწყობდეს არეულობა სანდრასა და მის თანაპარტიელებს, თუკი ისინი, ყველა დონის წინასწარი პროგნოზით, არჩევნებს ამ რეგიონში იგებენ?

ვინ შეიძლება მოგვევლინოს სამეგრელოში მოსალოდნელი არეულობის მოთავედ და მონაწილედ? მოთავეებზე უკვე ვთქვით, მონაწილეები კი ჯერაც აქტიურად იძებნებიან. „ოცნების“ სამეგრელოს შტაბებში შევარდნაძის დროის „არჩევნების მამები და დედები“ შეაგროვეს და ყველანაირი მეთოდის გამოყენებას „ამუღამებენ“, საარჩევნო უბნებზე დენის გამორთვით დაწყებული, ყუთების გატაცებით დამთავრებული. არ დაგვავიწყდეს, რომ სანდრა ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხმები ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შემავალი 30 სოფლის ცენტრში განთავსებული საარჩევნო უბნებიდან უნდა მოვიდეს. სოფლებში არეულობის მოწყობა უფრო ადვილია, ვიდრე ქალაქში _ სათვალთავალო კამერების იმედად ყოფნა რასაც ნიშნავს, საკნიდან მერაბიშვილის გაყვანისა და სხვა გახმაურებული შემთხვევების დროსაც გამოვლინდა, მაგალითად, ნოშიკო ნამორაძის „გმირობის“ დროს… თუმცა, რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ შესაძლო ხრიკები კარგად უწყიან ენმ-ს სამეგრელოს შტაბშიც და შესაბამისად, რეაგირებისთვისაც ემზადებიან, თუმცა, როგორც ზუგდიდლები და ზუგდიდის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, თავიანთი ხმების დასაცავად მზად არიან და „ქართულ ოცნებას“ ხმებს არ გააყალბებინებენ.

სწორედ აქედან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სამეგრელოში „ქართული ოცნება“ და პირადად, ლევან შონია, საკმაოდ შავ დღეში არიან ჩავარდნილი, რადგან შონიას გუბერნატორობა სწორედ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული…

არჩევნებამდე კი უკვე ორ კვირაზე ნაკლები რჩება…

ზუგდიდში დაგეგმილი ხალხმრავალი აქციის ჩაშლა ხელისუფლებამ ძველი და ნაცადი მეთოდებით სცადა _ სხვადასხვა რაიონიდან მომავალი მომიტინგეების დაბლოკვას ხან „კამაზებით“ ჩახერგილი ქუჩებით, ხან საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჯარიმების გამოწერით შეეცადა, მაგრამ, საბოლოოდ, ზუგდიდში მაინც შეიკრიბნენ ფოთიდან, ხობიდან და სენაკიდან, მარტვილიდან ჩამოსული ენმ-ს მხარდამჭერები. შეხვედრა დადიანების სასახლის კარიბჭესთან იყო დანიშნული და ზოგი ხუმრობდა კიდეც მცხეთის კართან შედარების პათოსში: „სამეგრელო, დადვანებთან გამოდი!“

დავით ბაქრაძემ, რომელმაც შეხვედრა გახსნა, ასევე ნაცადი ხერხი გამოიყენა: ის შეკრებილებს მეგრულად მიესალმა. ახლა ზუგდიდლებს ისღა დარჩენიათ, გაარკვიონ, რომელი უკეთ ლაპარაკობს მეგრულად: ალასანია, ღარიბაშვილი, სანდრა, დათო ბაქრაძე თუ მიხეილ სააკაშვილი? _ უკვე ყველას მისალმება აქვთ მოსმენილი.

ზუგდიდურ მიტინგზე იყო ხმამაღალი პათოსი, ცხადია, იყო შეძახილები „ჯოს-ჯოს!“ და იყო ჩართვა ოდესიდან, რომელმაც მომიტინგეები დამუხტა კიდეც და კიდეც გააცინა, მაგალითად, მაშინ, როცა მიშამ იქიდან ჩვეულ სტილში დასჭექა: „ახლა მას (ივანიშვილს, _ რედ.) უნდა, თბილისის ბოტანიკური ბაღის კვალდაკვალ, განმუხურიც მიისაკუთროს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა, ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ!..“

ზუგდიდში გამართული მიტინგის ლაივი „ფეისბუქზეც“ გადაიცემოდა და ენმ-ს მხარდამჭერები განიხილავდნენ, სად უფრო მეტი ხალხი იყო: ბათუმში თუ ზუგდიდში? თუმცა მთავარზე ყველა თანხმდებოდა: ენმ-ს მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი გამოვიდა…

 

ლაშა ბერულავა