ლაბორატორიების ხელმძღვანელთა სკანდალური აღიარება: ვინ სწირავდა სასიკვდილოდ 23 წლის ახალგაზრდას?!

uu

„ქრონიკა+“ აგრძელებს გიორგი წიკლაურის საქმის გამოძიებას. მკითხველს შევახსენებთ, რომ 2016 წლის ივნისში 23 წლის ახალგაზრდას თბილისის კლინიკა „ნეომედში“ მწვავე ლეიკემიის („ემ 4“) დიაგნოზი დაუსვეს. ხსენებული დიაგნოზი თურქულმა კლინიკამ არ დაადასტურა და დაავადების ნამდვილი მიზეზი _ გულის სარქველში მიმდინარე ანთებითი პროცესი გამოავლინა. „ქრონიკა+“-თან საუბარში „ნეომედის“ ჰემატოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა და პაატა წიკლაურის მკურნალმა ექიმმა ლალი კუპრაშვილმა (რომელმაც არარსებული ლეიკემიის დიაგნოზი დასვა) განაცხადა, რომ დიაგნოზის დასმისას ლაბორატორიებიდან მიღებულ ძვლის ტვინის კვლევების პასუხებს დაეყრდნო. კერძოდ, დოქტ. ელზა აზმაიფარაშვილისა და დოქტ. შორენა ძველაიას მიერ ხელმოწერილ დასკვნებს.

„ქრონიკა+“-მა ორივე ლაბორატორია მოიძია და თითოეული მათგანის ხელმძღვანელს ცალ-ცალკე გაესაუბრა.

შორენა ძველაია _ კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი:

_ გიორგი წიკლაურის ძვლის ტვინის ნიმუშს 13 ივნისს ჩავუტარე  ციტოლოგიური კვლევა. აგიხსნით, ეს რას ნიშნავს: როდესაც სისხლის რაიმე სახის დაავადებაზე ვეჭვობთ, ეს გახლავთ პირველადი კვლევა. მე უჯრედებს ვუყურებ. შემდგომი კვლევა მიდის უკვე ქალბატონ ელზა აზმაიფარაშვილთან, რომელიც უყურებს, თუ როგორი სახის უჯრედებია. ამას ჰქვია ქსოვილების შესწავლა, ანუ ტრეპატობიოფსია. ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ ვიცილებ თავიდან, უბრალოდ, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული. ყველაფერი ხდება!

_             დამიკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

_ პაციენტთან არანაირი შეხება არ მქონია. მე ვიყურები მიკროსკოპში. როდესაც ბლასტური უჯრედების 30%-მდე ითვლება, ნიშნავს, რომ მწვავე ლეიკემია არ არის.

_ გიორგი წიკლაურის შემთხვევაში რამდენი იყო?

_ 26% ბლასტი დავთვალე.

_ ე. ი. არ ყოფილა მწვავე ლეიკემია, რაც ლალი კუპრაშვილმა დაუსვა შემდგომში.

_ დიახ, არ ყოფილა, მაგრამ ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროს შესაძლებელია, სურათი ლეიკემიას ჰგავდეს. თუმცა ჩემი კვლეევის პასუხების შედეგად დიაგნოზი არ დასმულა. მე რომ იქ მიმეცა _ 80-90% ბლასტი, თამამად შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მწვავე ლეიკემიაა, თუმცა ლალი კუპრაშვილი ელზა აზმაიფარაშვილთან მაინც გადააგზავნიდა შემდგომი კვლევის ჩასატარებლად, ვინაიდან ქალბატონი ელზა თვითონ უჯრედის ტიპს განსაზღვრავს.

_ თქვენ რას აკეთებთ?

_ მე ვამბობ, არის ბლასტი თუ თუ არ არის, ელზა აზმაიფარაშვილი კი განსაზღვრავს ამ ბლასტის ტიპს, რომელსაც თავისი მარკერები აქვს. 13-ში ამ ბიჭს ანალიზი ავუღეთ და 26% ბლასტი დავთვალე. ამით ლალი კუპრაშვილმა დიაგნოზი ვერ დასვა.

_ ანუ თქვენი პირველადი ანალიზის პასუხის მიხედვით მწვავე ლეიკემია არ იყო?

_ არ იყო! ვინაიდან მე არ მქონდა საკმარისი რაოდენობის ბლასტი, 15-ში გიორგი წიკლაურს განმეორებით აუღეს ძვლის ტვინის ნიმუში და ელზა აზმაიფარაშვილთან გადაგზავნეს. პარალელურად გადაიგზავნა გენეტიკური კვლევისთვის. იქ რა დაადგინა ელზა აზმაიფარაშვილმა, მას ჰკითხეთ. მე ჩემს კვლევებზე ვაგებ პასუხს. იმიტომ კი არა, რომ თავს ვიმართლებ, მე რასაც ვაწერ ხელს, იქ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე.

_ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გიორგი წიკლაურის შემთხვევაში შეცდომა?

_ არის შემთხვევები და ეს ლიტერატურაშიც გახლავთ აღწერილი, რომ გარკვეული ინფექციების დროს ორგანიზმში პროცესები მიდის, რომელსაც ლეიკოდემიური რეაქცია ჰქვია. დროთა განმავლობაში ის თავისით სწორდება და გიორგი წიკლაურის შემთხვევაშიც ის, რაღაც დროის მონაკვეთში, გასწორდებოდა და ძვლის ტვინის ხელმეორე აღების დროს აღარ გამოჩნდებოდა. ასე რომ, ვერავინ მომედავება და ვერ დამიმტკიცებს, რომ შენ არასწორად გააკეთე ანალიზიო. როგორ გადაწყვიტა და რა დიაგნოზი დასვა ლალი კუპრაშვილმა, ეს მისი საქმეა, იმიტომ რომ წინა პლანზე არ არის ლაბორატორია, წინა პლანზე არის მკურნალი ექიმი. ჩვენ დიაგნოზს არ ვსვამთ, ჩვენ ექიმს ვეხმარებით. ქალბატონ ლალის უნდა გაესინჯა პაციენტი, იქ ინსტრუმენტული კვლევებია, ექოსკოპია, შემდგომი დაკვირვება ავადმყოფზე,  ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები. ყველაფერი ეს უნდა შეაჯამოს მკურნალმა ექიმმა და ისე დასვას დიაგნოზი. მარტო ლაბორატორიული ანალიზებით რომ დიაგნოზი ისმებოდეს, ექიმი რა საჭირო იქნებოდა?

_ იმის თქმა გსურთ, ლალი კუპრაშვილმა რომ განაცხადა, გამოკვლევების პასუხებზე დაყრდობით დავსვი დიაგნოზიო, არასწორია?

_ დიახ, ლალი კუპრაშვილის პოზიცია არ არის სწორი, იმიტომ რომ მისი პასუხიდან გამომდინარე, მთელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ. ბლასტები არ ნიშნავს, რომ ლეიკემიაა. ბლასტი უმწიფარი უჯრედია, რომელიც მძიმე ინფექციური პროცესის დროს გამოვლინდება. ყველა ადამიანს ძვლის ტვინში ბლასტური უჯრედი 3% აქვს, მაგრამ თუ ინფექციური პროცესი ჩაერთო, ძვლის ტვინი ღიზიანდება და ამ უმწიფარ უჯრედს გამოაგდებს. თუმცა დროთა განმავლობაში იგი გამოსწორებადია. ერთ კვირაში რომ აეღოთ გიორგი წიკლაურისგან  ანალიზი, სურათი გამოსწორებული იქნებოდა.

_ შევაჯამოთ: გიორგი წიკლაურის შემთხვევაში დიაგნოზი არასწორად დაისვა?

