„დევნილებს საარჩევნო უფლება უნდა დაუბრუნდეთ!“

malxaz

აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭო, გარკვეული მიზეზების გამო, დღემდე არ გადარჩეულა. წლების განმავლობაში ამის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი მოსახლეობის დევნილობა და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების აუცილებლობა იყო. ყველა ახალი მთავრობა მოკლე ხანში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას იძლეოდა, რაც არ სრულდებოდა. ამასობაში ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა. დღეს აფხაზური საზოგადოების ნაწილი ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რათა დევნილებს რეალური საარჩევნო უფლება დაუბრუნდეთ.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება აფხაზთა კრების წარმომადგენელი, მოძრაობა „დაბრუნების“ ხელმძღვანელი, მალხაზ პატარაია:

_ ბატონო მალხაზ, როგორია თქვენი პოზიცია აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით?

_ აფხაზთა კრების (რომელშიც 35 ორგანიზაცია შედის) პოზიციაა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით არჩევნები უნდა გაიმართოს და დევნილებს საარჩევნო უფლება უნდა დაუბრუნდეთ. სადღეისოდ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არის 22 დეპუტატი, რომელიც 24 წლის განმავლობაში არ გადარჩეულა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს შემადგენლობა გადახალისდეს, რამდენადაც თვითონ უმაღლეს საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ეს არის დევნილი საზოგადოების შენარჩუნების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ოკუპაციისა და გენოციდის მსხვერპლის წარმომადგენლობა და ორგანო, სადაც, პრაქტიკულად, აფხაზური ელიტის ფორმირება უნდა მოხდეს. აფხაზეთში მარტო ჩვენი დაბრუნების ამოცანა არ დგას, შემდგომში მართვის ამოცანაც დგას. დღეს ეს არის უმოქმედო, კორუფციის, კოლაბორაციონიზმის, ნეპოტიზმისა და, როგორც ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, სეპარატიზმის ჭაობში ჩაფლული სახელისუფლებო სტრუქტურები, რომელიც უნდა განახლდეს და გაცოცხლდეს.

_ სეპარატიზმის ჭაობში ჩაფლულობაში რას გულისხმობთ?

_ იმას ვგულისხმობ, რომ პირველი, საქართველოს ხელისუფლებისგან დაუკითხავად, რეალურად, დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დღემდე, ოთხი წელია, მთავრობა ჰყავთ, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ვახტანგ ყოლბაიასა და მის მთავრობას ვგულისხმობ. მეორე ის, რომ სულ რამდენიმე თვის წინათ მათ აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი გააჟღერეს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჰორიზონტალური კავშირების წყვეტას ითვალისწინებდა, რაზეც ჩვენ და შემდგომში მთელმა საზოგადოებამ რეაგირება მოახდინა და, ამ ეტაპზე, ეს საფრთხე აცილებულია. ეს ყველაფერი პრეზიდენტისა და სახელისუფლებო შტოების რეაგირების შემდეგ მოხდა.

_ ყოლბაიას ცენტრალურ ხელისუფლებასთან თქვენ მიერ ხსენებული დამოკიდებულების მიზეზი რა არის?

_ თავის დროზე, საქართველოს წინა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას უარი უთხრა, მისი კანდიდატურა არ შეითანხმა სწორედ ამ კოლაბორაციონიზმის მოტივით, იმდენად, რამდენადაც ის ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი იყო.

_ დღევანდელ ხელისუფლებასთან, მთავრობის თავმჯდომარესთან დამოკიდებულება როგორია?

_ მისი კანდიდატურა დღესაც შეთანხმებული არ არის. ის დროებით მოვალეობის შემსრულებელია. სანამდე შეიძლება იყოს სახელმწიფო მოხელე მოვალეობის შემსრულებელი? შეიძლება, ეს მთელი ოთხი წელი გრძელდებოდეს? თავის დროზე, მას ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან უარი ეთქვა და, მაინც, უმაღლესმა საბჭომ ის მოვალეობის შემსრულებლად განამწესა. ამით დაიწყო ეს დაუმორჩილებლობა და იმით დამთავრდა, რასაც, თავის დროზე, ვლადისლავ არძინბა აკეთებდა. თავიდან ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა დაიწყო და შემდეგ საკანონმდებლო სივრციდან გავიდა. დიახ, ამათაც ასე გააკეთეს. ყოლბაიას ინიცირებით ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და სულ რამდენიმე თვის წინათ ამ სამართლებრივი სივრციდან საერთოდ გასვლა სცადეს. საუბარია საქართველოს სამართლებრივ სივრცეზე. მათ გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთის კონსტიტუციიდან ამოეღოთ ის დებულებები, რომელიც განსაზღვრავდა ვერტიკალურ ბმას ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

_ სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესი?

