მოდის, ბატონო ბიძინა!

ssss

ოთხი წლის წინათ, 2012 წლის სექტემბერში, მთელი საქართველო ტრიუმფით შემოიარა. მრავალათასიან მიტინგებზე მას ყურადღებით უსმენდნენ და ტაშს უკრავდნენ. ოთხი წლის თავზე ის ფართო აუდიტორიას ემალება, რეგიონულ ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა ხვდება და აქციის მონაწილეების შეკითხვებს ყურადღების მიღმა ტოვებს, რეგიონული მედიის შეხვედრაზე კი საკუთარ პარტიაზე ხშირად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბრაზობს, რომ 300 000 კაცი მაინც მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ელოდება.

ეს ბიძინა ივანიშვილია _ ქვეყნის მთავარი „მოქალაქე“ და არაფორმალური მმართველი.

ერთადერთი დაპირება, რაც ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა, ხელისუფლებიდან წასვლაა, მაგრამ წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო. ის შუშის სასახლიდან მართავს ხელისუფლებას, მთავრობას, პარტიას, ბიზნესს, მედიას, განკარგულებებს გასცემს და პერიოდულ ანგარიშებს ითხოვს. ამასთან, მას აცხოვრებენ (ცხოვრობს) სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. ცდილობს, რომ არ მიიღოს ნეგატიური ინფორმაცია, არ უყვარს მის მიერ 2012 წელს გაცემული დაპირებების შეხსენება და რეალურად სჯერა, რომ ათასზე მეტი საწარმო აამუშავა. ის არღვევს კანონს და ფიქრობს, რომ შპს „საქართველოში“ მას ყველაფრის უფლება აქვს. ჯერჯერობით ასეა!

თუმცა ბიძინა ივანიშვილმა მთავარი ბრძოლა „რუსთავი 2“-თან უკვე წააგო. ამ ომში მან სასამართლო ხელისუფლება მიწასთან გაასწორა. უზენაესმა სასამართლომ, იმის მიუხედავად, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მისი პირადი ხელის ბიჭია, ვერ გარისკა და „რუსთავი 2“-ის საკასაციო სარჩელი წარმოებაში მიიღო. პარალელურად, ივანიშვილს მის მიერ საქართველოში საგანგებო მისიით დაბრუნებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც აუყირავდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის საკითხი ხელისუფლებასთან „სუსის“ უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა გაარკვია. მას საქართველოში დაბრუნების სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილსა და ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ჩვენებები უნდა მიეცა. სანაცვლოდ, ოქრუაშვილს გორზე კონტროლს, ბიზნესებსა და სამომავლო პოლიტიკურ გარანტიებსაც ჰპირდებოდნენ. ერთ-ერთი მთავარი პირობა „რუსთავი 2“-ის საქმეზე  ოქრუაშვილის სიჩუმე იყო. ოქრუაშვილმა თავისუფლება და გორზე კონტროლი მიიღო, მაგრამ ეს მის ამბიციებს ბოლომდე ვერ აკმაყოფილებდა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოქრუაშვილისა და ხალვაშის გარიგების დეტალები იცოდა, საჯაროდ, თავად ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დაადასტურა. მეტიც, მან დაასახელა ციფრი 7 მილიონი, რომელიც ეროსი კიწმარიშვილს „რუსთავი 2“-ის წილში ერთმა კაცმა გადაუხადა. მართალია, ოქრუაშვილს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ კულუარებში დიდი ხანია, ცნობილია იმ ერთი კაცის ვინაობა და ეს სწორედ ბიძინა ივანიშვილია. სხვათა შორის, ეროსი კიწმარიშვილი მისმა მოწილეებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ფაქტის წინაშე დააყენეს, მის უკითხავად გამართეს ვაჭრობა და ამ გარიგებაში ნამდვილად მონაწილეობდა ფოთის პორტის მაშინდელი დირექტორი, ჯემალ იმნაიშვილი. მეტიც, „რუსთავი 2“-ის წილი რამდენიმე დღის განმავლობაში თამაზ ნიჟარაძის _ „პარაშუტას“ ცოლისძმის სახელზეც იყო გაფორმებული. ბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშის ხელით სწორედ იმ ტელევიზიის „დათრევას“ ჩალიჩობდა, სადაც მან ფული ჩადო, ამიტომაც იყო ეროსი კიწმარიშვილი დიდ გულზე, როცა ამბობდა, რომ „რუსთავი 2“-ის წილებზე ლაპარაკის დროს ივანიშვილმა მას უნდა ჩახედოს თვალებში.

ბოლოს და ბოლოს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ალაპარაკდა _ მან ქიბარ ხალვაშთან გარიგების დოკუმენტის ავთენტურობაც დაადასტურა და ფრანგი ექსპერტის შესაბამისი დასკვნაც წარმოადგინა. ის, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ისა და ყველა სხვა საქმეში პაიკი იყო, იმთავითვე ცნობილი გახლდათ. მისი გავლენები ბიზნესში, მოგებული ტენდერები და ფინანსური პრივილეგიები სწორედ იმდენ ხანს გაგრძელდა, სანამ ოქრუაშვილს სააკაშვილის კარზე გავლენები ჰქონდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი გავლენებს ნამდვილად არ უჩიოდა _ მანამ, სანამ მას საპრეზიდენტო ამბიციები არ გაუჩნდა და დამოუკიდებელი კვლევაც არ ჩაატარა საკუთარი რეიტინგის გასაზომად. კვლევა პოლიტიკური მეგობრების ზურგსუკან ჩატარდა, მაგრამ საიდუმლოდ მაინც არ დარჩენილა, _ სააკაშვილს ინფორმაცია ვანო მერაბიშვილმა დაუყოვნებლივ მიაწოდა. უნდობლობის პარალელურად, ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის წილის გადაფორმება მოსთხოვეს და ეს ლოგიკურიც იყო. შესაბამისად, ქიბარ ხალვაშის ფინანსური პრივილეგიებიც დასრულდა და მას საქართველოდან წასვლა მოუწია. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ხალვაშმა ოქრუაშვილს სერიოზული ფული მოუტეხა და მათ შორის მტრობაც ამის გამო გაღვივდა.

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ოქრუაშვილმა მას შემდეგ დაიწყო ხალვაშთან გარიგების დოკუმენტით სპეკულაცია, რაც გორში მაჟორიტარობის მყარი გარანტიები ვერ მიიღო. ის ტრადიციულად გამოიყენეს და გადააგდეს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ბოლო დროს მის სატელეფონო ზარებს არც კალაძე და აღარც გოგაშვილი პასუხობდნენ. გაბრაზებულ ოქრუაშვილს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის მცდელობაც ჰქონია და დაუდასტურებელი ინფორმაციით, ივანიშვილისთვის მას, სიჩუმის სანაცვლოდ, 20 მილიონი მოუთხოვია. ბიძინა ივანიშვილს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ვაჭრობა არ მოუსურვებია და ირაკლი ოქრუაშვილის  ბოლო იმედიც აქ დასრულებულა.

შეცვლის თუ არა ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტი რეალობას „რუსთავი 2“-ის საქმეში? დოკუმენტის თანახმად ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაში იმ ტელევიზიის წილზე დაობს, რომელიც მისი საკუთრება არასოდეს ყოფილა და არც ფინანსები გაუღია ამ წილის შესაძენად. ფაქტობრივად, დოკუმენტურად დადასტურდა ის, რაზედაც კულუარებში ყველამ ყველაფერი იცოდა. ქართული და არა მხოლოდ ქართული კანონმდებლობით, ქიბარ ხალვაში, უბრალოდ, თაღლითია და მას ნორმალური სახელმწიფოს პირობებში აუცილებლად მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. მაგრამ, ჯერჯერობით, თემიდა საქართველოში ნამდვილად ბრმაა და უზენაესი სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლაზეა დამოკიდებული და არა სამართალზე.

წინასაარჩევნო კამპანია ზედმეტი ემოციებისა და სიურპრიზების გარეშე მიმდინარეობს. „ქართული ოცნება“, ძირითადად, მაჟორიტარების იმედზეა და ცენტრალური ოფისი, ჯერჯერობით, საარჩევნო შეხვედრებს არც მართავს. როგორც ჩანს, კომპრომატების ომი არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაიწყება და 9 ოქტომბრის მერე გაგრძელდება. ნებისმიერი კვლევა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებს გადამწყვეტი უპირატესობით ვერ იგებს, ამიტომ გამომდინარე აქედან, მას ან არჩევნების გაყალბება მოუწევს, ან იმ პარტიებთან ხელისუფლების გაყოფა, რომლებიც ბარიერს გადალახავენ. ბიძინა ივანიშვილს კი გაყოფა ნამდვილად არ უყვარს. ის ფიქრობს, რომ მისი სიტყვა ისევ კანონია და მას ჭარბი ნდობა აქვს, ამიტომაც აკრიტიკებს დაუნდობლად ყველა პარტიას, მათ შორის, ყოფილ პარტნიორებს კოალიციიდან. განსაკუთრებული აგრესია კი „რესპუბლიკელების“ მისამართით აქვს. არადა, იყო დრო, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს „ქართულ ოცნებაში“ გადასვლას სთავაზობდა. ივანიშვილი ეჭვიანობს უსუფაშვილისა და ალასანიას დასავლურ კავშირებზე, რადგან ფიქრობს, რომ არჩევნების მერე მას სწორედ დასავლეთის მხარდაჭერა დასჭირდება შედეგების „გასაპრავებლად“. მას საკუთარი ფინანსების უსაფრთხოება აღელვებს და პოლიტიკური გარანტიებიც აშინებს.

ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ „რუსთავი 2“-თან ბრძოლაში დამარცხდა, არამედ მიხეილ სააკაშვილთან. მართალია, მან არჩევნები მოიგო, მაგრამ მთავარი ბრძოლა სააკაშვილს ვერ მოუგო, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართულ პოლიტიკაში ისევ ანგარიშგასაწევი ძალაა, მასზე ისევ ჩამოდიან ფსონს ამერიკელები და ივანიშვილის უდიდესი მცდელობის მიუხედავად, მან სააკაშვილის კომპრომეტირება ვერ მოახერხა, ვერ დადო ფაქტები, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის კორუმპირებულობას დაადასტურებდა და მოპარული მილიარდების საქმე, საბოლოოდ, 6 პიჯაკად და ერთ ქიშმირის პალტოდ ჩამოყალიბდა.

ჩამოვა თუ არა საქართველოში არჩევნების წინ, ან არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი? მან უკვე დააანონსა, რომ ყვარელში, საკუთარ მამულში, ყურძნის დაწურვას აპირებს. მიშა არც ისე გულუბრყვილოა, სიტყვები წინ გაექცეს, ან ივანიშვილის მოწყალებას დაელოდოს.

თუ ის საქართველოში დაბრუნდა და საზღვარზე დააკავეს, უკრაინის მოქალაქისა და მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას სერიოზული საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება, რაც ივანიშვილს არც ერთი ლოგიკით არ აწყობს. მას უნდა, არჩევნები მშვიდად, მოსუფთავებულ ველზე და ამომრჩევლის ნაკლები აქტივობის ფონზე ჩაატაროს. სააკაშვილის დაბრუნება კი მის კომფორტს იმ შემთხვევაშიც არღვევს, თუკი საზღვარზე მისი დაპატიმრება არ მოხერხდა და საქართველოში უპრობლემოდ შემოვიდა. ეს ივანიშვილის უძლურების კიდევ ერთი დასტური იქნება.

პარალელურად, თუ საპარლამენტო არჩევნები ჩაიშალა და 2016 წლის მორიგი მოწვევის პარლამენტმა შეკრება ვერ მოახერხა, სამთავრობო კრიზისი სახეზეა. ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული პირი საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იქნება. სწორედ ივანიშვილის ყოფილი ფავორიტის ხელშია სახელმწიფოს, დემოკრატიისა და ხელისუფლების ბედი. ივანიშვილს ეს რეალობა კარგად აქვს გაცნობიერებული. იცის, რომ მარგველაშვილი მისი დირექტივებით არ ივლის. ამიტომაც ცდილობდა ის პარლამენტის თავმჯდომარის დათანხმებას, რომ კანონი შეცვლილიყო და პრეზიდენტი არა ხალხს, არამედ პარლამენტს დაენიშნა. მან ამ გეგმის განხორციელება ვერ მოახერხა, ამიტომაც საპარლამენტო არჩევნების წინ რისკები გაცილებით მაღალია, ვიდრე 2012 წელს, როცა სააკაშვილმა არჩევნების წაგების მერე ხელისუფლება ივანიშვილს უპრობლემოდ გადააბარა.

აქვს თუ არა ივანიშვილს კოზირი?

ხაინდრავას ფილმი ამ კოზირად ვერ იქცა. ეს უკვე ცხადია.

რეგიონულ მედიასთან შეხვედრები წარმატებული არ არის, უკეთეს შემთხვევაში, გადაცემის რეიტინგი 3%-ს ვერ სცდება.

რა გზას დაადგება მოქალაქე? გადააბარებს ხელისუფლებას კოალიციურ მთავრობას, თუ ამომრჩევლის ხმებზე იძალადებს?

9 ოქტომბრამდე 26 დღე დარჩა…

 

                                                                                                                     ელისო კილაძე