მამაცაშვილი-გოგაშვილის ,,რანდევუ“ და შეუსრულებელი მისია

uyi8

დასვენების ფასი არაფერია…

და თუ ეს დასვენება ჩვენგან დასვენებას ჰქვია, არა, სოსო? ბოლო ორი კვირაა, ასე მშვიდად, ნეტარად ხარ და კუდი ყავარზე გაქვს გადებული.

მთავარია, ჩვენ არ ვიყოთ და თუ გინდა, „ფაშისტური გერმანია“ მოვიდეს, მათაც მიჰყიდი სულს… ხო, გერმანიაზე გამახსენდა… „ოცნება“ რომ წავა, შენც მიდიხარ, გავიგე და გეზი გერმანიისკენ გაქვს აღებული. მჯერა, გადარევ ანგელა მერკელს შენი პროფესიონალიზმით… მაგრამ აზიის ქვეყნები რატომ გადაიფიქრე?

გავიგე, სოფლად ჩასულხარ, ყველა არ გინახავს, მაგრამ რამდენიმეს კი შესჩივლე, _ დავიღალე, დასვენება მინდაო… ჰოდა, კი დაგასვენეთ, მეტი რაღა გინდა? ეს ორკვირიანი დასვენება შენთვის ისეთი ნეტარება იყო, როგორც XX საუკუნეში კომუნისტების დროს მე-13 ხელფასი და საირმის „პუწიოვკა“.

მოკლედ, არდადეგები დასრულდა და ყველა სამუშაოს დავუბრუნდით, თუმცა შენ მაინც არ ისვენებ, გატყობ…

გავიგე, ჩემი დასვენება გაინტერესებდა, სად უნდა წავსულიყავი. გეტყვი:

იმის მაგივრად, რომ შვებულებაზე ვიფიქრო, ისეთი ცხოვრების აწყობას ვგეგმავ, რომლიდანაც გაქცევა არ მომინდება.

შიში შეიქმს სიყვარულსა და ჩვენ კი შენი არ გვეშინია, თუმცა კი, ამასობაში, ჩემი მუზა გახდი…

რა მეშველება 8 ოქტომბრის მერე, შენ რომ გერმანიაში წახვალ და მე, კიდევ, აქ დავრჩები შენს ტკბილ მოგონებად?!

საერთოდ, დიდია მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობა ძალიან ადვილად იჯერებს ყველაფერს. ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ხელისუფლებისთვის მასმედია დიდი ბერკეტია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს ქართულ მასმედიაში არსებული ვითარება. ნდობა, გარკვეულწილად, მაინც არსებობს. ძალიან დიდია საზოგადოების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მასმედიის როლი. მასმედიის გავლენის ძალა ისევე დიდია, როგორც რეკლამისა. ტელევიზია მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ამჟამად გადაუჭრელ პრობლემად რჩება ტელევიზიაზე მთავრობის გავლენა, თუმცა წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია. ჟურნალისტმა უნდა გაითვალისწინოს, თუ რამდენად შეეფერება მის ხელთ არსებული მასალა მომხმარებლის რეალურ მოთხოვნებს. 1956 წლის შემდეგ ტელევიზიამ დიდი პროგრესი განიცადა და იგი დღეს უკვე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, იგი ინფორმაციის მიწოდებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა.

 

შენ და უჩა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილისა და დიდი ბიძინას დეიდაშვილის, უჩას „რანდევუ“, სულ რაღაც, ორი კვირის წინათ შედგა. საუბარი ნაყოფიერი ვერ გამოდგა, სოსომ ვერ დაარწმუნა მამაცაშვილი, რომ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც საქმეს სჭირდება.

უბედურება ის აღმოჩნდა, რომ მთავარი დავალება ვერ შესრულდა, ვერა და ვერ დაიშალა მარტივ მამრავლებად „ნაციონალური მოძრაობა“. მეორე დავალება „რუსთავი 2“ იყო. ვერა და ვერ იპოვა სოსომ ტელეკომპანიაში ტიპი, რომელიც შეძლებდა, კამერების წინ დაჯდებოდა და იტყოდა იმას, რისი თქმაც ბიძინას სურდა. ცოდვა გამხელილი სჯობს, მაგრამ ის ნამდვილად არ ვიცი, რისი მოსმენა უნდა ბიძინას.

 

უფრო ადრე…

ჩემმა ჩიტმა მითხრა, რომ ივნისის დასაწყისში „სუსმა“ აქტიურად დაიწყო მუშაობა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების გადმოსაბირებლად. დავალება აგვისტოს ბოლომდე უნდა შესრულებულიყო. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერ მოხერხდა ამ დავალების შესრულება. „რუსთავი 2“ აუღებელ ქაჯეთის ციხეს დაემსგავსა. მთავარი დავალება იყო, ციხე შიგნიდან გამტყდარიყო. ყველანაირი შეთავაზება, ყველა სურვილის შესრულება დაშვებული იყო, ოღონდ ვინმეს, ერთ კაცს მაინც ეთქვა, რომ თანახმაა.

სწორედ ეს თემა უნდა ყოფილიყო მთავარი ტესტი, ჩააბარებდა თუ არა სოსო გამოცდას. რა თქმა უნდა, სოსო ჩაიჭრა. უჩა შეხვდა მას და ამის გამო ორიანიც დაუწერა.

