ლაშა ჩხარტიშვილი: ,,თხილის დაავადებამ მასშტაბურად იფეთქა, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა!”

tx

სამეგრელოში თხილის მწარმოებელთა ნაწილს მოსავლის რეალიზაციის იმედი გადაეწურა. ცუდ დღეში არიან გლეხებიც, რადგან გახშირდა შემთხვევები, როდესაც თხილის უხარისხობის გამო ჩაბარებაზე უარს ამბობენ. ადგილობრივების თქმით, მიმღებ პუნქტებში გასაყიდ თხილს მკაცრად აკონტროლებენ. უხარისხობის მიზეზი თხილის დაავადება ნაცარი გახდა. ადგილობრივები ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მოსახლეობას არავინ უხსნის, როგორ დაიცვან მოსავალი.

ამ საკითხზე „ქრონიკა+“-ს სამეგრელოში მცხოვრები თხილის მწარმოებლები ესაუბრნენ:

 

ანზორ ჯანაშია _ ზუგდიდის მკვიდრი:

_ 10-დან 6-7 თხილს მაინც თუ აქვს ხარისხიანი გული, 1 ლარად, ან ნაკლებად იბარებენ. ზუგდიდსა და მის გარშემო რამდენიმე ქარხანაა, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებულები. ისინი ამბობენ, რომ ქარხანაში შესული ყველანაირი თხილის რეალიზაცია ხდება. როდესაც გლეხებისგან თხილს დაბალ ფასად ყიდულობენ, მათ მხოლოდ ნაჭუჭის თანხას უხდიან, მაგრამ, სინამდვილეში, გულსაც იყენებენ, ყოველ შემთხვევაში, როგორც აცხადებენ, დამტვრევისას თხილს ცალკე აფასოებენ, რომელიც შემდეგ სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება. უვარგისი თხილი არ არსებობს, მას ზეთისა და თაფლაკვერისთვის გამოიყენებენ. ნაჭუჭის გასაღება კი პრობლემა არასდროს ყოფილა.

 

ბესიკ ადამია _ ზუგდიდის მკვიდრი:

_ ხელისუფლებას სრულ უყურადღებობაში ვადანაშაულებთ, რადგან მოსახლეობას არავინ უხსნის, როგორ დავიცვათ მოსავალი. მთავრობის ნება და სურვილი რომ იყოს, ისინი გლეხებს ამ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებოდნენ. ბანკებსა და ქარხნებს კი ერთობლივი პროგრამების შემუშავება შეუძლიათ, რომ მეთხილეებს შედარებით დაბალპროცენტიანი სესხები შესთავაზონ. წელს თხილის მოსავალი ძალიან ცოტაა, რადგან თხილის ნარგავებს ნაცარი გაუჩნდა. ნაცარი ძალზე საშიში დაავადებაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. განსაკუთრებით საშიშია თხილის ნაცარი, რომელიც თხილს ძალიან აზიანებს.

 

დემურ ფიფია _ ზუგდიდის მკვიდრი:

_ წელს მოულოდნელად მოსულ ყინვას მერე წვიმებიც დაერთო და ტენიანობის გამო თხილს ნაცარი გაუჩნდა. შარშანდელთან შედარებით თხილს ისედაც მესამედი ესხა, თანაც, დაბალი ფასი აქვს: შარშან რომ 12 ლარი ღირდა, წელს 3,5 ლარი ღირს. ვუვლით, რაც შეგვიძლია ვშრომობთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს. მე, მაგალითად, მადლობელი ვიქნები, რა თანხაც ჩავდე ამ საქმეში, თხილის მოსავალმა ის მაინც თუ დაფარა. ნაცარს შეწამვლა უნდა, რისი საშუალებაც ბევრ გლეხს არ გააჩნია. არადა, ფოთოლი თუ გასცვივდა, 1-წლიანი ნარგავები კვდომას იწყებს და თხილის ბაღი თავიდან გასაახალგაზრდავებელი ხდება. ფაქტია, რომ შარშანდელთან შედარებით წელს თხილის მცირე მოსავალი გვაქვს.

