ტაქსისტი, ხბო, ჩინოსანი და ,,შეკერილი საქმეები“

mm

ადვოკატი კახაბერ მათოშვილი „ქრონიკა+“-ს უსამართლო განაჩენების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, პოლიციის, პროკურატურისა და სასამართლოს ერთადერთი მიზანი ადამიანის დაჭერა და ციხეში გამომწყვდევაა. ისინი საქმეს ძირფესვიანად არ სწავლობენ და ისე  უშვებენ ახალგაზრდებს საპატიმროში.

 

კახაბერ მათოშვილი:

_ რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ და თავად მიხვდებით, რაც ხდება, რეალურად, პოლიციაში, პროკურატურასა და სასამართლოებში. ახალგაზრდა კაცი მეგობარ მამაკაცთან ერთად, დაქირავებული ტაქსით, ფეხმძიმე მეუღლის სანახავად თბილისიდან საგარეჯოში მიდიოდა. ტაქსის მძღოლმა 50 ლარი წინასწარ მოსთხოვა და მან ეს თანხა გადაუხადა, მაგრამ ერთ-ერთ მაღაზიასთან სიგარეტის საყიდლად გააჩერებინეს და უკან დაბრუნებულებს ტაქსი ადგილზე აღარ დახვდათ. ასე დაკარგეს ეს თანხა. ამის შემდეგ მეორე ტაქსი გააჩერეს, რომელმაც ასევე წინასწარ მოსთხოვა მგზავრობის ღირებულება _ 50 ლარი. ამ თანხაში მას მგზავრები საგარეჯოში უნდა ჩაეყვანა, დალოდებოდა და ისევ თბილისში ჩამოეყვანა. მასაც გადაუხადეს 50 ლარი. როდესაც საგარეჯოს მიუახლოვდნენ, მძღოლმა უთხრა, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრა, რამხელა გზის გავლა დასჭირდებოდა, გადახდილი თანხა საკმარისი არ იყო და კიდევ უნდა დაემატებინათ. მგზავრები მის მოთხოვნას არ დასთანხმდნენ, მაგრამ მძღოლიც არ ჩერდებოდა და გამუდმებით ითხოვდა ფულის დამატებას. ახალგაზრდა მამაკაცმა მეუღლე ნახა და თბილისში დაბრუნდნენ. გზაში მძღოლი კვლავ სთხოვდა დამატებითი თანხის გადახდას მგზავრებს. როგორც საქმის მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, ტაქსის მძღოლმა 50 ლარიდან 20 ლარი საწვავისთვის გამოიყენა, 30 ლარი კი მას შრომის საფასურად დარჩა. როდესაც კიდევ მოითხოვა თანხის დამატება, ახალგაზრდებმა მას 30 ლარი წაართვეს და უთხრეს, რომ მასთან ერთად აღარ გააგრძელებდნენ გზას. გაღიზიანებული ტაქსისტი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ სცემეს და დააყაჩაღეს. საგარეჯოს პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა მგზავრები. დღეს ორივე პატიმარია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მისჯილი აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას ამჟამად უკვე ჰყავს ახალშობილი შვილი და მეუღლე, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ, ფაქტობრივად, მარტო ზრდის ბავშვს. საქმე სააპელაციო სასამართლოშია, თუმცა მეორე ისტანციის სასამართლო მაინც თუ გაითვალისწინებს დანაშაულის მიზეზებს, ახალგაზრდა კაცის ოჯახურ მდგომარეობას, არავინ იცის.

_ გამოძიების დროს არ დადგინდა დანაშაულის ჩადენის მიზეზები?

_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ არ მოხდა სრულყოფილი გამოძიება, არავინ დაინტერესებულა, რამ განაპირობა ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, მათი პიროვნებითაც არავინ დაინტერესებულა და ისე წაუყენეს ბრალი. შემდეგ სასამართლომაც შეუსაბამო განაჩენი გამოიტანა. 30 ლარის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთის გამოტანა ახალგაზრდა კაცისთვის, რომელსაც სახლში მეუღლე და პატარა ბავშვი ელოდება, გაუგონარი სისასტიკე და დაუნდობლობაა. ეს გახლავთ ყოვლად შეუსაბამო განაჩენი. უამრავი ფაქტია ნამდვილი ყაჩაღობების, სადაც ასეთი მკაცრი განაჩენები არ დგება, ან სულაც „ვერ იხსნება“ ეს საქმეები. ასეთი უსამართლო განაჩენები, სამწუხაროდ, გახშირდა, რაშიც ყველას დანაშაულს ვხედავ: პოლიციის, პროკურატურის, პოლიციის. 9-წლიანი სასჯელი არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ზედმეტად მძიმეა, საზოგადოებრივ ინტერესს ლახავს და  ჰუმანურობისგანაც შორს დგას. არავის გაუთვალისწინებია, რომ ეს ადამიანი ციხეში არასდროს მჯდარა, მსგავს დანაშაულში შემჩნეული არ ყოფილა, 9 წლის მერე კი ის ციხიდან შეიძლება, მართლა დამნაშავე გამოვიდეს _ საზოგადოებამ მიიღოს დეგრადირებული წევრი, რომელიც უფრო საშიში იქნება, ვიდრე ახლაა.