მეორე გამოცდა „ნაციონალების“ მიერ გადმობირებასა და ქრთამის დარიგების ფაქტის ასახვას ნიშნავდა, ეს გამოცდა კვლავ ძალაშია და მისი ჩაბარების დრო პირველ ოქტომბრამდეა დაგეგმილი. შეასრულებს თუ არა სოსო ამ დავალებას, მომავალი აჩვენებს, მანამდე კი გაბრაზებული ოლიგარქი გოგაშვილს, ბუნებრივია, თანამდებობიდან წასვლას უანონსებს.

 

როცა სხვა გზა აღარ გრჩება

არ არის მართალი, რომ გადარჩებიან ყველაზე ძლიერები, არც ყველაზე ჭკვიანები, არამედ ისინი, რომლებიც ცვლილებებისთვის არიან მზად. გამონაკლისი არ ხარ, ერთადერთმა ცვლილებამ მოგცა ბედნიერება _ 2012 წლის არჩევნებმა… ფერისცვალება განიცადე და კაცი, რომელიც ფარშის დისტრიბუტორი იყავი, უცებ სახელმწიფო უსაფრთხოება ჩაიბარე…

უსაფრთხოებას ვინ ჩივის, საფრთხეებით აავსე ერიც და ბერიც…

ცხოვრებაში არსებობს ორი ძირითადი არჩევანი: შეეგუო არსებულ პრობლემებს, ან აიღო მათი შეცვლის პასუხისმგებლობა. გოგაშვილს არსებულთან შეგუება, უბრალოდ, არ შეუძლია, რადგან პაიკის როლიც აღარ დარჩება, როგორც ჰპირდებიან. ეს იმიტომ, რომ მან, შუშის სასახლიდან მთავარი რაც დაავალეს, ვერ შეასრულა. თანამდებობაზე მოსვლის დროს პასუხისმგებლობა აიღო, რომ ქვეყანაში გარემო უნდა შეეცვალა, თუმცა ვერ შეძლო.

 

სად მივყავართ ოცნებებს?!

სოსოს თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ცხოვრება აზიის რომელიმე ქვეყანაში გაეგრძელებინა, ბოლო პერიოდში კი აზრი შეიცვალა და გერმანია არჩია. ამბობენ, რომ შვილის სახელზე იქ კერძო საკუთრება _ ბინა შეიძინა. იმასაც ამბობენ, რომ მისი ოჯახი ბოლო ერთი წლის მანძილზე რამდენჯერმე ჩავიდა გერმანიაში. სინანულით არ ნანობს, რაც გაუკეთებია, უბრალოდ, ხანდახან ავიწყდება, რომ ყველას აქვს თავისი ჯოჯოხეთი, სადაც აუცილებელი არ არის, იყოს ცეცხლი. ზოგის ჯოჯოხეთი ის გახლავთ, რომ ცარიელი ცხოვრებით ცხოვრობს.

 

P. შ. დანაშაული ხან მხოლოდ ის არ არის, რომ ვინმეს რამე ავნო, ყველაზე დიდი დანაშაული მაინც ის მგონია, რომ სახელმწიფოს შენი უუნარობით ავნო. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ რასაც საარჩევნოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს, ეს უფრო დიდი დანაშაულია. ჯერ მედიასთან მოგებული არავინ მინახავს, შესაბამისად, ვერც ბიძინას და ვერც მიშას ვერ გამოუვიდა გამარჯვება.

„სუსმა“ რაც ბოლო 3 წლის მანძილზე შექმნა, ეს სპეციალური განყოფილებები იყო, განყოფილებები, რომელთაც მედიაორგანიზაციის სახელები ჰქვია, მათ შორის, ორი ყველაზე დიდი განყოფილება არსებობს _ ერთს „რუსთავი 2“ ჰქვია, მეორეს _ „ქრონიკა+“. არ ვიცი, ამ განყოფილებებში რამდენი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ რაც ყველაზე ნიშანდობლივია, ვერც ერთის ხერხემალში გატეხა ვერ შეძლო, ვერც ერთი ვერ მოისყიდა. შეიძლება, ვინმეს გაურიგდა, თუმცა ტელეეკრანის წინ ზღაპრების მოსაყოლად ვერავინ აღმოაჩინეს, რომ დათანხმებოდა.

ბოლო ერთი წლის სამიზნე ორი მედია ისევ ომის ცეცხლშია, სოსო კი _ დასჯილი. ვერ შეძლო და ვერაფერი მოუხერხა საქმეს, რომელსაც უსაფრთხოების სამსახური კი არ უნდა ასრულებდეს, არამედ უნდა აღკვეთდეს.

არის ტალღა, რომელსაც ვერ შეაჩერებ, ეს ტალღა ხალხია. დავალება, რომ უარყოფითად განწყობილი მოსახლეობა საარჩევნო ყუთებთან არ უნდა მივიდეს, კვლავ მუშა პროცესშია, თუმცა მთავარი შედეგი მაინც წინ არის…

ჩემო სოსო, ვხედავ, რომ გიჭირს და თან ძალიან. მესმის, რომ იმას ვერ შეძლებ, რაც დაგაკისრეს, მაგრამ თავიდანვე უნდა გცოდნოდა, ვერ გამოხვალ გენერალი, რადგან ჯარშიც კი არ გიმსახურია.

დაჯექი, ორიანი!

 

                                                                                                       მაკა მოსიაშვილი