 

კობა ნაროუშვილი _ მარტვილის მკვიდრი:

_ ახლა ყველა იმას ვცდილობთ, როგორმე ბანკის ვალები გადავიხადოთ. ყველაფერი შესწავლილი მაქვს, თხილს გარედან რომ შეხედავ, კარგია, როდესაც ქარხანაში მიგაქვს, იქ ლაბორატორიაა, ყველაფერს ამოწმებს და ხარისხს ადვილად ადგენს. უბრალო ჩამბარებელ პუნქტში რომ მიგაქვს, როდესაც ამოწმებენ, 250 გრ თხილის მარცვალს იღებენ და ტეხენ. შეხედავ, გარედან ჯანსაღია, გატეხავ და ნახევარზე მეტი დამპალია. ეს ნაცარმა გამოიწვია. ყველაფერი შევამჩნიეთ, ჯერ კიდევ სანამ ნაყოფი ხეს ესხა, მაგრამ ამას ხომ სათანადო პირობები და ცოდნა სჭირდებოდა, როგორ მოვქცეულიყავით?! ნაცარი კი შევამჩნიეთ, მაგრამ ამას თუ გამოიწვევდა, არ ვიცოდით. ჩვენ გლეხები ვართ და ინფორმაცია არ გვქონდა, არც არავის უთქვამს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩემი მოსავალი წელს 10-ჯერ შემცირდა. ღმერთისკენ ვიყურები, არავის დადანაშაულება არ მინდა, თუ მარტვილში ვინმე მივიდა და რაიმე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან სოფელში არავინ მოსულა და არაფერზე გავუფრთხილებივართ. არც შეწამლულა, არც რაიმე დახმარება ყოფილა.

 

ლაშა ჩხარტიშვილი _ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი:

_ როგორც ცნობილია, სოფლის მეურნეობაში მართლაც გაცილებით მეტი თანხა ჩაიდო, ვიდრე წინამორბედი ხელისუფლების დროს, მაგრამ ამ თანხების გამოყენების ეფექტიანობა ძალიან დაბალია. კარგია, სახელმწიფომ აღიარა, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ დანახარჯები, რომელიც ნაწილობრივ კერძო დაფინანსებით იყო და დიდწილად სახელმწიფო ხარჯებზე მოდიოდა, ხშირად უყაირათობამ გამოიწვია. კარგია მოხვნისა და სხვა მსგავსი ტიპის პროექტები სოფელში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გეგმაზომიერი იყოს ხელშესახები შედეგის მისაღებად. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ისტორიულად სოფლის მეურნეობით განთქმულია და, ჯერჯერობით, ისევ 3-4-ჯერ მეტად შემოტანილ პროდუქციას მოვიხმართ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში წარმოებულს და ეს ყველაფერი არ არის სიზარმაცის პირდაპირი შედეგი, არამედ იმისა, რომ სოფლის მეურნეობაში დაირღვა პროცესები და არასწორად მივდივართ. კარგია დაფინანსების ზრდა, მაგრამ ეს თუ უშედეგოდ მიიმართება, ასე უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. სახელმწიფო ბიუჯეტი შედგება ჩვენი, ხალხის ფულისგან და მცირე შედეგების მიღება საქმეს არ წაადგება. ამის ნათელი მაგალითია თხილის წარმოებასთან დაკავშირებული სიტუაცია. განათლებით ბიოლოგი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ადამიანის დაავადება იქნება, ცხოველისა თუ მცენარის, პრევენცია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე შემდეგ მისი მკურნალობა და შედეგების გამოსწორება. თხილზე წელს იგივე მოხდა იმის გამო, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრებმა არ და ვერ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. ამის გამო, განსაკუთრებით, სამეგრელოს მოსახლეობა აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში. სამეგრელოში გავრცელდა დაავადება, რომელმაც მასობრივად დააზარალა თხილის ნარგავები და შესაბამისად, მერე მიღებული მოსავალი. ამას უწოდებენ თხილის ნაცარს, რომელსაც იწვევს სოკოვანი პათოლოგიური ორგანიზმებით გამოწვეული დაავადება. მისგან მიღებული ზიანის შემცირება მრავალჯერ შეიძლებოდა, დროულად რომ მიეღოთ ადეკვატური რეაგირება და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურს დროულად დაეწყო მუშაობა მოსახლეობასთან. როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, ამ დაავადების სახეობა ბოლომდე არც არის დადგენილი. იგი გასულ წლებშიც გვხვდებოდა, მაგრამ გაცილებით ნაკლები მასშტაბით, მის გავრცელებას ხელი შეუწყო ნალექების გაზრდილმა რაოდენობამ, შესაბამისად, ამ ვითარებაში და ამ გარემოების გათვალისწინებით, მცენარეთა დაცვის სამსახურს სწრაფი რეაგირება უნდა მოეხდინა. სწორედ ეს იყო, რომ დროულად არ გააფრთხილეს მოსახლეობა, არ გაუწიეს სათანადო დონეზე საკონსულტაციო მომსახურება თუ სხვა კომპონენტები, თუნდაც შეხვედრები, რისთვისაც ხელფასს იღებენ. მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერ და არ მიიღო სათანადო ინფორმაცია, რომ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აგროტექნიკური ღონისძიებების გატარებას, უფრო აქტიურად, ვიდრე სხვა დროს: პირველ რიგში, მოსაგვარებელი იყო თხილის ნარგავების მოვლისა და სხვა პროცესები, შესაბამისად, მასშტაბური აფეთქების სახე მიიღო თხილის ამ დაავადებამ, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. როგორც ინფორმაცია მომაწოდეს ზუგდიდიდან და სამეგრელოს სხვა რაიონებიდან, მოსახლეობა ძალიან დაზარალდა. სამეგრელოს მოსახლეობის შემოსავალი თხილიდან, პრაქტიკულად, მათი არსებობის ერთადერთი წყაროა. თუ დავითვლით, 10-ჯერაც კი დაზარალდა მოსახლეობა, ისე შეუმცირდათ მოსავალი. ამ მოსავლით მიღებული თანხა, პრაქტიკულად, მთელი წელი უნდა ჰყოფნოდათ. გარდა იმისა, რომ თხილის მწარმოებლებმა გაცილებით ნაკლები წონის მოსავალი მიიღეს, მისი რეალიზაციის საფასურიც 3-4-ჯერ შემცირდა, რადგან ნაცრის დაავადებამ თხილის ნაყოფი მასობრივად დააზიანა, რამაც ფასი მკვეთრად დასცა: შარშან თუ იყო 1 კგ-ს ფასი 5-6 ლარი, ახლა 1,5-2 ლარია და ფასი 3-ჯერ შემცირდა, ამას დამატებული მცირე მოსავალი. ერთმა ფერმერმა მითხრა, რომ შარშან 2 ტონა მოსავალი მიიღო და წელს იგივე ბაღიდან 500 კგ თხილი აიღო. ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია.