_ კიდევ გაქვთ უსამართლო დაჭერებისა და განაჩენის ფაქტები?

_ როგორც გითხარით, ასეთი უამრავია, მაგრამ კიდევ ერთს მოგიყვებით: ეს შემთხვევა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში. ლაგოდეხიდან თბილისის მიმართულებით საფინანსო-ლოჯისტიკის დეპარტამენტის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ერთ-ერთი ჩინოვნიკი. მას აღნიშნულ გზაზე, კანონით, დაშვებული სიჩქარით უნდა ევლო, რაც მოიცავს 40-50 კმ-ს, რადგან ეს არის დასახლებული პუნქტი. მანქანა მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ერთ-ერთი მოსახლის ეზოდან ხბო გამოვარდა და მოხდა შეჯახება, რამაც ავტომანქანა დააზიანა. დაზიანება წარმოუდგენელი დოზით გაფორმდა.

მოვიდა პატრული და დაფიქსირდა, რომ ავტომანქანას დაუზიანდა წინა მარჯვენა ფრთა, ორივე გვერდითა კარი. გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა დაზიანებულიყო მანქანის წინა და გვერდითი მხარეები ერთდროულად? ერთი პატარა ხბოს შეჯახებით მანქანამ მიიღო 70%-იანი დაზიანება, არადა, თავად ხბოს შეჯახებისა არაფერი ეტყობა და მოტეხილობაც კი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პატრულის მიკერძოებასთან ჩინოვნიკის მიმართ. მათ ხბო შემთხვევის ადგილზე არც დაუნახავთ, მძღოლი-ჩინოვნიკის გადმოცემიდან გამომდინარე ივარაუდეს, ვისი სახლიდან შეიძლებოდა გამოსულიყო პირუტყვი და მათ მიადგნენ. დაიბარეს მესაკუთრე და უთხრეს, სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა, თუ ოფიციალურად არ აღიარებდა, რომ ეს ხბო მისი იყო. ოჯახი მოერიდა პოლიციასთან დაპირისპირებას და ისე მოიქცა, როგორც უთხრეს. მათ ეგონათ, რომ ეს ამბავი მხოლოდ 10-ლარიანი ჯარიმით შემოიფარგლებოდა და ამის გამო პატრული არ გადაიკიდეს. პატრულის მითითებით მათ დაწერეს, რომ ეს პირუტყვი ნამდვილად მისი იყო. დილით ვენახში წავიდნენ სამუშაოდ, ბოსლის კარი ღია დარჩათ, ხბომ გზაზე გასვლა და ამ ჩინოვნიკის ავტომანქანისთვის წინ გადახტომა მოახერხა. გაუგებარია, ეს ყოველივე რატომ უხსნის პასუხისმგებლობას მძღოლს, რომელიც დასახლებულ პუნქტში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა? ხომ შეიძლებოდა, ხბოს ნაცვლად ბავშვი გამოქცეულიყო გზაზე და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრებოდა? მოკლედ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გლეხს _ ალექსანდრე დიდიძეს, ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. არადა, არ არსებობს თვითმხილველი, რომელიც ამბობს, რომ ეს ატომანქანა ნამდვილად ამ ოჯახის ხბოს შეეჯახა. არსებობს იმის საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეიძლება ეს ფაქტი რეალურად არც მომხდარა, ანდაც ხბოს კი არა, ხეს, ან სხვა რამეს დაეჯახა ავტომანქანა და მხოლოდ მძღოლის ჩვენებით შეკერა საპატრულო პოლიციამ საქმე. რადგან ეს სახელმწიფოს მანქანა დაზღვეული იყო, წესით და რიგით, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ უნდა მისულიყო ამ სამსახურის წარმომადგენელი, ექსპერტი, უნდა მომხდარიყო ფოტო ილუსტრაცია, დალუქულიყო და ადგილზე შეფასებულიყო ზიანი, გამოეძახებინათ ევაკუატორი და დალუქულ მდგომარეობაში მანქანა საჯარიმოზე გადაეყვანათ, რაც არ მოხდა. მძღოლმა დაქოქა მანქანა და წავიდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ, თურმე, მიყენებული ზიანი 13-14 ათას ლარს შეადგენდა.