_ პროცესი, როგორც გითხარით, ამჟამად გაჩერებულია, მაგრამ თუ მივუშვებთ, შეიძლება იქამდე წავიდეს, რომ აქ, თბილისში, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა გამოგვიცხადონ.

_ რაც შეეხება არჩევნებს, აფხაზეთის ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს კენჭისყრა საერთო-ეროვნულ არჩევნებთან უნდა გაიმართოს, თუ ცალკე?

_ ბევრი ვარიანტი არის, შეიძლება საერთო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს და შეიძლება ცალკედაც, იმის მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი. საერთო-ეროვნული კონსენსუსის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია და, საკითხავია, ამას სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს? არც ისე ძვირი ჯდება ეს არჩევნები, თუ ცალკე გაიმართება. თუ რომელიმე სერთო არჩევნებს დაემთხვა, მაშინ გაცილებით ნაკლები დაჯდება ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა აქ ფინანსური საკითხი რა მოსატანია! ყოველწლიურად, ფაქტობრივად, ჰაერში ვუშვებთ 14 მილიონ ლარს ჩვენი გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან, რომელიც აფხაზეთის ბიუჯეტის სახით იხარჯება. აი, ამ აფხაზეთის ხელისუფალთა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრების პირადი ინტერესებისა და მათივე ოჯახის წევრების ინტერესთა შესაბამისად და არა დევნილთა რეალური ინტერესების გათვალისწინებით. რაც შეეხება ზოგადად ლეგიტიმურობის საკითხს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც სტრუქტურა, ლეგიტიმურია, მაგრამ იმის გამო, რომ პერიოდულად გადარჩეული არ არის და  ამომრჩევლის რეალური მანდატი არ აქვს, ამიტომ არსებული შემადგენლობა ლეგიტიმური არ არის. ამდენად, შემადგენლობა უნდა გადავირჩიოთ, როგორც ეს ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდება. თუნდაც არაცივილიზებულში, სადაც რეალურად, ან ფორმალურად მაინც არსებობს წარმომადგენლობითი ორგანოები.

_ მანამდე, საერთო არჩევნებში, იგივე საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დევნილი მოსახლეობის ხმა და ინტერესები რამდენად აისახება?

_ მოგეხსენებათ, რომ დევნილები პირდაპირი არჩევის უფლებას მოკლებული არიან, რამდენადაც მათ თავისი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები არ გააჩნიათ. გარდა ამისა, ისინი თავიანთ მაჟორიტარებს არ ირჩევენ. ამას პლუს აგერ აქვთ ავტონომიის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ასევე არჩევითი არ არის. აქედან გამომდინარე, პირდაპირ და უშუალოდ მათ წარმომადგენელი არც ერთ ორგანოში არ ჰყავთ. თუმცა ისინი, ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობენ. ვთქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს იქნება თბილისში, ჩხოროწყუში, ზესტაფონში თუ სხვაგან, მაგრამ როგორც ამ ტერიტორიის ამომრჩეველი და არა როგორც აფხაზეთის ამომრჩეველი.

_ ამ მხრივ, დევნილი მოსახლეობის დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა დამაკმაყოფილებელია?

_ დევნილებს უფლება ბოლომდე უზრუნველყოფილი არ აქვთ, მაგრამ არსებულ ჩარჩოებში გარკვეული აქტივობა არის. მოგახსენებთ, რომ ჩვენი გაერთიანება, აფხაზთა კრება, საკმაოდ მრავალრიცხოვანია ორგანიზაციებისა და წევრების თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ მივდივართ და ვხვდებით ადამიანებს, ვესაუბრებით აღნიშნულ საკითხებზე, ისინი ძალიან პოზიტიურად ეხმაურებიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების იდეას. ამდენად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა საკმაოდ პოზიტიურია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ უფლება არ აქვთ, ამ თვალსაზრისით საკითხი პრობლემურია. ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად მივაწოდოთ ხმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სპექტრს და ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარღვევა მოხდეს და დევნილები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში.

_ თქვით, რომ ადგილებზე ხვდებით დევნილებს, თქვენს გაერთიანებაში ბევრი ორგანიზაცია შემოდის. ამ ეტაპზე რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას დევნილი მოსახლეობა, რა არის მთავარი სატკივარი?

