რომან შამათავას ბრალდების მოწმე: „ამოღება მინდოდა და ვერ მივწვდი, რომ ამომეღო ჯვარი”

tg

რეინჯერ დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმეზე საბრალდებო სკამზე აფხაზეთის „კუდის“ ყოფილი უფროსი, რომან შამათავა ზის. მიუხედავად იმისა, რომ ცინდელიანის გვამი ნაპოვნი არ არის, მეტიც _ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ცინდელიანი გაუჩინარების შემდეგ მათ ტელეფონით და ინტერნეტის მეშვეობით უკავშირდებოდა, ბრალდება დაჟინებით ამტკიცებს, რომ ცინდელიანი მოკლულია და ის რომან შამათავამ ზღვაში დახვრიტა.

ბრალდების ოფიციალურ ვერსიაში ფიგურირებს ხის ჯვარი, რომელიც თითქოსდა ცინდელიანს ზღვაში გადაგდებისას მოძვრა, მაგრამ როგორც ოფიციალური ჩვენებით ირკვევა, ჯვარიც ვირტუალური წარმოსახვის შედეგია და არა რეალური ნივთმტკიცება.

„ქრონიკა+“-მა ბრალდების მოწმის, ონისე კვაშილავას ჩვენება მოიპოვა. ის ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც ჩვენება რომან შამათავას წინააღმდეგ მისცა.

რას ჰყვება ჩვენებაში ონისე კვაშილავა?

დავიბადე 1972 წლის 30 აპრილს სოფელ განახლებაში, დაოჯახებული ვარ, საშუალო განათლებით, ვმუშაობ სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 2009 წელს ვიყავი „კუდის“ უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე.

_ თქვენი ურთიერთობა ბრალდებულ რომან შამათავასთან? თუ იცნობდით, ან თქვენი ნათესავი ხომ არ არის?

ო.კ.: არა, ეგ იყო ჩემი სამმართველოს უფროსი.

_ რაც შეეხება გარდაცვლილებს, დავით ცინდელიანსა და პაატა ქარდავას, ამ პიროვნებებს ხომ არ იცნობდით და რომელიმე ხომ არ იყო თქვენი ახლო მეგობარი?

ო.კ.: არა, არც ერთი. 2008 წელს, როდესაც ცხინვალის მოვლენები მოხდა, ჩვენ გადავედით ქ. ზუგდიდში. რუსების შემოჭრის შემდეგ ჩვენ გადავედით ქ. ბათუმში, კერძოდ, დასახლება გონიოში.

_ ჩვენში ვის გულისხმობთ?

ო.კ.: მთელ აფხაზეთის სამმართველოს, „კუდის“ უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს. დისლოკაციით ვიყავით ერთ-ერთ სასტუმროში, რომლის დასახელებაც არ მახსოვს.

17 აგვისტო იყო, როგრც მახსოვს, გასული ვიყავი ქ. ბათუმში და ვბრუნდებოდი. დილის ხუთი საათი იქნებოდა. მაშინ მყავდა საკუთრებაში „BMW 528“ სახელმწიფო ნომრით 557. გამაღვიძეს, უფროსი გელოდებაო, უნდა წამეყვანა. ბათუმის ქუჩები არ ვიცოდი, მისი მითითებით მვდიოდი, მარჯვენა მხარეს გადავუხვიე მეორეხარისხოვან გზაზე, ამ გრუნტიან გზაზე ბევრი არ გვივლია, მივადექი მანქანებს. თეთრი ფერის „ნივას“ მართავდა ჩვენი თანამშრომელი ლადო თორია და მეორე მანქანას „ნისანს“ მართავდა ცხონებული სერგო უბილავა. მანდედან ხელმარცხნივ ვნახეთ, ხალხი წრიულად იყო განლაგებული და ახალგაზრდა ბიჭი, შუახნის, 30 წლამდე, იჯდა მიწაზე. ეს ცხონებული და მაგის ირგვლივ იყვნენ ბიჭები და უყურებდნენ მას.

_ და ვინ იყვნენ?

ო.კ.: როგორც კი მივედი, ყველა არ მახსენდება, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ იქ იდგა ცხონებული ალექსანდრე დანელია, ლადო თორია, სერგო უბილავა, ლერი ლუხუტაშვილი, ჩვენი მეთაური რომან შამათავა. პირველ რიგში ალექსანდრე დანელიას ვკითხე, რა ხდება-თქო? მან მითხრა, რომ სამშობლოს მოღალატე ჰყავთ დაჭერილიო, სვანიო, დათო ცინდელიანი, მეტყევე რეინჯერი. რომან შამათავა, ლერი ლუხუტაშვილი და ალექსანდრე დანელია ცალკე ლაპარაკობდნენ, არ მესმოდა რაზე. მე მივედი ახალგაზრდა ბიჭთან და ერთი კითხვა დავუსვი, _ სვანი რამ გაგაბოროტა-თქო? შემდეგ მოვიდა ლერი ლუხუტაშვილი და სვანურად დაუწყო ხმამაღალი ლაპარაკი. მე სვანური არ მესმის. მერე ქართულად უთხრა, _ აღიარე ყველაფერი და მორჩებაო. ალექსანდრე დანელიამ უთხრა, _ რატომ მიულოცე აფხაზ სეპარატისტებს კოდორის დაცემაო? რაზეც ცინდელიანმა უპასუხა, _ განა ეს სიხარულით გავაკეთეო, იძულებული ვიყავიო.

ამის მერე შამათავამ, _ ეყოფა, ეყოფა, გადაგვყავსო და გასცა ბრძანება, გამოგვყევითო. ცინდელიანი ჩასვეს მანქანაში და წავიდნენ. გავყევით უკან. 250 მეტრში შენობის დემონტაჟი მიმდინარეობდა, მივუახლოვდით ზღვაში შეჭრილ ნავსადგომის მსგავსს. იქ იდგა „ნისანი“ და „ნივა“. მანქანა ახლოს გავაჩერე და ფეხით წავედი. 100 მეტრში რომ მივედი, დავინახე, ლადო თორია იდგა ბეტონზე. ლადომ მანიშნა, თევზები დაცურავენ დიდიო. მე ხმამაღლა მომივიდა პასუხის გაცემა. ამ დროს ქვემოდან გავიგონე ძახილი, _ „უზბეკო“ (მეტსახელად ასე მეძახიან).

_ ვინ დაგიძახათ?

ო.კ.: რომან შამათავამ. როდესაც გადავიხედე, მარჯვენა კუთხეში იყო მომდგარი შავი რეზინის გასაბერი ნავი. რომან შამათავამ დამიძახა, ჩამოდი ქვემოთ, ფოთში უნდა წავიდეთო. დავინახე, ამოდიოდა სერგო უბილავა, ალექსანდრე დანელია იდგა ნავთან გარეთ.

რომან შამათავამ მანიშნა, რომ ჩავსულიყავი ქვემოთ, დავით ცინდელიანთან დავმჯდარიყავი, არ გადახტეს და რამეო. შამათავამ ცინდელიანს თავზე ჩამოაცვა მუქი ჯვალოს ტომარა. საჭესთან დადგა გიორგი ჩიქოვანი „მაიმუნა“, მარჯვენა ბორტთან იჯდა შამათავა, მარცხენა მხარეს ცინდელიანი, გვერდით მე. სხვა ვინმე არ იჯდა ნავში. ცინდელიანმა დაიწყო კვნესა, ხელს იკიდებდა გვერდით. მე ვკითხე, რა იყო-თქო? რაზეც მიპასუხა, რომ სტკიოდა გვერდი და ვერ ჯდებოდა. მე რომანს ვანიშნე, ვერ ჯდება და რა ვქნა-თქო? რომანმა ხელი ჩაიქნია, არაფერიო. დაელაპარაკა გიორგი ჩიქოვანს. მერე მეუბნება შამათავა, რომ გადამეყვანა ცინდელიანი. მე დავწიე თავი, რომ მეთქვა ცინდელიანისთვის, მოეკიდა ხელი მხარზე, რომ ამით მიმართულებას მივცემდი, წინა მხარეს გადამეყვანა. ამ დროს ჩემს მარჯვენა ყურთან მოხდა გასროლა და ეს ცხონებული მოწყვეტილივით დაეცა. გამისხლტა ხელიდან, პირველ რიგში, ინსტინქტურად მოვიხედე და რომან შამათავა იდგა გაშვერილი ხელით იარაღით და კვამლი გამოდიოდა. მაგას ეკავა ხელში ერიხოვის ტიპის პისტოლეტი. ხელი დაშვებული არ ჰქონდა. როდესაც მე შევხედე, შამათავამ თქვა რუსულად: „ჩტო გრუზ უსტალაო“. დაბლა დავიხედე, სისხლის გუბე იდგა. იქვე იყო ბეტონის ნატეხი მსხვილი თოკით, ეს თოკი მოახვია ხელებზე, ლოდი გადააგდო და ეს ცხონებული გადაათრია და ჩავარდა მარცხენა ბორტიდან. როდესაც მე გადავიხედე, ეხლაც თვალწინ მიდგას ჯვარი და „ცეპი“. „ცეპი“ არა, ის ხის რგოლებიანი ჰქონდა ცხონებულს. ჰოდა, როგორც ისარი, წამოვიდა ზემოთ. მე ხელიც გავწიე, ამოღება მინდოდა და ვერ მივწვდი იმას, რომ ამომეღო ეს ჯვარი. „მაიმუნას“ შევხედე, გაოგნებული სახით ნავი ნაპირისკენ მოატრიალა. მე მაშინ ბოტასები მეცვა, ბოტასებიც და შარვალიც სისხლიანი მქონდა. თვითონ ნავიც სისხლიანი იყო. „მაიმუნამ“ გადარეცხა. შამათავამ იკითხა, ამას ვინმე თუ ნახავდა? „მაიმუნამ“ თქვა, ისე დავაყენებ, ვერ ნახავს ვერავინო. ნაპირზე მე პირველი დავტოვე ნავი, ამოვირბინე კიბეები, ჩავჯექი ჩემს მანქანაში და გავემართე გონიოს მიმართულებით.

ჩვენ ორი დღის მერე გადაგვიყვანეს შეკვეთილში, არ მახსოვს ვისთან, მაგრამ წავიწუწუნე ამ თემაზე, _ დღეს თუ ხვალ ყველას მოეთხოვება ამ თემაზე-თქო. მე მიშვებდნენ აფხაზეთში ღონისძიებაზე. მოგეხსენებათ, განმუხური და ხურჩა მაშინ აფხაზეთი იყო. ვემზადებოდი ღონისძიებისთვის, ვიღაცა შემოვიდა და მითხრა, შამათავა გიბარებსო. მეგონა, ღონისძიებაზე მიბარებდა. მივედი, ცხონებული სერგო უბილავა და შამათავა იდგნენ, შამათავამ ამოიღო იარაღი და ქართულად მითხრა, _ „უზბეკ“, რა გაწუწუნებს ქალივითო? მე დავიწყე თავის გამართლება. _ მეორედ თუ გაიმეორებ, ამ წუწუნის გულისთვის ნავს ნუ გამომაძახებინებო. უკვე მივხვდი, რაც იყო ამ ნავში ნათქვამი. მე თავი დავუქნიე. მითხრა, _ წადი ახლა და მოემზადე, გააკეთე, რასაც აკეთებო!

ამის მერე ამ თემაზე ვერც ვერავის ვერ დაველაპარაკებოდი და არც არავის დავლაპარაკებივარ.

_ ნავში იყავით ოთხი პიროვნება: თქვენ, დავით ცინდელიანი, გიორგი ჩიქოვანი და რომან შამათავა. თქვენ და გიორგი ჩიქოვანს გქონდათ თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი?

ო.კ.: გიორგი ჩიქოვანზე არ შემიძლია რამეს თქმა. მე პირადად არ მქონია, არც ტაბელური იარაღი, არც „მაკაროვი“ და არც ავტომატი. ერთი ის გამომრჩა, როცა ვტრიალდებოდით, შამათავამ მითხრა, _ „უზბეკ“, რა გეშინია, აქ გოგირდმჟავა არის რაღაც მანძილზე და ცხედარს ძვლებს და ყველაფერს გაუნადგურებსო.

 

ამის შემდეგ ონისე კვაშილავა ჩვენებაში რამდენიმე ტექნიკურ დეტალს განმარტავს, თუმცა წინააღმდეგობრივად _ ხან ბეტონის ნატეხს ახსენებს, ხანაც _ ლოდს. ჩვენებაში ასევე არ აკონკრეტებს, 2012 წელს რუსებმა დაავალეს თუ არა რომან შამათავას ლიკვიდაცია. რაც შეეხება გიორგი ჩიქოვანს, მასზე ამბობს, რომ „მაიმუნა“ სულ ორჯერ ნახა ამ ამბის შემდეგ. არ იცის, იყო თუ არა ჩიქოვანი ნასამართლევი გაუპატიურებაზე და ასევე არ აკონკრეტებს მის ადგილსამყოფელს.

რაც შეეხება ცინდელიანის ჯვარს, რომელიც ამ საქმეში ლამის ნივთმტკიცებად გამოაცხადეს, ონისე კვაშილავა საკუთარ ჩვენებაში მკაფიოდ ამბობს, რომ მან ჯვარი მხოლოდ დაინახა და არ ამოუღია!!!

 

P. S. რომან შამათავას საქმის ბრალდების მოწმის, ონისე კვაშილავას ჩვენების სრული აუდიოვერსია „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ინახება!

 

                                                                                                                       ელისო კილაძე