ამის შემდეგ მოვლენები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისგან დამოუკიდებლად განვითარდა _ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვების გამო. რადგან მან სხვას მიაყენა ზიანი,  მესაკუთრე ვალდებულია, ზიანი აუნაზღაუროს. თავდაპირველად, ამის გამო მას 100-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს, რაც მისთვის შოკი იყო. პატრულმა უთხრა, _ თუ რამე საწინააღმდეგო გაქვს, არსებობს შესაბამისი უწყებები და გაასაჩივრეო. მაგრამ გასაჩივრებას თან სდევს შესაბამისი ხარჯები, თანაც კონკრეტული საპატრულო ეკიპაჟის მოქმედება უნდა გაასაჩივრო მის ხელმძღვანელობასთან. პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ როცა სამინისტრო პატრულის არასწორ საქციელზე იხილავს საქმეს, ნებისმიერი საჩივარი პატრულ-ინსპექტორების გამართლებით მთავრდება. მოკლედ, 100 ლარის გამო არ ღირდა გასაჩივრება, რადგან ეს, მინიმუმ, 1000 ლარი დაუჯდებოდათ და მათ გადაიხადეს ეს თანხა. ცხადია, არ იცოდნენ, რა მოჰყვებოდა თანხის გადახდას.

_ 100 ლარის გადახდას რა მოჰყვა?

_ რა და ამით ეს დანაშაული კანონიერ ძალაში შევიდა და, ფაქტობრივად, მან ამით კიდევ ერთხელ აღიარა ყველაფერი. ეს ჩაიდინა  პატრულმა, საკუთარი გადამეტებული საქციელით, როცა ოჯახს ძალდატანებით დააწერინა ახსნა-განმარტება, რომ ხბო, რომელსაც ავტომანქანა შეეჯახა, მათი იყო. რამდენიმე თვის შემდეგ „პე-ეს-პე“-ს სადაზღვევო კომპანიამ მოიკითხა, რა ვითარებაში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და რა ჰქონდა ავტომანქანას დაზიანებული? აღმოჩნდა, რომ მანქანას დაზიანებული ჰქონდა მაშუქი ფარი, რომელიც 4000-5000 ლარი ღირს, ორი კარი _ 1500-2000 ლარი ღირს, ანუ დაზიანებების მთლიანმა ღირებულებამ 13-14 ათას ლარი შეადგინა, თავისი საადვოკატო და სასამართლო ბაჟებით კი 15 ათას ლარამდე ავიდა. მანქანა სადაზღვევომ გააკეთებინა და საფინანსო ლოჯისტიკის დეპარტამენტი კმაყოფილი დარჩა, რის შემდგომაც უკვე სადაზღვევო კომპანიამ, როგორც მოსარჩელე მხარემ, სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ამ გლეხ კაცს ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. მან 100-ლარიანი ჯარიმა უკვე გადაიხადა, მაგრამ ახლა „პე-ეს-პე“-ს დაზღვევის სასარგებლოდ უნდა გადაიხადოს 15 ათასი ლარი. მეტიც, სასამართლომ დააყადაღა მისი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი სოფელ კოლაგში, სადაც ცხოვრობს 7-8-სულიანი ოჯახი. სწორედ პატრულის გაუთვალისწინებელი და დაუდევრობით შეკერილი საქმის გამო ხდება ამ ოჯახის თავს ეს უბედურება.

_ ადვოკატები დახმარებას და სიმართლის დამტკიცებას ვერ ახერხებთ?

_ ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ და შესაგებელში უტყუარი ფაქტები მივუთითეთ. აღვნიშნეთ, რომ დასადგენი იყო, ნამდვილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საკუთრებაში არსებული პირუტყვის შედეგად მოხდა ეს ავტოავარია და ავტომანქანის დაზიანებები, თუ სხვა რამის გამო? როგორც გითხარით, ამის თვითმხილველი არ არსებობს და ამ ოჯახის ხბოსაც არ გააჩნია შესაბამისი დაზიანებები. მივუთითეთ, რომ ეს ყველაფერი ვარაუდია და არ შეიძლება, ვარაუდებზე დაყრდნობით ადამიანს დაუყადაღო ერთადერთი საცხოვრებელი სახლი. თუ სასამართლომ მაინც არ გამოიტანა ადეკვატური გადაწყვეტილება და ოჯახი არ გადაიხდის მოთხოვნილ თანხას, დიდი ალბათობით, მათ საცხოვრებელს აუქციონზე გაუყიდიან სადაზღვევოს სასარგებლოდ და კიდევ ერთი ოჯახი დარჩება უსახლკაროდ, რომელთაც, რეალურად, არაფერი დაუშავებიათ.

_ ამ შემთხვევაში მხოლოდ პატრულის ბრალეულობა იკვეთება, თუ სადაზღვევოსიც და ჩინოვნიკის, რომელსაც ეს ამბავი შეემთხვა?

_ მთავარი დამნაშავე არის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. ისინი, ვფიქრობ, არ არიან სათანადოდ მომზადებულნი, ჩამოყალიბებულნი და მოქმედებენ მიკერძოებულად. მათ ადამიანს აღიარებინეს დანაშაული, რომელსაც საშინელი გაგრძელება მოჰყვა. პატრულმა კონკრეტული ფაქტი ობიექტურად არ შეისწვლა. მოწმეები სრულფასოვნად უნდა დაეკითხათ. ვეტერინარების დახმარებით გავარკვიე, რომ შინაური პირუტყვი დანომრილია და შესაბამისი სამსახურებისთვის ცნობილია, რომელი ნომერი ვის ეკუთვნის. არც ეს გადაუმოწმებიათ და არც ავტომანქანა დაულუქავთ. მისი ფოტოილუსტრაციაც კი არ მომხდარა, არ მოუწვევიათ ექსპერტი. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ მძღოლმა ავტომანქანას ეს დაზიანებები სხვაგან მიაყენა და ახლა ამ საწყალ ხალხს ხვევენ შარში. სადაზღვევოსაც მყისიერად უნდა ემოქმედა და ასევე ჩაეტარებინა მოკვლევა, რაც არ გაუკეთებია. ცხადია, ყველას ბრალი იკვეთება. მე მაქვს დაზიანებების ჩამონათვალი და თქვენ წარმოიდგინეთ, ავტომანქანის დეტალები იქ რამდენჯერმე წერია. მაგალითად, წინა მარჯვენა კარის სკოჩი კონკრეტული თანხაა და იგი რამდენჯერმე მეორდება.

19 აგვისტოს აღნიშნული პროცესის მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა, რომელიც მთავარ სხდომაში გადაიზარდა, მაგრამ „პე-ეს-პე“-ს იურისტი არ გამოცხადდა. ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ სასამართლოს მის დაუსწრებლად გამოეტანა განაჩენი. მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქმის დეტალებზე დაყრდნობით და სარჩელზე უარის თქმის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. ფაქტობრივად, აღნიშნული პროცესი მოვიგეთ, თუმცა ამას თავისი 10-დღიანი გასაჩივრების ვადა აქვს. შეიძლება „პე-ეს-პე“-მ გაასაჩივროს. თუ არ გაასაჩივრა, ის კანონიერ ძალაში შევა და ამ ოჯახის სახით ერთი ბედნიერი ოჯახი გვეყოლება. ამ სახლში ცხოვრობს ხანდაზმული პაპა, რომელმაც მის აშენებას წლები მოანდომა. ახლა კი ხელაღებით, ერთი თუ ორი პატრულის ჩამოუყალიბებელი, გაუაზრებელი და მიკერძოებული ქმედებით კარგავს მას. ეს არის ყოვლად მიუღებელი, უკანონო და არაჰუმანური საქციელი, რომელიც, სამწუხაროდ, სამართალდამცველების მხრიდან ძალიან გახშირდა.

„ქრონიკა+“ კახეთის ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე „პსპ“-ს სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა და ოპერატორს აღნიშნულ საკითხზე რესპონდენტის ნაამბობი გააცნო. მათ გვითხრეს, რომ ინფორმაციას შესაბამის თანამდებობის პირებს გადასცემდნენ და ისინი შეგვეხმიანებოდნენ, თუმცა სადაზღვევო კომპანიიდან არავინ დაგვკავშირებია.

                                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი