ზემო მაჩხაანელი ბიჭის ცხოვრების კიბე

c

 

რა არის ცხოვრება, არა? ხან ზევით მიდიხარ… ხან ქვევით ეშვები… თუ 2010 წელს გოგაშვილებმა სახლიდან გასაყიდად ყველაფერი გაიტანეს, დღეს სახლის ადგილზე სასახლე წამოჭიმეს… თუ მაშინ ოჯახში მუდმივად ვალების გასტუმრებაზე ფიქრობდნენ, დღეს სოსო გოგაშვილის მამა კლიმენტი მხოლოდ იმაზე დარდობს, ღობე რაც უფრო მაღალი იქნება, მით უფრო მშვიდად ვიქნებიო…

შარშან მამა-შვილი გოგაშვილი ზემო მაჩხაანში ერთი ეკლესიის აღდგენას დაჰპირდა მოსახლეობას. წელს წინასაარჩევნოდ მაჩხაანში აღდგენა აღარო და სოფლის ცენტრში ახალი ეკლესია უნდა ავაშენოთო…

6 წლის წინათ ეზოს ჭიშკრიდან გამოსვლა არ უნდოდათ, 6 წლის მერე კი ნაბახუსევი კლიმენტი გოგაშვილი სოფელში საუბნო-საარჩევნო კომისიის სხდომას ესწრება და დიდი ხვეწნის წყალობით ოჯახში მყოფ შინამოსამსახურე ქალს ძლივს მიჰყავს სახლში…

სოსოც იყო სოფლად, ოღონდ თავისი ტიპები ნახა… ხალხში გასვლა ახლა უკვე „გრეხია“… დიდი კაცის ბედი, კიდევ, ეგ არის…

შიში მაინც სულ სხვაა… კლიმენტიმ თუ გაიგო, რომ რომელიმე ზონის კოორდინატორი, ან აგიტატორი ვინმე „ნაცს“ ესალმება, მისი ბედი დამთავრებულია…

ოდესღაც ფარშის დისტრიბუტორი მამა, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის მშობელია, შესაბამისად, თუ 2012 წლამდე სოფლად, უბრალოდ, კლიმენტის ეძახდნენ, დღეს „კლიმენტ იოსებოვიჩია“… თუ ვინმე მამის სახელით არ მიმართავს, ვაი, იმის ბრალი! ვინც მამას გააბრაზებს, ე. ი. შვილსაც გააბრაზებს…

 

ვალი #1

07.04.2015

„შპს ლიმანი“ თელავში რეგისტრირებული კომპანიაა. მეწარმემ რეგისტრაცია 2 ათეული წლის წინათ გაიარა… „ლიმანის“ მეპატრონე ვინმე ფხოველიშვილია… დოკუმენტიდან ჩანს: „წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

გაცნობებთ, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თელავის რაიონული სასამართლოს მიერ 23.01.2012 წელს გაცემული 3/202 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #12008425).

კრედიტორის განცხადების მიხედვით, 07/04/2015 წლისათვის შპს „ლიმანის“ (231170764) დავალიანება სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ შეადგენს 20363.12 ლარს.

სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, რეალიზებულ უნდა იქნეს კლიმენტ გოგაშვილის ყადაღადადებული ქონება.

გეძლევათ წინადადება, ნებაყოფლობით, შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში, გადაიხადოთ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხა და აღსრულების საფასურის სრული ოდენობა _ აღსასრულებელი მოთხოვნის 7%, არანაკლებ 50 ლარის ოდენობით“.

ახლა რომ მოვყვეთ, სალიტერატურო ენით, აქ რა ხდება: „ლიმას“ სახელმწიფოს წინაშე დავალიანება აქვს 20363 ლარი და 12 თეთრი. თუმცა მას არ გააჩნია გადახდის შესაძლებლობა, ამიტომ კომპანია სააღსრულებო ბიუროს უთითებს, რომ მისი ვალი აქვს კლიმენტ გოგაშვილს, რის გამოც სწორედ 2015 წლის 7 აპრილს ყადაღა ედება სოსო გოგაშვილის მამის ქონებას და ოჯახს გაფრთხილება ეგზავნება. რამდენიმე კვირის შემდეგ სააღსრულებოს კვლავ მიმართავს ზემო მაჩხაანში მცხოვრები რამაზ გონაშვილი, რომელსაც სახელმწიფოს წინაშე 1199.77 ლარი ვალი აქვს, თუმცა სააღსრულებო ბიურო, რომელიც მას ვალის დაბრუბეას სთხოვს, კვლავ უყადაღებს ქონებას კლიმენტ გოგაშვილს, რადგან იოსებ, იგივე სოსო გოგაშვილის ოჯახს რამაზ გონაშვილის აღიარებული ვალი აქვს… ანუ 2015 წლის უკვე 15 აპრილს:

 

ვალი #2

„მოვალე(ებ)ს: რამაზ გონაშვილი.

მის.: დედოფლისწყარო, ს. ზემო მაჩხაანი.

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ:

გაცნობებთ, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 30.05.2012 წელს გაცემული 3/3-12 აღსრულების ქვემდებარე აქტი (სააღსრულებო წარმოება #12038574).

კრედიტორის განცხადების მიხედვით, 15/04/2015 წლისათვის რამაზ გონაშვილის დავალიანება სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ შეადგენს 1199.77 ლარს.

სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, რეალიზებულ უნდა იქნეს კლიმენტ გოგაშვილის ყადაღადადებული ქონება“.

რას გვეუბნება საქართველოს საგადასახადო კოდექსი?

ქონებაზე ყადაღის დადების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ქონების ნებისმიერი სახით განკარგვის უფლება საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობის გარეშე, ისიც მხოლოდ იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამის შედეგად ამონაგები თანხის შეტანა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.

ის, რაც ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში ჩანს (ანუ გადასახადების მიქცევა მესამე პირზე), ითვალისწინებს: გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება. თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.

რჩება მთავარი კითხვა:

სოსო გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დასაქმება რა ინტერესს ემსახურებოდა? სახელმწიფო ინტერესს? მის პროფესიონალიზმს თუ მისი ვალების გადახდას?

დღეს გოგაშვილის ქონებას ყადაღა აღარ ადევს, მან ვალები გაისტუმრა, თუმცა მარავალი დაზარალებული ხმას ვეღარ იღებს იმის შიშით, რომ სოსომ რამე არ ავნოს!

ამასობაში, სანამ გოგაშვილი ზენიტშია და ღარიბაშვილი _ ჩრდილში, დედოფლისწყაროს სოფელ ხორნაბუჯში ყოფილი პრემიერის სახლის წინ  ორივე „ბუგაროკი“ აყარეს. მიზეზი ერთია: ირაკლის ნევროზი აქვს, „ბუგაროკზე“ გავლილი მძიმე მანქანის ხმაურს ვერ იტანს და ამიტომ „ბუგაროკების“ აუცილებლობაც გაქრა… სამაგიეროდ, ალბათ, გოგაშვილის სახლთან დაიგება „ბუგაროკები“… ამბობენ, რომ ირაკლი მის „პოლიტიკიდან ჩამოშორებაში“ გოგაშვილს ადანაშაულებს და სოსოს დაზარალებულებთან კონსულტაციებს იწყებს…

ვნახოთ, რა იქნება ხვალ?..

ჩვენ კი ისევ აქ ვართ, სოსო!..

 

                                                                                                        მაკა მოსიაშვილი