_ დევნილთა მთავარი სატკივარი სახლში დაბრუნებაა. ეს დამოკიდებულება, როგორიც აქამდე იყო, ასეთადვე რჩება, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საკუთარ სახლებში დაბრუნება.

_ ამ მხრივ რა ეტაპზე ვიმყოფებით, დევნილები, მთლიანად საზოგადოება, ქვეყნის ხელისუფლება?..

_ ამ ეტაპზე სტაგნაციის მდგომარეობაში ვიმყოფებით! ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული მიმართულებით არაფერი კეთდება. პირიქით, ვითარება, შეიძლება ითქვას, უფრო გაუარესდა.

_ მიზეზი?

_ მიზეზი ის არის, რომ დღეს საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს.

_ რით ადასტურებთ?

_ მთელი რიგი ქმედებებით, რომელსაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავთ ამ ხელისუფლების ქმედებებში: დაწყებული პირველივე განცხადებით, როცა, ჯერ კიდევ, ხელისუფლებაში მოსული არ იყვნენ _ თითქოს, 2008 წელს ომი ჩვენ დავიწყეთ. აი, ეს სრულიად დამღუპველი, რეალობასთან შეუსაბამო და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადება და ამის მერე კიდევ ძალიან ბევრი განცხადება და ქმედება იყო. ვთქვათ, ასეთია საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის საკითხის ფაქტობრივად მოხსნა. ამის თაობაზე უკვე აღარაფერი ისმის. ვხედავთ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მეტად სამარცხვინო პოზიციას. ასევე კოსოვოსთან დაკავშირებით გაჟღერებული პოზიცია. თუ გახსოვთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთი განცხადება იყო, რომ კოსოვოს მოდელი შეიძლება მისაღები იყოსო. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება რატომაც არაო და ა. შ. სამარცხვინო მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე და მისთ. ასევე თუ გახსოვთ ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ 25 წელია, აფხაზები თვითგამორკვევისთვის იბრძვიანო და ა. შ.

_ გამოსავალი სად არის, რომ ამ საკითხში ახალი პერსპექტივები გაჩნდეს?

_ გამოსავალი ის არის, რომ საქართველოს ახლანდელ არჩევნებში პროდასავლურმა ძალებმა გაიმარჯვონ! და არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“ და სხვა პრორუსულ ძალებს, უმრავლესობა დააკომპლექტონ პარლამენტში და, შესაბამისად, ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი საფრთხე ელის არათუ ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

_ გალის ქართული მოსახლეობა რამდენად ახერხებს საერთო-ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობას?

_ გალის მოსახლეობის რეალურ მდგომარეობაზე ბევრჯერ გავამახვილეთ ყურადღება. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ბუნებრივია, ვინც ამ დროისთვის ქვეყნის აქეთა ტერიტორიაზეა, კენჭისყრაში მონაწილეობს, მაგრამ არც თუ ისე დიდი რაოდენობა გადმოდის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გასაგები მიზეზების გამო.

_ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ე.წ. ხელისუფლებას რა დამოკიდებულება აქვს დანარჩენი საქართველოს, თბილისის არჩევნების მიმართ?

_ საოკუპაციო ხელისუფლების დამოკიდებულება ისეთია, როგორც მეზობელი სახელმწიფოს არჩევნებისადმი.

_ ამ მხრივ ისინი გალის მოსახლეობის აქტივობას როგორ უყურებენ?

_ ამ თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებულ ზომებს არ მიმართავენ. რასაკვირველია, ხელშეშლა არის. თუ გახსოვთ, იყო ცნობილი ხურჩის ეპიზოდი, როდესაც იქიდან გადმოსულ დევნილებს ცეცხლი გაუხსნეს ე. წ. აფხაზური მხრიდან. მაგრამ ამ საკითხში სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა, იქიდან გამომდინარე, თუ რა ამოცანა დგას საოკუპაციო რეჟიმის წინაშე. ეს რეჟიმი პერიოდულად ხან მკაცრია, ხან შედარებით ლმობიერი, თორემ, ზოგადად, ეს დიდი საკონცენტრაციო ბანაკის რეჟიმია, ჩვენ მას საბჭოთა ბანაკების სისტემას, გულაგს ვადარებთ, რაც ახლა, რეალურად, გალის რაიონში ხდება.

 

                                                                                                          გელა მამულაშვილი