_ ზუსტი ციფრი თუ არსებობს, რამდენად მასობრივია ამ დაავადების გავრცელება?

_ ზუსტი ციფრი, რამდენად მასობრივია ნაცრის გავრცელება, არც მე მაქვს და ეჭვი მეპარება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰქონდეს, რადგან წარმოდგენაც არ აქვს, გავრცელების რა არეალზეა და რა სახის დაავადებაზეა საუბარი. ზედაპირულად, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს დაავადება შარშან და შარშანწინაც შეიძლებოდა ყოფილიყო და წინა პერიოდშიც, მაგრამ, იქნებ, სხვა სახეობას შევეჯახეთ? გამორიცხული არაფერია, თუნდაც ის, რომ დღემდე დაავადების სახეობა დაუდგენელია. სავარაუდოდ, რადგან საქართველოში დაავადების იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ, რამდენიმე ათასი დოლარი დასჭირდებოდა, აღნიშნული ბიოლოგიური მასალა უცხოეთის რომელიმე ქვეყანის ლაბორატორიაში რომ გაეგზავნათ, თუნდაც, უკრაინაში. იქ გაცილებით მაღალი დონის ლაბორატორიებია.

_ ასეთ შემთხვევაში, რა როლი ეკისრება სახელმწიფოს? თხილის მწარმოებლებს გარკვეული პრეტენზიები აქვთ, თუნდაც მათი ინფორმირების თვალსაზრისით…

_ სამომავლოდ პრობლემურია ისიც, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია თხილის დაავადებებთან ბრძოლის პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებას მოიცავს, არადა, თხილი გახდა ერთ-ერთი კულტურა, რომელიც ძირითად შემოსავლად რჩება სამეგრელოსა და არა მხოლოდ ამ რეგიონის მოსახლეობისთვის. ამასთანავე სათანადო კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ივანიშვილისა არ იყოს, საკუთარი ბანკირები აიყვანეთო, მოსახლეობა ხომ ვერ შეძლებს საკუთარი აგრონომების ყოლას?! სწორედ იმიტომ დაიხარჯა ამდენი ფული სოფლის მეურნეობაში, რომ ადეკვატური შედეგები მოეტანა, რომელიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შესაძლებელი იყო, რომ მოეტანა. ის თანხები კი ისევ ხელისუფლების ჯიბეში დაილექა. ბანკები ტრადიციულად შეზრდილია ხელისუფლებასთან და ისევ მათ სასარგებლოდ ხდება პროცესები. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შეიმუშაოს პროექტი, სეზონზე გათვლილი პროგრამა და უნდა დაიწყოს მისი განხორციელება, პირველ რიგში, მოსახლეობის განათლების კუთხით.

 

                                                                                                     თამარ ბატიაშვილი