_ ასე მიმაჩნია. იქ, სავარაუდოდ, ლეიკოზური რეაქცია უნდა ყოფილიყო, რომელიც მალევე სწორდება, იმიტომ რომ ლეიკემია რომ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ გასწორდებოდა, პირიქით ბლასტები მოიმატებდა. პირადად მე შეცდომა რომ მომსვლოდა, მაგასაც ვაღიარებდი. 2011 წლიდან ლაბორატორიას ვხელმძღვანელობ. მე არ ვარ დამნაშავე, იმიტომ რომ არ დამისვამს დიაგოზი და ლალი კუპრაშვილისთვის ბლასტების არც ის რაოდენობა გადამიცია, რომლითაც მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაისმებოდა. ერთი შემთხვევა კიდევ ჰქონდა ქალბატონ ლალის: „არამიანცში“ახალგაზრდა ბიჭი იწვა, რომელსაც მონონუკლეოზი ჰქონდა. როგორც სპეცლიტერატურრაში წერია, ინფექციური მონონუკლეოზის დროს უჯრედები შეიძლება, ბლასტებში შეგეშალოს. ლალი კუპრაშვილმა ეს პაციენტი ჩემთან გამოაგზავნა და დამიწერა, რომ მწვავე ლეიკემიაა  კითხვის ნიშნის ქვეშ. გამოვიკვლიე და დავადგინე, რომ მწვავე ლეიკემია კი არა, მონონუკლეოზის გაშლილი სურათი იყო. დავურეკე და ეს ვუთხარი ქალბატონ ლალის. თვითონაც გაუხარდა.

 

ელზა აზმაიფარაშვილი _ თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ციტოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი:

_ გიორგი წიკლაურის მკურნალი ექიმი, ლალი კუპრაშვილი, აცხადებს, რომ იგი თავიდან ბოლომდე დაეყრდნო იმ ლაბორატორიულ კვლევებს, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, რომ იგი ამ ანალიზების გარეშე ვერ დასვამდა იმ დიაგნოზს, რომელიც, საბოლოო ჯამში, არასწორი აღმოჩნდა…

_ მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას. ამ შემთხვევის შესახებ მას მერე გავიგე, რაც ლალი კუპრაშვილმა დამირეკა. მზად ვიყავი, თურქ ექიმებთან მესაუბრა, თუ რის საფუძველზე უარყვეს ჩემი დიაგნოზი. ვეცდები, საზოგადოებისთვის გასაგები ენით ვილაპარაკო, ვინაიდან აქ აზრი არ აქვს საუბარს მარკერებზე და ა. შ. თუმცა აქამდეც მზად ვიყავი, თურქ კოლეგებთან მესაუბრა. მართლა მაინტერესებს, რა კვლევები ჩაატარეს,  ყველაფერი ჩატარდა თუ არა კომპლექსურად, თუ ვინაიდან პროგრესი იყო, დიდად არ შეიწუხეს თავი სხვა კვლევებით? პროფესიონალური თვალსაზრისით ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

_ ქალბატონო ლალი, რას მეუბნებით, რომ თქვენი კვლევები სწორია და გიორგი წიკლაურს შეიძლება ახლაც ლეიკემია ჰქონდეს?

_ იმას ვამბობ, ჩემი გამოკვლეული მასალა თუ შეისწავლეს თურქეთში და ლეიკოზი რის საფუძველზე გამოირიცხა-მეთქი?

_ იმის საფუძველზე გამოირიცხა, რომ როგორც კი თურქულ კლინიკას გიორგი წიკლაურმა მიაკითხა, იქ ჰემატოლოგს კვლევაც არ დასჭირვებია, ისე დაადგინა ფილტვისა და გულ-მკერდის არეში მწავე ანთებითი ინფექცია. საქართველოში კი გიორგი წიკლაურმა სამი კლინიკა მოიარა და ვერც ერთგან ვერ მიხვდნენ, რომ გართულება გულის სარქველში იყო და არა სისხლში. აი, ეს არის პრობლემა. ეს პროფესიონალური წიაღსვლები და სამედიცინო დებატები, ალბათ, თქვენი და იქაური ჰემატოლოგების საქმეა.

