„თიბისიმ“ „ბანკი რესპუბლიკა“ იყიდა

k

„თიბისი ჯგუფმა“ და ფრანგულმა „სოსიეტე ჟენერალმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც „თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.64%-ს 315 მილიონ ლარად შეიძენს. ეს ტრანზაქცია უდიდესი იქნება ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე.

 

„ბანკი რესპუბლიკის“ შეძენა სრულად შეესაბამება „თიბისი ბანკის“ სტრატეგიას და უდიდეს შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი სინერგიისთვის, ვინაიდან „ბანკი რესპუბლიკა“ არის მყარი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ლიდერი ბანკების ხუთეულში შედის.

„თიბისი ბანკი“ „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების 93.7%-ს („სოსიეტე ჟენერალის“ 100%-იანი წილი) 315 მილიონ ლარად გამოისყიდის. ამ თანხის 70% გადახდილი იქნება ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო 30% „თიბისი ბანკის“ ახლად გამოშვებული აქციებით. შედეგად, ჯგუფი „სოსიეტე ჟენერალი“ ხდება „თიბისი ბანკის“ აქციების 5.4%-ის მფლობელი, შესაბამისად, ის „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იქნება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. რაც შეეხება „ბანკი რესპუბლიკის“ აქციების დარჩენილ 6.36%-ს, რომელიც „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ ეკუთვნის, „თიბისის“ უკვე დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ამ აქციების გამოსყიდვაზე.

 

შერწყმის შედეგად:

•             „თიბისი ბანკი“ ხდება #1 ბანკი საქართველოში სესხებისა და დეპოზიტების მიხედვით. „თიბისი ბანკის“ ბაზრის წილი მთლიან სესხებში იზრდება 7.3%-ით და აღწევს 35.7%-ს, ხოლო დეპოზიტებში იზრდება 5.3%-ით და შეადგენს 34.5%-ს;

•             „თიბისი ბანკის“ პოზიციები ყველა საოპერაციო სეგმენტში ძლიერდება, განსაკუთრებით კი საცალო საბანკო მომსახურების მიმართულებით;

•             კლიენტების რაოდენობა მიუახლოვდება 2 მილიონს;

•             კიდევ უფრო გაფართოვდება „თიბისი ბანკის“ მომსახურების ქსელი; მთელი საქართველოს მასშტაბით ფილიალების რაოდენობა გაიზრდება 170-მდე, ხოლო  ბანკომატების _ 517-მდე;

•             „თიბისი ბანკი“ ძლიერდება მაღალკვალიფიციური კადრებით, რომელთაც საბანკო საქმიანობაში დიდი გამოცდილება და მომხმარებელთან ურთიერთობის საუკეთესო პრაქტიკა აქვთ;

ტრანზაქციის დასრულება დაგეგმილია 2016 წლის ბოლომდე. ამ გარიგებაში „თიბისი ბანკის“ ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველია J.P.Morgan ხოლო Baker and Mckenzie LLP _ საერთაშორისო მრჩეველი იურიდიულ საკითხებში.

 

ვახტანგ ბუცხრიკიძე _ „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი:

_ დარწმუნებული ვართ, რომ „ბანკი რესპუბლიკის“ ყიდვის გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაშია „თიბისი ბანკის“ გრძელვადიან სტრატეგიასთან და წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ჩვენი მიზნების შესასრულებლად, რომ გავხდეთ ლიდერი ბანკი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტის გუნდს აქვს უნიკალური გამოცდილება ამ ტიპის ინტეგრაციებში და გვაქვს სათანადო რესურსი, რომ ამ ორი ბიზნესის შერწყმით მომხმარებლებს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენს გუნდში „ბანკი რესპუბლიკის“ თანამშრომლებს, რომლებიც დაგვეხმარებიან, წარმატებულად გავაგრძელოთ საბანკო საქმიანობა და შევთავაზოთ კლიენტებს საუკეთესო მომსახურება, ახლა უკვე როგორც ყველაზე დიდმა ბანკმა საქართველოში.

 

ანტუან გაბიზონი _ „ბანკი რესპუბლიკის“ გენერალური დირექტორი:

_ „თიბისი ბანკისა“ და „ბანკი რესპუბლიკის“ კონსოლიდაციას მყარი ინდუსტრიული ლოგიკა აქვს და საქართველოს საბანკო სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ლიდერობისა და მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. მოხარული ვართ, რომ ჩვენი აქციები ისეთ მოტივირებულ პროფესიონალთა გუნდს გადავეცით. ჩვენ მოუთმენლად ველით ტრანზაქციის წარმატებით დასრულებას და მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, რომ გარდამავალი პერიოდი უმტკივნეულოდ წარიმართოს. „ბანკი რესპუბლიკის“ გაყიდვის შემდეგ, „სოსიეტე ჟენერალის“ შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რჩება ძლიერ, კარგად მართულ, კარგად რეგულირებად და გამჭვირვალე სფეროდ. „თიბისი ბანკში“ ჯგუფი ხაზს უსვამს ქართული საბანკო სფეროსადმი დაინტერესებას. გარიგების შედეგად უფრო მსხვილი ბანკი იქმნება ძალიან მიმზიდველ ქართულ საბანკო ბაზარზე, რაც „სოსიეტე ჟენერალის“ ფართო სტრატეგიაში ჯდება _ კონცენტრაცია მოვახდინოთ ძირითად ბიზნესსა და გეოგრაფიაზე.

ამასთანავე, „თიბისი ბანკი“ აცხადებს, რომ შეიძენს სს „პროგრესბანკის“ აქტივების (საბაზრო ღირებულება 108 მილიონი ლარი) და დეპოზიტების (საბაზრო ღირებულება 108 მილიონი ლარი) შერჩეულ ნაწილს. „თიბისი ბანკისთვის“ ეს ტრანზაქცია წარმოადგენს საერთო აქტივების მხოლოდ 1.6%-ს.

 

თამარ ბატიაშვილი