_ მე მაშინ ასე ვიტყოდი, რომ ყველა ჩვენგანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება ამ საქმეში. ასე არ არის, რომ მე ლალი კუპრაშვილს გადავაბრალო, არც ქალბატონი ლალი არის სწორი, რომ ჩვენ გადმოგვაბრალოს, ან ქალბატონ შორენას. თუ მეცნიერულად ეს დიაგნოზი უარყოფილია, აქ ყველა რგოლში მოხდა ხარვეზი. სამწუხაროდ, მედიცინა არ არის 100%-იანი მეცნიერება.

_ ანუ პაციენტს გულის სარქველი ჰქონდა ჩირქით სავსე და ეს არის სამედიცინო შეცდომა, რომ ვერავინ ვერ დაუდგინა? მეტიც, ლეიკემია ეგონათ…

_ გამდინარე ციტომეტრიის მეთოდი, რომელიც მე ჩავატარე, არ გამოიყენება სადიაგნოსტიკოდ იმ თვალსაზრისით, რომ გამდინარე ციტომეტრიით დადგინდეს, არის თუ არა ლეიკემია, არ შეიძლება. ჩვენთან უკვე დადიაგნოზებული ლეიკემია მოდის და ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომელი ტიპია. არსებობს ლეიკემიის უამრავი ფორმა და ყველა ტიპს თავისი განსხვავებული და განსაკუთრებული მკურნალობის სქემა აქვს. თქვენ ნებისმიერ ლიტერატურაში შეგიძლიათ მოიძიოთ, რომ გამდინარე ციტომეტრია, რაც მე ჩავატარე, არ არის სადიაგნოსტიკო ტესტი იმისათვის, რომ  ლეიკემიის დიაგნოზი დადგინდეს.

_ ქალბატონო ელზა, კი მაგრამ, წიკლაურის შემთხვევაში ლეიკემია საერთოდ არ იყო და რაზე ჩაატარეთ კვლევა? იქ დაისვა „ემ-4“-ის დიაგნოზი. ეს ხომ საკმაოდ მძიმე ფორმაა?

_ ჰაერზე ხომ არ დამიწერია, არა?

_ ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, რაზე დაწერეთ? ერთი შემთხვევა გაიხსენეთ თქვენს პრაქტიკაში, რომ „ემ-4“-დიაგნოზიან პაციენტს    ქიმიოთერაპიის არც ერთი კურსი არ ჩაუტარდეს და თავისით გამოჯანმრთელდეს? ასეთი რამ ხომ მსოფლიო მედიცინას არ ახსოვს. ასე რომ, თურქეთს თავი რომ დავანებოთ, რა გამოდის, _ რა ჰქონდა გიორგი წიკლაურს?

_ მე არ ვირიდებ ჩემს წილ პასუხისმგებლობას. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, რაც არ უნდა ცუდად განვითარდეს, რასაც არ ვისურვებდი, ჩემს წილ პასუხისმგებლობას არ ავირიდებ, მაგრამ სხვის პასუხისმგებლობასაც ვერ ავიღებ.

 

„ქრონიკა+“ ამის შემდეგ კვლავ შეეცადა ლალი კუპრაშვილთან შეხვედრას. დავუთქვით კიდეც დრო, თუმცა შეხვედრამდე 20 წუთით ადრე მისმა ასისტენტმა დაგვირეკა და მოგვიბოდიშა, რომ ქალბატონი ლალი კონსილიუმზე წავიდა და მანამდე ვერ შეგხვდებათ, სანამ ხელმძღვანელობა არ ჩამოვაო. ჩვენს კითხვაზე, _ ვინ ხელმძღვანელობა? პასუხად მივიღეთ, რომ კლინიკის დირექტორი. თავიდან, ცოტა არ იყოს, გაგვიჭირდა მოგვენახა ბმა გიორგი წიკლაურის მკურნალ ექიმს, დირექტორსა და, რაც მთავარია, კონსილიუმს შორის, თუმცა როდესაც ამის გარკვევაც ვცადეთ, თავაზიანი უარი მივიღეთ.

„ქრონიკა+“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.

 

                                                                                                                   თამარ როსტიაშვილი